ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

საჯარო – არასაჯარო სხეული და მოქალაქე ჯექსონი

საჯარო – არასაჯარო სხეული და მოქალაქე ჯექსონი

ხუთშაბათის იმ დილას, სანამ მაიკლ ჯექსონის გარდაცვალების ცნობა მსოფლიოს მთავარი მოვლენა გახდებოდა, ტელეგადაცემა – შოუ The View –ს ავტორი და წამყვანი ბარბარა უოლთერი დამწუხრებული სახითა და არეული სიტყვებით აანონსებდა: დღეს საღამოს ამა და ამ არხსა და საათზე ნახეთ ჩემი გადაცემა სერიალ “ჩარლის ანგელოზებისა” და 1970-80 – იანების ცნობილ სექს – დივაზე ფარა ფასეტზე, უფრო სწორად კი, მის არა საეკრანო, არა მხატვრულ, არამედ ფიზიოლოგიურ კვდომაზეო. აუდიტორიამ ამაზეც და სხვა კიდევ ბევრ რამეზეც ტაში დაუკრა. როგორც ყოველთვის. ასეთ შოუებში ოვაციების დროს ვერასოდეს ვიგებ და ახლაც ვერ მივხვდი, ტაშს რას უკრავდნენ: ჯერ არნახულ ფილმს; ბარბარა უოლთერის პროფესიულ მოქნილობას;  გადაცემის პოპულარობას (ამერიკელი “ცნობადი სახეები” და მათი ნათესავები The View -ს სიკვდილსაც კი ანდობენ); სანეკროლოგო ტექტს თუ იმას, რომ ჩარლის 62 წლის ანგელოზი რამდენიმე საათში საბოლოოდ გაფრინდებოდა იქ, სადაც, წესით, ანგელოზები ბუდობენ? ალბათ, ყველაფერს ერთად. ასეთი ოვაციის დროს, ძალიან კონკრეტული კი არა, ოდნავ კონკრეტულიც ვერ ხარ. მახსოვს, მკრეხელურად ისიც კი გავიფიქრე, ნეტავი საბრალო ფარა ცოცხალი “შეესწრება” თავის საეკრანო ნეკროლოგს, თუ – ვერა? როგორც კი The View -ს ეს გამოშვება ეთერში გავიდა, იმ წამს საინტერნეტო საინფორმაციო  სააგენტოები აჭრელდნენ ცნობებით, რომ ფარა ფასეტი  კვდება, ან სულაც უკვე მიიცვალა; ზოგი წერდა – ჯერ არა, მაგრამ როგორც კი მოკვდება, თქვენ პირველნი იქნებით, ვინც ამას გაიგებთო; რომ ჰა – ჰა, როგორც ჩანს, ახლა განუტევებს სულს და პაწა მოითმინეთ, არ წახვიდეთ სხვა არხზე, ტალღაზე, ვებზე, მალე “გახარებთო” და ა.შ. მაგრამ მაიკლ ჯექსონის რამოდენიმე საათის მოგვიანებით გაცხადებული სიკვდილის მერე ვისღა ახსოვდა ჩარლის ჩვეულებრივი ანგელოზი? გარდაიცვალა “მთავარანგელოზი”, ფორმალურად “ანდროგენი”, რომელიც მთლად მაჩო სექს – სიმბოლო არასოდეს ყოფილა; პედოფილიაში სასამართლოს განჩინებით უსაფუძვლოდ ბრალდებული, მაგრამ მაინც დალაქავებული სახელის გამო გვარიანი დოზით “დაცემული ანგელოზი”, ამ ყველაფერზე უფრო მეტი, ჰაეროვანი, მსუბუქი (55 კგ. 153 სმ.), უცნაურად თეთრი, მაგრამ არა ანკარა წყალივით გამჭირვალე. ჯექსონი სექს-ანგელოზი იყო. ჩარლის ანგელოზი კი ჩუმად მიიცვალა იმავე საღამოს. აღარ დავინტესებულვარ, ბარბარა უოლთერის გადაცემამდე, გადაცემის დროს თუ მერე . . .

არ ვიცი, რა შეთანხმებას დებს ბარბარა უოლთერი მომაკვდავ თუ ჯერ კიდევ ჯანმრთელ ვარსკვლავებთან და ასეთსავე არაჰოლივუდურ პერსონებთან. ჯექსონი სასიკვდილოდ ავად არ ყოფილა, თორემ ვერავინ დაასწრებდა ყველგანმსუფევ ბარბარას პოპის მეფის სიკვდილისწინა ამოსუნთქვაზე ექსკლუზივის გაკეთებას. პათრიკ სვეიზი, სენატორ ჯონ ედვარდის მომაკვდავი ცოლი, პარკინსონიანი მაიკლ ფოქსი (სფილბერგის ფილმი “უკან მომავლაში”) და ა.შ. ასევე სენატორ-კონგრესმენებისა და მსახიობების ჯამრთელი და არც ისე ჯანსაღი საყვარლები და მეძავეები . . .  სამათლიანობისთვის აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ბარბარა თავის გადაცემაში კიბოსგან გადარჩენილებსაც იწევეს და არა მარტო იგი. მაგალითად, მსახიობი ქრისთინა აფლიგეითი, რომელიც დაუღალავად და ცრემლმორეული თავის ძუძუს კიბოსთან შერკინების დეტალებს მარტო ბარბარას კი არა ოფრა უინფრის რეიტინგულ შოუშიც საჯაროდ გვიზიარებს. აფსუსია, The View –ს ავტორმა ვერ მოიპოვა ბრიტანული რეალითი შოუს გმირის ჯეიდ გუდის კიბოსგან კვდომის პირდაპირ ეთერში ჩვენების უფლება. მას ოკეანისგადაღმელმა ტელეკომპანიამ დაასწრო.
საზოგადოებას ყველაფერი აინტერესებს: მშობიარობის ალტერანტიული მეთოდების გამო როგორ, სად და რანაირად იბადებიან ვარსკვლავ ბიჭუნა-გოგონები და თუ ამას პირდაპირი ეთერით უჩვენებენ, ხომ კარგი; რას მიირთმევენ; რომელი კომპანიის ტუალეტის ქაღალდს ხმარობენ; მათ მშობლებს ერთად სძინავთ, სხვადასხვა ოთახებში, სახლ – სასახლეებში, ქალაქებში და სულ მთლად “უკეთესი” – სვადასხვა სახელმწიფოებში; რამდენი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთეს და რამდენი კილოგრამ-გრამი მოიმატეს-დაიკლეს; სამშაბათ საღამოს, 9:17 საათზე, რას აკეთებენ და . . .  როგორ კვდებიან, რას გრძნობენ სიკვდილის წინა წუთებში, უსულო სხეულს რომელი დიზაინერის ტანსაცმელში შემოსავენ; რომელ საათზე, წუთსა და წამზე ამოისუნთქეს, ამოიკვნესეს, ამოახველეს, ამოასლოკინეს, ამოაბოყინეს, ამოიტირეს, ამოიოხრეს, ამოიგმინეს “გლამურული” სული; ვინ იყო და ვინ არ ყოფილა ამ დროს ოთახში. . .  მერე, როცა ადამიანი გვამად იქცევა, ამოტივტივდება “სელებრითის” ახლო და შორებელი მეგობრების, პერსპექტული ბიოგრაფების, ბიზნეს – პარტნიორების, ყოფილი მეუღლეებისა და საყვარლების, ადვოკატების, მეზობლების, ექიმების სახელ-გვარებიანი გრძელი სია და ობივატელი მხოლოდ ამ “წიაღსვლით”  გებულობს, თუ რომელი “სასტავიდან” იყო განსვენებული და არა – “რისგან-ვისგან”.   
ტელევიზიით გადასცემენ ცნობილ პიროვნებათა გადასარჩენად სასაწრაფო დახმარებისა და პოლიციის ერთობლივ სატელეფონო ნომერ 911-ზე დარეკვისას გამართულ საუბარს. ასევე ვიგებთ, თუ როგორ უტარებდა მაიკლ ჯექსონს გულის მასაჟს მისი ექიმი კონრად მიურეი – მეორე ხელი ზურგიდანაც ამოუდია, იმიტომ, რომ “ძალიან გამხდარი და ძალიან პატარა იყოო”. დიდი ფანტაზია სულაც არაა საჭირო, რომ ნეკნებ-მალების “ტკაცუნი” და გალურჯებული ტუჩები გაიგონო-დაინახო. ეს საჯაროდ გადაქცეული სიკვდილ-სიცოცხლის საუბარი სატელეფონო ხაზის ერთ ბოლოს მყოფი ჭირისუფლისა და 911-ის ოპერატორის დიალოგის ჩანაწერია. ერთმა ჟურნალისტმა საყვედურით ისიც კი აღნიშნა, სასწრაფოს გამომძახებელს არც კი უხსენებია, რომ დახმარება მაიკლ ჯექსონს სჭირდებოდაო, თითქოს პოპის მეფის სახელ – გვარი მაგიურად იმოქმედებდა და დისტანციაზე მყოფი მედიკოსთა გუნდი სუპერმენივით იფრენდა, მაშინვე იქ გაჩნდებოდა და მკვდარს აუცილებლად გააცოცხლებდა. “საჭიროა”, ცხადად წარმოვიდგინოთ, ადამიანი Live  რეჟიმში სულს როგორ ღაფავს, ოღონდ ჩანაწერ- Live – ში, რადგანაც ჯერ სიკვდილის იდეალური, ნამდვილი Live -ის ფუფუნების დრო არ დამდგარა, თუ არ ჩავთვლით: “იმათი” – კენედის მკვლელობას, დოკუმენტურ კადრებს თალიბების მიერ ჩადრიან ქალზე ტყვიის დაჭედებასა და რუმბივით დავარდნილ სხეულს;  ალმოდებული ბუდისტის კონტურებს; “წითელი კჰმერების” მიერ ზურგიდან დამიზნებული იარაღით გათავებულ სიცოცხლეს (ინდონეზიის სასტუმროში ვიდეოთვალით გადაღებული ტერორისტის თვითაფეთქება ადამიანის კვდომის დაწვრილებით პროცესს მაინც არ გვიჩვენებს) და “ჩვენი” – უახლეს ისტორიაში ზვიად გამსახურდიას ექსგუმირებულ, ჩონჩხადქცეულ გვამს, აკაკი ელიავას, გოჩა ესაბუას “პრე – დასამიწებელ” სხეულებს, მტკვარში გადამხტართა დალპობილ გვამებს, გალაკტიონის დასპირტულ ტვინს.  . . ასევე, XX-XXI საუკუნეების ომების, ფაშიზმის, სტალინიზმისა და უახლოესი ისტორიის კოშმარის ვიდეოხედის – დიდი კარადის თაროებზე აკურატულად შემოწყობილ რუანდაში გენოციდის მსხვერპლთა თავის ქალების რიგის “სტატიკურ-დინამიური” კადრებს. თითქოს დოკუმენტურ-თვალისამმხელ-ბრალმდებელი, მაგრამ მაინც ნეკროფილური: მკვდარი სხეულების გალერეა ხან პირდაპირ, ხანაც ოდნავ დაგვიანებულ ეთერში. ერთგვარი “თანატოთერაპია ” კი – სატელევიზიო ყუთიდან. ცხოველთა კვლა, თევზაობა, ფატვრა, ვეტერინარული ჩარევები და მისთანანი – სხვა სასაუბრო თემისთვის მიგვინდია. 
