გია მარიამიძის ბლოგი

მეტი და ნაკლები

მეტი და ნაკლები

უკვე რამდენიმე დღე გავიდა, რაც პარლამენტმა რელიგიური ორგანიზაციების  შესახებ კანონი მიიღო. როგორც ვიცით, პრეზიდენტმა არ შეასრულა საპატრიარქოს მოთხოვნა, ვეტოს უფლება არ გამოიყენა და მისი ხელმოწერით, ეს კანონი ძალაში შევიდა. პატრიარქის ნების არშესრულებამ პოლიტიზებულ მრევლში უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა, თუ დავუკვირდებით, პატრიარქის ნება ფაქტობრივად, შესრულდა – ის ხომ კანონის შესახებ საჯარო დისკუსიას ითხოვდა და მეტს არაფერს?  ტელევიზიით დისკუსია შედგა, ბლოგებზე დაიწერა,  ყველამ თავისი აზრი გამოთქვა.  „ფეისბუქის“ გამოკითხვებზე პასუხის გაცემით,  ‘’კენჭისყრაც’’ კი შედგა და კანონის მიღების მომხრე და მოწინააღმდეგე არგუმენტებიც ითქვა. ვეცდები, ამ არგუმენტებს თავი ერთად მოვუყარო.

‘’ეკლესიამ 20 საუკუნის მანძილზე, ეშმაკიდან დაწყებული, დიოკლეტიანეთი დამთავრებული, ყველაფერს გაუძლო და ამასაც გადავიტანთ’’ ,  ‘’ეს პირველი ნაბიჯია და რაღაც უფრო საშინელი მზადდება’’ – მსგავს ‘’არგუმენტებზე’’ დავა არ ღირს. მეტნაკლებად,  ადეკვატური შეხედულებები  კი,  შემდეგი იყო.

1. სტატუსის მიღების შემდეგ, სომხური ეკლესია ტაძრების დაბრუნებას მოითხოვს! ამგვარად მოფიქრალნი, ასახელებენ სხვადასხვა ციფრს – ოთხიდან – სამი ათასამდე. ათასობით ტაძარს რომ ვერავინ მოითხოვს და ვერც ვერავინ გადასცემს, ეს ცხადია – ამდენი ისტორიული და სადავო ტაძარი არ არსებობს. ახლადაშენებულებს სომხურობას  ვერ დავაბრალებთ თუ, რა თქმა უნდა, ჩვენი სომხური წარმომავლობის  მოქალაქეების მიერ, ბიუჯეტში გადახდილ ფულს არ გავითვალისწინებთ. ოთხიოდე ტაძრის გადაცემით კი, ქვეყანა არ დაიქცევა – თუ დამტკიცდება, რომ მართლაც მათია,  პატრონს მისი კუთვნილი უნდა დაუბრუნო, სხვისი საკუთრების მითვისებას მართლმადიდებლობაც კრძალავს. (აქ, ჯვრის მონასტრის ვითომ მოთხოვნაზე საუბარი, უბრალოდ თაღლითობაა, ეს იგივეა, ჩვენ რომ ეჩმიაძინის გადმოცემა მოვითხოვოთ) ზოგადად კი, მოთხოვნა ავტომატურად დაბრუნებას არ ნიშნავს, შეგიძლია არ დააკმაყოფილო.

2. გააქტიურდებიან სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები. სომხები  ჯავახეთში სასულიერო სასწავლებლებს გახსნიან, ააშენებენ ახალ ეკლესიებს, იყიდიან მიწებს.  ეს არგუმენტებიც სუსტია. ფაქტი ის არის, რომ ჯავახეთის რეგიონში სომხური წარმომავლობის ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ. მათ ეკლესიაში სიარულს ვერ აუკრძალავ, ეს შეუძლებელია. შესაბამისად, მრევლს მღვდელიც სჭირდება და ტაძარიც. რატომ სჯობს, ჯავახეთიდან ერევანში წასული და იქ სასულიერო განათლების მიღების შემდეგ, უკან მღვდლად დაბრუნებული ადამიანი, ჩვენთან – ჯავახეთში, ჩვენივე კონტროლირებად სასწავლებელში განათლებამიღებულ მღვდელს, გაუგებარია.  აუარებელ მიწებს რატომ იყიდიან და ზედ ეკლესიებს რატომ დააშენებენ, ესეც ასევე გაუგებარია. თუ იმდენი აშენდა, რომ  შიგ შესასვლელი ხალხი არ ეყოლებათ, ამას რატომ იზამენ ? ესეც. 

