გია მარიამიძის ბლოგი

მოჯადოვებული რესპუბლიკა

მოჯადოვებული რესპუბლიკა

დილა არაჯადოსნურად დაიწყო. ჰარი პოტერს ჩემი ბინის სახურავზე არ გადაუფრენია (მხოლოდ სამხედრო ვერტმფრენმა შეაზანზარა ჭაღი („ვენეციური მინის“) და არც ჩემი აკვარიუმის თევზს შემოუთავაზებია კორუფციული გარიგება. მხოლოდ რუტინული მისტიკის ჩვეული დოზა ვიხილე, ჩემი მეზობელი, ქალბატონი ნუნუს სახით. არა, ნუნუ კეთილი ფერია არ არის და მას ბოროტ ჯადოქრადაც არავინ სთვლის (გარდა მისი მეუღლე გივისა). უბრალოდ მისი და საქართველოს მოსახლეობის მოზდილი  ნაწილის აზრით ‘’ქართველი  წინასწარმეტყველის’’- ქალბატონი ლელა კაკულიას გამოცემული მისივე სეხნია  გაზეთის ბოლო ნომერი ხელთ ეპყრა. ნუნუ ,ტრადიციულად, ამ გაზეთის შეუპოვარი მომხმარებელია. არც ერთ სკეპტიკოს არ ძალუძს ნუნუსა და ლელას გაზეთს შორის შუღლის ჩამოგდება. ვერავინ აიძულებს წაკითხვის შემდეგაც კი  ამ საკრალურ ქაღალდის ნაჭერში რაიმე ნივთი გაახვიოს. ‘’წმინდა ტექსტს’’ სათუთად კეცავს და კარადის საპატიო თაროზე ასაწყობებს. რათა საჭირო დროს, როცა ლელას სიტყვები ‘’გამართლდება’’, ჩამოიღოს, როგორც ‘’წინასწარმეტყველების’’ მტკიცებულება. მერე რა, რომ ეს “წინასწარმეტყველებები’’  ბუნებრივი პროცესების  (ორშაბათს რომ სამშაბათი მოსდევს) პოლიტოლოგ-ექსპერტების გამონათქვამების, მოვლენების ლოგიკურად გათვლის და მსგავსი ბანალობებისგან შედგება. ნუნუს რწმენას ვერაფერი შეარყევს.
          
        ის დილაც ჩვეული იყო. მისტიკის დოზის გადამეტებით მიღების საფრთხე არსაიდან ჩანდა.  ამ დროს ტელევიზორიდან ნაცნობი სიტყვები „უფლის მადლი“ მომესმა. ესეც არ იქნებოდა საყურადღებო,  ამ ქვეყანაში ყველაფერი უფლის ნება არ არის? რომ არა ‘’ საქართველოს ლატარიის კომპანიის’’  გათამაშების  მორიგი გამარჯვებული – ჯეკ პოტი 500 000 ლარი. წინა გათამაშებასთან შედარებით ბევრად ნაკლები. მართალია, ლელა არ ვარ, მაგრამ ჩემი წინასწარმეტყველება ახდა – გამარჯვება ამჯერადაც ღვთის ნებად გამოცხადდა. დარწმუნებული ვარ მომავალი მოგებებიც ღვთის ნებას მიეწერება. მოკლედ, ამ კომპანიამ რეკლამის საუკეთესო და მარტივ, ორ ნაბიჯიან სტრატეგიას მიმართა. პირველი: ლოტოს გათამაშება აზარტული თამაში კი არა, ღვთით კურთხეული საქმიანობაა. მეორე:  გამარჯვებული მხოლოდ ეკლესიური ხალხია.  ამის  დასტური კი  საპატრიარქოში წინა გამარჯვებულის ილია მეორესთან ხლება იყო,  რაც ამ კომპანიასა და გამარჯვებულს, სულ რაღაც,  ერთი მილიონი ლარი დაუჯდათ.  შედეგი: მეტი მოგება  და  ფული კომპანიას და  საპატრიარქოს. გამარჯვებულს  კი მოგებული თანხის დარჩენილ ნაწილთან ერთად სამოთხეში გარანტირებული ადგილი . „მედლის მეორე მხარე“ – მოსახლეობის მხრიდან , მეტი,  ფუჭად დახარჯული ფული და ქვეყანაში მაგიური ცნობიერების მომძლავრება. ეს უკანასკნელი ჩვენში  ისედაც ბლომად იყო.
        
       მისტიკას უკავშირდება ყველაფერი:  აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნება,  ავტომობილის კურთხევა და ასე შემდეგ.  მაგიის ბიზნესში მონოპოლისტი საპატრიარქოა, თუმცა ბაზრის წვრილი მოთამაშეებიც აქტიურობენ. ქვეყანა მკითხავებით, მჩხიბავებით, წინასწარმეტყველებით, ნათელმხილველებით, ექსტრასენსებით, ასტროლოგებით და კიდევ ათასი ჯურის აფერისტებითაა სავსე. მათთან  მინისტრები და დეპუტატებიც კი ურთიერთობენ.  შედეგი:  მოსახლეობის უმრავლესობა რეალობის გააზრების ნაცვლად, ყველაფერში ღვთიურ ნიშნებს ეძებს და ყველაფერს ღვთის ნებად სთვლის. ათასგვარი თაღლითი კი ამით ხეირობს და მასებით მანიპულირებს. ლოგიკის და  მეცნიერული აზრის მიმართ ნდობა  მცირდება, ადამიანები საჯარო სივრცეშიც კი მისტიური კატეგორიებით საუბრობენ.

