ექსკლუზივი ლონდონიდან

ბუსიკო და ჩიტი ლონდონის ნაციონალურ თეატრში

12.03.2010 | 1236 |
ბუსიკო და ჩიტი ლონდონის ნაციონალურ თეატრში

ბუსიკო და ჩიტი გვარებია, სხვა რამე არ გეგონოთ. ორივე ძალიან ცნობილი გვარია, პირველი მე-19 საუკუნის შუა წლებში მოღვაწე ლეგენდარული ირლანდიელი დრამატურგია, რომლის პიესა London Assurance ნაციონალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნიკოლას ჰაიტნერმა (მასზე ადრეც დავწერე) თეატრის ყველაზე დიდ, შეიძლება ითქვას უზარმაზარ, ოლივიეს სახელობის სცენაზე დადგა.

დიონ ბუსიკოს (Dion Boucicault სხვათა შორის, მას ძალიან აფასებდა ოსკარ უაილდი) პიესა 1841 წელს დაიწერა და თავის დროზე ლონდონელი მაყურებელს თავი ორი მთავარი პერსონაჟით სერ ჰარკორტ კორტლითა და ლედი გეი სპენკერით დაამახსოვრა. მათ ჰაიტნერის დადგმაში ბრიტანული თეატრის უდიდესი ვარსკვლავები, საიმონ რასელ ბილი და ფიონა შოუ თამაშობენ.
უყურებ ამ ორ მართლაც დიდ მსახიობს, უსმენ ბუსიკოს გროტესკადქცეულ უდახვეწილეს, მანერულ ინგლისურს და გულს უხარია. შენთან ერთად ხალხით გადაჭედილი დარბაზი ხარხარებს, რაც ორმაგად მნიშვნელოვანი იყო იმ საღამოს – ჩვეულებრივი სპექტაკლი კი არა, ე.წ. ‘პრეს ნაითი’ იყო. ალბათ, ვინც კი გესლიანი, ბასრკალმიანი და ბოღმაა ლონდონურ პრესაში, ყველა იქ იყო. მეორე დილით კი უკვე გადააჭრელეს გაზეთები ათასგვარი შეფასებებით – ძირითადად, პოზიტიურ-აღტაცებული შეფერილობის. ოლივიეს დარბაზის გავსება როგორც მაყურებლით, ისე დეკორაციით, ფრიად შრომატევადი საქმეა. სპექტაკლის მხატვარმა, მარკ თომპსონმა უკიდურესად რეალისტური, თუმცა, გემოვნებიანი და დახვეწილი გადაწყვეტა შემოგვთავაზა – სერ ჰარკოტის მდიდარი ლონდონური აპარტამენტები, მისი ახალგაზრდა საცოლის, გრეისის მყუდრო, გემოვნებით სტილიზებული სოფლის სახლი, უმდიდრესი კოსტიუმები და ა.შ. თუმცა, პრესაში აქა-იქ მაინც გაისმა საყვედურნარევი ტონი, რომ რეჟისორმა აქცენტი მხოლოდ ორ მსახიობზე გააკეთა, რაც საკმაოდ აღარიბებს და ცოტა მოსაწყენს ხდის სცენებს, სადაც ისინი არ მონაწილეობენ.
ვეთანხმები ორივე ხელის აწევით – საიმონ რასელი და ფიონა შოუ მართლაც იმდენად მაღლა იდგნენ დანარჩენებთან შედარებით, რომ ერთი სული მქონდა, სხვა სცენები დროზე დამთავრებულიყო და ისევ მათთვის მეყურებინა. საინტერესო იყო ჩემი აქაური (აწ უკვე) ნაცნობების მიერ ამ სპექტაკლის შეფასებების მოსმენა – ნაწილს ტექსტის არასაჭირო ადგილებში შემოკლება-ადაპტაცია არ მოეწონა, ნაწილმა კომედიური ტრიუკების სიუხვეში დაადანაშაულა რეჟისორი და ა.შ. და ა.შ. ნაწილობრივ ყველას ვეთანხმები მეც, თუმცა, ეს საღამო თავისი გრანდიოზულობით, ალბათ, მაინც დაუვიწყარ მოგონებად დამრჩება. ამას გარდა, ოლივიეს დარბაზის განსაკუთრებულობას მინდა გავუსვა ხაზი – სცენის წარმოუდგენელი შესაძლებლობები (ყველაფერი დაფრინავს, მოძრაობს, ტრიალებს და გადაადგილდება ნებისმიერი მიმართულებით, როგორც ჰორიზონტალურად, ასევე ვერტიკალურად), ძალიან დიდი სივრცე და პრესტიჟულობა რეჟისორს განსაკუთრებული წნეხის ქვეშ აქცევს. ეს ისეთი სცენაა, სადაც ნებისმიერ პიესას ვერ დადგამ და ვერ ითამაშებ. ჩემი ნაცნობებიც აღნიშნავდნენ, აქ ან ანტიკური ტრაგედიები უნდა დადგა, ან შექსპირი ან რაიმე სხვა კლასიკური პიესაო. ჰოდა, ჰაიტნერმა სწორედ კლასიკაზე შეაჩერა არჩევანი, არც მთლად ისე გადაღეჭილ და გაცვეთილ კლასიკაზე. თუმცა, ამ კონკრეტულმა სპექტაკლმა მაინც ბოლომდე ვერ ‘შეავსო’ ყველა ის მოთხოვნა, რაც ოლივიეს დარბაზს შეიძლება ჰქონდეს.
ამ ლინკზე შეგიძლიათ სპექტაკლის რეპეტიციის ფოტოები დაათვალიეროთ:

