ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

ვერცხლისფერი ენდი და არაფერი

ვერცხლისფერი ენდი  და არაფერი

ციკლიდან „ შვიდი და მეტი მიზეზი, თუ რატომ მიყვარს ნიუ–იორკი“
რომ შევხედე, მაშინვე წარმოვიდგინე ნიუ–იორკის პაპანაქება სიცხესა და გაუსაძლის ტენიან უჰაერობაში როგორ დადნება მისი ვერცხლისფერი ფუტურო ფიგურა. როგორ ჩამოიღვენთება კვარცხლბეკიდან, როგორც გაცოცდება ახლომდებარე მეტროსკენ   მიწისქვეშეთში აბრჭყვიალებული გველივით  ფსევდობრინჯაოს დამდნარ ლავად და როგორ ჩაიკიბებს. გავიფიქრე: ესეც შენ, ენდი, ძმაო, ესეც შენ შენი ძვირფასი „დიდების 15 წუთი“. „იუნიონ სქვერში“ კისერზე 1960 – იანი წლების „პოლაროიდის“ ფოტოაპარატჩამოკიდებული, ჰალსტუხიანი ენდი უორჰოლი დადგეს (სკულპტორი – რობ პრუიტი). მივედი, დავაკაკუნე მის „ოქსფორდებზე“ და ფეხებზე. ხმა ჩემს შინაგან განწყობას ასე კონგრუენტულად არასოდეს დამთხვევია. ამა წლის გაწბილების განწყობის. ეს გაწბილებაც როგორი პოპარტული გამოვიდა. გაზაფხულურ – პოსტმოდენისტული. გაწბილება, როგორც  პოსტმოდერნი. იფიქრებდა ვინმე? ყოველ შემთხვევაში, მე –არა. კაკუნი გავახმოვანე: ენდი –ტუკ, ენდი – ტუკ, ტუკ, ტუკ . . .

