გია მარიამიძის ბლოგი

მიზანი და იდეა

მიზანი და იდეა

Map’ჩვენი სამშობლო  დღეს უფრო პატარაა, მაგრამ ის  ნაკლებად ვერ გვეყვარება’’ მარშალი კარლ გუსტავ ემილ მანნერჰეიმი
დედამიწა მოგეხსენებათ მრგვალია. სფეროსებრ სხეულს კი ცენტრი არა აქვს – ეს გეომეტრიაა.  აი,  პოლიტიკა საპირისპიროს ამტკიცებს –  სხვადასხვა იმპერიას სხვადასხვა დროში თავისი მეტროპოლია მიაჩნდა დედამიწის ცენტრად. ეს საკრალური სიმბოლო იყო იმისა, რომ პლანეტაზე ეს ქვეყანა ადგენს თამაშის წესებს და ასრულებს ცივილიზატორის, განმანათლებლის მისიას. საქართველოს ტერიტორიის ერთი მეოთხედი დღეს რუსეთს აქვს მიტაცებული. ეს ტრავმა სახელმწიფოს ამჩნევია და მის ყოველდღიურობაზეც ახდენს გავლენას და ხალხის გუნება-განწყობაზეც. რაც მთავარია,  ათეულ ათასობით  დევნილმა წარსულთან ხილული, ხელშესახები კავშირი დაკარგა. მათი სახლ-კარი, ეზო-კარმიდამო, წინაპართა საფლავები ვირტუალურ-წარმოსახვით მოვლენად იქცა და მხოლოდ მეხსიერებასღა შემორჩა.

ყველაფერი ეს გამოწვევაა, წინაღობა, რომელიც უნდა გადალახო და გაუძლო. ნებისმიერ სახელმწიფოს მიზნები უნდა ჰქონდეს,  ნებისმიერ ერს კი, ნაციონალური იდეა. დაკარგულის გლოვა და მარცხის სიმწარე განვითარების სწრაფვაში უნდა გადაიზარდოს. ჩვენ არ უნდა ავყვეთ მტრის მოფიქრებულ თამაშს –   მარცხისგან დეპრესიაში ჩავარდნილებმა რუსეთს არ უნდა მივცეთ საშუალება,  ჩვენი სულის ძაფები მოქაჩოს და მართული თოჯინასავით გვატაროს აქეთ-იქით , გაგვიჩინოს წართმეულის დაბრუნების იმედი, შემდეგ ამ იმედის გაცრუებით გამოწვეული ტკივილით შეგვაფერხოს და ხელი შეგვიშალოს წინსვლაში… არ დაგიბრუნებს რუსეთი წართმეულს და ვინც ამას გვპირდება, პოლიტიკოსი იქნება თუ უმაღლესი სასულიერო იერარქი, ის მატყუარაა..

ვერც ომით ვერ დავიბრუნებთ წართმეულს.  რუსეთი ჩვენზე დიდი და ძლიერია. კვლავ მთლიანი საქართველოს ხილვის ერთადერთი გზა  ის არის, რომ საქართველო უფრო სამართლიანი, უფრო მოწესრიგებული, უფრო მდიდარი და უფრო თავისუფალი იყოს, ვიდრე ის რუსული წესწყობილება, რომელიც დღეს  არის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

ქართველი ერის გამაერთიანებელი იდეა  განვითარება და წინსვლა უნდა იყოს, რადგან აყვავებული საქართველო მიწების დაბრუნების საწინდარია. სახელმწიფო საქართველოს მიზანი კი, წართმეული მიწების დაბრუნება. თუ ამას ყველა ვეთანხმებით,  ვინც საქართველოს განვითარებაში ხელს უშლის, მათ ხელი  მათსავე მავნებლობაში უნდა შევუშალოთ.. სულ ერთია ვინ იქნება ის, მაღალი თანამდებობის მქონე პოლიტიკოსი თუ უმაღლესი სასულიერო პირი. აქ  ისიც სათქმელია, ეს განვითარებული და აყვავებული საქართველო რა არის?
1. ყველა მოქალაქის თანასწორუფლებიანობა.
2 ამ უფლებების გამოყენების  მეტნაკლებად თანაბარი საშუალება..

სულ ეს არის.. ასევე სულ ერთია ეს მოქალაქე რა ეთნოსის, კონფესიის, კუთხური წარმომავლობის, ასაკის, სქესის, სოციალური ფენის, სექსუალური ორიენტაციის არის.. ამ ნიშნებით ადამიანების დაყოფა და დაპირისპირება ქვეყნის წინაშე მტრობაა.

თავიდან დედამიწის ცენტრზე ვლაპარაკობდი . გლობუსი რაკი მრგვალია, სადაც თითს დაადებ, შენთვის პირობითი ცენტრიც ის არის. ის დროც წარსულს ჩაბარდა, როდესაც დიდ იმპერიებს საკუთარი დედაქალაქები მიაჩნდათ სამყაროს ცენტრად და ამ დედაქალაქების შუაგულში  მდებარე მოედნები – სივრცის ათვლის წერტილად. დღეს, საინფორმაციო ერაში, ცენტრის ცნება პირობითი გახდა, ‘’ონლაინ’’ რეჟიმში პლანეტის ერთი წერტილიდან ნებისმიერი მიმართულებით მომხდარ მოვლენებს შემიძლია ვადევნო თვალი და ამით სულ მცირე, მოლეკულისოდენა წვლილიც შევიტანო ამ მოვლენებში.

ჩვენს პატარა ქვეყანას კი ცენტრი აქვს. ეს ცენტრი პირობითი არ არის, ის თვალხილული და ხელშესახებია. უბრალოდ, ის უნდა მოიძებნოს, ეს მარტივია: საქართველოს რუქაზე  უკიდურესი დასავლეთი, აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი წერტილების მონიშვნის შემდეგ, ამ წერტილებიდან ერთმანეთისკენ გავლებული სწორი ხაზების გადაკვეთის ადგილია საქართველოს ცენტრი. ეს ნებისმიერს შეუძლია გააკეთოს. რუქაზე ცენტრის პოვნის და აღნიშვნის  შემდეგ  საქართველოს რეალური ცენტრის მიგნებაც იოლია, ეს  ადგილი კარგი იქნება თუ  მოინიშნება, ამჯერად არავირტუალურად. თუნდაც მოზრდილი ქვის დადებით, სადაც ეწერება, რომ ეს საქართველოს ცენტრია და იქნება ყოველთვის. ამ ათვლის წერტილიდან ქართული სახელმწიფოს კიდე-განში შედის აფხაზეთიც და ცხინვალის რეგიონიც, ისევე როგორც  ამ  ქვეყნის ყველა დანარჩენი ნაწილი. უფრო მეტიც, პირველ რიგში  აფხაზეთიდან და ცხინვალიდან იწყება აზომვა საქართველოს მიწის ცენტრისკენ და ეს ადგილი მუდმივი შეხსენება უნდა იყოს იმისა, რომ ქართულ სახელმწიფოს მიზანი აქვს და ქართველებს ნაციონალური იდეა აერთიანებთ..