გია მარიამიძის ბლოგი

ნაციონალური ოცნება

ნაციონალური ოცნება

შერჩევითი მართლმსაჯულება

აქ ახალი ხელისუფლება ძველის ტრადიციას აგრძელებს. მხედველობაში მაქვს გენერალური შტაბის მეთაურის – გენერალ კალანდაძის პირველ ჯერზე ბრალის წაყენება და დაპატიმრება. ვისაც ჯარში უმსახურია, ალბათ, დამეთანხმება, რომ იგივე საბაბით თითქმის ყველა სერჟანტის, ოფიცრის, თუ გენერლის დაპატიმრება შეიძლება. ის, რაშიც ამ გენერალს ბრალი დასდეს, განსაკუთრებული შემთხვევა კი არა, არმიული რუტინაა. ეს დაპატიმრება პოლიტიკურია.


საეჭვო მოტივით დაჭერები 

ძველ ხელისუფლებასთან მსგავსება აქაც არის. პოლიციის მაღალჩინოსნის, თენგიზ გუნავას, იარაღის ტარების და ნარკოტიკების შენახვის გამო დაჭერას ვგულისმობ. მე არ ვიცი, ამ ადამიანს შსს-ში მუშაობის დროს რა დაუშავებია (შეიძლება დაუშავებია კიდეც), მაგრამ, ჩვენი სამართალდამცავების მუშაობის სტილის და ისტორიის გათვალისწინებით ამ ბრალდებით დაჭერა ეჭვს იწვევს.


სოციალური დაპირებების არ შესრულება 

როგორც ყველას ახსოვს,”ნაციონალურმა მოძრაობამ” არაერთი თავისი დაპირება დაივიწყა და არ შეასრულა (ანაბრების დაბრუნება, 100 დოლარიანი პენსია და სხვა). “ქართულმა ოცნებამაც’’ იგივე ქნა და არ გაანახევრა ტარიფები, არ გაზარდა პენსია 220 ლარამდე.


პოლიტიკური დაპირებები

ბ. ივანიშვილიც აცხადებდა, რომ წელიწადნახევარში თანამდებობას დატოვებდა. ბოლო პრესკონფერეციაზე ივარაუდა, რომ ეს ალბათ არ მოხდება და არა თუ ოთხი, შესაძლებელია ხელისუფლებაში რვა წელიც დარჩეს. თუმცა, როდესაც ნაადრევად წასვლაზე საუბრობდა ისედაც ცხადი იყო, რომ ტყუილს ამბობდა.


ხელისუფლების უზურპაციისკენ მიდრეკილება და დემოკრატიული ნორმების უპატივცემულობა

წინა ხელისუფლების მიმართ მთავარი პრეტენზია ის იყო, რომ კონსტიტუციას თავისი მიზნების მიხედვით ცვლიდა და ძალაუფლების გადანაწილებას არ ახდენდა. ხელისუფლების სამივე შტო მის კონტროლქვეშ იყო. ახალი ხელისუფლებაც მას ბაძავს და კონსტიტუციის კიდევ ერთხელ შეცვლას აპირებს. “ქართული ოცნება’’ ასევე ცდილობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მთლიანად დაკავებას და ახალ არჩევნებს არ ელოდება.


საზოგადოებრივი სექტორის პოლიტიზირება

“ნაციონალური მოძრაობის’’ მმართველობა საზოგადოებრივი სექტორის კონტოლით გამოირჩეოდა. მათი წევრები იყვნენ სპოტრულ ფედერაციებში, ოლიმპიურ კომიტეტში და ა.შ..  რომელ დაწესებულებებსაც ვერ აკონტროლებდნენ, ისინიც პოლიტიზირებული იყო, ოღონდ ოპოზიციური ნიშნით. მაგალითად, მწერალთა და კომპოზიტორთა კავშირი. დამოუკიდებელი და ნეიტრალური (როგორიც წესით უნდა იყოს კიდეც) საზოგადოებრივი ინსტიტუცია იშვიათობა იყო. ახალი ხელისუფლებაც იგივეს აპირებს. პირველ რიგში, სპორტული ფედერაციებით დაიწყეს და ამ სფეროში საკუთარ მომხრეებს “ირჩევენ’’ ან უკვე “აირჩიეს’’ ..


საკადრო პოლიტიკა

ახალი ხელისუფლება აქაც ტრადიციების ერთგულია და რიგ თანამდებობებზე მინისტრად, თუ მინისტრის მოადგილეებად ისეთი ადამიანები დაინიშნა, რომელთა გამონათქვამები, არათუ საჯარო მოხელეს, რიგით მოქალაქესაც არ შეშვენის. აქ,  ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი და კულტურის მინისტრის ორი მოადგილე იგულისხმება. არც ერთ ამ გამონათქვამს პოლიტიკური შედეგი არ მოყოლია.
.