3. ჩვენ, მართლმადიდებლები, უმრავლესობა ვართ და დემოკრატია უმრავლესობის ნების განხორციელებაა! ეს მოსაზრება მცდარია. დემოკრატიის თანამედროვე გაგება უმრავლესობის ხმებით  არჩეული ხელისუფლების მიერ ქვეყნის მართვაა და არა უმრავლესობის დიქტატურა. ასე, მარტივად, ყველაფერი რასაც უმრავლესობა ისურვებს, კანონად რომ იქცეს, ალბათ ეს უმრავლესობა ისურვებდა, რომ ვაკანსია რომელიმე სახელმწიფო უწყების საშუალო რგოლის თანამდებობაზე მხოლოდ ქართველს ერგოს. (ზედა რგოლში, მით უმეტეს).  დემოკრატიის წესით კი, თანამდებობას უკეთ მცოდნე და შრომისმოყვარე იმსახურებს. რამდენი ქართველი ისურვებდა, რომ სამსახურში მოწყობისას არაქართველი, არამართლმადიდებელი კონკურენტი ჩამოეცილებინა? ალბათ, უმრავლესობა. მსგავსი მიდგომა შეიძლება გავრცელდეს: უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებაზე, ქალაქის პრესტიჟულ უბანში დასახლებაზე და მრავალ სხვა სფეროზე. ალბათ უმრავლესობა იმასაც კი ისურვებდა, რომ ხელფასი, პენსია და შემწეობაც უფრო მეტი ჰქონდეს, ვიდრე  უმცირესობას. 

ხელისუფლება ყველა მოქალაქის და მოქალაქეების ჯგუფის უფლებებს თანაბრად უნდა იცავდეს. ინდივიდუალური უფლებები ყველას თანაბარი აქვს მიუხედავად იმისა, რა ერის და კონფესიისაა. უფლებები კოლექტიურიც არსებობს. აქ კი, უმცირესობების უფლებები იმ ზღვრამდე უნდა იყოს გათვალისწინებული, სანამ ის სახელმწიფოს უსაფრთხოებას არ დაემუქრება. მუქარა  კი ერთი რამაა: სეპარატიზმი!!! როგორ გამოიწვევს ეს გადაწყვეტილება სეპარატიზმს თუ დღეს უფრო ნაკლებად არიან სახელმწიფოსთან  დაკავშირებული ჯავახეთის სომხები?. ამ კანონით, იქაური სამღვდელოება და შესაბამისად, მრევლიც, უფრო უკავშირდება სახელმწიფოს. ნებისმიერი კანონი უფლება-მოვალეობას განიჭებს, კანონის გარეშე მოქმედება კი, უფრო გაუცხოვებულია სახელმწიფოსთან. მრავალეთნიკურ და მრავალკონფესიურ სახელმწიფოში სულ სამგვარი საშინაო პოლიტიკაა შესაძლებელი: სეგრეგაცია (ხალხის დაყოფა პირველ და მეორეხარისხოვნად და უმცირესობისთვის მთელი რიგი უფლებების ჩამორთმევა). ინტეგრაცია (სხვადასხვა ჯგუფების, უმრავლესობის და უმცირესობების  სამართლიანი და თანასწორუფლებიანი თანაცხოვრება) და ასიმილიაცია    (უმრავლესობის მიერ უმცირესობების მთლიანად შთანთქმა და ერთგვაროვან მასად ქცევა).

ჩვენ შემთხვევაში, ასიმილაცია შეუძლებელია. სეგრეგაციაც ასევე, შეუძლებელი და  თან, ამორალურიც . ინტეგრაციაა ერთადერთი გზა, რაც უამრავ შრომას მოითხოვს. ამ პროცესს კი,  პირველ რიგში ნაირგვარი ფობია უშლის ხელს.