ექსკლუზივი ლონდონიდან

ცოტა ინტიმური და ცოტა ინდური

05.03.2010 | 1321 |
ცოტა ინტიმური და ცოტა ინდური

კი,ნამდვილად ჭრელი ქალაქია ლონდონი და თეატრიც ასეთია. აი, მაგალითად, გუშინ, Royal Court Theatre -ში ორი სპექტაკლი იყო, აქედან ერთი აფრიკული წარმოშობის უკვე ძალიან ცნობილი დრამატურგის, ბოლა აგჯაბეს პიესაა, მეორე კი ინდოელი ანუპამა ჩანდრასეკხარის. ისე, 8 მარტი გვიახლოვდება და ბარემ იმასაც დავამატებ, რომ ორივე ავტორი ქალია. მე მეორე ვნახე, ინდოელი დრამატურგის პიესა ‘Disconnect’, http://www.royalcourttheatre.com/whatson01.asp?play=573
ამ ლინკზე დრამატურგთან ინტერვიუს ნახავთ, მე კიდევ, რეჟისორთან, ინდჰუ რუბანისგჰამთან სპექტაკლის შემდეგ გამართული გასაუბრების პატარა ფრაგმენტს გთავაზობთ:



ჰო, დარბაზზე მინდა გითხრათ, ეს როიალ ქორთის სხვენია, სადაც მხოლოდ 60 მაყურებელი ეტევა და სადაც სარა კეინის ლეგენდარული პიესის, ‘დაწყევლილების’ პრემიერა შედგა თავის დროზე. ამ დარბაზში ისეთი მოწიწებით შევედი, მიმიქარავს ნებისმიერი დიდი თეატრის მოოქროვილ-ხავერდოვანი ბრწყინვალება. სწორედ აქ ნანახი სპექტაკლის შემდეგ გაასწორეს მიწასთან კრიტიკოსებმა სარა კეინი და სწორედ ამის გამო იხადეს მერე ბოდიშები, როდესაც კეინი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული და აღიარებული დრამატურგი გახდა. რას ვიზამთ, შეცდომები ყველას მოსდის, მათ შორის ისეთ ცნობილ კრიტიკოსებსაც კი, როგორიც მაიკლ ბილინგტონია.

რაც შეეხება გუშინდელ სპექტაკლს: ის ძალიან საინტერესო და უჩვეულო ამბავს მოგვითხრობს – საკრედიტო კომპანიის ‘ქოლ ცენტრი’, სამი ინდოელი ახალგაზრდა ძალიან ცდილობს, ამერიკული აქცენტი დაიყენოს და ისე ესაუბროს ურჩ გადამხდელებს, მათი მიზანი საკრედიტო ბარათებზე არსებული დავალიანების ამოღებაა. ამ ჯოჯოხეთური, კლაუსტროფობიური გარემოს გადმოცემა სცენაზე შესანიშნავად მოახერხა შემოქმედებითმა ჯგუფმა (ძალიან საინტერესო, ორიგინალური სცენოგრაფია), მსახიობების პარალელურად საუბრის სცენებში მართლა გქონდა შეგრძნება, რომ ცოტაც და თავი აგეხდებოდა, გული წაგივიდოდა. საათნახევრიანი სპექტაკლის ვერცერთ სცენაზე ვერ იტყოდი, ჩავარდნილი ან მოსაწყენიაო. ინდური წარმოშობის ახალგაზრდა მსახიობები ბოლომდე თავგანწირულად მუშაობდნენ, ასე რომ, ფინალში მათი ცრემლები ლამის ფიზიკური აუცილებლობა იყო და სიყალბის შთაბეჭდილებას სულ არ ტოვებდა, მიუხედავად იმისა, რომ ციცქნა სცენისგან 1 მეტრში, პირველ რიგში ვიჯექი და ძალიან ახლოდან ვუყურებდი მათ თითოეულ მოძრაობას. პიესა შედევრი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ საინტერესო კი იყო იმით, თუ როგორ შეიძლება უცხოელმა დრამატურგმა თავისი, ‘ეგზოტიკური’ თემა ბრიტანელი მაყურებლისთვის გასაგებად გადმოიტანოს სცენაზე. ვუყურებდი და იმედი მესახებოდა, რომ ჩვენ, ქართველი დრამატურგებიც მოვახერხებთ ამას როდესმე – გამოვძვრებით ჩვენი ლოკალური ნაჭუჭიდან და რაღაც ისეთს დავწერთ, რომელიც საქართველოს მიღმა ვინმესთვის შეიძლება საინტერესო იყოს…

გუშინდელი დღე, საერთო ჯამში, ძალიან ჭრელი გამოვიდა – დილით ტეიტ მოდერნ გალერეა, საღამოს ინდური პიესა მწვავე სოციალური პრობლემების შესახებ… გზად პარლამენტის შენობა, ჩამავალი მზის და საქმიანად, ჩქარი ნაბიჯით ან სულაც, ძუნძულით მოძრავი ხალხის ფონზე. როიალ ქორთისკენ გზად აი, ეს პატარა ვიდეო გადავიღე. უბრალოდ, ძალიან ლამაზი იყო და იმიტომ. ნახეთ მაინც, თქვენი რა მიდის.