ენდისთან ვიღაც მაღალი, ტელეფონზე სწრაფად და ხმამაღლამოლაპარაკე ქალი მოქანდა, ჩემდაგვარად დაუკაკუნა და ისევ გაქანდა. თითქოს ვალი მოიხადა. მერე ორი მოხუცი მამაკაცი; მერე შეყვარებული ქალ– ვაჟი. ატყდა კაკუნი. რა წამხედურა ხალხია ეს ძეგლთმთვალიერებელნი და საერთოდ დამთვალიერებელნი. აი, მაგალითად, ავიღოთ მუზუემი. ყველა მიდი – მოდის, სურათებსა და სკულპტურებს შორიდან და ახლოდან ათვალიერებს, მაგრამ საკმარისია, სურათის გვერდით მიმაგრებულ „ანოტაციასთან“ სახე ახლოს მივიტანო, რათა „შედევრის“, თუ რაც ჰქვია, მისი შექმნის ისტორიის მოკლე შინაარსში გავერკვე, მაშინვე, როგორც მინიმუმი, ჩემს კეფაზე  ხუთი ადამიანის  სუნთქვას ვგრძნობ. მაინც და მაინც მაშინ მოუნდებათ ნარატივით დაინტერესება. ეს შეყვარებულები კიდევ, ხან ენდის წვივებზე აკაკუნებენ, თან ერთმანეთს კოცნიან, ღლაბუცობენ და თან სიცილით კვდებიან. ახალგაზრდობა, სიყვარული, გაზაფხული, ჰორმონები. აჰა, გავიფიქრე, ესეც „დიდების 15 კაკუნი“. ახლა ისე ვარ, ენდი, ძმაო, უცებ ხელი რომ აამოძრავო და ჩემს თავზეც დააკაკუნო, ალბათ, ისევ ასეთ ხმას გამოვცემ, როგორსაც– შენი ფეხები და თავი. ანუ ისეთს, როგორსაც – მუყაოს ცარიელი ყუთი.  ენდის  შარვალს ვაკვირდები. ვიხსენებ, რომ უნიფორმები უყვარდა და მხოლოდ მისი სწამდა. რწმენა სახელად „უნიფორმა“. არ იკითხავთ, რატომ? იმიტომ, რომ თვლიდა,  თუ ცარიელი ადგილი ხარ,  ტანსაცმელიც ვერ შესძლებს შენგან რაიმეს შექმნას. ამიტომ სჯობს, ატარო ერთი და იგივე სამოსი და ადამიანებს შენში შენ უყვარდე, ვიდრე ის, რაც შენგან ტანსაცმელმა შეიძლება შექმნას. პირადად მე არასოდეს გამჩენია სურვილი, დამეკაკუნებინა „იდეოლოგიაზე“. არც მაშინ, როცა სამშობლოს ქალაქები და რაიონული ცენტრები ლენინ–სტალინის  ქვის თანაპარტიელებით იყო სავსე. ენდი იდეოლოგიაა, რადგან  „ნორმალურია ის, რაც პოპულარულიაო“. ასე ფიქრობდა. ან სულაც არ ფიქრობდა ასე, მაგრამ თამაშობდა. აი, მესმის იდეოლოგია. საინტერესოა, ნეტა, საკულტო  ფიგურააო, გალაკატიონზე ან ჭაბუკიანზე თუ ითქმის? აი, ენდიზე კი ნამდვილად ითქმის.  ენდის ქანდაკებას დიდი  „Medium Brown Bag” დააკავებინეს. მაგრამ ყავისფერი კი არა, არამედ ისეთივე ვერცხლისფერია, როგორც მისი  თავი. ეს ჩანთა მაღაზია Bloomingdale’s -is საბრენდო ქაღალდის ჩანთის გადამღერებაა. შიგნით, ალბათ, მისი ცნობილი ჩამწერი და „სელებრითებისგან“ აღებული უკვე გაშიფრული ინტრევიუები უდევს. გამახსენდა, რამდენჯერმე თვალი მოვკარი რომელიღაც სავაჭრო ქსელის „საშოპინგო“ ქაღალდის ჩანთას, რომელზეც ეწერა: „მე ვარ განათლებული მომხმარებელი“. რით არაა საენდიუორჰოლე? მაგალითად, შემიძლია Campbell’s სუფის კონსერვების რიგების მსგავსად ეს „განათლებული“ ჩანთები მწყობრად მივალაგო და აუდიოეფექტიც ჩავრთო – ქაღალდის ჭმუჭვნის ანდა ფხრეწის ხმა. ან თავისუფლების მწვანე ქანდაკების მაგივრად ენდის ეს ვერცხლისფერი ფუტურო დავდგა. მარჯვენაში  ბოტოქსის ტუბით, მარცხენაში –  რომელიმე ტაბლოიდით, მაგალითად, სახელად “OK”. ჰო, ასეთი „თავისუფლების“ ინსტალაციის ორგანიზებას ჩემი მოკრძალებული ძალებით ნამდვილად ვერ შევძლებ.