ამერიკაში  911 – ის ყველა აუდიოჩანაწერი ინახება და მოთხოვნისდამიხედვით მისაწვდომია. სხვაგვარად, აბა, რა მიგვაჯაჭვებს ეკრანს? მხატვრულ ფილმებს უკვე ტელევიზიით აღარავინ უყურებს, ან თუ უყურებს, რეკლამის დროს სხვა არხზე, “ნიუსებზე,” გადადის და იქვე რჩება. ანუ იქ, სადაც გაცილებით საინტერესო და რეალური მოქმედებაა, ხან “თეთრსახლური”, ხანაც – ტაბლოიდური. რა ქმნის მაგნეტიზმს, თუ არა ინდივიდუალური და კოლექტიური ადრენალინი, რომელიც ადამიანის სისხლშიცაა და ხელოვნურადაც სინთეზირდება?  მომაკვდავს გულის ფიზიკური თუ ელექტრომასაჟი თუ არ შველის, გულის კუნთში აღმგზნები ნივთიერება პირდაპირი ინექციით უნდა შეუყვანონ; მაგრამ არამომაკვდავებშიც კი ეს ჰორმონი თემის გაცვეთილობის, დაძაბუნების, ადაპტირების გამო უკვე არ გამომუშავდება, ან თუ გამომუშავდება, ისიც “არასაკმარისი” დოზით. ამიტომ იქმნება “საშიშროება”, რომ სატელევიზიო სიუჟეტი ადამიანებს შორის სასაუბრო თემებში რეიტინგულ ადგილს არ და ვერ დაიკავებს.  ამგვარი 911- Live საუბრები“ 11 სექტემბერს შოკისმომგვრელი იყო. ახლა – ტრივიალური. თუმცა კიდევ რჩება ადრენალინის მომატების შანსი. რაც უფრო “მაღალრეიტინგიანი” ადამიანი წუხს მიცვალებულზე, რაც უფრო მეტად ხდება პრივატული საზოგადო, პირადი – საჯარო, დახურული – გამჭირვალე და თანაც თუ ამას ელექტრონული მედია ოპერატიულად ტრანსლირებს, სევდასა და ინტერესს მით მეტი ბრუნი და ძალა ემატება. . . .  ჯექსონის იმ ექიმის ადვოკატმა, რომელმაც მას, ფაქტობრივად, თვალები დაუხუჭა, გრამატიკულად სწორად წარმოთქვა შემდეგი ფრაზა: ჩემი კლიენტი მაკლ ჯექსონს გულის მასაჟს Performed, ანუ უტარებდაო. ინგლისურად სიტყვებს “პერფორმანსსა” და “პერფორმს”  ერთი ფუძე აქვს.
არაფრით მავიწყდება, წიგნის ფურცლებზე პირველად როდის “ვიხილე” სიკვდილი –  “ბიძია თომას ქოხში” ევა სენ – კლერის სხვა სამყაროში მდოვრედ, უხმაუროდ და უცნაური ესთეტიკით გადასვლა. ისიც ცხადად მახსოვს, რომ მას ცისფერი თვალები ჰქონდა და რომ ისინი გახელილი დარჩა.  მახსოვს ლევ ტოლსტოის “ივანე ილიჩის სიკვდილის” მტკივნეული, დაწვრილებითი აღწერა და გარდუვალის მწველი მოლოდინი; ისიც, რომ მისი მეგობარი ფიოდერ ვასილიევიჩი გარდაცვლილის სახლიდან ამხანაგთან ბანქოს სათამაშოდ გაემგზავრა. საქართველოში ცუდ ტონად და ნიშნად ითვლება პანაშვიდ-გასვენების შემდეგ მოყვარესთან სტუმრობა..ისიც მახსოვს, დელაკრუასა და სხვათა ტილოებზე ჩაცმული და შიშველი გვამების გროვა და წითელი ფერის ტბები. მერე, 1989 წლის 9 აპრილს, მორგში გადაღებული კადრები ვნახე და ისიც, პროზექტურის მაგიდაზე დასვენებულ ასაკოვან ქალს ღრუბლის თეთრი ამობრუნებული “პლეჩი” მხარზე რომ ედო. მხარიც მახსოვს – მარცხენა. . . სახე არ მახსოვს, “პლეჩი” – კი. მას მერე პათანატომიურ დაწესებულებებში თუ მხატვრულ, დოკუმენტურ – ანიმაციური ფილმების მეშვეობით ლიტრობით სისხლი და ტონობით თუ არა, ასობით კილოგრამი ნაკლავი “დამიმზერია”. მაგრამ დღევანდელი უსულო სხეულის პირდაპირი არავირტუალურ-ვირტუალური, პაპარაცული ტრანსლირება, ინსტრუმენტალიზაცია, ექსპლუატაცია, გამასკულტურება, გასხვისება მაინც სხვაა, უფრო განყენებულ-სიმბოლური, არაინდივიდუალური, “იმიჯმეიკერული”, ვუაერისტული და ამავე დროს უმიზნო, ჩემი (ჩვენი) და მისი (მათი), მიუწვდომლად თვითკმარი და უსასრულო-სასრული.  
ტელევიზიამ, ინტერნეტმა, Live – Onliane  რეჟიმმა შეცვალა სიკვდლის, გვამისადმი და მიღმიერისადმი დამოკიდებულება. გარდაცვლილის, მოკლულის, დასახიჩრებულის, დანაწევრებულის უსულო სხეული და ჩონჩხი გახდა ერთგვარი რეპრეზენტაცია არა ადამიანის, ზოგადად, არამედ რაღაც უკონტექსტოსი და უტექსტოსი. ამგვარი სამუზეუმო თუ არაარტეფაქტური “წარმომადგენლობა” არც მითოგენური და არც კინო-ფოტოგენური, არც ბიოლოგიური და არც ფსიქოლოგიურია, არც ჰომოსაპიენსური და არც ანთრომორფული, არც დოკუმენტურ-მხატვრული და არც ბელეტრისტიკული, არც კონკრეტული და არც აბსტრაქტული, არც ეპატაჟური და არც ნეიტრალური, არც დიქოტომიური და არც მთლიანი,  არც სტაბულური და არც ტურბულენტური, არც ვოდევილი და არც ტრაგიკომედია, არც ახალი და არც ძველი, არც თანამედროვე, მაგრამ რაღაც სხვა . . .   
1990 – იანი წლების დასაწყისში საქართველოს ტელევიზიით დაუსრულებელი ამერიკული სერიალი “სანტა-ბარბარა” გადიოდა და მახსოვს, ამ ფილმში სულ ვიღაც კვდებოდა, იჭრებოდა ან კისერს იტეხდა და ამიტომ, ფილმშივე საავადმყოფოს კორიდორი მედიისთვის პრესკონფერენცია-ბრიფინგების გამართვის ადგილი ხდებოდა, ხოლო სასწრაფოსა და პალატის ექიმი – ლამის მთავარი საზოგადოებრივი მაუწყებელი დაავადებების ტერმინოლოგიური ჩამონათვლებით, ბიოფსია-აუტოფსიისა და ლაბორატორიული კვლევის სხვა ანალიზების პასუხებით. მერე ქართულ სივრცეში დასავლურ კინემატოგრაფთან, ვიდეო-ინტერნეტთან, კამერიან მობილურ ტელეფონებთან და სატელიტთან ერთად საავადმყოფოებზე, დაავადებებზე, გვამის გაკვეთებზე და სამედიცინო პერსონალზე გადაღებული ფილმები – სერიალები შემოვიდა. თეთრმა ხალათმა, საპროცედუროს კაფელმა, საკაცე-საწოლმა და ადამიანის სხეულმა  ელექტრონულ მედიაში გადაინაცვლა. ახალ ამბებში სამედიცინო დაწესებულებიდან პირდაპირი ჩართვები და ექიმ – პაციენტ – რესპონდენტები ჩვეულებრივი ყოველდღიურობა გახდა – “სანტა-ბარბარა” ქართულად. ოღონდ მარტო ჰოსპიტლის კორიდორებში კი არა, არამედ პალატა-საოპერაციოებში რენტგენის სურათის, კარდიოგრამის დაწვრილებითი აღწერითა და საწოლზე უღონოდ მწოლიარე ადამიანის პირში მიკროფონის ჩაჩრით. გაჩნდა სხეულისა და მისი ნაწილების, როგორც საეთეროდ მისაწვდომი პროდუქტით თუ ფონით სარგებლობა-მანიპულირების საშუალება-აუცილებლობა. საბჭოთა იდეოლოგიური კლიშეების შემდეგ ჩვენთან სექსიც “აღმოჩნდა”, სქესიც, სექსუალობაც და სხეულიც. ოღონდ მთლად ისეთი არა, როგორიც “იქაური” “უნისექსი” (Sex  ინგლისურად სქესსაც ნიშნავს), ასევე მისი ორი “ოპოზიცია” და გარდამავალი ფორმაც – “ტრანსსექსი”, ტრანსგენდერი. თუმცა ესეც, ისევე, როგორც სარეკლამოდ განკუთვნილი სხეულის ნაწილები– თეთრი კბილები, მბზინვარე თმები, სადა იღლიები, წვივები და სილიკონის ნაპროტეზალი ტუჩ-მკერდი და კიდევ ბევრი რამ სხვა– ჩვეულებრივ კლიშედ გადაიქცა.   
ამერიკელი რიჩარდ დონერის ფილმის “სუპერმენი” გმირი ფურცელზე დახატული კომიქსებიდან, ბრტყელი, საქაღალდო ერთგანზომილებიანი ზედაპირიდან “გამოიზნიქა-ამოიბურცა”, შეივსო საეკრანო სულით – ხორცით  და “საქმენი საგმირონიას” სივრცეში გადავიდა, ნიუტონის კანონები დასძლია, აფრინდა და პლანეტა დედამიწა დროსთან ერთად უკან დაატრიალა;  ფარა ფასეტის მსგავსად, სექსულური შეფერილობის, მაგრამ ქალი მსახიობისგან განსხვავებით, უფრო გლობალურ – ნაციონალურ – ინტერნაციონალური სუპერგმირი გახდა, მამრობითი სქესის  კუნთების ანატომიური მოყვანილობის აღმნიშვნელი საფრენი “კოსტუმით”.  ქალს არც კომიქსებში და არც ეკრანებზე ვერ და არ მიენიჭა დედამიწისა და დროის უკან დამტრიალებლის როლი და ხატი. მასკულტურული ქალი ვერ გავიდა თავისი როლური ჩარჩოს მიღმა – გადაღმა და დარჩა მერლინ მონროს, ფარა ფასეტისა და ბარბის შეფუთვაში. მაგრამ ერთ ჩვეულებრივ დღეს ეს სუპერგმირი არაეკრანულ ცხოვრებაში ცხენიდან ტრივიალურად ჩამოვარდა და 9 წლით  ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვა. მთელი ამერიკა უყურებდა, თუ როგორ ილეოდა თვალსა და ხელს შუა, იღვენთებოდა მაღალი, წარმოსადეგი, ფართე მხარბეჭიანი და ინტელიგენტურღიმილიანი,  ქარიზმატული მსახიობი კრისტოფერ რივი. ქალთა სიზმრების მთავარი გმირი 52 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ კომიქსებში არ და ვერ დაბრუნდა. იგი დროზე ადრე დაბერებული, გამხდარი და უსუსური გახდა. გმირის განტოლება ამოიხსნა, მითი დეკონსტრუირდა. ის ისეთივე მოკვდავი აღმოჩნდა, როგორც დროისგან გაყვითლებული საგაზეთო კომიქსების მყიდველ-გამყიდველი და ფილმ “სუპერმენზე” ბილეთების შემძენი მიწიერი მაყურებელი. რივი ჩვეულებრივი ერითროციტებ-ლეიკოციტებისგან, კუნთებისგან, მალებისაგან, სასახსრე სითხისგან, თირკმლებისგან შემდგარი “ყოფილა”. არაფერი ზედმეტი. მან თავის თავს ვერ უშველა და უეცრად, ჯექსონივით კი არ მოკვდა, არამედ ხანგძლივი ავადმყოფობისგან, ნელ-ნელა. “სუპერმენის” პირდაპირეთერული დემითოლოგიზაცია ისევ მისმა სხეულმა და სამედიცინო საჭიროებებმა მოახდინეს. რასაკვირველია, ქრისთოფერ რივის უკანასკნელი ინტერვიუ ბარბარა უილთერმა ჩაიწერა. იგი შამანივითაა, რომელიც “ცნობად” სულებს საიქიოში აცილებს, თანაც პირდაპირ სატელევიზიო ეკრანიდან. კრისთოფერს მალე მისი მეუღლეც მიჰყვა. დროისა და გლობუსის უკან დამტრიალაბელი აღარავინ დარჩა. მას მერე ბევრმა უფრთო და ფრთებიანმა გმირმა დაიწყო სუპერმენობა, თუმცა ესეც საუბრის სხვა თემაა.    
