ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

თავისუფალი ჩახუტებები დამოკიდებულ დამოუკიდებლობის დღეს

თავისუფალი ჩახუტებები დამოკიდებულ დამოუკიდებლობის დღეს

ციკლიდან   „შვიდი და მეტი მიზეზი, თუ რატომ მიყვარს ნიუ იორკი“ . . .

 

დიდხანს ფიქრი არ დამჭირდა იმაზე, რომ შემდეგნაირი დასკვნა გამომეტანა: დამოუკიდებლობის დღე წელიწადის სხვა დღეებისგან იმით გამოირჩევა, რომ ყველაზე მეტად სწორედ ამ დღეს გრძნობ, რომ განწირულად დამოკიდებული ხარ. ყველაფერზე. ამინდიდან და სკაიპის მუშაობიდან დაწყებული ვიდრე ფინანსებსა და მეტროს გრაფიკამდე. ამიტომ ამ ცხოვრებას ჯობს ისე უყურო, როგორც კარნავალს. 235 წლის წინ დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ამერიკელებმა განაცხადეს, რომ დამოუკიდებლობა ღმეთისგანაა ბოძებული და არა მთავრობისგან, კონსტიტუცია კი საკუთარი მთავრობისგანაც უნდა გიცავდეს, საკუთარი თავისგანაც და შენს ბედნიერებასაც სარანგადაც უნდა უდგეს; მთავრობა კი ამ კონსტიტუციას უნდა იცადეს, შენც უნდა გიცავდეს, მათ შორის მთავრობისგანაც და ა.შ. კონსტიტუციით გარანტირებული და ღმერთისგან ბოძებული კარნავალი კი ყველაზე ბუნებრივი და ორგანული სწორედ რომ ნიუ იორკშია. ეს არაა იტალიური კომედია „დელ არტეს“ სტილში. ამ კარნავალს ვეტოს ვერავინ დაადებს. ადრე, სსრკ – ში ამერიკაზე ასე ამბობდნენ: „ამერიკა – კონტრასტების ქვეყანა“. ჰოდა, ასეცაა. მსოფლიოს ყველაზე გიჟმაჟი ქალაქი  მძიმე ბლუზის ჟღერადობისაა, ლუი არმსტრონგის პირით, ცოტა ხრინწიან – გულამომჯდარი ხმით და ამ პირში მოტკბო–მომწარო გემოთი; კიდევ დიზი გილესპის „ლაყუჩებითა“ და ჯენის ჯოპლინის ძვლების დამშლელი კივილით. ხანდახან გგონია, რომ ლოცვის ტექსტი აქ სექსია  და არა სიყვარული. თუმცა სექსი რატომ გულისხმობს უსიყვარულობას, ეგეც არ მესმის. მაგრამ რახან ტერმინებს შორის ასეთი კონფრონტაცია დამკვიდრდა, ჯანდაბას, იყოს. ადრე ნიუ იორკი უცნაურ „კოკტქეილს“ მაგონებდა: აი, ყინულის კუბურების მაგივრად ვულკანური ამონაფრქვევის ნატეხებს ძალიან ცივ, ჩემს საყვარელ ღვინოს „ფინოგრიჟიოს“ (Pinot Grigio) რომ გაურევ. ოღონდ ისე, რომ სწორედ  „ფინოგრიჟიომ“ გაალღვოს ლავის „ყინული“. ზაფხულში ამგავრი სითხისგან ზუსტად 5 წუთში მხოლოდ ვულკანური ქვიშაღა დარჩება. ღვინო აორთქლდება, აქაურებისთვის ყველაზე საძაგელ მოვლენას – ტენიანობას შეერწყმება და მერე ჰაერიდან დაგნამავს. დამოუკიდებლობის დღის უიკენდზე საშინაო პატიმრობიდან – მანჰეტენის ყველაზე ძვირადღირებულ უბანში, 50 000 დოლარად დაქირავებული „აპარტმენტიდან“ სკანდალურად ცნობილი დონ ჟუანი დონიმიკ სტროს კანი გამოუშვეს. ჰმ, პატიმრობა. კარნავალური. იმ დღესვე  ცოლთან ერთად კარგ რესტორანში წასულა და „ფინოგრიჟიო“ დაულევია. გვამცნეს, რომ ეს სიამოვნება 700 დოლარი დაუჯდაო. ბუნებრივია, იქ მხოლოდ ღვინო არ ექნებდათ, მაგრამ მაინც მეძვირა. ნეტავი რა „ფინოგრიჟიო“ იყო ასეთი?….  ნიუ იორკი ყველაზე კატასტროფული სისულელეების ქალაქია. ყველა წესი, ადათი, კანონზომიერება, მარხვა, მორალი და ფიცი ტყდება. თუმცა გარეგნულად სიმშვიდეს ინარჩუნებს. არ მოტყუვდეთ. ფხიზლად თუ არ იქნებით, ერთჯერადი ჰალუცინაცია ქრონიკულში გადაგეზრდებათ.

