გია მარიამიძის ბლოგი

ფრაზის როლი ისტორიაში

ფრაზის  როლი ისტორიაში

პური მეპურემ უნდა გამოაცხოს” – არავინ იცის, როდის და ვინ თქვა ეს  ფრაზა.  ისტორიამ მისი ავტორის ვინაობა არ შემოგვინახა. შინაარსი კი ნებისმიერისთვის გასაგებია:  ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს – ბრძანებს ხალხური სიბრძნე. მათ შორის ისტორიკოსებმაც უნდა “აცხონ პური” და მოიპოვონ პური არსობისა. ჟამთაღმწერელის “გამომცხვრი პური” იმ ინგრიდიენტებისგან შედგება,  რაც იმ დროს მოიპოვებოდა, ანუ, რა მოვლენებიც ხდებოდა. პურზე მოყრილი მარილი – ფაქტების ინტეპრეტაცია კი მეპურის ხელზე და სინდის-ნამუსზეა: უნდა გადაამლაშებს და უნდა, სულაც უმარილოდ გამოაცხობს.

ისტორიის აღწერის პროცესში  ბევრი რამ იკარგება, ბევრ მოვლენას კი მრავალნაირი ინტერპრეტაცია ეძლევა. იმის შესახებ, თუ რა დრონი და არა მეფენი მეფობდნენ ისტორიული ჟამის ამა თუ იმ მონაკვთში, ყველაზე კარგად “ფრთოსან ფრაზებად” ქცეული გამონთქმები მეტყველებენ.  წარსულზე წარმოდგენებს მეცნიერების ნაშომებზე უკეთ ამა თუ იმ  მოღვაწის გამონათქვამები გვაძლევს. ასეთი კი ბოლო 20 წლის განმავლობაში ბევრი იყო.

“აი, გზა – ქრისტესი და აი, გზა – ბარაბასი! აირჩიე ქართველო ერო!”- მიმართა ქართველ ერს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა. ეს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ხმამაღალი სიტყვები ქართველების მაშინდელ წარმოდგენებს საკუთარ თავზე  კარგად ასახავდა. საკუთარი განსაკუთრებულობის და სხვაზე უპირატესობის განცდა  გამჯდარი ჰქონდა ქართველს. მკაცრად, ქართველებად და არაქართველებად საქართველოს იმ დროისთვის  ხუთნახევარი მილიონი მოსახლის დაყოფა და მათ შორის გადაულახავი “ჩინური  კედლის”გავლებაც სახასიათო იყო. ქართველმა ერმა შეისმინა გამსახურდიას მოწოდება, არ დააყოვნა და ქრისტეს გზა აირჩია, მაგრამ თავისებურად.

ბოლო გამოკითხვებით ეკლესიას მოსახლეობის 85 % ენდობა. “ქრისტეს გზის” არჩევა ერმა მეტაფიზიკური  კი არა, ფიზიკური მნიშვნელობით გაიგო და ერთი ცნობილი ფილმის ცნობილი ფრაზა “ეს გზა ტაძრამდე მიმიყვანს?” პირდაპირ განახორციელა. შესაბამისად, ბევრი გვაქვს ტაძარიც, მასთან მისასვლელი გზც და ამ გზაზე მოჯირითე ჯიპში მჯდარი მღვდელიც.

სსრკ-ს დანგრევას და დამოუკიდებლობის მოპოვების პირველ წლებს დროის შესაფერისი გამონათქვამები ახასიათებდა – “კრემლის აგენტები”. პრეზიდენტ გამსახურდიას მიერ ამოჩემებული ეს ორი სიტყვა იმ დროს დედის გინებაზე შეურაცხმყოფელი იყო. ეს ფრაზა კარგად ასახავს საქართველოს ომდროინდელ მდგომარეობას – თვითგამორკვევა მოწინააღმდეგის უარყოფის ხარჯზე  (“მე ის ვარ, რაც ჩემი მტერი არ არის”) – ის უზნეო, უღირსი და ბინძურია; შესაბამისად, მე -ღირსეული და წმინდა. მსგავსი განწყობა ჩვენში  დღემდე ცოცხალია, თუმცა მტრის ვინაობა და ადგილმდებარეობა შეიცვალა. დღეს მტერი ბევრისთვის ჩრდილოეთში კი არა – დასავლეთშია.