ფარა ფასეთი ბოლო 20 წლის განმავლობაში არავის დამახსოვრებია ეპოქალური სამსახიობო ტიპაჟებით, მაგრამ კიბოს შეყრისთანავე მას და მის სექსუალურ სხეულს ახალი სტატუსი – მებრძოლის როლი – მიენიჭა. ბოლო წლების განმავლობაში ექიმები მას უშდეგოდ კურნავდნენ ავთვისებიანი სიმსივნისგან. მისი გარდასვლის დღეს კი ბარბარა უოლთერის იდეით ახლა მთელს მსოფლიოს უნდა ენახა, მოესმინა ფასეთის  კვდომის დეტალები ექიმებისაგან, ადვოკატებისგან, განქორწინებული ქმრისგან (განქორწინდნენ, მაგრამ სიკვდილის წინ კაცმა ფარაზე ქორწინება კვლავ გადაწყვიტა), თუ როგორ მოუყვანეს მას  ნარკოტიკების გამო სასჯელმისჯილი შვილი (არ იცოდა, რომ ვაჟიშვილი ციხის საკანში იჯდა) და როგორ დაუძახა მან დედას MMMommy . . . ამ გულისამაჩუყებელ კადრებს, რასაკვირველია, ბარბარას მიერ 20-30 წლის წინათ ფარასთან ჩაწერილი ინტრევიუ ახლავს. რა არის იმაზე უფრო ადრენალინის მომგვრელი, ვიდრე სიცოცხლით სავსე ლამაზი ქალისა და  მისი სხეულის აჩრდილის კონტრასტის ჩვენება?Dდღეს კი ჩაბნელებულ ოთახში, საბნებში, მადლობა ღმერთს, არ ჩანდა ჩარლის მომაკვდავი ანგელოზი. მერე ქმარმა განაცხადა, ჩვენ ვიდეოკამერა გამოვრთეთ, შვილთან დავტოვეთ და მერე ვაჟის სახელს მე მეძახდაო. . .  ვინ იცის, იქნებ არც გამოურთავთ და ბარბარა უოლთერს მხოლოდ ტერმინალური კადრების შესავალი გადასცეს, დანარჩენი კი HHome Video – სთვის შემოინახეს. როგორც საქართველოში, როცა ქორწილ – ნათლობების მსგავსად პანაშვიდ-გასვენებებს ვიდეოზე გადაღება დაიწყეს, მაგრამ არაPublic, არამედ Privet  მოხმარებისთვის.
სიკვდილი, ისევე, როგორც სიცოცხლე, დიდი ხანია აღარაა პრივატული, ისევე, როგორც ცოცხალი და უსიცოცხლო სხეული. მამაკაცისა და ქალის Public Body  (Public შეიძლება გადაითარგმნოს როგორც საზოგადოებრივი, საზოგადო, საჯარო, სახელმწიფო, სახალხო, ხალხის, პუბლიკის სხეული; Body ისხეულის” გარდა ინგლისურში სიტყვა “ვიღაცის” ან “რაღაცის” შემადგენელი ნაწილიცაა) უკვე სხვაგვარად ფასდება. სხეული გახდა მასპინძელი ანუ Host  (ასე ეძახიან გადაცემების წამყვანებს), ხოლო სტუმარი– ვიდეოსა თუ ტელეფონის ვიდეოკამერა მასზე მიბმული მილიონობით წყვილი საქსელო თვალით თუ “ნეთვორკით”. საზოგადოებრივი, სახალხო ინტერესი უკვე თავად ხდება სხეულის მესაკუთრეც, პატრონიცა და მოდარაჯე ძაღლიც. ეკრანზე ერთხელ და არა მხოლოდ მხატვრულ ფილმებში გამოჩენილი ფიზიკური კონტური, ნაკვთი უკვე აღარ ეკუთვნის საკუთარ თავს და იგი განიხილება სოციალური, პოლიტიკური, სარეკლამო თუ საწითელხალიჩო საფეხურის დისკურსში. ფასდება შინაარსიდან განმანძილებულად, თუნდაც არა იმით, თუ რა ტანსაცმელი, სამკაული, კოსმეტიკა თუ თმის ვარცხნილობა მოსავს სხეულს, არამედ რამდენად ნატრენირებულია, რამდენი სტეროიდ, სილიკონ – ბოტოქსით თუ ლიპოსაქციითა “ინვესტირებული”, რა დოზის შრომა – ვალუტაა მასში ჩაქსოვილი, რამდენად წარმატებულია, “ბარბიზირებულია” ან “კულტივირებულია”, რათა სამუდამოდ ახალგაზრდა, მიმზიდველი და რეპრეზანტაბელური დარჩეს. ანუ არ დაბერდეს და დაუბერებელი მოკვდეს.
ანა ნიკოლ სმითს ანგელოზისთვის შეუფერებელი სილიკონის მკერდის ზომა ჰქონდა და მისთვის სიმძიმის ძალაც რთული დასაძლევი იყო. ამიტომ მის მიმართ ოდრი ჰეფბერნის ეპითეტებს– “ჰაეროვანი”,  “ანგელოზისებრი”– არასოდეს ხმარობდნენ. ანა ნიკოლი მადისა და “ბეიზიქ ინსტინქტის” აღმძვრელად “ქალური”, “სექსი”,  Cool (მაგარი) ანუ ამერიკულჟარგონულად Bad (ცუდი, “ცოდვიანი”) იყო. განა მაიკლ ჯექსონიც ამას არ მღეროდა? “ I Am Bad, I Am Bad,  მაგრამ იგი არც ისეთი “ცუდი” იყო ცხოვრებაში, როგორც ამას “აიმიჯებდა” თუ “აამიჯებინებდნენ”. მილიონერ ბარბარა უოლთერს, რომელიც  სახის პლასტიკის ექსპერიმენტებით თავადაც არ გახდა გამონაკლისი, მალე 80 წელი შეუსრულდება. ეკრანზე 50 წელზე მეტს არ მისცემ, “მადამ ტიუსოს” მუზეუმში კი 17 წლის გოგონასგან ვერ გააარჩევ. გადაცემა თჰე The View-ს  წამყვანთა “უნებურად” გამოჩენილი მკერდ – ბარძაყები ტანსაცმლისა და თმის ვარცხნილობის გაუთავებელი სწორებით (მამაკაცს ამგვარი მოძრაობის საჭიროება არ სტანჯავს) და ფეხმძიმობაც საზოგადობრივი სხეული, The View – სავიზიტო ბარათი, გადაცემის სხეული გახდა, სამაგიეროდ, “ტიუსოში” პოლიტიკოსი გოლდა მეირია დანაოჭებულ სახეზე  საკუთარი ცხვირით, თავზე ჭაღარითა და საპასპორტო ასაკით. 

მაიკლ ჯექსონი, ისევე, როგორც ანა ნიკოლ სმითი,   Public Body იყო. იმ გამსხვავებით, რომ ანა ნიკოლ სმითს ვალები არ დაუტოვებია, ხოლო ჯექსონს, როგორც ამბობენ, დარჩა. ჰოდა, 2 წლის წინათ, როცა სასტუმროდან, სადაც ანა უფროსი შვილის, დენიელის სიკვდილისა გამო ღრმა დეპრესიაში მყოფი გარდაიცვლა, მისი შინდისფერი ხავერდის სუდარაგადაფარებული და სალტეებგადაჭდობილი სხეული საკაცით გამოაგორეს და სასწრაფოს მანქანაში შეაგორეს, მის სხეულს კარგად ეტყობა, სად “მდებარეობდა” “ცუდი” ქალის მკერდი. სხეული მას არც სიცოცხლის დროს ეკუთვნოდა დიდად, და არც სიკვდილის შემდგომ. ჯერ პლასტიკური ქირურგებსა და იმიჯმეიკერ-სტილისტებს,  მერე “ფლეიბოისა” და  დაბალხარისხიანი ფილმ – ბოევიკებს, შემდგომ 88 წლის ტეხასელი მილიონერ ჯეიმს მარშალს და საერთო ჯამში კი – საზოგადოებას. აქვე არ უნდა გამოგვრჩეს, რომ სილიკონის პროტეზებს, თავისი პირდაპირი დანიშნულების გარდა, სხვა სარგებლობაც მოაქვს,  კონკრეტულად კი – კრიმინალური გამოძიების პროცესისთვის. ასე მაგალითად, ამერიკაში დიდი ხნის წინათ უკვალოდ გამქრალი რამოდენიმე ქალის ნარჩენები იპოვეს. მათი იდენტიფიცირება კი მხოლოდ გამომშვები ფაბრიკის მიერ შტამპდარტყმულ-დანომრილი სილიკონის მკერდის პროტეზის საშუალებით გახდა შესაძლებელი. 
ანა ნიკოლ სმითის დასაფლავებამდე ერთი ამბავი ატყდა, ვის დარჩებოდა მისი ამერიკული საზომებით არც თუ ისე უზარმაზარი, მაგრამ მაინც მრავალმილიონიანი ქონება. უფროსი შვილი წამლებს შეეწირა, თავადაც იგივე დაემართა. მაგრამ “სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ იწყება” და ეს სიცოცხლე არა ფიგურალურ – სიმბოლურ, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით მისმა საკუთარმა . . . კვერცხუჯრედმა დაიწყო. საქმე იმაშია, რომ ანას ახალშეძენილი გოგონას დენიელინის მეურვეობაზე დედის სიკვდილის პოსტფაქტუმ ორმა პრეტენდენტმა “პადიეზდში” კი არა, სასამართლოში სერიოზული “პაექრობა” დაიწყო. ერთი მისი ადვოკატი, შავგრემანი ჰოვარდ სტერნი (ისინი ერთად, ყოველ შემთხვევაში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ), რომელიც საბუთით, ანუ სმითისა და სტერნის ნების მიხედვით ბავშვის მამად იყო ჩაწერილი; და მეორე – ქერათმიანი ლარი ბირკჰედი, მოცეკვავე “სტატისტ ბოი”, ანა ნიკოლის ყოფილი მეგობარი, რომელიც დნმ-ს ანალიზით ბავშვის ბიოლოგიური მამა აღმოჩნდა. პარალელურად, ლამის ყოველ დღე ბავშვის მამობის მსურველთა და პრეტენდენტთა სიას  მარტოხელა თუ ცოლიანი „ცნობადი“ მამაკაცები ემატებოდნენ. ვინც არ დაიზარა, ყველამ Live –ში “ხმა ამოიღო”. მაგრამ სასამართლო რისი სასამართლოა, სიმართლე, თანაც ორგანულ – დნმ –ური, რომ არ დაადგინოს? ჰოდა, თემიდამ  მამაკაცის სპერმატოზოიდული უფლება პრიორიტეტად აღიარა  და ახალგამომცხვარ ქერათმიან მშობელს ბიოლოგიური შვილი გადასცა. ანა ნიკოლის სიცოცხლეში ამ კაცს ბავშვის მამობაზე პრეტენზია არ განუცხადებია, ბავშვის დედის გარდაცვალების შემდეგ კი გადაწყვიტა, ჩრდილიდან გამოსულიყო, მეურვეობა კანონით ,“ანუ” მისი სპერმატოზოიდის დნმ-ს ძალით  დაემტკიცებინა და, ფაქტობრივად, ანას მილიონების განმკარგავი და სანატრელი სასიძოც გამხდარიყო. ანა საზოგადოებას თავისი სიკვდილით უფრო დაამახსოვრდა, ვიდრე – როლებითა და თუნდაც “ფლეიბოის” სურათებით, რადგანაც სხვა ლამაზმანებსა და პლასტიკური ქირურგიის მიღწევებს რა გამოლევს? სიკვდილის შემდეგ ანა კიდევ უფრო დანაწევრდა, დაპატარავდა და საჯარო კვერცხუჯრედად გადაიქცა, ხოლო მისი “პარტნიორები” – “კანონიერ” (მილიონებიან) და “უკანონო” (ხახამშრალ) სპერმატოზოიდებად. ამ აურზაურსა და ქალის სიკვდილის მიზეზებს კი რეფრენად მუდმივად თან სდევდა (იგივე მეორდება ჯექსონის შემთხვევაში) ლამის მანტრად ქცეული სიტყვები: თვითმკვლელობა-მკვლელობა, ტკივილის მენეჯმენტი, ტოქსილოგიური ანალიზი, აუტოფსია, ბიოფსია, ლაბორატორიული ტესტი, ექიმებისა და გამომძიებლების გვარსახელები, ანტიდეპრესანტები, მედიკამენტები: ვიკოდინი, მეთადონი, პერკოსეთი, სუვერდერმი . . . ჯექსონთან  წამლების სიაში ჯერ-ჯერობით დემიროლი და ქსანაქსი ჩაიწერა . . .
