ნესტან თათარაშვილის ბლოგი

ნუთუ ამის ღირსია დავით სარაჯიშვილი…

18.02.2010 | 1820 |
ნუთუ ამის ღირსია დავით სარაჯიშვილი…

სამშობლოს, მეფისა და ეკლესიისათვის გაწეული სამსახურისთვის დავით სარაჯიშვილის წინაპრებს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მეფე ვახტანგს VI  ჯერ კიდევ XVIII ს-ის დასაწყისში მიანიჭა. ასეთი სახელოვანი მამულიშვილების ღირსეულმა შთამომავალმაც მთელი თავისი სიცოცხლითა და დაუღალავი შრომით  დაადასტურა, რომ მხოლოდ საქართველოს კეთილდღეობა იყო მისი ცხოვრების მიზანი. სარაჯიშვილს, რუსეთის უზარმაზარი იმპერიის გარდა ქარხნები ევროპაშიც ჰქონდა და იმდროინდელ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო პროდუქტს აწარმოებდა. თავისი ქვეყნის მომავალი კი შეუფასებელი სიმდიდრით – რუსეთისა და ევროპის ცნობილ სასწავლებლებში სხვადასხვა პროფესიის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებით უზრუნველყო. გარდა იმისა, რომ თავად იყო ბევრი საშვილიშვილო საქმის ინიციატორი და სულისჩამდგმელი, ისტორიულად დასტურდება, რომ არ არსებობდა რაიმე  საზოგადო საქმე,  აქტიური თანამონაწილეობა რომ არ მიეღო.  თავისი ქონების უდიდესი ნაწილი და ავლა-დიდება კი, სიკვდილის შემდეგ,  საქართველოსა და მის მოქალაქეებს უანდერძა.

ქიმიის მეცნიერებათა დოქტორისა და ფილოსოფიის მაგისტრის, რუსეთისა და ევროპის მასშტაბით ცნობილი მეწარმის, სახელგანთქმული ქველმოქმედის –  დავით სარაჯიშვილის  უდიდესი ღვაწლი და დამსახურება საქართველოსა და ქართველთა წინაშე დიდი ხანი იყო სათანადო ყურადღების მიღმა დარჩენილი. თუმცა, ალბათ ისევ მივიწყება და უყურადღებობა სჯობდა უკანასკნელ წლებში მისი სახელისა და ხსოვნისადმი მიმართულ სრულიად შეუფერებელ, ნამდვილად შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას.   

კომუნისტების მიერ დავით სარაჯიშვილი “კაპიტალისტად” შეირაცხა და 1939 წელს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონიდან მისი და მისი მეუღლის, ეკატერინე ფორაქიშვილის, ნეშტები ვაკის სასაფლაოზე, უდაბურ ხევში იქნა გადატანილი. 1995 წელს კი  განსვენებულთა  ნეშტები ვაკიდან არა თავდაპირველ სასაფლაოზე, ანუ დიდუბის პანთეონში,   არამედ ქალაქის ცენტრალურ ადგილას, ქვაშვეთის ეკლესიის ეზოში გადმოასვენეს.

გადმოსვენება ჩვეულებრივ დიდი ხმაურითა და  პომპეზურობით ჩატარდა, ხოლო უმთავრესზე  – საფლავის ადგილის შერჩევაზე არავის უფიქრია. ყველაფერი უპასუხისმგებლოდ და  ნაჩქარევად, სრულიად  გაუაზრებლად  განხორციელდა და რატომღაც ახალი საფლავი ეკლესიის ეზოს იმ პერიმეტრზე შეირჩა, სადაც ავტომობილების გასაჩერებელი ალაგი იყო.  გარდა ამისა, მასთან შეუფერებელ სიახლოვეს აღმოჩნდა მიმდებარედ არსებული  უკარო და მოუვლელი ღრმა სათავსოც, რომელსაც 2002 წელს საეკლესიო მაღაზიად იქცა. Aამის შედეგად, საფლავის ქვის თავი მაღაზიის “ფასადად” და იქ განთავსებულ შესასვლელ კარად გადაკეთდა და დღეს, ეს უნიკალური არქიტექტურული ფორმა – მაღაზია-საფლავი, მესამეჯერ დამარხულ დავით სარაჯიშვილს ეკუთვნის!

იმის მაგიერ, რომ როგორც თავის დროზე იყო განზრახული, დავითის საფლავი 1912 წელს კონკურსში გამარჯვებული იაკობ ნიკოლაძის შესანიშნავი კომპოზიციით დამშვენებულიყო და სწორედ ამის გათვალისწინებით შერჩეულიყო ახალი საფლავის ადგილი –  მხოლოდ ხმაურიანი ღონისძიება ჩატარდა, რაც ცხადია მხოლოდ დავით სარაჯიშვილის  ყოფილი ქარხნის დამსაკუთრებლის, ელგუჯა ბუბუტეიშვილისა (რომელიც იმ დროს იყო “დავით სარაჯიშვილი და კომპანიის” გენერალური დირექტორი, ქ. თბილისის დავით სარაჯიშვილის სახელობის კონიაკის წარმოების სააქციო საზოგადოების “ენისელის” გენერალური დირექტორი და აგრეთევ შპს “ბემ”-ის თავჯმდომარე) და მისი თანამოაზრეების პოპულარიზაციისთვის გაკეთდა. Mმალე მათ მიერ რიყეზე მდარე არქიტექტურის მქონე დიდი ნაგებობა აშენდა, რომელსაც რესტორანი “სარაჯიშვილი” უწოდეს, ხოლო 2002 წელს ამ რესტორნის სიახლოვეს უკვე დავითის ქანდაკებაც დადგეს (მოქანდაკე თ. კიკალიშვილი, არქიტექტორი აკად. გ. ბათიაშვილი), რომელიც ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს და ამ ღირსეული და ამასთან ულამაზესი ადამიანის კარიკატურას უფრო ჩამოჰგავს.  