          როგორ გვინდა გვქონდეს წარმატებული სახელმწიფო, თუ საჯარო დისკუსია სიზუსტისა და ლოგიკის გამომრიცხავი ცნებებით მიმდინარეობს? რა თქმა უნდა, სასწაული ჯერჯერობით ოფიციალურად, კანონმდებლობით აღიარებული არ გვაქვს.  სასამართლო პროცესებზე, ექსპერტიზის დასკვნის ნაცვლად ღვთის ნებას არგუმენტად  არავინ იყენებს.  მაგრამ ზიანი ამ საქმიანობიდან ნამდვილია და არა მისტიური – იოლად მანიპულირებადი საზოგადოება. შორს რომ არ წავიდე, თავადაც მახსოვს ბავშვობაში გიორგობის დღესასწაულიდან მომავალი, მთვრალ მდგომარეობაში მანქანის საჭესთან მჯდომი ადამიანები და მათი სიტყვები: სალოცავიდან მოვდივართ და ღმერთი დაგვიფარავს. ამას, დღევანდელ დროში, ნაკურთხი ავტომობილის ღმერთისგან მფარველობის რწმენაც დაერთო. სინამდვილეში,  ავარია ნაკურთხ და ჯერ კიდევ უკურთხებელ მანქანას ერთნაირად ემართება, განურჩევლად იმისა  სალოცავიდან მოემართება თუ ზოოპარკიდან.

        ტრაგიკომიკური სცენები დღისით, მზისით ყველას თვალწინ ვითარდება: აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის საქართველოში ვიზიტის დროს თავისუფლების მოედანზე ტერორისტის  მიერ ნატყორცნი ხელყუმბარა არ აფეთქდა. ეს ფაქტი პრეზიდენტმა სააკაშვილმა  ღვთის ნებად შეაფასა. ეს  არ იყო მოულოდნელი პასაჟი, რადგანაც პოლიტიკოსს „ზემოდან’’ ლეგიტიმაცია არასდროს აწყენს. მაგრამ როდესაც სამხედრო ექსპერტი რადიო ‘’თავისუფლბის’’ ეთერში  საუბრობს და ყუმბარის არ აფეთქებას იგივე, ღვთიურ ნებას უკავშირებს ეს უკვე როგორც იტყვიან, შემაშფოთებელია. დაუჯერებელია, მგრამ საპატრიარქო ამ  ზეციურ ვერსიას არ დაეთანხმა. საპატრიარქოს ამჯერად საზოგადოებაში რაციონალიზმის დოზის ზრდა არ უცდია არ დათანხმების მიზეზი  სავარაუდოთ სპეკულაციური იყო  : ბუში  მართლმადიდებელი არ არის. ეს მიზეზი  საჯაროდ არ დაუსახელებიათ, მაგრამ – იგულისხმებოდა.

         თუმცა, საპატრიარქოდან სხვა დროს    უფრო წარმტაცი ისტორიები თქმულა : თუ როგორ შეაჩერა ილია მეორემ ამოვარდნილი ქარი ლოცვით,  რაც, ვითომდა   ღვთისგან ბოძებული ძალის გამოვლინებაა . ეს ამბავი, ასევე ერთ არაჯადოსნურ დილას, მღვდელმა „სამოთხის ვაშლებსა“ და სრულიად საქართვეოს პირდაპირ ეთერში მოუთხრო.   ეკლესიაში , ქვედა რგოლის შემადგენელი იერარქიებისგან შედარებით, მცირე მასშტაბის მაგია გადმოედინება: თითქოსდა ტაძრის  შენებისას  მშენებელი დაზღვეულია ხარაჩოდან გადმოვარდნისგან. რამეთუ, მას უფალი ფარავს.  ვარძიის გამოქვაბულებში     (რომელიც ბერებმა თავის საცხოვრებლად მოიწყვეს და ამით  კანონი დაარღვიეს) მღვდლის საუბარი , რომ  ამ ისტორიულ ძეგლს ჟამთა სვლა დაეტყო და მოზრდილი კლდის ლოდები ცვივა ზემოდან. მაგრამ მორწმუნე ადამიანს არასოდეს ეცემა(მხოლოდ ურწმუნოებს). მსგავსი მისტიციზმი  ყოველდღიურობაა. არადა ეკლესიის ჩამონგრეულ ჭერსაც და კლდექალაქში შემთხვევით ჩამოვარდნილ ლოდსაც შეუწირავს ადამიანის სიცოცხლე სამწუხაროდ.  

         და ბოლოს, ზოგადად სასწაულის მოლოდინი და განცდა ნებისმიერ ადამიანს აქვს.  ეს ბუნებრივია, მაგრამ აქვე ე. კანტის მოსაზრება მინდა გავიხსენო. ის თვლიდა, რომ მისტიური გამოცდილება არსებობს, მაგრამ ის ცალობითია და გაუზიარებადი. ამის გამო ასეთი გამოცდილება შეუძლებელია დასაბუთდეს. შესაბამისად, ეს მხოლოდ ამ ადამიანის გამოცდილებადვე უნდა დარჩეს და არგუმენტად არ გამოდგება. ეს ჩემს მიერ ე. კანტის მოსაზრების არსის გადმოცემის მცდელობა იყო და არა ზუსტი ციტირება და  ამაში არანაირი მისტიკა არაა,  უბრალოდ სიტყვასიტყვით არ  მახსოვს. 🙂