ერთ-ერთ ფოტოსესიაზე ცოცხალი ანა ნიკოლ სმითის სხეულის ფონს შავ შარვალ–კოსტუმში გამოწყობილი ვაჟთა გუნდი ქმნიდა. იქ  დენილინის “შემდგომი” ბიოლოგიური მამაც და ანას უფროსი ვაჟიც იყო, რაც ამ ფონს არც თუ ისე ჯანსაღ, ინცესტუალურ კონოტაციას უქმნიდა. მაგრამ შოუ რისი შოუა, ყველა რესურსი– თუნდაც ქარაგმულ-ეპატაჟური– მაქსიმალურად თუ არ გამოიყენა? დნმ-ს ანალიზით გაწბილებულ შავგრემან ადვოკატს კი ისღა დარჩენოდა, “სპორტული” გამარჯვება მეტოქისთვის მიელოცა,  ეთქვა  მაინც, მიყვარს ჩემი ანა და მისი პატარაო, საჯარო “კვარცხუჯრედის” გასვენებაში კი “თეთრის” გვერდით  შავი სპერმატოზოიდიც” საერთო მწუხარებით შეპყრობილი მდგარიყო. 
იმ დღეებში სერიოზული თუ არასერიოზული მედია – საშუალებები  მარჩიელობდნენ, რომელი დიზაინერის კაბაში დაასაფლავებენ ანა ნიკოლ სმითს. სარწმუნო წყაროებს იშველიებდნენ, მერე ინტერნეტში ტოტალიზატორიც გაჩნდა: ფსონებს დებდნენ ქალის სიკვდილის მიზეზებზე, მერე CNN-ზე ლარი კინგთან სმითის უახლოესი მეგობარი, ჩემის აზრით, არადეკვატურად დიდი დეკოლტეთი, გაშლილ თმაში გარჭობილი დიდი ხელოვნური გვირილით იგონებდა გარდაცვლილს, თუმცა გარეთ გაგანია არასაგვირილო ზამთარი იყო. ეს ანტურაჟი ქალის სხეულისა და სიკვდილის გარშემო უწყვეტი პერფორმანსის შთაბეჭდილებას ქმნიდა და ჟანრობივად, ალბათ, ასეც “უნდა” ყოფილიყო. 

ჰოვარდ სტერნი და ლარი ბირკჰედი, ამ საქმის ხმაურიანობის მიუხედავად, სპერმატოზოდებიდან, უჯრედიდან, მცირედიდან, თუნდაც მნიშვნელობაშეძენილი დნმ-თი, “ვარსკვლავებამდე” ვერ ამაღლდნენ. ისინი დარჩნენ არასაჯარო –  – სხეულებად. ჰოლივუდისა და ამერიკის “ისტორია” მათ არანაირ ყურადღებას არ მიაქცევდა, რომ არა მეორე მერლინ მონროს (უფრო უიღბლობის გამო, ვიდრე კარიერის) – ანა ნიკოლ სმითის სხეულის ერთი ნაწილი. 

 ამერიკულ ტელევიზიას თავისი არავარსკვლავური გადაცემა-სხეულებიც აქვს. Nonpublic -ს წარმოადგენენ ორი მდარე გემოვნების ამერიკული სატელევიზიო ტაბლოიდი – შოუს წამყვენები Maury დაJerry Springer. მათ ტელეწარმოდგენებსაც წამყვანთა სახელები ჰქვიათ. გადაცემის არსი  მარაზმი, მარგინალობა, მარგინალები და მათი სხეულებია. შოუ Maury – ის აფინანსებს მამობის ანუ ბავშვის ბიოლოგიური, მამრობითი სქესის მშობლის დამდგენი ლაბორატორია. ამ გადაცემის არსი ასეთია: სტუდიაში აჟიტირებული აუდიტორიის წინ სხედან თვალცრემლიანი ქალი-დედა და ორი მამაკაცი: პირველი ბავშვის ნამდვილი მამაა, რომელიც ოფიციალური ქმარიც (იგი ეჭვიანობს, რომ ბავშვი მისი არაა) შეიძლება იყოს, სამოქალაქოც და უბრალოდ მამობაში “ეჭვმიტანილი”, და მეორე – ქალის ერთჯერადი თუ მრავალჯერადი სქესობრივი რეალური თუ არარეალური პარტნიორი. ქალი ცრემლებშია, რადგან ამ ორი კაციდან, ვისაც უნდა დაუმტკიცოს, რომ სწორედ მისგან ჰყავს შვილი, ისიც უარზეა და მეორეც. ამერიკაში კანონით შესაძლებელია სახელმწიფომ “შემთხვევით” მამას ალიმენტების გადახდა დააკსიროს, თუმცა სულაც არაა აუცილებელი,  ქალი და მამაკაცი ოფიციალურ ქორწინებაში იყვნენ. ეკრანზე კი დიდი ხედით არავარსკვლავური პატარა ბავშვის სურათი ან იმის ვიდეო-კადრებია, თუ როგორ თამაშობს იგი და აზრზე არაა,  რა ხდება მის თავს. “მამები” გაჰყვირიან, რომ ამ არსებას მათი (მამის) ცხვირი, თვალები,  ყურები და ფეხები არა აქვს და ა.შ. “მაურისთან” ბავშვის მამობას ორი მამრობითი სქესის წარმომადგენელი ჰოვარდ სტერნისა და ლარი ბიკჰედისდაგვარად კი არ ისწრაფვის, არამედ პირიქით, გაურბის. რადგან დედა Public body  არაა და მილიონები არ აქვს. წამყვანი მაური ხსნის კონვერტს და გამამხნევებელი შეძახილებისა და ტაშის კვრის ფონზე ლაბორატორიიდან მიღებულ პასუხს აცხდებს, რასაც ერთი მამაკაცის სიხარული მოჰყვება (იგი მამა არაა),  ხოლო მეორის – გაწბილება (იგი მამაა და, სამწუხაროდ, მისი ეჭვები არ გამართლდა, თუნდაც იგი ქალის კანონიერი მუღლე იყოს) . . . და ა.შ. 
ბარბარა უოლთერის მეგობარი ჯერი სფრინგერი მაურის სულაც არ ჩამოუვარდება. იგი  თავისი შოუთი ცინიზმისა და დაუნდობლობის იშვიათი პანოპტიკუმია, სადაც აუდიტორიას  ალკოჰოლიკები, უკბილო, დაუბანელი ნარკომანები, „ბომჟები“ ავსებენ, “სტრიპთიზს” აწყობენ, იგინებიან, ერთმანეთს ურტყამენ, აფურთხებენ და ხარხარებენ. ეს საყოვლთაო “მხიარულების” ანკლავი, მრავლობითი შიშველი სხეულის მიუხედავად, მაინც ვერ ხდება “საზოგადო”, საCNN –ნო და სალარიკინგო. და ვერც გახდება. Public Body -სთვის ნამდვილი ვარსკვლავია საჭირო, თუნდაც ეს იყოს ცოდვიან დედამიწაზე ზემოდან დახეთქებული კომეტა, უკვე ჩასაქრობად გამზადებული, მაგრამ მაინც ვარსკვლავური სხივებით. არც მეტი და არც ნაკლები. როგორიც, მაგალითად, მაიკლ ჯექსონია. თუნდაც მკვდარი. ჯერი სფრინგერთან კი კომეტის ნაკუწები კი არა, მხოლოდ დაჩაჩანაკებულ-ნაოჭიანი “არაბრწყინვალე გვამებია” . . .
***
2 წლის წინათ, სანამ ამერიკელ ანა ნიკოლ სმითს დაასაფლავებდნენ, ამერიკის მიწაში ქართველი ქალის სხეული ჩაიდო. 33 წლის ლალი ბ. ამერიკისთვის უჩვეულო მიზეზით გარდაიცვალა. სისხლისგან დაიცალა – “უბედური შემთხვევააო”. სისხლისგან დაცლის მიზეზი კი მედიკამენტური აბორტი გახდა. ექიმმა წამალი მისცა, თან “გააფრთხილა” – ცოტა სისხლი წამოგივა, ეგ არაფერიო და სახლში გაუშვა. მარინა სისხლისგან დაიწრიტა საკუთარივე ამერიკელი მეუღლის თვალწინ. როცა მისი სხეული გალურჯდა, ქმარმა მხოლოდ მაშინ გამოუძახა სასწრაფოს. არც იმ ღამის 911 – ის ზარი, არც ქალის სიკვდილის სიუჟეტი, არც სა The View -ე გამხდარა და არც სხვა რამ სასკანდალო-საეპატაჟო. ლალის სხეული არ იყო საჯარო, მისი კვერცხუჯრედი – არაფერი, მათ შორის არც სატელევიზიო  (ცხელი თემა). იგი ისევე “უპატრონოდ”, უეთეროდ მიიცვალა, როგორც სხვა ასეულობით ათასი,  მილიონობით წავა ამ სამყაროდან. მათ შორის Maury-სა და Jerry Springer –ის   გადაცემების არა სამადამტიუსო სხეულები. ლალის საქართველოში მყოფი მშობლების შვილის სხეულზე მისაწვდომობა და უცნაური სიკვდილის საქმის ხელახალი გამოძიება ისეთ ტრივიალურ, არავარსკვლავურ დეტალებთან იყო დაკავშირებული, რომ ამაზე “აღარც კი ღირდა” ყურადღების გამახვილება: ამერიკული ვიზა და რამოდენიმე ათეული ათასი დოლარი. ამიტომაც მოკვდა ეს საქმე ისევე უეთეროდ, როგორც თავად ლალი. მისი სხეული “მათთვის” “ჩვენი” არ იყო და არც ერთ “ძაღლს” მის სადარაჯოდ “არ ეცალა”  . . .                   

2008 – ში, როცა ნიუ-იორკში რუსულ უბან “ბრაიტონზე”  ამერიკაში რამდენიმე თვის ჩამოსული  30 წლის ფეხმძიმე ნათია გ. ქმრის თანდასწრებით ნარკოტიკების ქვეშ მყოფი მძღოლის მიერ მართულმა მანქანამ გაიტანა, ადგილობროვმა გაზეთმა Daily  News -მა უბედური შემთხვევა პატარა მინაწერით აღნიშნა. საგაზეთო ქაღალდზე მარცხენა ქვედა კუთხეში დაღუპულის სხეულის საიდენტიფიკაციო სახელ-გვარი, ინიციალებიც კი არ ეწერა, არც ის, რომ ქალი ბავშვს ელოდებოდა. სამაგიეროდ,  კრიმინალურ დეპეშას მომხდარის ადგილი, მანქანის მარკა, ნარკომანის გვარ – სახელი, კრიმინალური C.V., მისი “ლათინოსური” წარმომავლობა და დანაშაულის დროს ნარკოტიკების ქვეშ მყოფობა არ დავიწყებია. უსულო ნათიას საპასპორტო მონაცემები გაზეთისთვის თუნდაც ინფორმაციის სისრულისთვის აღნიშვნის “ღირსი” ვერ გახდა, რადგან კორესპონდენტისთვის მსხვერპლი “იმათი”, ანუ “უცხო სხეული” იყო, ხოლო “იმათი “ჩვენი” – კრიმინალის ჩამდენი ადამიანი. ნათიას სხეული საავადმყოფოს პროზექტურაში რამდენიმე დღე იყო დასვენებული. რომ არა კეთილმოწყალე ქართველები და აშშ-ში საქართველოს საელჩო, ღმერთმა უწყის, “ჩვენი” ნათიას ცხედარი სად იქნებოდა ახლა. იგი ისევე “უსახელოდ” დაიღუპა, როგორც ლალი.
