ნესტან თათარაშვილის ბლოგი

ახალი ‘საჯილდაო ქვა’

29.12.2012 | 1847 |
ახალი  ‘საჯილდაო ქვა’

ახალი  ‘საჯილდაო ქვა’   


შერყეულია ძველი სტრუქტურა
რასაც დავარქვათ ტრადიციები
ის რაც არა გვაქვს არის კულტურა
და რაც გვაქვს არის ამბიციები

       

კოტე ყუბანეიშვილი

ალბათ, ოდესმე „ნატოსა“ და ევროკავშირშიც შევალთ, ტერიტორიულ მთლიანობასაც აღვადგენთ და ეკონომიკურადაც გავძლიერდებით, გემებიც გვექნება და თვითმფრინავებიც, ახალი სოფლებიც და ქალაქებიც, მაგრამ ვერასდროს დავიბრუნებთ კულტურული მემკვიდრეობის იმ ნაწილს, რაც ჩვენი ხელით და ჩვენი ფულით, და რაც ყველაზე დასანანია –  უმეტესად მშვიდობიან დროს  დავაზიანეთ, ან სავსებით გავანადგურეთ.

თუმცა, თუ სურვილი იქნება,  როგორც სხვა ბევრ სფეროში, ბევრი გაფუჭებული საქმის გამოსწორება აქაც შეიძლება.  ამის კარგი მაგალითი  ეროვნული ბანკია თბილისში, ლეონიძის ქ.  N3 – მოდერნის სტილის შესანიშნავი შენობა, რომელსაც საბჭოთა დროიდან აქვს მინიჭებული ეროვნული მნიშვნელობის არქიტექტურის ძეგლის სტატუსი.  ის ჯერ 1960 წელს  დაზიანდა მასშტაბური დაშენება-მიშენებით, თუმცა მაშინ აუთენტური ინტერიერის მნიშვნელოვანი  ნაწილი ნამდვილად გადაურჩა საგრძნობ ცვლილებებს, რაც უკვე შემდეგ თითქმის მთლიანად შეეწირა 1998 წელს ჩატარებულ სარემონტო სამუშაოებს. ბანკის იმდროინდელმა  ხელმძღვანელებმა, შენობის დაცვის გაძლიერების მომიზეზებით ფართომასშტაბიანი რემონტი ჩაიფიქრეს და  ძეგლთა დაცვის მაშინდელი საბჭოს ოფიციალური ნებართვით რესტავრატორებმაც დაუბრკოლებლად განახორციელეს მათი მავნე სურვილი. თუმცა, გარდა ძეგლის დამაზიანებელი „რესტავრაციისა“,  არ დაიზარეს და საკუთარი  „შემოქმედებაც“ უხვად ჩართეს ამ ულამაზეს შენობაში. ამის შესახებ საჯარო პროტესტი არც ერთ იმ ორგანიზაციასა თუ სახელმწიფო სტრუქტურას –    მათ ვისაც ჩვენ ვუხდით ხელფასს და კანონით ევალებათ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და გადარჩენა –  არასდროს არ გამოუთქვამთ.  ამ ვანდალიზმის ავტორები კი წელს უკვე ახალციხის “რაბათიზაციის“ ავტორებად მოგვევლინენ.



გუშინწინ, ახალი ამბების სააგენტომ „ჯი-ეიჩ-ჩენ“ გაავრცელა ინფორმაცია , რომ ეროვნული ბანკი ახალ შენობაში გადადის და ძველის ბედი  გაურკვეველია. წარმატებული თბილისელი არქიტექტორის, მიხეილ ოჰანჯანოვის მიერ 1913 წელს აგებული ეს შენობა, მთელი თავისი ისტორიით, დღევანდელი მდგომარეობის ჩათვლით,  თითქოს ჩვენი სამშობლოს ბედისწერას იმეორებს ამ „გაურკვეველი“ მომავლით, მაგრამ საქართველოს მომავალიც და ამ სახლის ბედიც ხომ ნამდვილად ჩვენ ხელშია?  ის არ არის კერძო საკუთრება, მისი პატრონი სახელმწიფოა, ანუ ჩვენ, და ნუთუ არ შეიძლება ახლა მაინც მოვაშოროთ საბჭოური, თუ თოთხმეტი წლის წინანდელი „დანამატები“ და დავუბრუნოთ პირვანდელი იერი  ამ სახლ-საუნჯეს, გასაბჭოებამდე ჩვენი მართლაც  ევროპელობის უტყუარ დასტურს.