***
ჩიტის რაც შეეხება, ეს ალისონ ჩიტია (Alison Chitty)  ბრიტანული თეატრისა და კინოს ლეგენდარული მხატვარი, რომლის 40წლიანი მოღვაწეობის აღსანიშნავად ნაციონალური თეატრის გალერეაში ვრცელი გამოფენა მოეწყო.

აქ ყველაფერია – ესკიზების ალბომები, ცალკეული ჩანახატები, მაკეტის ესკიზები, დასრულებული მაკეტები, ვიდეო ფრაგმენტები და ფოტოები სპექტაკლებიდან. უყურებ ამ ყველაფერს და ფიქრობ, რომ ბედნიერია ის რეჟისორი, ვისაც ამ შესანიშნავ მხატვართან თანამშრომლობა ხვდა წილად. ამ ბედნიერთა რიცხვს ბრიტანული კინოს ლეგენდა, მაიკ ლიც ეკუთვნის (თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო სტუმარი შარშან). მისი ფილმის ‘შიშველი’ მხატვრობა სწორედ ალისონ ჩიტის ეკუთვნის. თბილისში მასტერკლასზე საჩვენებლად, თუ გახსოვთ, მაიკ ლიმ სწორედ ეს ფილმი აარჩია.

ამავე მხატვრის ნამუშევარია მაიკ ლის ფილმი ‘საიდუმლოებანი და ტყუილები’, რომელმაც რეჟისორს კანის ფესტივალზე ოქროს პალმის რტო მოუტანა.

თითქოს რა, რაში უნდა გაინტერესებდეს თეატრის მხატვრის (თუნდაც ასეთი ლეგენდარულის) ჩანახატები, მაგრამ ამ გამოფენის დათვალიერება ერთი სიამოვნებაა, რადგან აქ სწორედ მთავარია წარმოდგენილი – სამუშაო პროცესი. საიდან იწყება თეატრის/კინოს მხატვრის სამუშაო და სად მთავრდება, თითოეული დეტალი, თუნდაც უმნიშვნელო, ცხადი ხდება. და მაშინ კარგად ხვდები, რომ შესაშური უბრალოების მიღმა, რომლითაც ალისონ ჩიტის ნამუშევრები გამოირჩევა, უზარმაზარი შრომა და საოცარი გემოვნება დგას.

ჰო, ეს კარგი რაღაც ვთქვი – ხიბლში ჩამაგდო საკუთარმა სიტყვებმა – უზარმაზარი შრომა და გემოვნება. რაც ასე ძალიან აკლია თანამედროვე ქართულ თეატრს. ამიტომაცაა, რომ სპექტაკლების უმეტესობაზე, რაც ამ ხნის მანძილზე ლონდონში ვნახე, ხელი არ მომიბრუნდება, სალანძღავი სიტყვა დავწერო (ორიოდ გამონაკლისის გარდა). შეიძლება, სპექტაკლები არ მომწონდეს, მაგრამ თითქმის ყოველთვის ვგრძნობ, რომ მათ უკან მოაზროვნე ადამიანები დგანან (იქნება ეს დრამატურგი, რეჟისორი, მხატვარი თუ მსახიობები). ხვდები, რა უნდათ მათ, რის ჩვენებას ცდილობენ, რატომ და რის შესახებ დგამენ კონკრეტულ სპექტაკლს. აბა, გულზე ხელი დაიდეთ და აღიარეთ – ქართულ თეატრებში ბოლო ათწლეულის მანძილზე ნანახი სპექტაკლების უმრავლესობაზე თუ შეგიძლიათ იმავეს თქმა? გამონაკლისები ყველგან არსებობს, ლონდონშიც და თბილისშიც, მაგრამ სამწუხაროდ, ეს გამონაკლისები ლონდონში ცუდი სპექტაკლებია, თბილისში კი – კარგი.

პ.ს. მთლად პესიმისტური რომ არ გამომივიდეს ეს ჩანაწერი და განსხვავებასთან ერთად ამ ორ ქალაქს შორის მსგავსებასაც რომ გავუსვა ხაზი, გეტყვით, რომ ერთხელ, სანამ მორიგ სპექტაკლს ველოდებოდი და ქუჩაში სიგარეტს ვეწეოდი, თუ არ მეშლება, 5 ადამიანი მოვიდა ჩემთან რიგრიგობით და ხუთივემ თითო ღერი სიგარეტი მთხოვა. ჩემი გულჩვილობისა რა ვთქვი, არცერთი არ გამიწბილებია. არადა, თბილისიდან საგზლად წამოღებული ბლოკი უკვე მითავდება, წინ კიდევ მთელი ერთი კვირა მაქვს. ხომ არ მიმეტოვებინა მოწევა, ჰა? რას იტყვით, ვცადო?