ამას წინათ რუსთავი 2– ის ერთ-ერთი “კურიერი” აჭარაში ზღვაში ნაპოვნი ახალშობილის გვამის ჩვენებით დაიწყო.  უპატრონო, ორი წუთის განმავლობაში სველი ცხედარი  ხან ნატურალისტურად აჩვენეს, ხანაც – თეთრნაჭერგადაფარებული. წამით საჯარო მზერისთვის “ღია”, უსახელ-გვარო ხორცის გროვა “მრავლისმთქმელად” სიუჟეტის დამთავრებისთანავე გაქრა და დამხრჩვალის თუ ჯერ მოკლულის და მერე წყალში გადაგდებულის თემა ამით “ამოიწურა”. მეხსიერებას  შემორჩა არა იმდენად ის, თუ რას აკეთებს პოლიცია საქმის გამოსაძიებლად, ან რას გვიამბობს გვამის ხმელეთზე გამომტანი გოგონა, რაზე მეტყველებს სტატისტიკა საქართველოში “უკანონო” ბავშვების მყოლ ქალებსა და, ერთი კლასიკოსისა არ იყოს, “მილანის ღამეების პროდუქტებზე”, რამდენადაც დიქტორის მორალისტურ-იმპერატიული “ინფორმაცია” და ვიდეოკამერაზე “ჭიპლარით” მიერთებული უმწეო სხეული.  ასე შეიქმნა “ახალი ამბავი”. ეთერის დროს ბავშვის გვამს, როგორც “სკანდალის” გზავნილს, ადრენალინიანი რეაქცია უნდა გამოეწვია, რომელიც არა მამამ, კაცმა, არამედ დედამ, ქალმა დიქტორმა ტელევიზიის გათვლებით ასპროცენტიანად შოკირებულ მაყურებელს უკარნახა. რუსთავი 2 –ს ჰგონია, რომ ტაბუ მოხსნა, სენსაცია “ქმნა” . . . ამიტომ ამ უღმერთოდ განწირული, უმწეო, შიშველი და თანაც ჭიპლარიანი “შოკის” ხათრით ბოლოსკენ გადადო სეისმოლოგების ცნობა იმის თაოაბზე, თუ ვინ დაიწყო აგვისტოს ომი. დედიშობილა სხეული გადაიქცა სატელევიზიო-საბუკლეტე “მრავლისმეტყველ” კლიშედ, როცა სიუჟეტის ბოლოს ან სტატიის ფონად  ნანაცარტუტარ – ნაომარ ადგილას ან სანაგვეზე ხელ ან ფეხმოგლეჯილი თოჯინა ან პლუშის სათამაშო დათუნია სამყაროს დაუნდობლობის, ამაოებათა ამაოებისა და მთხრობელის, ამ შემთხვევაში კამერის (ტელეარხის) სევდიანი სიბრძნის საილუსტრაციოდ “ფიქსირდება”. მაგრამ აქ თავად “ვუაერისტული მოწყობილობაა” დაუნდობელად მოძალადე, ცივი და ცინიკური, როგორც ერიკ სტილის წინააღმდეგობრივი ფილმი The Bridge (“ხიდი“), როცა მისი კამერა სიკვდილ–სოცოცხლეს შორის მყოფ თვითმკვლელთა სან-ფრანცისკოს Golden Gate Bridge – დან არასუპერმენულ ფრენას ცივსისხლიანად იღებს. რამოდენიმე ხნის წინათ მე დავუკავშირდი ერიკ სტილს, მაგრამ მან ჩემი “ტენდენციური” კითხვები დაიწუნა და ამიტომ საუბარზე უარი განმიცხადა. 
ქვიშაზე დაგდებული სხეულის ჩვენებით რუსთავი 2 – მა ჩათვალა, რომ ეს მისი ეკრანის ჭეშმარიტების “მომენტი” იყო. შესავლად კი დაედო დიქტორის ვერდიქტი, რომ საზოგადოების ნაწილი დედისადმი კანონის გამკაცრებას ითხოვს. პროგრამა-მაქსიმუმი –  მყისიერი ეფექტი წარმატებით იქნა შესრულებული. თუმცა არ ჩანდა, კონკრეტულად რომელი “პუბლიკა” ითხოვას ამას; რაღაზე ფიქრობს მეორე, მესამე და დანარჩენი ნაწილი; ითხოვს თუ არა ეს ეფემერული ხალხი, ღვთისმშობლის წილხვედრ  და არც ისე დიდი ხნის წინათ “ქალის კულტის” ქვეყანაში ბავშვის მამის მოძიებასა და პასუხისმგებლობის განაწილებას; თუ ქალისადმი კანონი იმიტომ უნდა გამკაცრდეს, რომ იგი კვერცხუჯრედისა და ფერტილობის უნარის მატარებელია ქალი ჯერ ეჭვმიტანილია, თუ უკვე დამნაშავე? ცოცხალია კი? ზღვის ფსკერზე ან სანაპიროდან შორს ხომ არ აგდია-ტივტივებს, ოღონდ უჭიპლაროდ? ფიქრობს კი ეს და ის საზოგადოება, რომ იგი კვლავ ძერჟინსკივით რკინისებრ პარტიარქალურია და ისეთივე დაუნდობელი, როგორც რუსთავი 2 – ის კამერა, რომელიც დახტის დასასვენებლად ჩამოსული ხალხით სავსე პლიაჟსა და  პატარას გვამს შორის;  როგორ თავსდება ამ კანონის გამკაცრება სამედიცინო კრიმინოლოგიასთან და საპატრიარქოს მიერ გაცხადებულ ინიციატივასთან, მესამე ბავშვის ყოლის შემთხვევაში უწმინდესი და უნეტარესი “ნამატის” ნათლია გახდეს? ეხება თუ არა ეს ქალის ყველა მესამე ახალდაბადებულ საქართველოს მოქალაქეს, თუ მხოლოდ მესამეს ოფიციალური, ჯვარდაწერილი ქორწინებიდან თუ არაოფიცილურიდანაც და ა.შ. თორემ პატარა რომ იმთავითვე მართლმადიდებელი უნდა იყოს, ამ “პოსტულატს” წყალი არ გაუვა. . . სხვათა შორის, ამ უცნაურმა ინიციატივამ, სწორედ რომ “საზოგადოების გარკვეულ ნაწილში” გამოიწვია არაერთმნიშველოვანი მოსაზრებები, მაგრამ “მოგუდული”. . .  ისევე, როგორც დასავლეთში, რაზეც ბრიტანულმა გაზეთმა The Gurdian –მა დაწერა. 
მერე კი რუსთავი 2 – ის “მეინსტრიმულ – ჩანასახოვანი” სიუჟეტი  დაბალანსებული იქნა “სიცოცხლის დამამკვიდრებელი” კადრებით ღეროვანი უჯრედების სარგებლიანობის შესახებ, რომელიც ამ არხმა ადრეც აჩვენა. აბა, სხვაგვარად როგორ უნდა დასრულებულიყო კანონის გასამკაცრებელ-კრიმინალური თემა, თუ არა ოპტიმისტურ-პროგრესული “ჰეპი-ენდით”? კონტრაცეპტივების “სიცოცხლის არადამმკვიდრებელ” რეკლამასა და სპეციალისტების მსჯელობას ასე უადგილოდ ხომ არ ჩართავდნენ, მით უმეტეს,  როცა საპატრიარქოს პოზიცია “დემოგრაფიის დამგდებ” აბებთან და კონდომებთან დაკავშირებით საყოველთაოდ ცნობილია და გადასინჯვას არ ექვემდებარება. ასე რომ, შემდეგ “ჭიპლარამდე” . . .                                      ***
როცა ირანში არჩევნებთან დაკავშირებული ტრაგიკული ვნებათა ღელვის დროს მოკლულ ახალდაზრდა ქალს ნედა აღა-სოლთანს ცხვირ – პირიდან ორხაზად სისხლი წამოუვიდა და თვალები გადაუტრიალდა, მაყურებელთა რეაქციის გამოცნობა რთული არ იყო. ეს კადრები და მათი  სატელევიზიო თუ საინტერნეტო სივრცეში გაუთავებელი ტრიალი აჰმადინეჯადის “დასასამარებლად” იყო საჭირო. პოზიცია – ცუდი, ძალიან ცუდი, ოპოზოცია – კარგი, ძალიან კარგი. ნედას სხეული თითქოს მისი “ჰუმანისტური” სიკვდილით აჰმადინეჯადის პოლიტიკური სიკვდილისა და ირანის ტოტალიტარიზმის “კორექტული” ჩვენებისთვის იყო გამზადებული, საჭირო დროსა და ადგილას. გვამად გადაქცეული მამაკაცების გარემოცვაში, უჩადროდ, ჯინსის შარვალში გადაშლილი ფეხებით იწვა (კაბა რომ სცმოდა, ასეთივე “მრავალგანზომილებიანი” იქნებოდა კადრები?). მის მკერდსაც უნდა შეხებოდნენ გულის მასაჟისას. . . მას მერე, რაც  CNN-მა ქალის კვდომის კადრები რამდენჯერმე აჩვენა, მერე ნედას სახისთვის საეთერო ლაქის დადება გადაწყვიტა. ეთიკურად. მაგრამ, არა გადაშლილი ფეხებისთვის. მკვდარი ქალის სხეულის სხვა ნაწილები საჯარო გახდა, სახე – დრობით პრივატული. ეფექტი მიღწეული იყო. ხალხი მსხვერპლია, აჰმადინეჯადი მტარვალია, მუსავი –  დემოკრატი დისიდენტი-რეფორმატორი, რახან ნედა აღა-სოლთანი მოკლეს. სხეული გახდა მხატვრულ-დოკუმენტური ნარატივი, თანაც მძლავრი პოლიტიკური სიმბოლო და ამასთან, ნედას (სპარსულად “ხმას” ნიშნავს) სახელიც ზედგამოჭრილი აღმოჩნდა. თითქოს სცენარით ასეც უნდა ყოფილიყო. ამბობდნენ, საბრალო, აპოლიტიკური ნედა იქ შემთხვევით მოხვდაო; მუსიკის მასწავლებელთან ერთად მანქანაში იჯდაო, დასცხაო ზაფხულის თაკარაში და მანქანიდან გადმოვიდაო;  ბიძამისს თუ მამამისს ახლდაო და ა.შ. მერე გვამცნეს, რომ პროზექტურიდან სხეულის გამოსახსნელად ფულის გადახდა დასჭირდა ოჯახსო; მერე ნედას სხეულს მისი შინაგანი ორგანოების ტრანსპლანტაციისთვის იყენებენო და სადონორედ გამოყენების ნებართვისთვის ჭირისუფლებს მიმართესო; ისინიც, ოღონდ ნედა დროზე დაესაფლავებინათ, მაშინვე დასთანხმდნენო და ა.შ. სიკვდილის მერე ირანის პოლიტიკური პროტესტის სიმბოლო ქალის სხეულმა მთლად ანა ნიკოლის გვამის მსგავსად არა, მაგრამ კვლავ უცნაურად, მარტივ მამრავლებად, თუმცა “სადონორე-სასარგებლო”  ორგანოებად დანაწევრება დაიწყო, შეიძლება სულაც დეზინფორმაციულად, მაგრამ არა მთლად ისე მოდერნისტულ-აჩქარებულად, როგორც ეს გეოგრაფიულად სხვაგან მყოფ საჯარო სხეულებს ემართებათ. რადგან ირანში სხეული ჯერ კიდევ სატელევიზიო ტაბუა, მაგრამ არა ცხვირი, რომლის ფორმასაც ირანელი ქალები წამდაუწუმ “ითანამედროვებენ”. არ ვიცი, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ნედას ცხვირიც ვერ გადაურჩა “გაევროპელებას”. სიკვიდილის მერე დიდად აღარავის დააინტერესა: ნედა უბრალოდ იდგა იქ, სადაც სხვები ანუ პუბლიკა ირეოდა თუ არა . . . ირანში 46 მილიონი ამომრჩეველია, ერთ-ერთი ნედა იყო, ხოლო პროტესტანტები, როგორც ამბობენ, – ნახევარი მილიონი. იყო კი ნედა პროტესტანტი? თუ სნაიპერისა და ბედის უკუღმართობის შემთხვევითი მსხვერპლი? მირ – ჰოსეინ მუსავი არც ქალთა უფლებებისთვის (მის წინასაარჩევნო კამპანიაში მისი ცოლის გამოჩენა უფრო პიარაქცია იყო, ვიდრე გაეროს SEDAW-ით  დაინტერესება) და არც სხვა დასავლური ფასეულობებისთვის იბრძოდა. მეტიც, მისი პრემიერ – მინისტრობის დროს იგი CNN -ისა და ინტერნეტის სამშობლოს ამერიკას, რომლის ახლანდელმა პრეზიდენტმა არაორაზროვნად დაგმო ირანელი დემონსტრანტების დარბევა, “დიდ სატანას” უწოდებდა და დასავლეთს ანტიდასავლური ლოზუნგებით დაამახსოვრა თავი. მუსავი არც ისრაელთან მეგობრობასა და არც ატომური იარაღის წარმოების შეჩერებას აპირებდა. თანაც აჰმადინეჯადის პოლიტიკური მეტოქის ბიოგრაფიაში ტერორისტული ორგანიზაცია “ჰესბოლას” შექმნაში უშუალო მონაწილეობის მიღების ფურცელიც არსებობს. “ჰესბოლას” ჯარისკაცები, ისევე, როგორც ავღანელი თალიბები, ლინჩის წესით თუ თავიანთი “შარიათით” რუმბივით აგორებენ მოკლულ ადამიანის სხეულებს. მაშ, ვის შეეწირა 26 წლის ჯინსებიანი ნედა აღა-სოლთანი? ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. საეკრანო ეფექტი დიდის დაძაბვის გარეშე მიღწეულია. ნედას სხეული მის პატრონს აღარ ეკუთვნის. იგი საჯაროა და პოლიტიკურ მიზანშეწონილობის ტექსტად გადაქცეული. მეტი ხომ არც არაფერი იყო საჭირო მისგან. ნედა ევა სენ – კლერივით თვალგახელილი მოკვდა, ოღონდ 9 გრამი შიგ გულში მოხვდა, მოკვდა ქუჩაში და არა მაქმანებიან საღამურში, რბილსა და თეთრ, ქათქათა საწოლში. მას არაცისფერი თვალები ჰქონდა. ჰო, კიდევ ერთი დეტალი: ევა სენ-კლერისგან განსხვავებით, ნედამ და მისმა “საპროტესტო სახემ” ინტერნეტ-ენციკლოპედიაში  Wikipedia  სამუდამოდ დაიდო ბინა. “რა ლამაზი ყოფილაო!” – ატყდა ღილაკების ჩხაკაჩხუკი საინტერნეტო თანამეგობრობაში, “სადაა ჩვენი ნედაო?” – ასეთი სლოგანებით აივსო მედია. უცხო ნედა უცებ “ჩვენი” გახდა . . .