 

ალუზიები მაშინვე დამეწყო, როგორც კი მეტროს ვაგონში ჩავჯექი და მანჰეტენისკენ მეგობრის შესახვედრად გავსწიე. ბოლო ვაგონში კონი აილენდიდან (ბრუკლინის უბანი) მომავალი, ოკეანეში ნაბანავები ხალხი იჯდა. შორტებსა და ლიფის მსგავს მაისურებში. ვაგონს მოთევზო–მომარილო სუნი ასდიოდა. სანამ  მატარებელი მიწისზედეთიდან მიწიქვეშეთში გადავიდოდა ყურებში აიფონის ყურსასმენები გავირჭე და რომელიღაც გიჟი რადიოს ტალღა დავიჭირე. ტელევიზიისგან განსხვავებით რადიოში დიქტორთა თუ დი – ჯეების მარტო ხმა კი არა, ჩასუნთქვა – ამოსუნთქვა, ბგერის უმნიშვნელო დეტონაციაც კი გესმის. ეს თანამდეროვე ტექნოლოგიები ადამიანის პირად სივრცეში ისე იჭრება, როგორც უპარდონო თანამგზავრი ავტობუსში, რომელიც ყველანაირად ცდილობს, აგალაპარაკოს. შენ კი ზრდილობიანად იღიმები. სხვათა შორის, ერთ–ერთი კვლევის თანახმად ამერიკელებს თურმე ყველაზე მეტად ტელეფონზე ხმამაღალი საუბარი აღიზიანებთ. მერე ფსიქოლოგებმა დაამატეს, უცხო ენაზე ხმამაღალი საუბარიცო და მერე კიდევ უფრო ღრმად თხარეს. ასე კვლევა–კვლევით ფობიებამდე და ჭრელ–ჭრელ კომლექსამდე, მათ შორის ოიდიპოს ამბებამდეც შეიძლება მივიდეს ადამიანი. ჰოდა, ჭკვიანმა ხალხმა განაცხადა, ამ ტექნოლოგიებმა საერთოდ კი გაამძაფრა ადამიანის ტემბრის აღქმაო, სამაგიროდ ყურსასმენებმა სმენა დააქვეითაო. მოკლედ, დაყრუვდებითო, გაგვაფრთხილეს. მაგრამ არავის ესმის. ყველა ამ წვრილი, ნაირფერადი „ფონეიდოსკოპებით“ დადის და მუსიკის ტაქტში თავს აქიცინებს. ერთი სიტყვით, იმ ვაგონში რომელიღაც FM – მმა ჩემს ყურთან თავისი ფამილარულად დაახლოებული ხმით,რასაკვირველია, ჩემივე ნებართვით, ჩემი პირადი სივრცე დაარღვია და მაშინვე  მაცნობა: ამა წლის 11 ივნისს რომში ლედი გაგას კონცერტი, სადაც მომღერალი გეების უფლებების დასაცავად გამოვიდა, აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ორგანიზებული ყოფილა… ვერ მოვასწრი ამ „ივენთის“ დეტალებში ინფორმაციული ჩავღრმავება, რომ უცებ ვაგონის ბოლოდან აკარდეონმა დასჭექა. ამგვარ აუდიოინტრევენციას მეც არ მივაქცევდი დიდ ყურადღებას, ისევე როგორც „ჩემი“ ვაგონის სხვა თანამგზავრნი, რომ არა ტკივილამდე ნაცნობი ჰანგები. მუსიკოსი „კატიუშას“ უკრავდა. კისერი დავიგრძელე, რათა ეს ადამიანი დამენახა. ვიცოდი, რომ რუსი ბრაიტონელის გარდა ამის წამღერებას, მითუმეტეს, ამერიკელებისთვის წმინდათა წმინდა 4 ივლისს, ვერავინ მოიფიქრებდა. ლედი გაგა და ჰილარი კლინტონი წამში დამავიწყდა. არადა გადატენილ ვაგონში „მეკატიუშე“ ჯიუტად არ ჩანდა. ის იყო ამ მელოდიასთან ასოცირებული მოგონებების დალაგება დავიწყე, რომ უჩინარმა არტისტმა „რუსულები“ შეწყვიტა და … უცებ „ჩაო, ბელა ჩაო, ჩაო ჩაო!“ დასჭექა. აკორდეონზე. მისი ამ რეპერტუარის ბოლო მელოდიასთან დაკავშირებული მოგონებების დალაგება ვინღა გაცალა, უცებ გამოჩნდა ქალი, სუფთად და კოხტად ჩაცმული, მკერდზე „კენგურუში“ ასევე სუფთად და კოხტად ჩაცმული ასე 8–9 თვის ბავშვით, შემოწირულობებისთვის განკუთვნილი ლამაზი ჭილის გადატრილებული ქუდით, რომელსაც ადამიანთა შორის ისე „მოაპობდა“, როგორც გემის ბედზედ მჭმუნვარე კაპიტანი. „ოჯახური ბიზნესი“ – გავიფიქრე. ქმარი უკრავს, ცოლი ბავშვსაც ამუშავებს. გამახსენდა თბილისში „მარჯანიშვილის უნივერმაღთან“ მდგომი მაწანწალა ბავშვები (ემიგრაციამდე თბილისში ე.წ „ქუჩის ბავშვებთან“ ვმუშაობდი), 11–12 წლის ძმები რუსთავიდან, რომელებიც სალამურზე ენიო მორიკონეს მელოდიას  ფილმიდან „ერთელ ამერიკა“ უკრავდნენ. მას მერე 11 წელი გავიდა. ამერიკულ მატარებელში ვაგონის მუსიკოსმა „ბელა ჩაოს“ წინასაუკუნის ჰიტი „ლამბადა“ მიაყოლა და ფინალში, როგორც იქნა, თავადაც გამოჩნდა. ახალგაზრდა, სუფთად ჩაცმული მამაკაცი. ნიუ–იორკში ბომჟები და მაწანწალები მინახავს, მაგრამ ბავშვაკიდებულები – არასოდეს. ისიც მაქვს გაგონილი, რომ ამ მაწანწალებს თავისი არასამთავრობო, მაგრამ მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაციაც კი ჰქონიათ. თავისი „ბორდით“, ფილიალებითა და  ა.შ. დამაინტერესა, პროფკავშირები თუ აქვთ, მაგრამ ამ ინფორმაციას ჯერ ვერსად მივაგენი. მახსოვს ისიც გავიფიქრე: პოლიცია ამ ვაგონში რომ იჯდეს, მშობლებს შეიძლება სანანებლადაც გახდომოდათ 4 ივლისის სამუსიკო გასეირნება. რას ვიფიქრებდი, რომ თბილისში „ერთხელ ამერიკაში“ „შემხვდებოდა“, ნიუ–იორკში კი – „კატიუშა“ . . . 