არც ძეგლი და არც მისი ადგილი პროფესიონალებისა და  საზოგადოების მიერ საჯაროდ არ განხილულა, მაგრამ ორგანიზატორებისთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, ყველაფერი წინასწარ იყო მოფიქრებული   და გათვლილი: დავითის მესამედ დასაფლავებას მისი ყოფილი ქარხნისა და იქ არსებული უძვირფასესი მასალებისა და ინვენტარის დასაკუთრება მოჰყვა, ხოლო უკანონოდ აშენებული რესტორნისა და ძეგლის, აგრეთვე დავით სარაჯიშვილის დღის შემოღებისა და მისი მუზეუმის გახსნის მომიზეზებით  – რიყის მითვისება გადაწყდა, რათა  იქ სხვადასხვა ფუნქციის ბევრი ნაგებობა აეშენებინათ და შემდეგ ისინიც თავიანთ საკუთრებად ექციათ. Aამის დასტურია ე. შევარდნაძის ორი ბრძანება:  ¹431 14.04.2003 და  ¹1420 06.11.2003    

 ე. წ. “ვარდების რევოლუციის” შემდეგ რიყეზე არსებული რესტორნები და მათ შორის “სარაჯიშვილიც” ახალმა ხელისუფლებამ დაანგრია და დღეს იქ მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა საზოგადოებისთვის სრულიად უცნობია რა კეთდება რიყეზე, ან  ახლა ვის საკუთრებაშია მთლიანად ეს ტერიტორია.

ცნობილია, რომ დავითისა და მისი მეუღლის სიკვდილის შემდეგ მათი ანდერძი სათანადოდ ვერ შესრულდა, რასაც თავის დროზე დაუფარავად აპროტესტებდა ექვთიმე თაყაიშვილი. ამ საქმის გარკვევას, რომელიც  დიდ ქონებასა და ფინანსებს ეხებოდა, საბჭოთა რეჟიმმა წერტილი დაუსვა, თუმცა იმედი გვაქვს ღირსეული მკვლევარები ოდესმე ძირეულად შეისწავლიან ამ ისტორიას და სრულ სიმართლესაც დაადგენენ.  ამჯერად მხოლოდ  ანდერძის ერთ მცირე ფრაგმენტზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას: დავითის ანდერძით, მისი საკუთარი საცხოვრებელი სახლი ¹13 ივანე მაჩაბლის ქუჩაზე, მთელი თავისი მოწყობილობით უნდა გადასცემოდა ქალაქ თბილისის თვითმმართველობას,  ოღონდ იმ პირობით, რომ იქ მოწყობილიყო სამხატვრო გალერეა ანდა შინამრეწველობისა და ხელოსნობის მუზეუმი, ან ორივე ერთად.

სამწუხაროდ, ანდერძის ეს პუნქტი თავიდანვე ჯერ ანდერძის აღმასრულებლებმა დაარღვიეს, მოგვიანებით კი – კომუნისტებმა, რომლებმაც შენობა “მწერალთა კავშირს” გადასცეს, ამჟამად კი ამ შესანიშნავი არქიტექტურული ძეგლის ბედი კვლავ გაურკვევლია.

დღეს, დიდი წარსულისა და  სახელის მქონე სარაჯიშვილის გვარი ზოგადად, მხოლოდ დაბალი ხარისხის სპირტიან სასმელებთან ასოცირდება. ქვაშვეთის ეკლესიის აშენებაში დავითს დიდი წვლილი მიუძღვის, მთავარი შესასვლელის კარიც მისი შეწირულია, რომელსაც დავითისა და მისი მეუღლის, ეკატერინეს, სახელების აღმნიშვნელი ქართული ინციალები “დ” და “ე” ამშვენებს. მაგრამ, სულ რომ არაფერი აკავშირებდეს დავითს ამ ტაძართან, არ შეგვიძლია საყვედური არ გამოვთქვათ ქვაშვეთის ეკლესიის მსახურთა მიმართ: როგორ შეიძლება, არა თუ ასეთ სახელოვან პიროვნებას, არამედ სულ უბრალო ადამიანსაც კი თავის უკანასკნელ განსასვენებელზე მაღაზია დავაშენოთ, ხოლო მისი საფლავი  მანქანების გასაჩერებლად ვაქციოთ,  და ეს ამაზრზენი ფაქტი  ისე ბუნებრივად მივიჩნიოთ, რომ იქ დრო და დრო, ჩვეულებრივ, მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდები გავმართოთ. განა რა შემოსავალს აძლევს ეს მაღაზია ქვაშვეთის ეკლესიას, რომ მისი არსებობა ქრისტეს მსახურთათვის ქრისტიანის საფლავზე უპირატესი გამხდარა…

დავით სარაჯიშვილი  – სამშობლოსთვის თავდადებული კაცი და დაუმსახურებლად დამცირებული ჩვენი თანამემამულე, რომელთანაც ყველა ჩვენთაგანი დღემდე ვალშია –  ვფიქრობ, ჩვენგან სამართლიან  დაფასებას ელის….