ენდი, ძმაო, ამას წინათ შენი „ლიზ ტეილორის პორტრეტი“ 29 მილიონად გაიყიდა. ამ ვერცხლისფერ სამოსში კი მილიონერს სულაც არ ჰგავხარ. წესით, რაღაც იაფფასიანი საშინელებათა ფილმის გმირს უნდა მიგამსგავსო. შავ როლინგში, შავ ტყავის ქურთუკში, შავ შემოტკეცილ შარვალში და, საერთოდ, სადაა შენი სხვადასხვა ფერის თვალები? მარცხენაში შავი ლინზა, მარჯვენაში –ცისფერი. თუ პირიქით. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს? ახლა გაყინული ვერცხლისფერი თვალებით იყურები. დამერწმუნე, შენს ლამის შვიდსაათიან ფილმს „სიზმარი“ დღეს ჩემ გარდა არავინ ნახავს. ამ ძეგლით გამხდარ, ნადიეტარ, ბალზაკის ასაკს კარგა ხანს გადაცილებულ ნევროტიკ, თმაგადასლიპინებულ, ნაჰაშიშარ ტურისტს ჰგავხარ, „დიდი ვაშლის“ ქალაქში სულ მუდამ გაკვირვებული სახით რომ დადის  და თვალებს მარცხნივ და მარჯვნივ აცეცებს. ოღონდ ულინზოებს. „იუნიონ სქვერზე“ ასეთები ბევრია. მათ შორის შენი შორეული წინაპრების სამშობლოდან. სლოვაკეთიდან. სლოვაკეთში ნამყოფი არა ვარ, მაგრამ ჩეხეთში – კი. როგორ მიყვარს პრაღა. არაპოსტმოდენისტულად. ნეტავ, ენდი, მაგ კვარცხლბეკიდან რომ „ჩამოგხსნიან“, პრაღაში სადმე არ დაგდგამენ? აი, მაგალითად, ვაცლავის მოედანზე, ან რომელიღაც „ულიჩკაზე“. ერთხელ, დიდი ხნის წინათ, წინასაშობაო პრაღაში მე და ჩემს მეგობარს  ვაცლავ ჰაველი, რომელიც მაშინ კრეზიდენტი იყო, ამ „ულიჩკაზე“ მოსეირნე შეგვხვდა. დენდი – პალტო ეცვა, დიდი ძაღლით. ხალხი უცებ შექუჩდა და კედლებს აეკრა. დაცვის გარეშე იყო. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვერ დავლანდეთ. ახლა უცებ წარმოვიდგინე, 58 წლისთვის რომ გადაგებიჯებინა, როგორ შეხვდებოდით ერთმანეთს შენ და ვაცლავი. ორი დაბერებული ქარიზმა. უფრო მეტიც, ვიდრე საკუთარი თავი. მითი. რატომღაც მგონია, რომ ამ შეხვედრის დროს ძაღლი  ისეთ  საშინელ წკმუტუნს მორთავდა, რომ ჰაველი სულ სირბილ–სირბილით გაგეცლებოდა. შენ კი ხილული დაცვით იქნებოდი. კონტაქტი თქვენ შორის არ შედგებოდა.  თანაც რატომღაც მგონია, რომ ვაცლავი ვერ გიცნობდა, რადგანაც შენ სახეს აუცილებლად დაიბოტოქსებდი. აი, ჰაველი თავის ნაოჭებს არავითარ შემთხვევაში არ წაშლის. მთელი ცხოვრება შენს საკუთარ ცხვირ–პირს ათვალიერებდი, სანამ მუწუკებისგან მარტო კომლექსები კი არა, ლეგენდები არ ააგე. ფსიქიატრები ამას დისმორფოფობიას ვუძახით. გაუთავებელ წუწუნს საკუთარ გარეგნობაზე და სილამაზე/ულამაზობაზე. ჰოდა, გიხაროდენ. დადგა ადამიანის სხეულის ტოტალური პოპ – არტი. ქალის სხეულის. პირადად მე უკვე სილიკონის ველის ხსენებაზე მარტო კალიფორნიის კომპიუტერული სამფლობელოები კი არ მახსენდება, არამედ ყველაზე პოსტმოდენისტული, რაც კი რამ შეიძლება გამოეგონებინათ. ქალის გამსილიკონებელ–გამიმპლანტებელი. ამგვარი ველები უკვე ქალის სხეულშია. სილიკონი, იმპლანტი, როგორც იდეოლოგია. მიკვირს, რატომ არაა სილიკონის „კონსტრუქციები“, მაგალითად, MoMA-ში (თანამედროვე ხელოვნების მუზუემი). ქმრები და საყვარლები სილიკონს მომგებიანად ინვესტირებენ თავიანთ ცოლებსა და საყვარლებში.  ეგ კი არა, ამერიკაში 8 მაისს დედების დღესასწაული იყო და იმ დღეს მედიით პლასტიკოსებმა (ქირურგებმა ანუ) ყურები წაიღეს შემტევი „ხვეწნა – მუდარით“: მოიყვანეთ ახლანდელი/ მომავალი დედები და ფასდაკლებით, განა, გავარემონეტებთო? არა. გაგირემონტებთო. აქ ცხვირს წავაჭრით, იქ ბარძაყს, მკერდში კი უახლოესი ტექნოლოგიის „მედუზას“ შევუყვანთო. ნებისმიერი ზომისო. ჰო, კიდევ. ენდი, გვარიანად გაგიმართლა, ჩემს სამშობლოში რომ არ დაიბადე. ისე, შენი გემოვნების ამბავი რომ ვიცი, სადაც „მაკდლონალდსი“ არაა, იქ არც კი წახვიდოდი. თბილისი შენს დროს არ მაკდონალდსობდა. ისიც გაითვალისწინე, საქართველოში  მაშინვე ინტელიგენციის „კლასს“ მიგაკუთვნებდნენ და აუცილებლად მოგთხოვდნენ რაიმე ინტელექტუალურ – პოლიტიკურ გმირობას. ვინ იცის, ქრომის ასეთ ფუტუროს კი არა, ნამდვილ რკინა – ბეტონის ძეგლსაც კი დაიმსახურებდი  და გამორჩეულად სუფთა ჰაერზე „გაშენებულ“ საფლავსაც. რა კარგია, რომ ეს შენი ძეგლი დროებითია. ოქტომბერში გაქრები. უკვე ვხედავ, როგორ  გადაგიყვანენ ჰოროზონტალურ მდგომარეობაში და სატვირთო მანქანაში ჩაგდებენ . . .