მანჰეტენზე არც სამხედრო აღლუმი გამართულა, ნონსტოპ არც ამერიკული ჰიმნი ისმოდა  და არც „გოდ ბლეს ამერიკას“ (ჩვენებურად „საქართველოს გაუ – მარ –ჯოს!“) გაჰყვიროდა ვინმე. თაიმს სქვერზე იმის მაგივრად, რომ ხალხს პოლიტიკოსების საინფორმაციო ღრუდან ჯეფერსონის ან სხვა მამების სიტყვები ესმენათ (იმ დღეს იქ ამას პოლიტიკოსები არც აპირებდნენ) სულ სხვა „გასართობი“ მოიგონეს. ცათამბჯენის უზარმაზარ ელექტრონულ ტაბლოზე საკუთარი თავის დანახვა შეგეძლო, ხელის დაქნევა, სურათის გადაღება. ტაბლოზე კი დრო და დრო გოგონები ჩნდებოდნენ, ისე, რომ გეგონებოდა, შენობის სახურავის კიდეზე ზიან, იმავე ტაბლოზე ხალხს ფოტოს უღებდნენ, გააქან–გამოაქნევდნენ, აშრობდნენ და ახლოს გვიჩვენებდნენ. ჩემმა გენდერულმა მგრძნობელობამ აქაც არ მოისვენა. შევამჩნიე, რომ ამ სურათების გამქან–გამომქანებლად მხოლოდ კოპწია, სექსაპილური გოგონები იყვნენ. ხალხს კი უხაროდა, ამ სურათზე საკუთარ თავს თუ იპოვიდა. საკუთარი თავის აღმოჩენა ხომ ნამდვილად ღირს სასიხარულოდ და საჟივილ–ხივილოდ.       მას მერე რაც უცხენო და ცხენიან პოლიციელებთან, ძეგლებთან, სველი ყვავილების ბუჩქებთან სურათები გადავიღეთ, პიცერიაში წავიხემსეთ, ემიგრანტულ ცხოვრებაზე წავიწუწუნეთ, 4 ივლისის ფეერვერკის ცქერის დროც დადგა. როგორც წესი, ამ დროს დიდი „სალუტების“ ადგილს ვერც კი მიუახლოვდები, ქუჩები გადაკეტილია. სამაგიეროდ, ვიცი, რომ სახელმწიფო თავისი ბიუჯეტიდან ამ ცეცხლოვან და ხატოვან წარმოდგენაზე ცენტსაც არ ხარჯავს. ამას კერძო ბიზნესი, მაღაზითა ქსელი Macy’s 1976 წლიდან აკეთებს ანუ ნიუ–იორკის ღამის ცის განათება ერთ–ერთი უმდიდრესი კერძო კომპანიის ახირებაა. მისი უფლებაა საკუთარი ფული რაშიდაც უნდა, იმაში ხარჯოს. სამაგიეროდ, იგივე კონი აილენდზე საზოგადოებრივ ტუალეტში ქალაქის მუნიციალიტეტს ტუალეტის ქაღალდის შეძენის ფული საკმარისად არ გამოუყვია და 4 ივლისს ხალხი ამის გამო უკმაყოფილო იყო. განსაკუთრებით ისინი, ვინც იმ დღეს ჰოთდოგების ყლაპვის აქციას დაესწრო. ამვარ გაუგონარ სატუალეტო დეფიციტზე დამოუკიდებლობის დღის შემდგომ გამოსული ლამის ყველა გაზეთი წერდა. არა, ჯობს ტუალეტები კერძო საკუთრებაში გადავიდეს. ყველა და უკებლივ… ესეც ამერიკაა. თუმცა უქაღალდობა უფრო გაუგებრობაა, ვიდრე კანონზომიერება. მაგრამ ამასთან დაკავშირებით მედია რომ ახმაურდა, ამაში არაფერია გასაკვირი. მედიამ თუ არ ინერვიულა და არ იხმაურა, მაშინ მედია არაა. ნერვიულობა მისი პროფესიული მოვალეობა და პური არსობისაა.