‘ნაციონალურ მოძრაობას’’ და ‘’ქართულ ოცნებას’’ მსგავსებების გარდა, განსხვავებებიც აქვთ:

განსხვავება, თანასწორობის საკითხის მიმართ დამოკიდებულებაში გამოიხატება. ეს დამოკიდებულება ახალი ხელისუფლების წევრების შემდეგ გამონათქვამში ვლინდება: “უმცირესობის უფლებების დაცვა, უმრავლესობის ხარჯზე არ უნდა მოხდეს’’. ეს სიტვები სოფელ ნიგვზიანის მოვლენების დროს ითქვა და მას შემდეგ ბევრჯერ გამეორდა. როგორ უნდა დაირღვეს უმცირესობის (ამ შემთხვევაში რელიგიურის) უფლებების განხორციელებით, უმრავლესობის უფლება? ნიგვზიანის მუსულმანი ქართველები, არავითარ განსაკუთრებულ უფლებას არ ითხოვენ. მათ ისეთივე უფლება აქვთ, საკუთარ სალოცავში ილოცონ, როგორც ყველა სხვას.

კიდევ ერთი “ქართული ოცნების” წევრის და პარლამენტის ვიცე-სპიკერის სხვა გამონათქვამები ასე ჟღერს: “ევროპულ ქვეყნებში ყველას საზოგადოების ჩვეულებრივ თანასწორ წევრებად თვლიან. ჩვენთვის ამის მიღება ძნელია, რადგან ის მართლმადიდებლურ მორალთან წინააღმდეგობაში მოდის’’ და “არ უნდა მოხდეს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა’’.

რა იგულისხმება ამ გამონათქვამში და ვინ უნდა დაადგინოს რა არის პროპაგანდა და რა არა? თუ არსებობს ბუნებაში იურისტი, რომელიც ამ ლოზუნგის იურიდიულად ფორმულრებას მოახეხებს? ერთი ცნობილი მოსაზრებით “ქართველი გეი არ არსებობს’’. თუ ამ აზრს გავიზიარებთ თავად იმის აღიარება, რომ ქართველი გეი არსებობს უკვე პროპაგანდაა. შესაბამისად მათი ქუჩაში გამოჩენაც პროპაგანდა გამოდის. ანუ ამ ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი (5 %-დან 7%-მდე, სწორედ ამდენია ჰომოსექსუალი ნებისმიერ ქვეყანაში) ცალ-ცალკე, თუ ერთად ქუჩაში არ უნდა გამოჩნდნენ, რომ უნებლიედ პროპაგანდა არ გაწიონ. ყველას უნდა ესმდეს, რომ საზოგადოების ერთი მცირე ნაწილის  დისკრიმინირებაც კი აუცილებლად ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს და დისკრიმინაცია სხვა ჯგუფებსაც შეეხება. ერთი ჯგუფის მიმართ შეუწყნარებლობის მაგალითი გადამდები ხდება, იქმნება დისკრიმინაციული ატმოსფერო და ნოყიერი ნიადაგი იმისა, რომ უფლებებში შეზღუდვა სხვა ჯგუფებზეც: რელიგიურ, ეთნიურ, სუბკულტურულ უმცირესობებზეც გავრცელდეს. მსგავსი ვითარება სახელმწიფო უსაფრთხოებას ძირს გამოუთხრის და სეპარატიზმის საფრთხეს შექმნის. ბოლოს კი ყველაფრი დამოუკიდებლობის დაკარგვით შეიძლება დამთავრდეს. 

ახალი ხელისუფლება ხშირად ხალხის ნებით ოპერირებს და აცხადებს, რომ “ყველაფერში ხალხს უნდა დავეკითხოთო’’. ეს ლოზუნგი კარგად ჟღერს, მაგრამ ყველას ავიწყდება, რომ ხელისუფალი, პირველ რიგში, ადამიანის მსახურია. როდესაც საქმე ადამიანის უფლებებს და მათ შორის თანასწორობას ეხება, ხელისუფლება უმრავლესობის ან უმცირესობის ნების შემსრულებელი კი არა, კანონის შემსრულებელი უნდა იყოს. როდესაც საზოგადოების ჯგუფებს შორის რაიმე დავა წარმოიშობა (სულ ერთია რელიგიურ თუ სხვა საკითხზე) თითქმის ყოველთვის, ერთი მხარე მეორეზე მრავალრიცხოვანია. ხელისუფლება ამ შემთხვევაში კანონს უნდა დაეყრდნოს, კანონი და სამართლიანობა უნდა იყოს მთავარი და არა რომელიმე მხარის რიცხობრივი უპირატესობა. ბევრი ადამიანის აზრი ჭეშმარიტებას არ ნიშნავს და ხშირად, ერთ ადამიანსა და მის მიმართ დაპირისპირებულ ათასებს შორის, სიმართლე ერთის მხარეზეა. ხალხის ნების მიმართ ასეთი დამოკიდებულება დამღუპველია. ხალხს შეიძლება ბევრი რამ უნდოდეს, მაგალითად, ვინმეს ქვეყნდან გასახლება, ქვით ჩაქოლვა, უფასო გაზი და შუქი, გადასახადის არ გადახდა, მანქანით წითელ შუქზე გავლა, სტალინის ძეგლების დაბრუნება და ათასი სხვა რამ (ერთი ძეგლი რამდენიმე დღის წინ უკვე დააბრუნეს კიდეც). დემოკრატია ხალხის მმართველობა არ არის, დემოკრატია ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების კანონზე და სამართალზე დამყარებული მმართველობაა.