ირა ჭელიძის ბლოგი

ინდივიდუალური ფარანჯა

03.10.2011 | 1240 |
ინდივიდუალური ფარანჯა
ამ ზაფხულს ირანელების მორავლება შეიმჩნეოდა. განსაკუთრებით სანაპირო ზოლზე. კვარიათში, მაგალითად რამოდენიმე ოჯახი შევნიშნე –  მოდიოდნენ მანქანებით, ჩერდებოდნენ პირდაპირ სანაპიროზე, გადმოდიოდნენ, დიდ კარავს შლიდნენ და იქ იცვლიდნენ ტანსაცმელს. ქალები შალის ჰიჯაბებს (არ ვიცი ასე ქვია ზუსტად თუ არა თავსაბურავებს) აბრეშუმისაზე იცვლიდნენ, და იქვე კარავში ან კარავთან რჩებოდნენ, ხოლო მამაკაცები ”პლავკებში”, ბავშვებთან ერთად ზღვაში ჭყუმპალაობდენენ. ამასთან გოგონებიც და ბიჭებიც, ჩვეულებრივად საცურაოებში დადიოდნენ – გოგონები, ალბათ გარკვეულ ასაკამდე.

პირველი ასეთი ოჯახი რომ დავინახეთ, ვარაუდები გამოვთქვით, ჩავიდოდა თუ არა ქალი ზღვაში. არ ჩავიდა. არამარტო ზღვაში, არამედ სანაპიროზეც არ გამოვიდა. იჯდა კარავთან და ქმარ-შვილს ელოდა. მერე კანონზომიერება შევნიშნეთ – იმის მიხედვით ქალი კარავთან, თუ კარავში რჩებოდა, ქმრის ლიბერალიზმზე შეგვეძლო გვემსჯელა. კარავში ტრადიციულები ტოვებდნენ ცოლებს, კარავთან – ”პრადვინუტები”.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ენის გასიებამდე ვყაყანებდით ამ ქალების უბედურებაზე, აღშფოთებას გამოვთქვამდით და მიუხედავად იმისა, რომ გურჯი მამაკაცების ცოლებსაც ექმნებათ ხოლმე დისკომფორტი, მაინც უჩუმრად ვამაყობდით, რომ კი, შეიძლება ყოველდღე ხაჭაპურის ცხობა მოგთხოვოს ძვირფასმა, მაგრამ შალის ფარანჯაში 39 გრადუს ცელსიუსზე არ დაგსვამს კარავში.

ასე ამაყი და გულარხეინი დავუბრუნდი ოფისს და… და აი აქედან იწყება ის, რის გამოც ამხელა შესავალი გავაკეთე. ჩემი ოფისის შენობაში ერთი კარგი და ლაზათიანი კაფეა განლაგებული. აი ისეთი, რომ აზრიან ფასად შეჭამ და მერე გულძმარვით არ გარდაიცვლები. ეგ კი იშვიათია თბილისქალაქში. ოფისი კი ახალშენ საოფისე შენობაშია და შესაბამისად მთელი შენობის ოფისის პლანქტონი იქ ვიკვებებით. და არა მარტო პლანქტონი. თვით ლაშა პაპაშვილსაც დალანდავს არაპაპარაცი რიგითი მეოფისე. ჰოდა ერთხელაც თვალი ამეხილა და იცით რა ვიხილე? აი, ქალები და კაცები, ყმაწვილქალები და ყმაწვილკაცები სულ ცალ-ცალკე ჭამენ… ანუ ისინი ვინც გასათხოვარ დასაოჯახებელნი არიან ჯანმრთელ ინსტინქტსა და ბუნების ძახილს კი არ მისდევენ და დასაოჯახებელ უცოლოებს კი არ უჯდებიან გვერდით, არამედ იმისთანა შორ მანძილზე იწევენ, რომ ღმერთმა არ ქნას და ენდორფინის არც ერთმა მოლეკულამ არ მიაღწიოს საწინააღმდეგო სქესისი ყნოსვამდე. არადა მთელს მსოფლიოში ზუსტად ასეთ კაფე-სასადილოებში ოჯახდებიან უოჯახონი. ზუსტად ასეთ გარემოში, სადაც ხალხმრავლობის გამო ცალკე მაგიდა არ იშოვება, უჯდებიან კარგა ხნის შემჩნეულ უბეჭდო თეთრპერანგიან კლერკებს კეკლუცი ოფისმენეჯერდიაცები. თანაც ყოველდღე, ერთიდაიგივე დროს ხვდები ერთიდაიგივე ხალხს და უკვე შინაურდები, ეს ქუჩაში უცხოს მამაკაცზე მიხტომა ხომ არ არის? საკუთარ შეუბღალავ სინდისთან გამართლებაც გაქვს- არ იყო ადგილი და იატაკზე ხომ არ მოვთავსდებოდი? აქ კი… აი დადიხარ, დადიხარ და ღმერთმა არ ქნას ვინმეს თვალი თვალში გაუყარო, ან უარესი, მიესალმო, ან სული გაყიდო და გაუღიმო. არა. თვალები ძირს. სახეზე ჟანა დარკის უტეხი იერი, ჭამე-და-გასწი-იმუშავე.

