ექსკლუზივი ლონდონიდან

მეცოსოპრანო და კონტრალტო აბაზანაში

09.03.2010 | 1182 |
მეცოსოპრანო და კონტრალტო აბაზანაში

მოვლენებით დახუნძლული შაბათი დღე სწორედ ასე უნდა დამთავრებულიყო – მოვეშვით, დავისვენეთ, დავმშვიდდით. სენტ პოლიდან ისევ ნაციონალური თეატრისკენ ავიღე გეზი და სანამ სპექტაკლი დაიწყებოდა, დიდი ფოიედან მუსიკის ხმა შემომესმა. აქამდე არ ვაქცევდი ყურადღებას ამ უფასო კონცერტებს, თითქმის ყოველ საღამოს რომ იმართება ფოიეში სპექტაკლების დაწყებამდე. არადა, სულ ტყუილად. ძალიან სიმპატიური (მუსიკალურად) კოლუმბიური ტრიო უკრავდა და მღეროდა იმ საღამოს სცენაზე. მომიტევოს საავტორო უფლებების მფარველმა ღვთაებამ, მაგრამ ერთი პატარა ვიდეო თქვენთვისაც გადავიღე და აჰა, გიზიარებთ. კოლუმბიელი ქალები დამწვრისას უმღერიან ვინმე პეპეს და ‘ვაი, დედაჩემოო@, მოთქვამენ:



ასეთი რიტმებით სრულიად განტვირთული შევედი მცირე სცენაზე სპექტაკლის სანახავად. ამჯერად ჩვენს წინაშე ნიგერიული წარმოშობის ყმაწვილი, ინუა ელამსი წარსდგა მონოსპექტაკლით ‘მეთოთხმეტე ზღაპარი’.

პოემად დაწერილი ბრწყინვალე ტექსტი თავად ელამსს ეკუთვნის და სცენაზეც მხოლოდ თვითონ დგას, რაც, ალბათ, მთლად გამართლებული არჩევანი არ იყო აქტიორული თვალსაზრისით, მაგრამ არა უშავს. ავტორი ელამსი ბევრად უფრო სხარტი, ცოცხალი და საინტერესოა, ვიდრე მსახიობი. ამ პოემაში ბევრი რამაა: უკიდურესად დახვეწილი პეიზაჟები (ბრიტანული რომანტიკული ლირიკის საუკეთესო ტრადიციებში), მძაფრი სოციალური სატირა, ბევრი სლენგი, ბევრი ტრაგიზმი, სახორხოცო იუმორი და ა.შ. ინუა ელამსი ნიგერიაში დაბადებული ბიჭის ბიოგრაფიას გვიყვება, რომელიც იქაურ ბრიტანულ სკოლაში სწავლობდა, მერე დუბლინში გადავიდა, საბოლოოდ კი ლონდონში დამკვიდრდა. ამ ნაწარმოების ყველა დრამატურგიულ ნაკლს ერთიანად ფარავს და გავიწყებს ტექსტის გასაოცარი პოეზია. კრიტიკოსების გამოხმაურებებშიც მრავალგზის აღინიშნა, რომ ელამსმა კიდევ ერთხელ შეახსენა მაყურებელს, რამდენად მნიშვნელოვანია თეატრში ენის გამომსახველობითი საშუალებები და ტექსტის რიტმიკა. ვეთანხმები კრიტიკოსებს, კმაყოფილი მივდივარ შინ და ვიძინებ. აი, კვირა დღეს კი მიტირეთ.

