რედაქტორის ბლოგი

კონტროლის გარეშე

25.01.2010 | 4391 |
კონტროლის გარეშე

„იაფი, სწრაფი და კონტროლის გარეშე“ – ამ სამ სიტყვას ახალი ვებპროექტების დაგეგმვაზე საუბრისას ყველაზე ხშირად იმეორებდა დაგი. დაგ (დაგლასი) არელანესი მედიის განვითარების ფონდის  კონსულტანტია და ჩვენ, გაზეთ „ბათუმელების“ თანამშრომლებს, გვასწავლიდა ახალი მედიის პროექტების დაგეგმვას და მართვას.  ეს ვებგვერდიც სწორედ ამ ორგანიზაციის დახმარებით შეიქმნა.

პირველი პრინციპი – იაფი შეიძლება ითქვას გვერდის შექმნისას სრულად განხორციელდა. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბერლინში მომუშავე პროგრამისტსა და დიზაინერს ფული MDLF-მა გადაუხადა. მთავარი აქ ღია, უფასო პროგრამაა გაზეთებისა და ჟურნალებისთვის, რომელზეც ნეტგაზეთი შეიქმნა.

სწრაფი??? იმედი მაქვს თქვენს ბრაუზერში საიტი ჩქარა იტვირთება. თუმცა მხოლოდ ეს არ არის სისწრაფე. საიტის ამუშავება ძალიან გაგვიჭიანურდა, ძირითადად უფულობის გამო. ომის შემდეგ ყველა ბიზნეს იდეა ჩავარდა. უჰჰ, ძალიან ნელა წავიდა საქმე. მერე „ბათუმელებმა“ ცაიტის და ნორვეგიული გამოხატვის თავისუფლების ფონდის პრემია მიიღო.  ნეტგაზეთში სწორედ ეს ამ ინვესტიციის ნაწილია.

და ამასთან ერთად, რაც მთავარია, პროექტი ამ ეტაპზე ძირითადად ფონდ „ღია საზოგადოება–საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

მოკლედ, ვეცდებით კონტენტის წარმოებისას ვიყოთ სწრაფები.

და მთავარი

კონტროლის გარეშე

არ იფიქროთ რომ ახლა ცენზურაზე, თვითცენზურაზე ან მსგავს რამეებზე წაიკითხავთ. ამას არც დაგი გულისხმობდა. მისი აზრით რეპორტიორებს უნდა შეძლებოდათ ექსტრემალურ სიტუაციებში რედაქტორთან შეთანხმების გარეშე მასალების გამოქვეყნება ვებზე. ამაზე დიდი დისკუსია მაშინ აღარ გაგვიმართავს. შევთანხმდით, ოღონდ ახლა უფრო შორს წავედით.

ორი დღის წინ ვესაუბრე დაგს და ვუთხარი  რომ ვებგვერდის ამუშავებას ვაპირებდით. და დავამატე – „რედაქტორი არ გვყავს“. ალბათ ელოდა, რომ მოვუყვებოდი გეგმებს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ დავამატე, რომ რედაქტორი საიტის ჩაშვებამდე „დავკარგეთ“ დიდ მედიამარკეტში და გადავწყვიტეთ, რომ აღარ გვჭირდება. მერე გავახსენე out of the control (კონტროლის გარეშე). ამას მოყვა ბევრი ხარხარის სმაილკი და დაგის great! (მაგარია).

მოკლედ ასე

ჯერჯერობით ოთხნი ვართ. კონტროლის გარეშე
+გაზეთ „ბათუმელების“ რეპორტიორები, თავისი რედაქტორით.

კიდევ შემოიხედეთ დღეს…რა იცით, რა ხდება :))