დამოუკიდებელი საქართველოს უახლეს ისტორიაში  კულტურული მემკვიდრეობის სფეროს გაუმჯობესებისთვის მთავრობის მიერ რამდენჯერმე საორგანიზაციო, თუ საფინანსო ქმედებები და ღონისძიებები განხორციელდა, თუმცა რადგან ისინი მხოლოდ  ფორმალური, და არა პრაქტიკული და სასარგებლო, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობილი შინაარსის იყო  – ყველაფერი  უშედეგოდ დასრულდა. ამით არის განპირობებული დღევანდელი მძიმე მდგომარეობა აღნიშნულ სფეროში. უფრო იმედიანად „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ვიყავით (რეფორმის აუცილებლობა არქიტექტურული მემკვიდრეობის  დაცვის საქმეში. ნ. თათარაშვილი. გაზეთი „24 საათი“ N49/598, 2004 წ.), მაგრამ….

ბოლო წლების დაფინანსება უკვე ასეულობით მილიონ ლარს აღემატება და ამის მიუხედავად, ჩვენი მემკვიდრეობა კვლავ გამოუსწორებელი საფრთხის ქვეშაა. მიმდინარე სარეაბილიტაციო/სარესტავრაციო სამუშაოების დამკვეთი კარგად არის ცნობილი, მაგრამ,  ვინ ქმნიდა რეალობაში ამ არქიტექტურას, ან ვინ უტარებდა ისტორიულ ძეგლებსა და შენობებს რესტავრაცია-რებილიტაციას, თავის კვლევებითა და რეკომენდაციებით? ყველაფერი ხომ ჩვენ თვალწინ  და ჩვენი თანამემამულეების ხელით კეთდებოდა და საუბედუროდ, ახლაც ხდება, თან ისეთი უცნაური მხიარულებისა და ხმაურის ფონზე,   რომ ვერც ვხვდებით, რომ შიგ გულშიც ჩავირტყით სრული გულგრილობითა და  ლაჩრული მდუმარებით ნაჭედი “კონდახი“; დიახ, შიგ გულშიც, ქართველთა სულის გულში, მცხეთაში….

ამ სფეროს სისტემური ცვლილებები თუ ახალი  ხელისუფლების მხოლოდ ნატვრა კი არა,  რეალური გეგმაა, სახელმწიფომ  ძირეული საკანონმდებლო, ინსტიტუციური და სტრუქტურული ცვლილებების გარდა (შემსრულებელი და მაკონტროლებელი რგოლების სრული გამიჯვნით), პირველ რიგში კონკრეტული კანონით უნდა განსაზღვროს ძეგლებზე მომუშავე სპეციალისტთა პიროვნული პასუხისმგებლობა მიმდინარე სამუშაოებზე და სრულად უზრუნველყოს მისი  აღსრულებისთვის  საჭირო ინსტიტუციური და სამართებლივი ბერკეტები. რესტავრაცია მეცნიერებაა და ამ დარგში მუშაობის მსურველ სპეციალისტებს  ერთხელ და სამუდამოდ, კანონით უნდა დავავალდებულოთ სამეცნიერო მოღვაწეობა და სანამ ახალ პროექტს შეუდგებიან, უკვე  ჩატარებულ სამუშაოებზე სრულად წარმოადგინონ  სამეცნიერო ანგარიში სათანადო რეცენზიებით.


ცოტა ხნის წინ, სპეციალისტთა მოთხოვნითა და მთავრობის ინიციატივით ძეგლთა დაცვის სფეროს წარმომადგენელთა გაფართოებული შეხვედრა შედგა, ახალი საბჭოც დაკომპლექტდა და მალე ვნახავთ რისი გამკეთებლები ვართ: მხოლოდ მედროვეობა და მერე მომხდარზე წუწუნი შეგვიძლია, თუ მართლა გვჯერა რომ ჩვენ ხელშია ჩვენი სამშობლოც და მისი მემკვიდრეობაც და შესაბამისად, პასუხისმგებლები ვართ მის მომავალზე.

რადგან ეროვნული ბანკის უძრავი ქონება და მათ შორის ლეონიძის 3-იც  მთავრობის საკუთრებაა და არა თბილისის მერიის,   მისი ბედი ახლა მთლიანად მთავრობის ხელშია. სწორედ ამის გამო ხდება ის ხელისუფლებისთვის ახალი „საჯილდაო ქვა“, ჩვენთვის კი უახლოეს მომავალში იმის დასტური, თუ რამდენად ვენდოთ  მთავრობის გეგმებსა და დაპირებებს კულტურული მემკვიდრეობის აუთენტურობის დაცვასა და გადარჩენაში.