‘’იყიდება საქართველო’’ -ქართული ესტრადის დამსახურებული მოღვაწის და ‘’ივერიას’’ ვეტერანი წევრის,   ზურაბ წიკლაურის მიერ ნამღერი ეს მრავალტანჯული სიტყვებიც პირველქმნილად შემოინახა ერის მეხსიერებამ და სიმღერის-სამშოლოს ყოფნა არყოფნის თემიდან ეკონომიკაზეც განავრცო.  იმ დროიდან მოყოლებული დღემდე   ნებისმიერი ობიექტის პრივატიზება თუ ტენდერზე გასაყიდად გატანა ამ ფრაზის თანხლებით ტარდება.  რამდენიც არ უნდა ისაუბრონ ექსპერტებმა: ეკონომიკურ კანონზომიერებებზე, ობიექტის ლიკვიდურობაზე,  კაპიტალიზაციაზე,  ეფექტურ მენეჯმენტზე და ათს სხვა რამეზე, ხალხს მაინც მყარად სწამს, რომ საქართველო იყიდება და თანაც გადამთიელებზე. მოგვიანებით, უკვე ჩვენს დროში  ნათქვამმა ფრაზამ  ‘’ყველაფერი უნდა გავყიდოთ ნამუსის გარდა’’ მოწონება და აღიარება ვერ მოიპოვა და ‘’იყიდება საქართველო’’ ვერ ჩაანაცვლა, რაც კიდევ ერთხელ ამყარებს მოსაზრებას, რომ ადამიანი იღებს იმას რის მიღებას უნდა და არა რის მიღებაც შეუძლია.

“ოღონდაც საქართველო თავისუფალი იყოს და ბალახს შევჭამთ”- ეს სიტყვებიც იმდროინდელია და დღეს არადამაჯერებლად ჟღერს უმუშევრობის, ინფლაციის, ეკონომიკური კრიზისის და ქვეყნის გარეთ სამუშაოს საძებნელად გასული ათეულ ათასობით ადამიანის ფონზე. აღმოჩნდა, რომ მაღალფარდოვნება მალფუჭებადია, დამოუკიდებლობა კი ყოველდღიურ რუტინულ შრომას მოითხოვს და არა პათეტიკურ სიტყვებს.

“დემოკრატია ლობიოობა არ არის”- ჯაბა იოსელიანის მიერ ნათქვამი ეს სიტყვებიც  ხალხურ  მეხსიერებას დღემდე შემორჩა.  ისინიც კარგად ასახავს გამსახურდიას ხელისუფლების შეიარაღებული გზით დამხობის შემდეგ ქვეყანაში გამეფებულ ქაოსს და არეულობას,  გაცრუებულ იმედებს და სასოწარკვეთას- ქვეყანაში ხელისუფლებას კრიმინალური “გაგების  ხალხი” დაეპატრონა. მართლაც, არ ყოფილა დემოკრატია ლობიოობა და სამართალდამცავ ორგანობს ჩანაცვლებული  შეიარაღებული ჯგუფების “მოღვაწეობას”ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ამასობაში  შევარდნაძე დაბრუნდა მოსკოიდან თვითმფრინავით. მას  როგორც ბატონი ედუარდი იტყოდა ხოლმე “ერის მოაზროვნე ნაწილმა” იგივე ინტელიგენციამ  გულთბილი დახვედრა მოუწყო. ჩამობრძანებულმა “სტუმარმა” იქვე ისტორიული ფრაზა ბრძანა : “მადლობა ინტელიგენციას, რომლმაც იარაღი აიღო ხელში დემოკრატიის დასაცავად!” ბატონი სტუმარი სულ მალე ქვეყნის ბატონ-პატრონი, ჯერ სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე, შემდეგ სახელმწიფოს მეთაური და ბოლოს -პრეზიდენტიც გახდა. “ბერლინის კედლის დამანგრეველი” აქტიურად შეუგა ქვეყნის შენებას, უცხოეთიდან “მაღალი” სტუმრების დახვედრას, ჰუმანიტარული და ფულადი დახმარების მიღებას.  კიდევ  წინამორბედის მიერ აგებული ერთაშორისი  “ჩნური კედლის”დანგრევას. ეს კედელი ბერლინის კედლისგან განსხვავებით არამატერიალური იყო და შევარდნაძისავე სიტყვებით “პროვინციული ფაშიზმის” მასალით ნაგები. ელიტა შევარდნაძის მეთაურობით ამ პროვიციული ფაშიზმის ამოძირკვას შეუდგა და არნახული ტოლერანტულობის მქადაგებლად იქცა. ისტორიულად გვერდიგვერდ ეკლესია-სინაგოგა-მეჩეთის მდებარეობა იყო ქართული ტოლერანტობის სომბოლო და  გვჯეროდა, რომ სხვაგან არსად არის მსგავსი რამ.  ამავე დროს ქვეყანაში “არალობიოობა დემოკრატია” მძვინვარებდა, სამეგრელოში სახელისუფლებო შეიარღებული ფორმირებები მშვდობიან ხალხს აწიოკებდნენ და ძარცვავდნენ, მაგრამ ამას “ერის მოაზროვნე ნაწილი” განგებ ვერ ამჩნევდა.  ცოტა ხნის წინ გამსახურდიას რეჟიმის წინააღმდეგ სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლი პირველი არხის ჩინოვნიკობამ  და ჟურნალისტებმაც ნებაყოფლობით დათმეს  მონაპოვარი თავისუფლება და არხი პროპაგანდად აქციეს. .

