ელენე ხაჭაპურიძის ბლოგი დიეტაზე

გაბრაზებულის პოსტი

12.03.2013 | 1390 |
გაბრაზებულის პოსტი

ზუსტად ორი კვირის წინ თაზო რედაქციაში მოვიდა და ორცხობილასთან ერთად “გამომიჭირა”.  სასწრაფო წესით  ფოტოები გადამიღო,  მერე ორცხობილას გადაუღო დიდი ხედით, იმის საჩვენებლად, რომ ვანილითაა და ტკბილია, არ დაეზარა, ფოტოშოფით ფოტოებზე წრე გაუკეეთა ორცხობილის შეკვრას და  მაკომპრომატირებლი მასალა თანამშრომელთა პრივატულ ჯგუფში დაპოსტა. განგაშის მაუწყებელი სათაური შეურჩია– “sos” და  იქვე საჭირო ადამიანები დათაგა.


მახსოვს როგორ გავბრაზდი თაზოზე, როცა  ეს ყველაფერი ერთ–ერთი აქციიდან დაბრუნებულმა ვნახე, როგორ მინდოდა მასაც ისე შიებოდა, როგორც მე მშიოდა ის დღე და მანამდე გასული დღეები, ისიც მახსოვს როგორ “გულისფანცქალით” ველოდებოდი დათაგული და პოსტის პოტენციური მნახველების რეაქციებს.

 


ეპიზოდი მეორე

ზემოთაღნიშნული ამბიდან ორი დღის შემდეგ, ჩემს საგამოცდო, იდეაში ჯგუფურად შესასრულებელ ნაშრომს ვებრძოდი, როცა ნერვებმა მიმტყუნა და გრიშას მივწერე, რომ დიეტის გაგრძელება აღარ შემძლო, ბოდიში მოვუხადე როგორც ერთ–ერთ მკითხველს და ისიც ვუთხარი, რომ ეს ბოდიში ყველა იმ ადამიანს ეკუთვნოდა ვინც ჩემს ბლოგს კითხულობს. ასე მშვიდი სინდისით წავედი და ნამცხვარი ვიყიდე ფრანგული შოკოლადით. ცოტა რამ მახსენდება ისე გემრიელად მეჭამოს, როგორც ის ნამცხვარი.


მეორე დღეს მე და გრიშა ვისხედით და ერთად განვიხილავდით, როგორ მეთქვა ჩემი მკითხველისთვის დიეტის დარღვევის შესახებ.


მე: მოკლედ ვიტყვი, რომ დავარღვიე და ნამცხვარი შევჭამე

გრიშა: იცი, ჯობია, თქვა, რომ “სუხარი” შეჭამე, ნამცხვარი არ დაწერო

მე: რატომ?

გრიშა: “გადაგივლიან”


საილუსტრაციოდ ჩემი ბლოგის ერთ–ერთი კომენტატორის ციტატა მომიყვანა, რომელიც სრულიად უწყინარ შემთხვევაზე შემდეგი ტქსტი მომწერა:


ნია (სახელი შესაძლოა პირობითია)  “ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ დიეტა “შემოგერღვეოდა”. როგორ უნდა დაეცე რაღაც გახუხული პურის დონემდე? ასე შორს ვერ გაფრინდები 🙂


არ არსებობს ვერბალური ტიპის  შეურაცხყოფა, რაც ჩემი სიმსუქნის გამო არ მომისმენია და საკუთარი თავის სასარგებლოდ მინდა ვთქვა, რომ ორი ყურის პრინციპს შესაშური წარმატებით ვიყენებ. სულ ვამბობ, რომ  არავის ვუცემივარ სიმსუქნის გამო, თუმცა თქმით ყველაფერი უთქვამთ თქო. იგივე ადამიანები, მუდმივად გელაპარაკებიან დიეტის დაწყებაზე, მის საჭიროებაზე, “შენთვის კარგი მინდას” მოტივით,  იგივე ადამიანები, ასევე წარმატებით, შენი წამოწყებული დიეტის კოლაფსისი სადარაჯიზე დგანან, როგორც წესი.


ზედმეტად დრამატული, რომ არ გამოვიდეს პოსტი მოკლედ სიტუაცია ასეთია, ადამიანები არაკორექტულად მიგანიშნეებენ იმაზე რომ პრობლემა გაქვს და, როცა იწყებ პრობლემის მოგვარებას, მთელი ენთუზიზმით გირთულებენ გზას.


ბოლო  ეპიზოდი 🙂


მთლი პასუხისმგებლობა თქვენ, რომ არ დაგაკისროთ და ასევე არ დაგაბნიოთ, ვეცდები მოკლედ გითხრათ რა მჭირდება მე და მე მგონია, ყველა ადამაინს ვინც  ზედმეტ წონას ებრძვის– წახალისება, დასჯა კი არა, წახალისება.


მეორე კურსზე, როცა ჩემი ლექტორი ხსნიდა, რომ ბავშვი კი არ უნდა დავსაჯოთ არამედ წავახალისოთ, მე ვიყავი  ვინც ჰკითხა მაგალითად, როგორ უნდა მოვიქცეთ მოზარდთან, რომელიც სიგარეტს ეწვა, მაშინ ქალბატონმა მაიამ მიპასუხა, რომ ყოველი მოწეული სიგარეტის ღერისთვის კი არ უნდა დავსაჯოთ ბავშვი, არამედ ყოველი მოუწეველისთვის წავახალისოთო.


დღეს კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ ყველაზე ეფექტური გზა მართლაც ესაა. მაგილითად, როცა ჩვენმა თანამშრომელმა ბათუმიდან მომწერა, რომ ჩემი ბლოგით ინსპირირებული კონკრეტული ადამიანი დიეტას იწყებს, მეც უფრო მოტივირებული გავხდი, მოტივაცია მაშინაც ვიგრძენი, როცა ანის კომენტარი წავიკითხე, სადაც უცნობ “ნიასთან” გამომექომაგა.  ხოლო, როცა მტუქსავენ, თავისი  ჭკუით “სინდისს მიწუხებენ”, მე მხოლოდ ისეთი ადგილებში წასვლა მინდება სადაც მუდმივად ღიმილიანი სახით მეუბნებიან, რომ გემრიელად მივირთვა. 

 

დიეტა
დიეტა