***
ამერიკაში 25 ივნისის შემდგომ ჯექსონის სიკვდილისგან მიყენებული ეგზალტირებული შოკი -კარნავალის ფონზე საუბარი მიმდინარეობს არა იმაზე, კონკრეტულად თუ რა სახის მუსიკას ასრულებდა და ქმნიდა იგი, არამედ იმაზე, იყო თუ არა იგი წამლებზე (ტკივილგამაყუჩებლებზე) პათოლოგიურად დამოკიდებული, ვინ იყვნენ მისი ექიმები, რამდენი “გრემი” აიღო, რამდენი დახარჯა ქველმოქმედებაზე, რამდენნულიანი იყო მის უძრავ ქონებაზე დაწესებული გადასახადის აღმნიშვნელი ციფრი, რამდენი ბილეთი გაიყიდა ბრიტანეთში ივლისში დაგეგმილ გამოსამშვიდობებელ კონცერტებზე, დაუგროვდებოდა თუ არა მას 50 კონცერტით (თითო დღეში ერთი მილიონი დოლარის მოგებას ვარაუდობდნენ) ვალების დასაფარი თანხა, რა ღირდა ბილეთი მის პერფორმანს-გასვენებაზე, რამდენს გაუმართლა და ბილეთი ინტრენეტით შეიძინა, რა თანხა შევიდა ლოს-ანჯელესის ბიუჯეტში ჯექსონთან გამოსამშვიდობებელი კონცერტის გამოისობით, რა ღირდა მისი მოოქროვილი კუბო, სად არის მისი სხეული – სად დაასაფლავეს, ამოიღეს თუ არა გული და ტვინი, იყო თუ არა პედოფილი და ვინ იქნება მისი სამი შვილის მეურვე.  პირადად მე არასოდეს ვყოფილვარ მაიკლ ჯოზეფ ჯექსონის თაყვანისმცემელი, მაგრამ ვაღიარებ, რომ იგი იყო სასცენო ფენომენი, უფრო სწორად კი, 1980-90 იანების ნიჭიერი “პოპ-დივა-აიდოლი” (მარტო “თრილერი” რად ღირს), რომელიც ინერციით XXI საუკუნეშიც გადმოვიდა, მაგრამ მაინც წინა საუკუნის “კონსერვად” და ბრენდად დარჩა. მან საუკუნის ზღვარს ფიზიკურად კი გადააბიჯა, მაგრამ არა – ათასწლეულისას. ამგვარი გადაბიჯება და “შენელებული კადრით” დროის გაჩერება მხოლოდ მითსა და კინემატოგრაფს ძალუძს. მოკვდა და თავისი გამხდარი სხეულით ფენომენოლოგიური არსიც დაკარგა და მთლიანობაც, რადგან ისევ დანაწევრება დაიწყო. თუმცაღა უდავოდ არსებულ ბარიერებს თავისი ბრჭყვილა თეთრი წინდებითა და “ინსპექტორებით” გადააბიჯა. მაგრამ ეს ბარიერი იყო არა იმდენად ვოკალური, გნებავთ საცეკვაო, რამდენადაც უფრო სქესთან და ხატთანდაკავშირებული . მისი მასკულინური მაღალი ფალცეტ – დისკანტი არ ჰგავდა არც სმოკი რობინსონის, არც მარვინ გაიეს, არც ფრანკ ლემონის ტემბრს და ვერც დაემსგავსებოდა, რადგანაც ჯექსონის ხმა, ზემოთ ჩამოთვლილთა იმიჯებისგან განსხვავებით, მისი სხეულის რითმის, პლასტიკური ოპერაციებით ნატანჯი ცხვირისა და მასზე მუდმივად აკრული ნიღბის, ხუჭუჭა თუ გასწორებული გრძელი თმების, აბრჭყვიალებული, თითქოს მამაკაცური სამხრეულებიანი “გუსარსკებით”, კოსტუმის მკლავზე უცნაური წარმოშობის სამკლაურით, დიდი ხელთათმანის,  ცეკვის დროს ფეხებშუა ხელის ტაცების (თითქოს თავის სქესობრივ მიკუთვნებულობას უსვამდა ხაზს), პირჯვარის გადაწერის რითმ-სექციისა და შიგადაშიგ შეკივლებების გარეშე წარმოუდგენელია. მისი სახე ნელ – ნელა ნიღაბს დაემსგავსა და თავისი ცხოვრების სტილითაც ასეთივე ნიღაბს ამოფარებული “ანდროგენი” გახდა. ნიღაბი ხომ ყველაზე მრავლისმეტყველია. ამიტომაც ქალებისმადევარი მაჩო-ბიჭუნას იმიჯის შენარჩუნებაში მას ვერც  სუსტმა პროდუქციამ – მარლონ ბრანდოს მონაწილეობით გადაღებულმა კლიპმა უშველა. ადრე კი თითქოს “არაუშავდა”, როცა სამუსიკო რგოლებში ღამის ქუჩებში სიყვარულის ასახსნელად ფიზიკურად მის მსგავს “კნაჭა გოგონებს” დასდევდა. ახლა კი მარლონ ბრანდო თითქოს ჯონი დეპის მიერ შექმნილი “დონ ჟუანიდან” გადმოვიდა.  მაგრამ ამაოდ. “თრილერის” ეფექტი ვერ განმეორდა. . .   
მაიკლი თავის ინფანტილურობითა და ბავშვობაში დაბრუნებზე გაუთავებელი ოცნებით ვერც მთლად მეფე მათიუშ პირველი გახდა და ვერც მთლად მუსიკის ახალი მოციქული – გურუ.  ჯექსონის ტრანსგენდერული ეროტიკული ხმა ბავშვი-მოზარდის ფილტვებითა და სახმო იოგებით იქმნებოდა, ხოლო მისი  სხეული – მის საბრენდო “მთვარის სიარულსა” და 20 წლის წინანდელ დაშტამპულ მოძრაობებს ვერ გასცდა. არ ვიცი, სახით ვის უნდოდა, რომ დამსაგავსებოდა: დედას, მიშელ პფაიფერს, ოდრი ჰეფბერნს, უცხოპლანეტელ – ჰუმანოიდს თუ ლოლიტას. ალბათ, გახსოვთ, თითქმის ასეთივე მაღალი ხმის პატრონი, იტალიელი მოზარდი რობერტინო ლორეტი დაკაცებასთან ერთად სცენიდან რომ გაქრა და ამიტომ მის სხეულს საჯაროობა “არ დაემუქრა”. ჯექსონების ოჯახსა და მის თაყვანისმცემლებს მისი გაქრობა არ უნდოდათ, ისევე, როგორც თავად მას. მას სიცოცხლის უფლება ჰქონდა, მაგრამ არა სიცოცხლეშივე სასცენო, Public  დასასრულის უფლება. ფაქტია, რომ მაიკლის სახემ და სხეულმა  საბოლოოდ დაკარგა შუახნის მამაკაცის კი არა, საერთოდ მამაკაცის მეორადი სასქესო ნიშნები,  “წარმატებულად” გადაიქცა მესამე სქესად და XXI – ში თავისი ექსპერიმენტული გარეგნობისა და პედოფილ – სკანდალების სავიზიტო ბარათი უფრო გახდა, ვიდრე “ჯექსონ ხუთისა” და “თრილერის” სოლისტი. მისი “ცოდვიანი ჰაეროვნების” ნათელი მაგალითია ჯექსონი და მისი პირველი ცოლი ლიზა მარია პრესლი კლიპში You Are Not Alone  (“შენ არა ხარ მარტო”. საქართველოში მისი “შარჟი “ – “ჩემო სანთელოც” კი გაჩნდა), სადაც  ანტიკურ ფონზე, მარმარილოს სვეტებთან ორი, თითქმის ამ სვეტებისვე ფერის შიშველი სხეული ჩანს. ჯექსონი შავი გიპიურის პერანგში გულგაღეღილი ტრიალებს, თითქმის იმის დასამტკიცებლად, რომ იგი მდედრობითი სქესის არაა. მაგრამ ორივეს სხეული უფრო ლესბოსურ დუეტს ჰგავს, ვიდრე – ჰეტეროს.  
თავის შემდგომ ცოლთან, ექთან – დერმატოლოგ დები როუსთან და შვილებთან გადაღებულ სურათებზე პოპის მეფე ამ ქალის უფროს ქალიშვილს უფრო ჰგავს, ვიდრე ქმარს. იმასაც ამბობენ, ცოლი იმისთვის ითხოვა, ცისფერობა რომ არ მიეწებებინათო. ყოველ შემთხვევაში ასე ამბობენ მისი სატელევიზიოდ გაგულახდილებული “მეგობრები”. ცოლიც მთლად კარგი დედა “არ შეხვდა”. ამბობენ, 1,5 თუ 4 მილიონი აიღო ქმრისგან, ფაქტობრივად, შვილებზე უარი თქვაო და ახლა, მილიონერი ექს-მეუღლის გარდაცვალების შემდეგ თითქოს კვლავ აღეძრა მშობლის ინსტინქტიო. რაც მთავარია, ჯექსონის სიყვარულის ნაყოფებს წყალში დახრჩობა და ტივტივის პერსპქტივა არასოდეს დამუქრებიათ და არც მათ ფოტოსურათს იხილავდა ვინმე  –ის დნმ-ური გადაცემაში. თუმცა მაიკლი ძველ ჰიტში “ბილი ჯინ” მთელს მსოფლიოს ამცნობდა, რომ ვიღაც პრეტენზიული ქალის (სახელად ბილი ჯინი, რომელიც ამტკიცებდა, რომ  მას შვილი ჯექსონისგან ჰყავდა) ბიჭი მისი შვილი არაა, ამიტომ მამობაზე უარს ვამბობო; რაც არ ყოფილა, არ ყოფილაო. თუმცა ეს სიმღერა უფრო მაიკლის ჯერ არდაკარგული მასკულინური იდენტობის ხაზგასასმელად შეიქმნა, ვიდრე აბეზარი ქალების მოსაშორებლად, რომლებიც თავგამოდებით ამტკიცებდნენ, რომ სწორედ პოპის მეფე იყო მათი კვერცხუჯრედის მეწყვილე.  