ცოტა ხანში აფხაზეთში ომი გაჩაღდა.  დასაწყისში დიდი აღტკინება და სწრაფი გამარჯვების მოლოდინი მალევე  გაქრა. ომმა წელიწადზე მეტი ხანი გასტანა და ათეულ ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. “თუ დაიღუპება 1000 ქართველი, სანაცვლოდ განადგურდება 80 000 აფხაზი!” –  ბრძანა იმ ომის ერთ-ერთმა სარდალმა. ეს ფრაზა ქვეყანას ძვირი დაუჯდა, ომში სამარცხვინოდ დავმარცხდით და აფხაზეთი დავკარგეთ.

საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენა – “რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ”  იმედგაცრუებამ და კოლექტიურმა დეპრესიამ ჩაანაცვლა. ამ წინადადებაში ნაწილობრივ “კარგები” “ცუდებით” შეიცვალა. ‘’ ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო’’   დიდი ხნის წინ კლასიკოსის მიერ ნათქვამი  ეს სიტყვები  ფართო მოხმარების ფრაზად იქცა.

შიდა არეულობა, ამბოხებები, მძევლების აყვანა- გამოხსნა და განუკითხაობა როდესმე უნდა დამთავრებულიყო და დამთავრდა კიდეც. ჩატარდა იმ დროინდელი ძალოვანი მინისტრის კვირაიას “რაუნდები”, რაც პოლიციის შეიარაღებული ნაწილის რაიონებში რიგრიგობით გასვლას და უკანონო ფორმირებების განიარღებას ნიშნავდა. “მხედრიონის ხანა” დასრულდა, ქვეყანაში სტაბილურობამ დაისადგურა. მალე  ეკონომიკური ზრდაც დაიწყო და ტელევიზიიდან ფრაზა “იყიდე ქართული თუ ხარ ქართველიც” გაისმა, რომელიც ბევრს, ალბათ, აღარც ახსოვს.

გავიდა დრო, რა თქმა უნდა, ხალხმა მეტი მოინდომა და ერთ დროს ნანატრი სტაბილურობა ყოველდღიურ რუტინად იქცა. წინ ახალი ბარიერი იყო გადასალახი – მას კორუფცია ერქვა. ხალხი მის დამარცხებას ითხოვდა, ხელისუფალი კი ყოველ ახალ წელს კორუფციასთან გადამწყვეტი ბრძოლის წლად აცხადებდა. თან ისე ხშირად იმეორებდა ამ “სტაბილურობას” ხალხში ეს სიტყვა და წინასაარჩევნო  ფრაზა “სტაბილურობიდან კეთილდღეობამდე”ირონიას იწვევდა. ასეთი “ანტიკორუფციული” წელი  სამი იყო,  ხალხს მოთმინება ამოეწურა.  დრომ ახალი მხსნელი გმირი და კორუფციასთან მებრძოლი მიხეილ სააკაშვილი შვა. დაიწყო ახალი მოძრაობა “კორუმპირებული რეჟიმის დემონტაჟის”ლოზუნგით. ამის პარალელურად სხვა პროცესებიც ვითარდებოდ ა- ეთნონაციონალიზმმა სული მოითქვა და კვლავ წამოყო თავი. ომის წაგებით და ზოგადად წაგებულის კომპლექსით გამოწვეული დეპრესია გაქრა და თვითგვემა ისევ თვითგანდიდებამ შეცვალა. ამ მოძრაობასაც ჰყავდა თავისი ბელადები ფრაზებითურთ. “ეროვნულობას გვართმევენ, ტრადიციებს გვინგრევენ, მართლმადიდებლობას ებრძვიან!” და ასე შემდეგ. საქართველოს სამყაროს ცენტრად და ქართველი ერი ღვთის რჩეულად გამოცხადდა.

