13414

შედეგი – Too Fat

“ელენე! რატომღაც არ ჩანხარ?! გადავწყვიტე შენს მხარდასაჭერად მეც დავიწყო დიეტა. წონა – 97 კგ. მიზანი – 75 კგ. ვიწყებ დღეიდან.დიეტის ტიპი – უკვე მოგწერე “დიეტის მეორე დღე”-ზე. შედეგს მოგწერ ყოველი 12-14 დღის შემდეგ. უკვე მოგწერე netgazeTi.ge-ზე შენს ბლოგზე, მაგრამ როგორც ჩანს მგონი აღარ აგრძელებ დიეტას”- ეს წერილი გუშინ აღმოვაჩინე სრულიად შემხვევით, წაუკითხავ წერილებში.

წერილს არც ავტორს ვიცნობ და მისი არც სახელი და გვარი ვიცი. ჩემმა უცნობმა მგობარმა, 12 დღის დიეტის შემდეგ 4კგ და 300 გრამი დაიკლო. ამის შესახებ უკვე მომწერა, თუმცა მე ვერ გეტყვით ასეთივე ოპტიმისტურ ამბავს ჩემ წონასთან დაკავშირებით.

ჩემი დაკლებული წონა არ სცდება რამდენიმე კილოგრამს, არადა დიეტას 5 თებერვლის შემდეგ ვიცავ. მართლია, რამდენჯერმე მსუყედ დავარღვიე, მაგრამ ძირითადად ვცდილობ კვების რაციონი არ იყოს გადატვირთული. კალორიებსაც ვითვლი, თუმცა შედეგი, როგორც უკვე გითხარით არცთუ ეფექტურია.

ამიტომ არ ვწერდი ახალ პოსტს დიდი ხნის მანძილზე. რამდენიმე დღის წინ, როდესაც ჩემი ბლოგის მკითხველების რაოდენობას ვნახულობდი, აღმოვაჩინე რომ ყველაზე მეტი მკითხველი პირველი პოსტის შემდეგ იმ პოსტს ჰყავს, რომელშიც დიეტის პირველ შედეგსა და დაკლებულ კილოგრამებზე ვწერ. 

“ნეტგაზეთის” თანამშრომელმა და ჩემმა მეგობარმა ნინო კახიშვილმაც მომწერა რამდენიმე დღის წინ, ყველა შენს ბლოგზე მეკითხება და სად დაიკარგეო, როცა ვკითხე რას გეკიხებიანთქო, რამდენი დაიკლოო– მიპასუხა.

მეც მგონია, რომ  მკითხველი სამართლიანად  იღლება გაუთავებელი წუწუნითა და წარუმატებელი პერიოდით, ამიტომ გადავწყვიტე აღარ დავწერ სანამ ხელშესახები შედეგი არ მექნებათქო, მაგრამ გუშინ შემთხვევით აღმოჩენილმა წერილმა გადამაწყვეტინა პატარა პოსტი დამეწერა და მოკლედ მეთქვა ჩემი პრობლემის შესახებ. 

ძალიან მინდა ჩემმა ვირტუალურმა მეგობარმა წონაში სწრაფად დაიკლოს, ჩემი წონა კი ალბათ მანამ “გამაბრაზებს” სანამ დიეტის მკაცრად დაცვას არ ვისწავლი :/ 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ელენე ხაჭაპურიძე