კვირა: უსაქმურობა, უსაქმურობა და კიდევ უსაქმურობა. ისევ რუკა, ისევ ლოგინზე გაშლილი და ისევ ვერავითარი გადაწყვეტილება. ამჯერად უფრო რადიკალურად მივუდექი საქმეს, ჩავჯექი მეტროში და სრულიად უმისამართოდ გავემართე სადღაც. ეშმაკმაც რომ არ იცის, იქ. რომელიღაც სადგურზე ამოვედი, ვიარე ჯერ პირდაპირ, მერე მარჯვნივ, მერე მარცხნივ, მერე ისევ პირდაპირ და ბოლოს და ბოლოს თავი ჰაიდ პარკში ამოვყავი. კარგად რომ ვიჯერე გული სუფთა ჰაერის ყლაპვით და მზისგან შემთბარ გაზონზე ნახევრადკოტრიალით, წამოვდექი. ქალაქის რუკას ცოცხალი თავით არ ვეკარებოდი! არ მიყვარს რუკები, ვაღიარებ. ამ არსიყვარულის საფუძვლებში ქექვას ნუ მაიძულებთ, ზედაპირზევე რაც ჩანს, იმას ვიტყვი: ვერ ვიყენებ დანიშნულებისამებრ, ყველა რუკა იმაზე მეტად ართულებს სივრცეში ორიენტირებას, ვიდრე ეს საჭიროა. ჰოდა, არც ამომიღია ჩანთიდან. დავუყევი ჰაიდ პარკს, მერე პარკ ლეინს… და როცა ამ ბოდიალ-ბოდიალში უკვე საკმაო დაღლა ვიგრძენი, მივხვდი, რომ თითქმის 2 საათია უმისამართოდ დავდივარ და წარმოდგენა არა მაქვს, სადა ვარ. ოხერმა რუკამ (მაინც გავშალე, სხვა რა გზა მქონდა) დიდად ვერ მანუგეშა. სულ რაღაც ერთი საათიც და უახლოეს მეტროს სადგურამდე მივბობღდი (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით). მორალი: სადაც კი წითელ რგოლს დაინახავ შუაში ლურჯი ხაზით და ზედ წარწერით: ‘ანდეგრაუნდ’, იქ უნდა მიხვდე, რომ ღმერთს არ დავიწყებიხარ და საშველი არსებობს. ანგელოზების გალობასავით ჩამესმოდა მეტროს მატარებლის ვაგონში ‘მაინდ ზი გეფ, მაინდ ზი გეფ’. ცოცხალ-მკვდარმა შინ მოვაღწიე.

და აქ დაიწყო, თუ დაიწყო. თავის დროზე სილვია პლათის რომანის ‘ზარხუფი’ საკუთარი თარგმანი რომ წამაკითხა ჩემმა მეგობარმა, ლელა სამნიაშვილმა, სრულიად დამაშტერა და გამომათაყვანა აბაზანის სცენამ. რომანის მთავარი გმირი, ახალგაზრდა ქალი ნიუ-იორკის ერთ-ერთი სასტუმროს ოთახში აბაზანას ცხელი წყლით ავსებს და აუჩქარებლად, ფიქრების თანხლებით წვება შიგ. პლათის ოსტატობა მე ვინ მომაშავა, მაგრამ დაღლილობისგან გონებადაკარგულს ნამდვილი რელიგიური ექსტაზი დამემართა. მით უმეტეს, რომ მანამდე ბოლო ხმაზე ჩავრთე ლეგენდარული ინგლისელი მეცო სოპრანოს, ჯენეტ ბეიკერის შესრულებით ბახის კანტატები და არიები ორატორიებიდან. კიდევ კარგი, სასტუმროებში სიგარეტის მოწევა აკრძალულია, თორემ თავი ტონი მონტანა მეგონებოდა, ბრაიან დე პალმას უიდიოტურესი ფილმიდან ‘ნაიარევი სახე’. აი, ასეა, წევხარ შენთვის აბაზანაში, ოთახიდან ბახის ღვთაებრივი (ორივე გაგებით) მუსიკა იღვრება, და ფიზიკური სიამოვნებაა ჯენეტ ბეიკერის უდახვეწილესი ხმის მოსმენა. ხმის, რომლის პატრონი თითქოს ამწუთას თვალებში გიყურებს და ზედმეტი პრანჭვის გარეშე პირდაპირ გეუბნება: ‘მოემზადე!’

ეს ქალი თითქმის არსად წყვეტს სუნთქვას, მისი საიდუმლოც ამაშია. ლედი ბეიკერი აქაა, შენს გვერდით და შეუძლებელია, ეს ვერ იგრძნო, როცა ამ შესანიშნავ ქალს უსმენ. ხელები ამიწევია, გნებდებით, ლედი ჯენეტ!

პ.ს.
და საერთოდ, ქალის დაბალი სასიმღერო ხმები რომ ჩემი სისუსტეა, ამიტომაც დავირქვი თავის დროზე ფორუმ.გე-ზე კონტრალტო. ოქსფორდ სტრიტზე ისევ თუ მომიწია გასვლა ამ დღეებში, ვიცი, თავის შეკავებას ვერ მოვახერხებ – უდიდესი ინგლისელი კონტრალტოს, კეტლინ ფერიერის დისკს აუცილებლად ვიყიდი და ლედი ჯენეტ ბეიკერს ვუღალატებ. მანამდე კი წინ ორშაბათია. სამუშაო დღე. იმედია, მძიმე და შაბათ-კვირისგან განსხვავებით, მოუცლელი.

აჰა, კეტლინ ფერიერიც:



Theatre Partenrship Project between the National Theatre and the Rustaveli Theatre managed by the British Council and funded by  BP and HSBC Bank Georgia.