ამგვარი მესიანიზმი, სხვა ყველა ერზე უპირატესობის ქადაგებით გამოწვეული აღტკინება და ამვე დროს ღარიბ-ღატაკი და დამამცირებელი ყოფა ერთმანეთს არ შეესაბამება. ეს კონტრასტი რაიმეთი უნდა აიხსნას – თუ ასეთი კარგები ვართ, ასე ცუდად რატომ ვცხოვრობთ? ყველაფერი როგორც ყოველთვის სხვებს – უხილავ და ხილულ მტრებს დაბრალდა. საკუთარი ნაკლულობის აღიარება ძნელია, სხვაზე გადაბრალება – იოლი. ხილული მტრები – ამერიკა, ევროკავშირი, იეღოველები, ჩინელები, სოროსი, მაკდონალდსი და ასე შემდეგ. უხილავი – მასონები და თვით ეშმაკიც კი იოლად მოინახა და ყველაფერი “გასაგები”გახდა. ” ჩემს ქვეყანას ეუთოს არ დავაუთოვებინებ”  – ბრძანა ერთ-ერთმა ბელადმა ეს ფრთოსანი ფრაზა.

ამ ორი-ანტკორუფციული და ეროვნული ნაკადიდან ბოლოს ანტიკორუფციულმა იყოჩაღა და ‘’საქართველო შევარდნაძის გარეშეს’’  შეძახილებით ხელისუფლება მშვიდობიანი იძულების მეშვეობით შეცვალა კიდეც. ამ მოვლენას  მალევე მოეძებნა სახელი და “ვარდების რევოლუციად” მოინათლა.  რევოლუციურ ხანას    სხვა ფრაზებიც ახლდა . მათგან ყველაზე შთამბეჭდავი მოკლე – “კმარა!” .  შევარდნაძე გადადგა და წავიდა ‘’სახლში’’. ქვეყანა ეიფორიამ მოიცვა, თუმცა საყოველთაო ბედნიერბას ყველა არ იზიარებდა, სადაც გამარჯვებულია იქ დამარცხებულიც არის.

მას შემდეგ თითქმის რვა წელი გავიდა, ამ წლებს უხვად  ახლდა მოვლენები და ფრაზები. პოსტრევოლუციური  ‘’მიშა მაგარია! ’’  მოგვიანებით საპროტესტო   “მიშა მოვდივართ!” საპასუხო ‘’მოდით!’’  “მიშა ვარდები, მალე გადავარდები!” საპირისპირო – “გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია!”  პატრიარქის ნათქვამი ‘’ციხე დაანგიეთ და ეკლესია ააშენეთ’’  ქალბატონი პოლიტიკოსების ‘’ქაჯები მიდიან კი არ მოდიან’’  ‘’ბელა ჩაო’’  იყო ‘’გივიიიიი’’ და  გივის ‘’სულს ამოგხდით’’   ბევრი სხვაც ასევე . ‘’მანამდე იყო 2008 წლის ომი, თავისი “სტოპ რაშათი”.  იყო “ჩვენ შევცვლით! “რამაც ვერაფერი შეცვალა და, რა თქმა უნდა, იყო განუმეორებელი: “ბავშვები გამოუშვით თქვე ფარჩაკებო”!  ამ და სხვა ფრაზებს ისტორია შემოინახავს თუ არა, ამას  20 წლის შემდეგ გავიგებთ.  გამოუცნობია ის თუ, რატომ ქრება ეართი და რატომ უძლებს დროს მეორე გამონათქვამი.

ახლო წარსული ან რეალური დროის აღწერა რთული პროცესია, გაცილებით უფრო რთული, ვიდრე საუკუნეების წინ მომხდარი ამბების  დახასიათება. არა იმიტომ, რომ შორეული წარსული უფრო კარგად ვიცით. სინამდვილეში, საუკუნების წინ რა ხდებოდა, არავინ  იცის: “ისტორია ისეთია, როგორც მას ისტორიკოსები გიყვებიან”. შორეულ წარსულის შესახებ  აზრის გამოთქმა უფრო იოლია იმიტომ, რომ იმ დროს არ ვცხოვრობდით და მომხდარზე ყველას პირადი  განცდა და საკუთარი აზრი არ გვაქვს. შორეულზე მხოლოდ ისტორიკოსები დაობენ, რადგან ისტორია არაზუსტი მეცნიერებაა.  უახლეს ისტორიას კი ჩვენ შევესწარით და გვგონია, რომ ის ისეთია, როგორიც გვახსოვს და განვიცადეთ. ალბათ, მეც ამ განვლილი 20 წლიდან ბევრი ისტორიული ფრაზა გამომრჩა. ერთი კი ვიცი – წარსულზე ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში შემორჩენილი ფრთოსანი ფრაზები კარგად მეტყველებენ და კოლქტიურ  მეხსიერებას ისტორიკოსთა ნაშრომებზე უკეთ  ეს ფრაზები განაპირობებენ …