 

იმ დღეს არჩევანის წინაშე ვიდექით: წავსულიყავით კონი აილენდზე, სადაც 4 აივლისს  ტრადიციულად, უკვე 96–ედ ჰოთდოგების სწრაფად შესანსვლის კონკურსი უნდა გამართულიყო  ანდა მანჰეტენზე ელექტრონულ ტაბლოზე საკუთარი თავი გვეძებნა. დამერწმუნეთ, ჰოთდოგების „ათვისების“ სანახაობა სუსტი ნერვების მქონეთათვის ნამდვილად არა განსაზღვრული… დემოსნტრატიული სადომაზოხიზმი. ცივილიზაცია წინ მიიწევს. თუ ადრე დამსხვრეულ მინაზე გავლა––დაწოლა ან ლურსმნებისა და დანების ყლაპვა იყო პერფორმანს – ილეთი (თუმცა რატომ იყო? გადაცემა „ნიჭიერი“ ამაზე უფრო მძაფრ ექსტრიმსაც აჩვენებს), რაშიც ადამიანები ფულს იღებდნენ და იხდიდნენ; ახლა  კუჭის მომნელებლმა სისტემამ უნდა აჩვენოს თავისი უკიდეგანო შესაძლებლობები. ამ საქმესაც რაღაც არასამთავრობო ორგანიზაცია განაგებს. წელს საპრიზო ფონდი 20 000 დოლარს შეადგენდა. გაიმარჯვა ამ საქმის ოთხგზის ჩემპიონმა მამაკაცმა (სხვათა შორის, გამხდარმა), რომელმაც 10 წუთში 62 ცალი ჰოთ დოგი გადაუძახა პირში. პურით. თუმცა პურს სანამ გადასანსლავენ, წყალში აწობენ. „სპექტაკლს“ 40 000 ადამიანი ესწრებოდა, პირდაპირი ეთერით კი ორმა მილიონმა უყურა.  ერთი სიტყვით, ნერვების კი არა, კუჭების ბრძოლა. თანაც დამოუკიდებლობის მონაპოვრის ეს ღონისძიება ქალაქის მერმა მაიკლ ბლუმბერგმა გახსნა. ერთის მხრივ, ქალაქის მერია თამბაქოს მოწევასა და მარიალიან–შაქრიან საკვების გაყიდვას ებრძვის; მეორეს მხრივ, ადამიანის ერთ დიდ სოსისად გადაქცევას აპიარებს. გამოხატვის თავისიფულება მსხვერპლს მოითხოვს. ის, რაც კანონით არაა აკრძალული, დასაშვებია. დანარჩენი კი გემოვნების საქმეა. თავისუფლებას 62 ცალი ჰოთდოგის გემოც აქვს. და სველი პურის. ხმა კი –  4 ივლისის იმ საღამოს მარტოდ მდგომი მუსიკოსის საყვირის, რომელიც დასაძინებლად გამზადებული ქალაქის განათებული ვიტრინების წინ მიდი–მოდიოდა და იმპროვიზირებდა… თავისთვის…  უცებ მე და ჩემმა მეგობარმა თაიმს სქვერზე ორი ახალგზრდა ყმაწვილი შევნიშნეთ, ორივეს პლაკატი ეჭირა ხელში წარწერით „Free Hugs”. ამ „თავისუფალი ჩახუტების“ კამპანიაზე, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში იმართება, ბევრი რამ მსმენია, ვიდეოკლიპებიც მინახავს. ძალიან მომწონს ამგვარი აქცია – აქცენტები. სასაცილოები, ადამიანურები და დადებითები. ის კი არა წლების წინ ნიუ–იორკში მარტოსულებისთვის „ჩახუტების კლუბიც“ კი არსებობდა. ადამიანები იქ იკრიბებოდნენ, უბრალოდ გაიცნობდნენ ერთმანეთს, გულახდილად საუბრობდნენ, ერთმანეთს პრობლემებსა და სიხარულებს უზიარებდნენ, ეხუტებოდნენ და შორდებოდნენ. მეგობრულად. ქუჩის  „ჩახუტებისტები“ ცხოვრებაში არასოდეს შემხვედრიან. ახლა კი დავინახეთ, რომ ისინი რამდენიმე ნაბიჯით წინ სწრაფად მიდიოდნენ. მაგრამ არავის ეხუტებოდნენ, უბრალოდ გაჰყვიროდნენ „Free Hugs, Free Hugs!” და წინ გარბოდნენ. მე და ჩემმა მეგობარმაც ნაბიჯს ავუჩქარეთ. ვიფიქრეთ, ჩახუტება თუ არა, ცოცხალ „ფრიჰაგისტებს“ სურათს მაინც გადავუღებთ – თქო. უცებ დავინახეთ, რომ შუქნიშანთან შეჩერდნენ, დავჰყვირეთ „Stop, Free Hugs!”, ისინიც უცებ შემობრუნდნენ, სურათი გადაგვაღებინეს და „თავისუფალი, თავისუფალი, თავისუფალი ჩახუტების!“ ძახილით თაიმს–სქვერის ერთ–ერთი  გზაჯვარედინი თავქუდმოგლეჯით გადაირბინეს.