ნესტან თათარაშვილის ბლოგი

ღია წერილი თბილისის მერს, გიგი უგულავას

23.11.2012 | 1920 |
ღია წერილი თბილისის მერს, გიგი უგულავას

ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან თქვენდამი დაქვემდებარებული რიგი სამსახურების სრული გაუმჭვირვალობა და იქ დაცული საჯარო ინფორმაციის მიუწვდომლობა, არა მგონია, ვინმესთვის ახალი ამბავი იყოს.

ივანიშვილის „შუშის სახლი“ 1996 წელს დაიწყო და სწორი ბრძანდებით, ბევრი აპროტესტებდა მის მშენებლობას. ალბათ, მათგან ზოგიერთი გუშინდელ შეკრებაზეც იყო, მაგრამ ნუ დაივიწყებთ, რომ ნაგებობათა ეს „კომპლექსი“ სწორედ თქვენი ხელისუფლების პერიოდში გაფართოვდა და დაკანონდა. შეგახსენებთ, რომ კულტურის სამინისტროს საბჭოს წინააღმდეგობის მიუხედავად (სამინისტროს ქვეკომისიის სხდომის ოქმი N315.10.2004წ.), 2005 წელს მინისტრმა გოკა გაბაშვილმა ერთპიროვნული განკარგვით (ბრძანება N3/318(02.11.2004)) დაუმტკიცა ივანიშვილს „ბოტანიკური ბაღის კაშხალთან ხელოვნური ტბის მოწყობისა და სოლოლაკის ხეივნის დასაწყისში საცხოვრებელი კომპლექსის პროექტი“. შემდეგ კი, როგორც დღეს თქვენგან ვიგებთ, – „თვე არ გავა, რომ რაიმე ახალი მიშენება-დაშენება-ჩაშენება არ მოითხოვოს მისმა მეპატრონემ თბილისის მერიისგან და ის ამ ნებართვას იღებს“.

მიმაჩნია, რომ „შუშის სასახლის“ შეფასება-განხილვა, პირველ რიგში, თავად მისი პატრონისთვისაა სასარგებლო, რადგან ის ახლა უმაღლესი საჯარო მოხელეა, და ამჯერად, უკვე ვალდებულია დროულად იფიქროს თქვენი პოლიტიკური პარტიის ხელისუფლების წყალობით უკვე კანონიერ ჩარჩოებში მოქცეულ, მაგრამ თბილისის ისტორიული ბირთვისთვის სრულიად შეუფერებელი და შეუსაბამო ნაგებობებისა და გვირაბის ფიზიკურ რეაბილიტაციაზე. და ალბათ, ეს „შუშის სასახლე“ გახდება კიდეც ახლანდელი ხელისუფლებისა და საზოგადოებისთვის
ის „ლაკმუსის ქაღალდი“, რაც კარგად დაგვარწმუნებს, თუ რამდენად ვართ მზად მართლაც რეალური სასიკეთო ცვლილებებისთვის ისეთ უმნიშვნელოვანეს საქმეში, რასაც ახლანდელი მთავრობა გვპირდება და რასაც კანონის უზენაესობა, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ამ სფეროს სრული დეპოლიტიზაცია ჰქვია.

სამწუხაროდ, ასეთივე „ლაკმუსის ქაღალდი“, პრეზიდენტის უკანონო და გრანდიოზული სასახლე 2004 წელს ვერც საზოგადოების დიდმა ნაწილმა და ვერც თქვენ ვერ შეამჩნიეთ. ივანიშვილი და მისი სახლიც, ჩემგან განსხვავებით, მხოლოდ პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ გახდა თქვენი კრიტიკის საგანი. მიუხედავად ამისა, გულწრფელად მივესალმები თქვენს სურვილს „თანამიმდევრულობასთან“ დაკავშირებით:

„- თუ არ გვინდა დავემსგავსოთ თალიბებს, რომლებიც მხოლოდ დანგრევაზე საუბრობენ, მაშინ ვიყოთ თანამიმდევრულები“, ამბობთ იმავე ინტერვიუში. ამიტომ, რახან თავად გამოთქვით „თანამიმდევრულობის“ სურვილი, იქნებ ახლა მაინც დაგვეხმაროთ და დროულად გადმოგვცეთ ყველა იმ მშენებლობის სრული დოკუმენტაცია, რაც თქვენი პარტიის მმართველობის დროს განხორციელდა არა მხოლოდ
თბილისის ისტორიულ ნაწილში, არამედ სხვა ქალაქებშიც: სიღნაღში, ბათუმში, ბორჯომში, ახალციხეში, გორში, თელავში, მესტიაში, ფოთში და ზოგადად, მთელ საქართველოში. ან მიგვითითოთ, ვის მივმართოთ ამ ინფორმაციის მისაღებად, რათა მართლაც თანამიმდვერულად გავაანალიზოთ თქვენი პარტიის მმართველობის პერიოდში განხორციელებული ყველა პროექტი. ეს ნამდვილად დაგვეხმარება სასარგებლო დასკვნებისა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში როგორც მიმდინარე, აგრეთვე სამომავლო სამშენებლო/სარესტავრაციო სამუშაოების დაგეგმვა-განხორციელების, თუ უკვე ჩადენილი შეცდომების გამოსწორების საქმეში.

„მაშინ დავიჯერებ იმას, რომ ამ ადამიანთა უმრავლესობა სამინისტროში ფარისევლურად არ იყო მისული, როდესაც ამ სიის სათავეში ბიძინა ივანიშვილის „შუშის სახლი“ მოხვდება, რომელიც ისტორიული და მკაცრი ლანდშაფტური დაცვის ზონაში მდებარეობს“ – ბრძანებთ ინტერვიუში. სხვის ფარისევლობაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ მერწმუნეთ, თუ ჩვენგან მოთხოვნილ დოკუმენტაციას სრულად გადმოგვცემთ, პირადად მე შეგიდგენთ მართლაც სრულყოფილ და თანამიმდევრულ სიას იმ უწყებებისა და ჩინოვნიკების ჩამონათვალით, ვისი წყალობითაც განხორციელდა ამ სიის თითოეული ნაგებობა.

ასე რომ, მოუთმენლად ველით თქვენი პოლიტიკური გუნდის მმართველობის პერიოდში ჩატარებულ, თუ მიმდინარე პროექტების სრულ დოკუმენტაციას სახარჯთაღრიცხვო-საფინანსო ინფორმაციის ჩათვლით.