ირა ჭელიძის ბლოგი

ერთხელ ბაკურიანში…………………..

22.02.2011 | 1219 |
ერთხელ ბაკურიანში…………………..

ამბავი უნდა მოგიყვეთ: ჯერ საბჭოთა კავშირი იყო, მარა უკვე ისე, რა, ჰოდა ჩვენ, პირველკურსელები, სულ გოგოები, პირველ სტუდენტურ არდადეგებზე, ზამთარში ბაკურიანში წავედით. ერთ-ერთის ბიძა ინტურისტში მუშაობდა და ამიტომაც, გავმწესდით გეოლოგებში, თანაც ტელევიზორიან ლუქსში! ეს, კი, ნიშნავდა იმას, რომ ლუქსის ძირითადი მოსახლეების გარდა გამოგვყვნენ ძმები და ძმის ძმაკაცები. ერთ-ერთი ძმა იყო მოსკოვიდან ჩამოსული, ჩუმი გენიოსი ქიმიკოსი, რომელმაც მოსასვენებელი ალაგი მაცივრის უკან “ლეჟანკაზე” ჰპოვა, და ხმა მხოლოდ ერთხელ ამოიღო _ “ჰალოგენები” _ წამოიყვირა მან უმისამართოდ და კვლავ დადუმდა. გარდა მომყოლი ძმებისა და მათი ძმაკაცებისა, არსებობდნენ კიდევ ჯარიდან პირდაპირ ბაკურიანში ჩამოსული ძმაკაცები, რომლებსაც სულ შიოდათ, და რომლებსაც, ჩვენ, ლუქსის ბინადარი ენდემური მოსახლეები “ბუფეტის” ტალონებს ვაძლევდით დასანაყრებლად. ჩვენი ძირითადი საჭმელი იყო ბორჯომის ნამცხვარი შუ და არაყი. არაყი ჩვენ (გოგონებს) არ მოგვწონდა, მაგრამ ამის აღიარებას ჯობდა იმ არყით დავმრხჩვალიყავით. მითუმეტეს, რომ ხსენებულ არაყს ჩვენ თავად ეროსი კიწმარიშვილი გვაძალებდა, რომელიც ზუსტად, რომ ერთ-ერთი მომყოლი ძმის ძმაკაცი იყო და ჯერ არ იცოდა, რომ დიადი ყაჩაღი და ფლიბუსტიერი შეიქნებოდა. მაშინ კი, ის იყო რომანტიული 20-21 წლის ყმაწვილი, ალპინისტი და კრისტალური სისუფთავის ადამიანი. ეს ადამიანი ყოველ საღამოს რამდენიმე სავსე ბოთლით შემოდიოდა და გამთენიისას დაცლილებით გადიოდა. თუმცა არამარტო ის. ზოგადად, ვინ შემოდიოდა და ვინ გადიოდა არავინ იცოდა, მაგრამ ამას მხოლოდ სართულის მცველი “ეტაჟერკა” განიცდიდა, რომელიც ჩვენს კდემემოსილებას ეჭვის თვალით უყურებდა და არც ქალიშვილობისა სჯეროდა. ჩვენ, კი მარტივ გამოსავალს მივაგენით და ლუქსის კარებს საერთოდ აღარ ვკეტავდით. და ამან გამოიწვია ერთი უცნაურობა: ყოველი საღამოს მიწურულს, მას შემდეგ რაც ფლიბუსტიერი არაყს ჩამოასხავდა, ღია კარზე ზრდილობიანი კაკუნით, ახალგაზრდა ვაჟი იხატებოდა და ზეზრდილობიანად შემოსვლასა და ტელევიზორში “მოამბის” ყურების უფლებას მოკრძალებულად ითხოვდა. ერთი მაცივრის მიღმელი იყო ჩვენს თვალში დაცურებული და მეორე ეგა. თუმცა ჩვენ მოამბის ყურების ნებას ვრთავდით, მაგრამ რა ესმოდა და რას ხედავდა ეს ზრდილობიანი, იაფფასიანი სიგარეტის ბუღსა და უგონოდ დამთვრალი საზოგადოების ნაბოდვარის ფონზე, ვერ გეტყვით. ასე ორი კვირის მანძილზე, ყოველ საღამოს, მოდიოდა ვაჟი, მოამბეს უხმოდ უყურებდა და მიდიოდა. არ სვამდა, არ გველაპარაკებოდა, არ იცინოდა, მხოლოდ მოამბეს უყურებდა და ასევე ჩუმად გადიოდა. ჯარიდან ჩამოსული ძმის ძმაკაცებისა და ყაჩაღთან შედარებით, ის, ჩვენთვის, არავითარ ღირებულებას არ შეიცავდა და ამიტომაც არც კი დავცინოდით. გამოხდა ხანი. ამ ნაახალწლევს, ორი იმდროინდელი და ერთი უფრო ადრეული მეგობარი ევროპის სახლის რესტორნის სუფრასთან შევიყარეთ და, სხვათაშორის, პირველად გავიხსენეთ ის აწყვეტილი ზამთარი. რა თქმა უნდა “ჰალოგენებიც” ვახსენეთ და ის “მოამბის” მოყვარულიც. და ერთმა ჩვენთაგანმა უცებ თქვა: _ იცით ვინ იყო ის ზრდილობიანი ყმაწვილიო? ორმა ჩვენთაგანმა არ იცოდა, და ვინც იცოდა კი აი ეს წარმოთქვა: _ ლევან ვასაძეო…