პრესლი-ჯექსონის კლიპი ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის კულტუროლოგიური თვალსაზირისით, თავისი ერთი – ორი ეპიზოდით, რომელიც ზოგ ჩანაწერში არის, ზოგან – არა. ამ ვიდეორგოლში მაიკლ ჯექსონის უსქესო სხეულს დიდი, თეთრი, ანგელოზის ფრთები გამოებმება. ერთგან კი “ანგელოზი’ ჩანჩქერის ფონზე წყალში დგას, ხოლო წყლის ზედაპირის ხაზი წელს ქვემოთ ჩადის, მაგრამ პიკანტური ადგილი, რომელზეც ცეკვის დროს იგი ხელს იტაცებდა ხოლმე, იქ არ “აღმოჩნდება” . . . ამჯერად საჯაროდ გამოტანილი სხეულს თითქოს აკლია ის, რაც ადრე მის სქესობრივ მიკუთვნებულობას აღნიშნავდა. გენიალური მხატვრების ტილოებზეც ანგელოზებს ხომ მაინც გაარჩევ – ვინ ბიჭია და ვინ – გოგო. მაგრამ მაიკლი სულ სხვა “აღმოჩნდა”. 25 ივნისს კი მოხდა ის, რაც არაერთხელ მომხდარა. მაიკლის საეკრანო “ანგელოზისთვის” სიცოცხლე და გრძნობის ორგანო, გული,  აქილევსის ქუსლი აღმოჩნდა. თეთრი ანგელოზი-ნარცისი (მისი და ლათოია ხელოვნურად ითეთრებდა თავს), ოდესღაც შავკანიანი, სიმღერა “შავი – თეთრის” მომღერალი, ქალური თმის ვარცხნილობით, შავი ფანქრით დახატული თვალებითა და წითელი ტუჩებით, მასკარადული ორსქესიანობით, კათოლიკური ეკლესიის კასტრატი მგალობლის ვოკალური ამბივალენტური ხმით ეკრანიდან ყველას ჰპირდება, რომ ის, როგორც არც მთლად ეგზიუპერის პატარა პრინცი (თავის ორივე ვაჟს დანომრილი “პრინცები” შეარქვა), მაგრამ უბიწო ანგელოზი, არასოდეს მიგატოვებთ. XVII – XVIII საუკუნეებში კასტრატები ევროპის კულტურული ფენომენი იყო, რომელმაც რომანტიზმის ეპოქის დასრულებასთან ერთად თავისი ფუნქცია და განსაკუთრებული, უზადო აურა დაკარგა. XX- XXI საუკუნეების მიჯნაზე კი ეს ხატი თითქოს დაბრუნდა და უცნაურად გაყიდვადი და მომგებიანი გახდა. თუმცა ბარაკ ობამას არჩევის შემდეგ გარკვეული  დროით მოდაში შავკანიანობა და გამოწეული ყურები შემოვიდა, მაგრამ ანგელოზი ტილოებზეც და სიზმრებშიც ხომ თეთრკანიანია, ამიტომ ჯექსონის შავ-თეთრი “გარდამავლობა” უფრო ეპატაჟური, გამძლე და სიმბოლური აღმოჩნდა, ვიდრე ამერიკის სხვა მას-სიმბოლიკა. მარტინ ლუთერ კინგის (King  “მეფეს” ნიშნავს) ორმა შვილმა ჯექსონს ლამის მამამისის ჩანაფიქრის ასრულება მიაწერა, ხოლო შავკანიანმა კონგრესმენმა შეილა ჯექსონ ლიმ საერთოდაც კონგრესის სპიკერს მაიკლ ჯექსონის დამსახურებისა და მისი ამერიკის სიმბოლოდ აღიარებისათვის სპეციალური რეზოლუციის მიღება მოსთხოვა; რომ არა ჯექსონიო, ახლა არც ობამა გვეყოლებოდა პრეზიდენტადო. სამაგიეროდ, პოპის მეფეს სხვა პოლიტიკური ფიგურა, ისიც გვარად “მეფე”, რესპუბლიკელი თეთრკანიანი პეტერ კინგი აუჯანყდა და აყვირდა: ეს კაცი პედოფილი იყოო, რის სიმბოლო, რა სიმბოლო, ხომ არ გაგიჟდითო!? . . .  
ჯექსონების მიერ მათი ოჯახის წევრის დაღუპვის დღიდან დაწყებული საეკრანო მარათონი ახლაც გრძელდება. მამა, ძმები და დები სხვადასხვა სცენაზე ჩარჩოში ჩასმულ სერთიფიკატებს მადლიერებით იღებენ, ინტერვიუებს იძლევიან, მაგრამ “მთავარანგელოზის” ლეგიტიმაციისთვის ეს არ კმარა. ამისთვის მკვდრეთით აღდგომაა საჭირო. ამიტომაც მისი ოჯახის მეგობარი წითელვარდებიანი კუბოს წინ განწირული ხმით გაჰყვიროდა: “მაიკლ ადექი, მაიკლ ადექი!”.  ერთხელ ჯონ ლენონმა დიდი ხნის წინათ სკანდალური რამ განაცხადა:  “ბითლზი” იესო ქრისტეზე პუპულარული არისო” და შემდგომ საყოველთაო აღშფოთების ფონზე თავის სიტყვებს მორგებული კორექტურა-ცენზურა გაუკეთა. ახლა  მაიკლ ჯექსონის პოპულარობაზე სიტყვის თქმის ჯერიც მოვიდა. იმ დღეს ტელევიზიით  ერთმა თვალცრემლიანმა აფრო-ამერიკელმა თაყვანისმცემელმა ქალმა ამოიგმინა: ”ჯექსონი სიყვარული იყოო და თუ ღმერთი სიყვარულია, მაშინ  . . . “ და სატელევიზიო სიუჟეტი დროზე “გაჩერდა”. 
ჯექსონი ცხოვრებაშივე დინამიკურ ცვილის ფუგურად იქცა, მაგრამ მას ბარბარა უოლთერის მსგავსადაც კი არ უნდოდა 50 წლის ასაკის გადაბიჯება. აკი ვერც გადააბიჯა და მანამ განუტევა სული, სანამ იმ 50 კონცერტიდან რომელიმეს სცენაზე ან მის მიღმა, ალბათ, აუცილებლად უსულოდ დაეცემოდა და Live – ში  სულს განუტევებდა. აი, მაშინ ახდებოდა მეფის სასცენო სიკვდილის “დამმესიჯებელი”, დამSMSებელი, „ტელედამპირაპირებელი” მედიის ოცნება.
მაიკლ ჯექსნონმა 1980 – იან წლებში პრეზიდენტ რეიგანისგან ოდესღაც ჯანსაღი, “ცუდი და კარგი” წამლებისგან თავისუფალი ცხოვრების სტილის გამო ჩარჩოიანი დიპლომი მიიღო, ისევე, როგორც ელვის პრესლიმ – ნიქსონისგან. ქვეყნისა და მუსიკის პირველი პირები უცნაურ კონტრასტს ქმნიდნენ. საბრალო ანა ნიკოლ სმითი. იგი, ბუნებრივია, პოლტიკურ მადლიერებას არ დაიმსახურებდა. მაგრამ პრესლი და ჯექსონი (ანა ნიკოლ სმითიც) იმ ცხოვრების წესიდან, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტები და თაყვანისმცემლების უმრავლესობა გულისხმობდნენ, თავიანთი ხანმოკლე ცხოვრების ბოლოს ძალიან  შორს იყვნენ, თუმცა ორივეს სიკვდილს თითქმის ერთნაირი ეკონომიკა “მოჰყვა”. მკვდარი ელვისი თავისი ალბომების გაყიდვით ბარე ორ ცოცხალ ვარსკვლავს კვლავ სჯობს, რასაც ვერ ვიტყვით სმითის საეკრანო და “საფლეიბოო” მემკვიდრეობაზე. სიკვდილის მერე პოპის მეფის ალბომების გაყიდვადობაც “ავარდა”. ასე რომ, ჯექსონმა საკუთარ თავს ელვის პრესლის ანალოგიური მომავალი თურმე “სწორად დაუსახა”. როკ-ენ-როლის მეფის უძრავი ქონების იმპერიას Graceland (სიტყვასიტყვით – “ნატიფი მიწა”) ჰქვია,  პოპმუსიკის მეფისას – Neverland (სიტყვასიტყვით“არასოდეს მიწა” – ბავშობაში ჩარჩენილი პიტერ პენის ტერიტორია). ორივეს სიკვდილის შემდეგ კი მანტრების მსგავსი სიტყვები: წამლების დასახელებები, დიაგნოზები, მკვლელობის ვერსიები და ა.შ. კვლავ “გამოცოცხლდნენ”. ელვის პრესლის შვილთან, ლიზა მარიასთან ქორწინებით ჯექსონი  “რჩეულთა საჯარო სხეულს” – როკ –ენ როლის სისხლსა და ხორცს “შეეხო”, თუმცა ეს ქორწინება “უნაყოფო” აღმოჩნდა. მათ შვილები – პრინცები და პრინცესები არ შეეძინათ. შვილები ჯექსონს არასაჯარო სხეულის მქონე არარომანტიკული პროფესიის ქალმა “მისცა”.  

2009 წელს აშშ-ს საუკეთესო მშობლის ტიტული ბარაკ ობამამ  და ანჯელინა ჯოლიმ გაინაწილეს. ჯექსონი უფრო ადრე რომ მომკვდარიყო და მის ატირებულ ქალიშვილ პარისს საჯაროდ ეღიარებინა, რომ მამამისი ყველაზე საუკეთეო მამა იყო, მაიკლი აუცილებლად დასახელდებოდა ანგელოზებრივად შეუდარებელ მამად. მაიკლი თავისი შვილების სახეებს ყოველთვის მალავდა, ფარავდა, ხან ნიღბებით, ხან თავსაფრებით, როგორც ნედას ქვეყნიდან ჩამოყვანილ ტყვე-ქალებს . . . ვერავინ უნდა ჩაწვდომოდა ანგელოზის შვილების ციურ ნაკვთებს, მაგრამ პაპარაცები მაინც ახერხებდნენ თავისი ფუნქციის შესრულებას. თუმცა ბავშვები “ბოლომდე” საჯარონი მხოლოდ მამის სიკვდილის შემდეგ გახდნენ.    
“წესისამებრ” (ანა ნიკოლ სმითის მსგავსად), სიკვდილის შემდეგ ჯექსონის სხეულიც დანაწევრდა სასქესო უჯრედებად. CNN -ის შიგადაშიგ მოყვითალო ჟურნალისტი ლარი კინგი, რომელიც ჯექსონის მეგობრად და მემატიანედ ასაღებდა თავს, პირდაპირ ეთერში ჯექსონის ასევე “მეგობარ”, კანის ექიმ არნოლდ კლეინს ეკითხებოდა, მაიკლი თქვენი თანამშრომელი ექთნის ქმარი კი იყოო, მაგრამ, ალბათ, თქვენ ხართ ჯექსონის შვილების მამა ანდა სულაც სპერმის დონორიო; შეეძლო კი ჯექსონს სექსიო? რა იცით მის პოტენციაზეო? . . . რაზეც “მეგობარმა” დერმატოლოგმა სერიოზულად უპასუხა: ჰქონდა თუ არა ჯექსონს სექსიო, ამის გარანტიას ვერ მოგცემთო (?!)  . . .  არ ვიცი, დაიწყება თუ არა არასრულწლოვანი ჯექსონების (უმცროსი სუროგატი დედისგანაა) მამობის დასადგენად დნმ – კლოუნადა- გამოძიება და ვინ იქნება ვისი კვერცხუჯრედი და ვინ ვისი სპერმატოზოიდი, მაგრამ ფაქტია, რომ პირდაპირი ეთერით ვარსკვლავის სხეული კვლავ გახდა არა “რუკა”, არამედ რეალიტი – შოუს ტერიტორია, რომლის ანექსიის უფლება ყველას მიეცა, მეტადრე იმას, ვინც სატელევიზიო ყუთში ზის. სატელევიზიო ეთერით საჯარო სხეული გაფართოვდა წარმოუდგენელ სიდიდეებამდე, მერე კი გასკდა საპნის ბუშტივით, ზოგს უმისამართოთ მიეშხეფა, ზოგსაც – დამიზნებით, ვგულისხმობLive  რეჟიმს. და დაიწყო “სანტა-ბარბარა” ამერიკულად. ექიმების გვარ-სახელების გარდა, ეკრანზე თავის ტვინის, გულისა და სხვა ორგანოების გრაფიკულ-ჰოლოგრამული სურათ-ხატები:  სად შევიდა წამალი, საითკენ გაემართა, რომელ სისხლძარღვებსა და კუთხე-კუნჭულებში ჩაიარა-შემოიარა და სად მოვიდა სიკვდილი.  თანაც, ამას სხვა გვამებიც მიემატა. ოღონდ არასაჯაროთა. ჭორი დააგდეს, მაიკლის 12–მა თაყვანისმცემელმა თავი მოიკლაო . . . მეტი გვამი, მეტი –ეფექტი . . .