ენდი, გამახსენდა მასიმო გარჯიას „ფლეიბოის მემუარები“. ერთხელ მასიმომ თურმე, როგორც იქნა, შეაღწია შენს სახლში და თავისი დიდი ხნის ამბიციური სუპეროცნება გადმოგცა – უნდოდა, რომ შენ იგი დაგეხატა:  შენი სახლიდან, რასაკვირველია, შოკირებული წამოვიდა. მოკლედ, სხვაგვარად არ შეგიძლია. აბა, უცხოს თანდასწრებით საყვარელ ფავორიტ კაცთან ვნებიან ალერსს რომ გააბამ, მერე მასიმოს მის პორტრეტში 100 ათასს მოსთხოვ, მერე კი ამ ფულის სანაცვლოდ ქალად გამოწყობას შესთავაზებ, რა იქნება? ჰოდა, ეს მიზანსწრაფული პროვინციელი ყმაწვილი მართლაც გამოეწყო შენს გარდერობში მოკონწიალე ქალის ტანსაცმელში, წითელი ტუჩსაცხიც წაისვა. ისე მოგწონებია, რომ საკოცნელადაც გაგიწევია. ჰოდა, მასიმოსგან კაი ლაზათიანი ალიყურიც მიგიღია. დამერწმუნე, ალიყურის მომენტი ვინმეს რომ ფირზე აღებეჭდა, ეს ფოტო „ლიზ ტეილორზე“ უფრო ძვირად გაიყიდებოდა. თანაც რომელიმე ტაბლოიდი კი არა, თვით New York Times –ი დაბეჭდავდა. განა, ეს არაა შენი მიზანი? საკუთარი თავის შესახებ გაზეთებიდან  შეიტყო. ეს როგორ შეგეშალა, ენდი? გლამური ყოველთვის არაა პოსტმოდერნი. აი, გალაწუნება წარსულიცაა, აწმყოც, მოდერნიცა და პოსტმოდერნიც. პოსტმოდერნია „ფეისბუქიც“. ერთგვარი მისტიფიცირებული პოპი თავისი „ექაუნთებით“, „ფეისებით“, „ივენთებითა“ და გაუთავებელი მესიჯებით: შემომხედეთ, გამიზიარეთ, მიმიღეთ, მომიწონეთ, შემიყვარეთ . . . გაიგეთ ჩემზე ფეისბუკიდან, მეხსიერების ძეგლები დამიდგით. არაა აუცილებელი, რომ ბრინჯაოსი იყოს.