რახან ტეიტი ვახსენე – ჰო, გუშინ დილით შემთხვევით შევბოდიალდი ტეიტში. ისე, უსაქმურობისგან, დროის გასაყვანად. ძალიან კი მრცხვენია, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ამ უზარმაზარ სივრცეში გამოფენილი ასეულობით ნამუშევრისგან ჯაკომეტის რამდენიმე ქანდაკების, მოდილიანის ერთი პორტრეტის და როდენის ‘გაზაფხულის’ გარდა თვალი ვერაფერმა მომტაცა. არა, ვიტყუები, ჯექსონ პოლოკის რამდენიმე ნამუშევარი იყო კიდევ, სადაც დიდხანს შევყოვნდი. როგორც ჩანს, შესაბამის განწყობაზე არ ვიყავი. აბა, რა ჯანდაბაა, პიკასოს რომ გულგრილად ჩაუვლი გვერდით, თითქოს არც ეკიდოს კედელზე. მაგრამ მთლად ტყუილადაც არ ჩაუვლია ამ ჩემს განწირულ სულისკვეთებას: ტეიტის სუვენირების და წიგნების მაღაზიამ კი დამმართა ჩემი… დიდხანს ვიტრიალე, ბევრად დიდხანს, ვიდრე თავად გალერეაში.

ჰო, ვაღიარებ რომ მომხმარებლური საზოგადოების ერთ-ერთი რიგითი, დამპალი შვილი ვარ. რა ვქნა ახლა! თანაც, მოგეხსენებათ, როგორ პირდაღებული ბარტყებივით ელოდებიან ხოლმე მეგობრები შენგან საჩუქარს. ზოგიერთი აღარც ელის, მაგრამ მაინც ყიდულობ, რა იცი, იქნებ გაუხარდეს. მყავს ერთი მხატვარი მეგობარი, რომელიც უკვე კარგა ხანია, არ მინახავს. ხატვითაც აღარ ხატავს, თუ არ ვცდები, უკვე მრავალი წელია.

ჰოდა, წინა ჯერზე მიუნხენიდან იტალიური სახატავი ქაღალდი და ფანქრები ჩამოვუტანე, მეგონა გაუხარდებოდა. თქვენც არ მომიკვდეთ. მეწყინა. შევეცადე, არ შემემჩნია. ჰოდა, ამჯერად, ტეიტში ვიყიდე ისეთი ფანტასტური ხარისხის სახატავი ალბომი, რომ ძლივს გავუძელი ცდუნებას, თვითონ არ დამეწყო შიგ ჯღაბნა. ამას, რა თქმა უნდა, ძალიან სიმპათიური გრაფიტის ფანქარი და საშლელიც მოვაყოლე, წარწერით TATE. სრულაიდ დარწმუნებული ვარ, არ გაუხარდება. ჰოდა, იქნებ, არც ღირდეს ჩუქება? ვნახოთ. დრო გვიჩვენებს. ეს ალბომი და ფანქარ-საშლელი ისეთი ფერის პარკში ჩამიდეს, ჩემს მეგობარს, ჟურნალისტ ნათია გულიაშვილს რომ ძალიან უყვარს და მე მეზიზღება. წარმოიდგინეთ ყველაზე საშინელი ფერი ამქვეყნად – იისფერი. ნათია, შენი ხათრით არ ვთქვი უარი ამ პარკზე  თუმცა, შენთვის საჩუქარი ჯერ არ მომიძებნია, მაგრამ პარკი უკვე მაქვს. ეგეც საქმეა, არა?

პ.ს. ამ დილით, სტუდიაში რომ მოვდიოდი, სანაპიროზე რამდენიმე მოსწავლე ბიჭი მომიახლოვდა, დაახლოებით 12-13 წლისები. რაღაც ფურცელი ეჭირათ ხელში, გამოკითხვას ვატარებთ კრიმინალური მდგომარეობის შესახებ და თუ გცალიათო. გამეცინა. სიცივისგან ხელები უკანკალებდათ და პასუხებს გაჭირვებით იწერდნენ, დაღრეცილი ასოებით. ლონდონში ცხოვრობთო, მკითხეს. უარყოფითი პასუხის შემდეგ გრაფაში ‘საცხოვრებელი ადგილი’ საქართველო ჩავაწერინე. ყველაზე მეტად რომელი სახის დანაშაულის გეშინიათო, ვარიანტი ოთხი იყო: 1. სექსუალური ძალადობა 2. მკვლელობა 3. ტერორიზმი 4. ძარცვა… მე თვითონ გამიკვირდა, მაგრამ ტერორიზმი ავარჩიე, თუმცა, პატარა ინტერვიუერებს ვერაფრით დავუსაბუთე, რატომ. საინტერესოა, ამ კვლევას კლასში რომ გაანალიზებენ, ჩემზე რას იტყვიან: 28 წლის, მამრობითი სქესის, საქართველოდან, ეშინია ტერორიზმის… მერე?  

Theatre Partenrship Project between the National Theatre and the Rustaveli Theatre managed by the British Council and funded by  BP and HSBC Bank Georgia.