ჯექსონის მოსაგონებელ კონცერტ-დატირებაზე ათობით პატარა ბავშვი სცენაზე ავიდა და მაიკლის ცნობილი We Are the World  იმღერა. ფიგურალურად, ის ბავშვები, რომელთა ფარულ თუ ღია, პოტენციურ “შემაცდენლობას” ჯექსონს აბრალებდნენ. მოგებული სასამათლოს მერეც კი მაიკლი გაკვირვებით აცხადებდა, რომ საწოლ ოთახში ბავშვების შეყვანა და მათთან თამაში რატომ არის გარყვნილებაო, ეს ხომ უბიწო სიყვარულიაო? ინფანტილურ მეფეს თითქოს მართლაც არ ესმოდა, თუ რა უნდოდათ მისგან, რას მოინდომებდნენ კიდევ და, ზოგადად, სად და რა დროს ცხოვრობდა. თავი მართლა ანგელოზი ეგონა, ოღონდ არა ანტინგელოზების გარემოცვაში. . .  ახლა იგი სცენაზე კი არა, არამედ მის ქვემოთ, მოოქროვილ, 25 ათას დოლარად შეფასებულ კუბოში იწვა და იმწამს ვინმე ნეკროფილის ოცნებას თუ წარმოადგენდა, ვიდრე – მოძალადეს. მისი სხეული ვერასოდეს იქნება მოსვენებული, რადგან საჯარო სხეულს ასე ადვილად თავს არავინ ანებებს (ამიტომაცაა გასაიდუმლებული დასაფლავების ადგილი), ისევე, როგორც – ჩარლი ჩაპლინის ცხედარს (იგი მიწას მიბარებინდან რამდენიმე ხანში მოიპარეს), რომლის სიმღერა “ღიმილი” ჯექსონის საყვარელი მელოდია ყოფილა. 
რაც შეეხება არავარსკვლავურ სინამდვილეს, ცხედრებთან და ძვლებთან დაკავშირებულ საერთაშორისო, საჯარო პერფორმანსი კვლავ გარძელდება: ამერიკაში ილინოისის ქალაქ ალსიფში ვიღაცამ მიწაში ჩამარხული კუბოებიდან გვამები გააქრო და დაუზარელმა ტელევიზიამ ცარიელი “სასახლეები” შიგნიდან, მიკროსკოპის ქვეშ დაგვათვალიერებინა. “უცნაური” ის იყო, რომ CNN -ისთვის  ამ სიუჟეტს მაიკლის სეხნია ჟურნალისტი სეროლ ჯექსონი უძღვებოდა. საქართველოს ტელევიზიით კი არქეოლოგების მიერ იგოეთთან, მერე კი ნიქოზთან ჩვ.წ.აღ.– მდე IV საუკუნის ანუ ქართველთა ცივილიზაციის უძველესობის დამადასტურებელი “ოქროს დისკოს” თანმხლები თავის ქალები, ხერხემლები, ნეკნები და ჩაყოლებული საგნები მიწის ზემოდან საქმიანად დაგვიწყვეს და ფართო ხედით იმისთვის გვიჩვენეს, რომ საერთოდ არაფერში ეჭვი არ შეგვპარვოდა. ცხედარზე და ჩონჩხზე დიდი დიზაინ – არგუმენტი ხომ ჯერ არავის გამოუგონია.  მაიკლ ჯექონის ფენომენის გაგება ფონისა და კონტექსტის ცოდნის გარეშე ფრაგმენტულია, სამაგიეროდ, უდავოდ, მისი სიკვდილით გამოწვეული პოპ-შოკი არაფრაგმეტულად ფენომენურია. მისი მუსიკა, რომელიც ადრე ფანკ, სოულ, ჯაზ, დისკოს, რიტმ-ბლუზის ნაჯვარი იყო, შეუმჩნევლად პოპ – Public ფიზუკურ სხეულში გადაიზარდა. მაიკლის პუბერტატულად “მოსამწიფებელი” ხმა საცეკვაო დისკოს ინსტრუმენტ-რიტმ – სექციის ფონი უფრო იყო, ვიდრე სახელდებული ვოკალი. ის “დისკოს მოცეკვავე” იყო, მაგრამ არა  თანამოსახელე ინდური ფილმის გმირი. თუმცა მას იმ ინდოელ “დისკოსთან” რაღაც მაინც აერთიანებდა. ინდურ ვერსიაში დედის გარდაცვალების გამო მომღერალი ვერ მღერის და ამიტომ მანამადე მადლიერი მსმენელისგან უმადურ აგრესიას იმსახურებს.  
მამა მაიკლ ჯექსონს “დიდცხვირას” უწოდებდა და ამიტომ მისი საამაყო შვილის ცხვირიდან, ბოლოს და ბოლოს, მოგონებაღა დარჩა. თუმცა სახის ამ ნაწილის დათხელება-დამოკლების ესტაფეტა სხვა შვილებმაც ენთუზიაზმით აიტაცეს. მაიკლი ამბობდა, “ჩემს შვილებს სულ ვეუბნები, იყავით ის, ვინც გინდათ რომ იყოთ”. არ ეუბნებოდა – იყავით ის, ვინც ხართო. ჰოდა, ჯექსონი იყო ის, ვინც უნდოდა, რომ ყოფილიყო. მამა ჯოი მაიკლს თურმე ურტყამდა კიდეც, ნიჭიერი შვილისა და მისი და_ძმების სასიკეთოდ, წარმატების მისაღწევად, ოჯახისა და ჯექსონების ეგოს დასაკმაყოფილებლად. სხვა ჯექსონები ახლა სენატორებიც არიან, კონგრესმენებიც, ერთი კი საერთოდ – საპრეზიდენტო კანდიდატიც კი იყო. ოღონდ ეს ამ ჯექსონებიდან კი არა, არამედ იმ ჯექსონებიდან, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მაინც ხომ ჯექსონებიდან, ჯექსონომანიიდან. პოპის საბრალო მეფის გერემოცვაში (ყოველ შემთხვევაში მედია ამაზე არ საუბრობს) არ მოიძებნა ერთი პროფესიონალი, სიმართლის მთქმელი “სამეფო კარის მასხარა” – ფსიქოთერაპევტი, რომელიც მაიკლს ნევროზის ერთი ტრივიალური ფორმისგან – დაავადება დისმორფობიისგან (საკუთარი გარეგნობით მუდმივი უკმაყოფილება, რომელიც, ძირითადად, მოზარდებს ემართებათ) განკურნებაში დაეხმარებოდა, დროზე გამოიყვანდა იმ არარსებული, ილუზორული სამყარო Disneyland-Neverland   საუფლოდან, რომელიც მას იქ “მომხდარ” პედოფილიაში ბრალდებების გამო შესძულდა და საბოლოოდ ზრდასრულთა ასაკში შეიყვანდა.  ორსონ უელსის  გმირსაც ჰქონდა დიდი კარ-მიდამო, თავისი “არასოდეს მიწა” – სასახლე “ქსანდუ”. მაიკლის უძრავი, უაზროდ პომპეზური ქონება, “მოქალაქე კეინის” სასახლის საგნების მსგავსად,  საკუთარი სამყაროს შემოფარგვლის აკვიატებული სურვილი იყო. იმ სამყაროსგან, რომელსაც თვალებზე შავი “რეიბანებით” “ჩვენ ვართ მსოფლიოს” თავად უმღეროდა. ისევე, როგორც “მოქალაქე კეინის” გმირი,, სარკის ანარეკლებად ნაწევრდება, ასევე ქუცმაცდება ჯექსონისა და სხვა საჯარო სხეულთა მთლიანობა სატელევიზიო, საპირდაპირეთერო სარკული ნატეხებით. ყვითელ მედიამაგნატ ჩარლზ კეინზე (როგორც მინიმუმ, რეალურ ცხოვრებაში მისი ორი პროტოტიპი არსებობდა) შექმნილი ფილმი უელსმა პამფლეტად ჩაიფიქრა, მაგრამ ამერიკის ისტორია გამოუვიდა. “რკინის ფარდის” იდეოლოგია ამერიკას ფულის ტომრიანი, სიგარეტიანი “ბიძია სემად” ხატავდა, მანამდე და შემდგომ კიდევ ბევრ რამედ და ვინმედ. ჯექსონმა შექმნა თვისობრივად განსხვავებული ხატი და “აიდოლი”, ლამის ოფიციალურად სარეზოლუციოდ და ყველანაირად სარეალიზაციოდ გამზადებული იმიჯით. ერთი პარფიუმერული კომპანია AVON – ის სლოგანის არ იყოს, Avon is American Icon ზუსტად ასეთი რითმებით. მოქალაქე კეინის უკანასკნელი სიტყვები ბავშვობის დროინდელ ციგის ხის დაფაზე დახატული “ვარდის კოკორი” იყო, მაგრამ პატრონის სიკვდილის შემდეგ სასრიალო მანქანის ადგილი სახლის გარეთ, სანაგვეზე აღმოჩნდა. არავინ იცის, ყოველ შემთხვევაში, ჯერ-ჯერობით, რა იყო ჯექსონის “ვარდის კოკორი” და საჭიროა თუ არა მეორე ორსონ უელსი ამ “კოკრის” გასაშიფრად.  მას მერე, რაც მთელმა მსოფლიომ დაინახა ის მოწითალო სასწრაფო მანქანა, რომლითაც მაიკლ ჯექსონი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ჰოსპიტალურმა საგამ  თავისი ლოგიკური გაგრძელება ჰპოვა: დატრიალდა საკაცით სხეულის “მიმოსვლის” კადრები, ტელევიზია ამას ვერტმფრენიდან იღებდა და პირდაპირ ეთერში აჩვენებდა. მერე თვალი ელვით შეკრულ ტომარაში მოთავსებული ცხედრის საპოლიციო ვერტმფრენიდან მანქანაში გადატანა-შედების პროცესზე მიგვადევნებინეს. მანქანა საითკენღაც დაიძრა და ჩვენც “მივყევით”, თან ამას არასასპორტო კომენტატორის განმარტება-ტრანსლირებდა ახლდა. ჯექსონის სასახლის ჭიშკართან მოდარაჯეებს, რასაკვირველია, არ გამოპარვიათ მეორე-მესამე დღეს დიდი სატვირთო მანქანების გამოჩენა, რომლებშიც მუშები ჯექსონის კარ-მიდამოდან ყუთებით გამოტანილ საგნებს ტვირთავდნენ. თითქმის ისე, როგორც მოქალაქე კეინის გარდაცვალების მერე . . . 
იქნებ მაიკლს “ვარდის კოკრად” თავისი ბავშვობისდროინდელი თეთრი, მერე კი სცენისთვის გაბრჭყვიალებული და გადიდებული ხელთათმანი გახსენებოდა. თუმცა იგი მან საჯაროდ უკვე გამოიყენა, მისი ანალოგები კი მგლოვიარე ძმებს ცალ ხელზე ეკეთათ და ამიტომაც “ვარდის” სანატრელ-სანუკვარობის ნაცვლად ეს ხელთათმანიც კლიშედ გადაიქცა. მერე, ხვალ-ზეგ, გასაიდუმლოებული ფანი ხელთათმანის დუბლიკატს კი არა, ორიგინალს ანდა იმ სასიკვდილო ინექციის შპრიცს  “სოთბის” რომელიმე აუქციონზე აუცილებლად შეიძენს. მანამდე კი საჯარო სხეულის ნამდვილი, Live ეთერიდან გაქრობის პროცესში, ჩვეულებისამებრ, გაჩნდებიან ახლო და შორებელი ბიოგრაფები და ამოუტივტივდებათ მაიკლის შრომისგან დაძაბული, გადაღლილი ბავშვობა, ტრავმირებული ფსიქიკა, ფაქიზი სულიერი წყობა, უკიდეგანოდ კეთილი გული, შეუდარებელი მოწყვლადობა, სრულყოფილი იუმორის გრძნობა, უმანკო ღიმილი, მიუწვდომელი სიღრმის ეულობა, სამყაროსადმი უსაზღვრო სიყვარულის გაუზიარებლობა და მისთანანი. მაგრამ, ვშიშობ, ამ ჩემონათვალსაც, ბევრი სხვა რამის მსგავსად, კვლავ ტრივიალურ კლიშედ გადაქცევა მოელის, ისევე, როგორც მოქალაქე კეინის უზარმაზარი სასახლის ღობეზე გაკრულ გაფრთხილებას – “შესვლა აკრძალულია”. . .

1. 07. 2009

lib.ge