ჰოდა ამ კაფეს ჩვენი წყალწაღებული ფეღბურთის რეანიმაციისთვის ჩამოყვანილი ესპანელი კონსულტანტები შემოეჩვიენ. აქვე ცხოვრობენ და იმიტომ. ხმამაღლები, მხიარულები, ახალგაზრდები და უმეტესობა… ლამაზები. ყოველ დილით ყავას მიირთმევენ და ყოველ შუადღე ლანჩს. წესით, ჯანსაღ ქვეყანაში მოვლენები ასე უნდა განვითერებულიყო: თვითოეული, გამოჩენიდან 35 წუთში, ქართველი გოგონათი უნდა დამშვენებულიყო, ვინაიდან, რა დასამალია და მეოფისე ქალების 89% არათუ გათხოვილი, არამედ ზოგადად საწინააღმდეგო სქესთან ნაზიარებიც არაა. მაგრამ არა –  აი უკვე ორი თვეა, რაც, მტკიცე მამაკაცურ კამპანიად წარმოგვიდგნენ და ასევე გაუზავებლად დარჩნენ. ეჭვი მაქვს, რომ საბედისწერო შეცდომა დაუშვა რომელიმე მათგანმა – მეოფისე გოგონას გაუღიმა და თეფშების ლანგარი თავში მიიღო… ვინაიდან, ძალიან ხმამაღალ და მხიარულ შეძახილზე რომ მივიხედე და გავუღიმე, ფეთაინებივით გაჩრდნენ, გაკვირდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ საპასუხო ოლათი მომმართეს. და ეგ ესპანელები… და აბა რა ქნან კაფეში შიგადაშიგ გამოჩენილმა გერმანელებმა? ინგლისელებმა და თუნდაც ლიტველებმა? მათ ხომ არც ტემპერამენტი უწყობთ ხელს…

და ახლა მე თქვენ გეკითხებით: რა უფრო არაჯანსაღია? ფარანჯიანი ქალი სანაპიროზე, თუ უფარანჯო ოფისის გოგონა, რომელიც იქ, სადაც ჯანმრთელი კლერკებისა და სპორცმენების შემოტევაა, სოკოს კრემ-სუპს სიმარტოვეში შეექცევა, ყავას ეული სვამს და კრეპის გამზიარებელს არ აჭაჭანებს?!

როგორც ეტყობა ეგ ჩვენი ინდივიდუალურ-ვირტუალური ფარანჯა გაცილებით მოუშორებელია, ვიდრე ირანელების – რეალური…