„იუნიონ სქვერი“ ნიუ–იორკის ყველაზე სოციალურად და კომერციულად აქტიური და, ამავე დროს, მშვიდი ადგილია. აქაა „ნიუ–იორკის ფილმის აკადემია“, Barnes and Noble –ის  წიგნების მაღაზია, პატარა ბაზრობა და ჩემის აზრით, ყველაზე კარგი ჩინური რესტორანი. აქ მდებარეობდა ენდის „ფაბრიკა“. აქ ქმნიდა იგი. ახლა კი ენდი პირდაპირ ბროდვეიზე დგას. გაშეშებული. მთლად მაჰათმა განდის, აბრაამ ლინკოლნისა და ჯორჯ ვაშინგტონის ძეგლების გვერდით არაა, მაგრამ – ერთ სივრცეში.  იქვე ღვთისმშობლის ქანდაკებააცაა. აი,  ეს უკვე შენი სფეროდანაა, ენდი.  შენ და წმინდა მარიამი. თქვენს ერთად ყოფნაზე მეტი პოსტმოდერნი რაღაა…

ჰო, კიდევ ერთი რამ. მგონი XX საუკუნის არტისტებიდან პირველი ხარ, ვისაც ამერიკაში ასეთი „ძეგლი“ დაუდგეს. არ მოგწონს, არა? ჰო, გული მიგრძნობდა, რომ არ მოგეწონებოდა. ამგვარ ანტურაჟში წვეულებაზე წამსვლელს არ ჰგავხარ და იმიტომ. აქ, მე_17 ქუჩის გადაკვეთაზე, ასეთი ვერცხლისფერი შარვალ–კოსტუმი რომ არ გცმოდა, შეიძლება „ფეისბუქის“ ერაში აღარავის შეემჩნიე. ყველა „ბლექბერითა“ ან  სხვა რამეებით თავის „ფეისს“ ათვალიერებს. შეიძლება ისე არა, როგორც შენ – შენს მუწუკებს. ასეც უნდა იყოს, არა? დაბერდი, ენდი. ყველა თავის საქმეზე გარბის. შენ კი, დგახარ. ვიცი, რაც  ”მოგეწონებოდა“. არაფრობა. შენ არ ამბობდი?: „არაფერი ყოველთვის სტილია. ყოველთვის კარგი გემოვნებაა. არაფერია იდეალური ბოლო–ბოლო, მას საერთოდ არაფერი ეწინააღმდეგება. არაფერი გღლის, არაფერი იწვევს სექსუალურ სიძულვილს, არაფერი გტკენს გულს. ერთადერთი შემთხვევა, როცა მე მინდა ვიყო რაღაც –  ეს არის, როცა ჯერ კიდევ  წვეულებაზე არ მივსულვარ, მაგრამ ვიცი, რომ  იქ უნდა წავიდე“.

„იუნიონ სქვერზე“ საღამო ხანს  ვერცხლისფერი ენდის პირდაპირ მწვანედ აბიბინებულ, მოშრიალე სკვერთან ოთხკაციანი სამუსიკო ბენდი ხალისიანიად უკრავდა. იქვე კი, ენდი, მეტროდან მოყოლებული შენს ქანდაკებამდე, ვიღაც წვერებიანი,  ძონძებში „გამოწყობილი“ კაცი პლასტმასის ყუთზე იჯდა და ამ ყუთით უკან – უკან, წრფივად  შენსკენ მოძრაობდა. ერთი ხაზის გასწვრივ თეთრი ცარცით მრგვალ სახეებსა და შიგნით „სმაილიკიან“ პირს ხატავდა. დავაკვირდი და ყველა პირი მომღიმარი სულაც არ იყო. განწყობა ეცვლებოდათ. რამდენიმე სახის დახატვის შემდეგ  მხატვარი თავისი „ფუნჯით“  რომელიმე სახასიათო სახის გასწვრივ  ამ სიტყვებს აწერდა: „ეს მე ვარ ახლა. ეს მე ვარ. ეს მე. ეს . . “

უცებ რაღაცნაირად დავმშვიდდი, რადგანაც შენი სიტყვები გამახსენდა: „მე ნამდვილად ვიცი, რომ ერთხელ ჩავიხედავ  სარკეში და იქ არაფერს დავინახავ“ . . .