გია მარიამიძის ბლოგი

“ქართული ოცნება” პირველი და “ქართული ოცნება” მეორე

“ქართული ოცნება” პირველი და “ქართული ოცნება” მეორე

კონსტიტუციაში საგარეო კურსის შესახებ ჩანაწერი “ნაციონალური მოძრაობის” გამო არ მოხვდა. ამგვარი ჩანაწერი დასავლური კურსის უცვლელობის ბევრად მყარი გარანტია იქნებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ქვეყნის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის განმსაზღვრელი მაინც ქვეყნის მმართველი პოლიტიკური ძალა და საზოგადოებრივი აზრია. 

 

პლებისციტის მეშვეობით საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ ნატოში გაწევრიანებას ხმა უკვეე მისცა, მაგრამ საზოგადოებრივი აზრი ცვალებადი მოვლენაა. ამ ეტაპზე სახელმწიფოს საგარეო კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით  ეჭვები გაქრა. დღესდღეობით  ბ. ივანიშვილი მრავალპარტიული კოალიციიდან უპირატესობას ორს, “რესპუბლიკურ პარტიას” და “თავისუფალ დემოკრატებს” ანიჭებს. ამ ორ პარტიას ყველაზე უკეთ ეხერხებათ დასვლეთისთვის გასაგებ  ენაზე საუბარი. კოალიციაში შემავალი სხვა პარტიების წევრთათვის ჩვეულ სიძულვილის ენაზე საუბარს და ფაშისტურ გამოხდომებს ცივილიზებული სამყარო არ მოიწონებდა. ქვეყანა იზოლაციაში მოექცეოდა და პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის საბაბი მიეცემოდა. აქედან გამომდინარე, იბადება კითხვა: დღევანდელი მდგომარეობა ხანგრძლივი სტრატეგიაა თუ დროებითი ტაქტიკა? დასავლური კურსი და კოალიციაში შემავალი პროდასავლური პარტიების წინ წამოწევა პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგაც გაგრძელდება თუ არა? ამ კითხვებზე პასუხს პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნის უფლების დაკარგვის შემდეგ გავიგებთ. 

 

დღეს ბ. ივანიშვილს საგარეო კურსის შეცვლის სურვილიც რომ ჰქონდეს, პარლამენტის დაშლის საფრთხის გამო ამ ნაბიჯს ვერ გადადგამს. საამისოდ საზოგადოებრივი აზრიც არ არის მომზადებული და საგარეო კურსის ცვლილებას მოსახლეობაც არ მიიღებდა. გრძელვადიან პერსპექტივაში შენარჩუნდება თუ არა კოალიციის შიდა კონფიგურაცია დიდწილად ჯერ ჩამოყალიბების პროცესში მყოფ პარტია “ქართული ოცნებაზე” და თავად ივანიშვილის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. მას შემდეგ, რაც პარლამენტის დათხოვნის საფრთხე გაქრება, ბ. ივანიშვილი მოქმედების სრულ თავისუფლებას მოიპოვებს, რაც ქვეყნის საგარეო მიმართულების  და შესაბამისად, კოალიციაში შემავალი პარტიებიდან ფავორიტების არჩევის თავისუფლებასაც გულისხმობს. 

 

ეჭვს საგარეო კურსის შესაძლო შეცვლის თაობაზე კოალიციის წევრი ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეული პარტიები და ცალკეული დეპუტატები იწვევს. პარტია “ქართული ოცნება” ჩამოყალიბების შემდეგ ალბათ პრემიერ მინისტრის მთავარი დასაყრდენი ძალა გახდება. ამ პარტიის სახეები კი, რბილად რომ ვთქვათ, აღფრთოვანებას არ იწვევენ, მაგრამ საგარეო კურსის შეცვლის შესაძლო მთავარი მიზეზი მაინც სხვაა. კერძოდ ის, რომ ხელისუფლებაში მოსულ ძალას არ აქვს ქვეყნის განვითარების პროექტი, მომავლის ფუნდამენტური ხედვა. მისი მოქმედების ფორმა და შინაარსი  პასიურია და განვითარებაზე არ არის ორიენტირებული. ხელისუფლების  ირგვლივ მოფუსფუსე ინტელექუტალები და ექსპერტები მოდერნიზაციის იდეას აქტიურად უპირისპირდებიან. “ყველაფერში ხალხს უნდა დავეკითხოთ” – ასეთი მიდგომა არსებული მდგომარეობის კონსერვაციაა და არა ტრანსფორმაცია, პასიურია და არა აქტიური. დღევანდელი ხელისუფლება არ ამჟღავნებს არაპოპულარული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯების გადადგმის მზაობას (თუმცა ხელისუფლების მიერ ბათუმში მეჩეთის აშენების გადაწყვეტილება ამ მხრივ გამონაკლისია. გაბედავს თუ არა ხელისუფლება ამ არაპოპულარული გადაწყვეტილების ბოლომდე მიყვანას, დრო გვიჩვენებს).

 

ხელისუფლება უბრალოდ ხალხის სურვილების შემსრულებელი არ უნდა იყოს, ის დღევანდელ რეალიებს უნდა უსწრებდეს და ქვეყანა წინ უნდა მიყავდეს. ხელისუფლების პასიური მდგომარეობა განვითარების შეჩერებას და დასავლური კურსისგან გადახვევას ბუნებრივად გამოიწვევს. შესაბამისად, ივანიშვილის არჩევანიც კოალიციის პროდასავლური ფრთიდან რეგრესული ძალების სასარგებლოდ შეიცვლება. უძრაობა და სტაგნაცია კი თანდათანობით რუსეთის გავლენის ქვეშ მოგვაქცევს.

 

ის, თუ რატომ არის ასეთი პერსპექტივა ცუდი კიდევ ერთხელ გამეორება არ ღირს, ისედაც ბევრჯერ თქმულა. ხალხში დღემდე დადის ერთი გამონათქვამი, რომელიც ხრუშოვს მიეწერება და ის ასე ჟღერს: საქართველო უქართველებოდ. ხრუშოვის დრო დიდი ხანია გავიდა და ქართველებს გადასახლებით არავინ ემუქრება. არც ის არის დანამდვილებით ცნობილი ეს სიტყვები ხრუშოვმა სინამდვილეში თქვა თუ არა. დღევანდელი საფრთხე კი ასე ჟღერს: ქართველები უსაქართველოდ! ქართველები ისევ  დედამიწის ამ ნაწილზე ვიცხოვრებთ, მაგრამ სახელმწიფო აღარ გვექნება და ჩვენი არსებობა არავის ეცოდინება. სსრკ-ში ცხოვრების დროს ქართველების საზოგადოებრივ აქტივობაში დახარჯული მთელი ენერგია ჩვენი არსებობის ვინმესთვის და პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის დამტკიცებაში მიდიოდა. სხვებამდე, გარე სამყარომდე ხმის მიწვდენის და სხვებისგან აღიარების მიღების უშედეგო ცდა წარმოშობდა იმ კომპლექსებს, რომელიც დღემდე მოგვყვება. “რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ” – ეს ლოზუნგიც იმ დროს გაჩნდა და ამ კომპლექსების გამოხატულებაა. ამგვარი ლოზუნგებით უსახელმწიფოდ, კოლექტიური საავტორო უფლებების გარეშე ყოფნით  მიღებული ტრამვებისგან თავს ვიმშვიდებდით და საკუთარ თავს საკუთარსავე არსებაში ვარწმუნებდით.