გია მარიამიძის ბლოგი

მართლმადიდებელი ლუკაშენკო

მართლმადიდებელი ლუკაშენკო

საქართველოში ჩატარებული კვლევები მოსახლეობის მხრიდან ეკლესიის მიმართ მაღალ ნდობას აჩვენებს (ბოლო გამოკითხვებით 95 % იყო) და მათში მართლმადიდებელი ათეისტი ალბათ ერთიც არ მოინახება. მაგრამ  რუსი ათეისტების  და ბ.ლუკაშენკოს რელიგიური გრძნობები ჩემი აზრით უფრო გულწრფელია, ვიდრე ჩვენებური საყოველთაო რელიგიურობა. რუსეთში რელიგია იდეოლოგიურ ფუნქციას ასრულებს და ეკლესია ‘’ მოსკოვი მესამე რომის’’ იმპერიული პროექტის ქვაკუთხედია. სწორედ ამით აიხსნება მათი მართლმადიდებლური ათეიზმი. ეკლესიას  ჩვენთანაც იდეოლოგიური ფუნქცია აქვს, თუმცა რუსეთისგან განსხვავებით სხვა ხარისხის და მაშტაბისა. ჩვენში რელიგია ეროვნებასთან გაიგივდა. საყოველთაოდ მიღებული აზრით ქართველად არ ითვლები,  მართლმადიდებელი თუ არ ხარ. შესაბამისად, რელიგია ნაციონალიზმის-შოვინიზმის მიზეზად იქცა.  სხვაზე უპირატესობის განცდის საბაბი გახდა. ენაში გაჩნდა ისეთი აფსურდული ტერმინი როგორიცაა ‘’გენეტიკურად მართლმადიდებელი’’. არ არის საჭირო პიროვნული-ინდივიდუალური ძალისხმევა და შრომა. ეს კოლექტიური გენი არამართლმადიდებელზე უპირატესობას გაგრძნობინებს.

მართლმადიდებლური ეთნო-ნაციონალიზმის ნიმუშია ცოტა ხნის წინ მეუფე სპირიდონის მიერ ბათუმში ჩატარებული ეს  მიტინგი-წირვა   

სადაც ხელისუფლების მიერ მეჩეთის აშენების გადაწყვეტილება და მუსლიმური კონფესია ერთად  დაგმეს. ქართველი მუსლიმების რელიგიური ცხოვრება  ამ ბოლო დროს არაერთხელ  შეიზღუდა  და ამის მიზეზი  ერთმა ნიგვზიანელმა გლეხმა მარტივად ახსნა: ‘’მაგენი ადრე ქრისტიანები იყვნენ და უკან უნდა გამოქრისტიანდნენ’’.

დღეს საქართველოში ორგვარი მსოფლხედვა ერთმანეთს უპირისპირდება. ერთი – არქაული თვლის, რომ სამყაროში არაფერი იცვლება, დოგმები ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი და ზეციდან  ნაბოძებია, ადამიანის ერთადერთი დანიშნულება კი ავტორიტეტების მითითებების შესრულებაშია. მეორე – მოდერნული მიიჩნევს, რომ ბრმად, გააზრების გარეშე  არაფერი არ უნდა  მიიღო, ირგვლივ ყველაფერი ცვალებადია და ამ ქვეყნად არსებობის საზრისი  შემოქმედებაში, ახალის შექმნაშია. მეუფე სპირიდონს, რომ ეს ნიგვზიანელი გლეხი სინამდვილეში უყვარდეს და მორჩილი მასის უმნიშვნელო უჯრედად არ მიაჩნდეს, ალბათ საწინააღმდეგოს იქადაგებდა. თუ რა თქმა უნდა თვითონაც ესმის, რომ ადვილი შესაძლებელია დღევანდელ მუსლიმ ქართველს საკუთარი მრწამსი საკუთარივე გონებით და თავისუფალი ნებით აერჩია და არა მემკვიდრეობით მიეღო. მათ კი ვინც მუსულმანი მშობლების ოჯახში დაიბადნენ, ისევე აქვთ უფლება სწამდეთ და სალოცავში იარონ, როგორც მართლმადიდებლებს. თითქოს  ადვილი გასაგებია ის ფაქტი, რომ ბათუმში სულ  ორასი ათასი მცხოვრებია, მათგან 10 % ანუ ოცი ათასი მუსულმანია და  ამდენ ადამიანს ერთი მეჩეთი ვერ დაიტევს. მაგრამ მეუფე სპირიდონს ამის გაგება არ უნდა, ან არ შეუძლია.

და ეს შემთხვევით არ ხდება. ცოტა ხნის წინ გავცელებულმა პატრიარქის ქადაგებაში ნათქვამმა სიტყვებმა ‘’ ავადმყოფობა ცოდვების შედეგია’’ სოციალურ ქსელებში ჩვეული ‘’ხმაური’’ გამოიწვია. ცუდი ის არის,  რომ ასეთ გამონაქვამებს ქსელის გარეთ პროტესტი არ მოჰყვება ხოლმე. სწორედაც რომ   ავტორიტეტების მიმართ უპირობო მორჩილებაა  საზოგადოების გაველურების  და კულტურული დეგრადაციის მიზეზი. ავად არა მარტო ადამიანები, ცხოველები და მცენარეებიც კი ხდებიან. ავადმყოფობენ ფუტკრები, ირმები, არწივები და ა. შ.  ვაზი, ხეხილი  თუ სხვა მცენარეც ავადდება და ამის გამო მისი შეწამვლა ხდება ხოლმე. მცენარეები და ცხოველები რას სცოდავენ და რომელი საქციელისთვის ხდებიან ავად, უწმინდესა და უნეტარეს ილია მეორეს თავის ქადაგებაში არ უთქვამს. სამწუხაროდ ამ საკითხზე  მრევლიც არ დაფიქრებულა.

ალბათ საიდუმლო არ არის ის ფაქტი, რომ ავად თვითონ პატრიარქიც ხდება ხოლმე და სამკურნალოდ  არაერთხელ გაემგზავრა გერმანიაში.

ამ ქადაგებიდან რამდენიმე დღე იყო გასული და მთელმა ქვეყანამ გაიგო ერთი წლის გოგიტა აბაშიძის  შიმშილით გარდაცვალების ამბავი. იგივე აჭარაში კი ეკლესიის გუმბათის მოოქროვებაში ექვსასი ათასი ლარი დაიხარჯა.