გიორგი ვაჩნაძის ბლოგი

საარსებო სივრცე და (არ)არსებობა მის გარეშე

24.05.2013 | 2082 |
საარსებო სივრცე და (არ)არსებობა მის გარეშე

ადრე ითქვა, რომ „გვერჩიოს გულზე გვეყაროს და არა ფეხქვეშ მისი [სამშობლოს] ქვები“, რომ „გახსოვდეთ წინ მარადისობააო“. 17 მაისის აქციაზე, სადაც ადამიანები ავტობუსების ჟეშტის შეჭმას ლამობდნენ, რათა ადამიანების ხორცამდე მიეღწიათ, ვიცი რომ ამ სიტყვებზე არ ფიქრობდნენ. მათ გული არ აქვთ და ვერც სამშობლოს შეიგრძნობენ მათ ფეხქვეშ. სამშობლოს-არა როგორც მიწას, არამედ როგორც ადამიანებს, ვის გათელვასაც ისინი საკუთარი სიცოცხლის ფასადაც ოცნებობდნენ.

მას შემდეგ, როცა უცნობ ადამიანებს ვუყურებ მებადება კითხვა, იყვნენ თუ არა ისინი იმათ შორის ვინც საკუთარ ვაჟკაცობას აფეტიშებდა. ვინტერესდები, იყვნენ თუ არა ისინი იმათ შორის, ვინც აგვიხდინა წინა წლების შიშნარევი მოლოდინი: ვაი თუ „თანამედროვე ცხოველებით დასახლებულ საქართველოში ვიცხოვროთო.“ მე მათ ვერ ვცნობ, თუმცა, ისინი ყველგან არიან. „მენტალიტეტი“ ყველგან ერთია: დროში უცვლელი და ინდივიდუალურად განურჩევევლი.

როცა ნინო მოვიდა, „წმიდად შერაცხული,“ თან მოიტანა ნათელი, რომელიც იმაზე მეტად ვერ ანთებდა, ვიდრე ბნელი რომელიც დღეს მეფობს. მან აკურთხა პირველად საქართველო და რადგან ნათლობის მოწმობას ვერ გასცემდა, “შექმნა” „მთავართა სანათლო,“ სადაც კოლექტიურად მონათლეს გამორეკილი მთავრები ანუ დიდგვაროვნები. მან შეძლო ძველი მისან-ქურუმები იესოს მხედრებად ექცია. ნინომ შეძლო, მორალურად შეძლო, რომ დაევიწყებინა მისი სასწაულებრივი ძალა, რომლითაც მოაქცია დედოფალი ნანა და მეფე მირიანი. დაივიწყა ძალა, რომლითაც ქართლის კერპები დაამსხვრია. მან ქართლის ჯარი წაიძღვანა მთიანეთის გასაქრისტიანებლად. თუმცა, ნინოს ეს ძალა, ფაქტობრივად არ უხმარია. ნინომ „მცირედ შემუსრა კერპნი მთიულეთისა“,- თავი იმართლეს მისმა აპოლოგეტებმა მოგვიანებით. ალბათ აქედან იბადება ჰუმანისტური სტატისტიკა, რომელიც დაშავებულებს, დახოცილებსა და შეურაცხყოფილებს რაოდენობრივ კატეგორიებად აქცევს.

 

სახელმწიფო რელიგიის მშენებლობა ნინომ, ამ კაბადოკიელმა ავანტიურისტმა, იმპორტული „სიწმინდეების“ ჩამოტანით დაასრულა, რომლებითაც ქართლის სამეფოს ტერიტორია მოფინა. აღამართვინა ჯვრები და საჯარო სივრცე ქრისტიანულად აკურთხა. ხოლო სვეტიცხოველი ააშენა იქ, სადაც მეფის „სამოთხე“, ანუ მირიან მეფის ღვთაებრივი ბაღი მდებარეობდა, ყველაზე პრესტიჟულ ადგილას მთელს სამეფოში. ესეც კიდევ ერთი დეტალი ელიტის ადრეული ცხოვრებიდან.

17 მაისიც იმ დღედ იქცა, როცა ნინოს შთამომავლებმა „განანათლეს“ საქართველო. დღედ, როდესაც საჯარო სივრცე მართლმადიდებლად ვაკურთხეთ. შედეგიც სახეზეა. საქართველო და თბილისი 100 ათასი მოწამის ქვეყნაა და არა თუნდაც ერთი მუსლიმის, პარლამენტი სამშობლოსათვის თავგანწირული ადამიანების საკუთებაა და იქ გავლა „უწმინდურს“ არ შეუძლია, რომ ქართველი მხოლოდ მართლმადიდებელია და საქართველოს „სპრავედლივი“ სარწმუნოება „მართმადიდებლობაა“. დახურული საზოგადოების მხედრები ისევ წარმატებით ისაკუთრებენ სხვის საარსებო სივრცეს.

მეთექვსმეტე საუკუნის ინგლისელი გლეხი ამბობდა, „მართალია მეფე ინგლისში უზენაესია, მაგრამ ჩემი თანხმობის გარეშე ჩემს ქოხშიც ვერ შემოვაო.“ მგონი, გავიხსენე ადრე ნასწავლი ინგლისური ანდაზა. ამ ანდაზის მშობელმა გონმა და ნებამ შექმნა სივრცე, სადაც მეფე, როგორც თვითმპყრობელი, დიდი ხნის წინ ჩამოახრჩეს. თვითმპყრობელი ჩამოახრჩეს არამარტო სასახლეში, არამედ საკუთარ „მენტალიტეტშიც“. შუა საუკუნეების ადამიანები შეიცვალნენ.

„ევროპაში“, სადაც არასოდეს ვყოფილვართ, სექს-მაღაზია და ეკლესია შეიძლება გვერდიგვერდ იდგეს, სექს-მუშაკი და ეკლესიის მნათე შესაძლოა დამეზობლებული იყონ. ესაა ლიბერალიზმის პროდუქტი- საჯარო სივრცე, რომელშიც ასევე ცხოვრობენ „ინგლესელი გლეხების“ შთამომავლები თავიანთი განსხვავებული მისწრაფებებით, ორიენტაციებით და ინტერესებით.

მართალია ეს საჯარო სივრცე ყველასათვის თანაბრად ხელმისაწვდომი ყოველთვის არ არის, მაგრამ „ინგლისელმა გლეხებმა“ შეძლეს გადაელახათ თავიანთი ქოხის ზღურბლი და ესაუბრათ არამარტო იმაზე, რომ მათ უფლებები აქვთ თავიანთ სახლში, კერძო სივრცეში, არამედ უფლებები აქვთ მთელს ქვეყანაშიც, საჯარო სივრცეშიც.

როდესაც დიქტატი მოთხოვნილებადაა ქცეული, გონება იტანჯება იმაზე ფიქრში, რომ ვიღაცის კერძო სურვილებს, რომელიც შესაძლოა მეც გამიჩნდეს, ზნეობის დამცველი დისკურსი ვერ გააკონტროლებს. ამიტომ მიიჩნიეს, რომ „ცუდად გაგებული თავისუფლება“ ანგრევს ტრადიციულ კულტურას, რომელიც ბევრისთვის ხაჭაპური და ჩურჩხელაა. ამაზე მეტი კი არ აინტერესებთ.

უმბერტო ეკოს ერთ-ერთი წერილის სათაური- „როდესაც სცენაზე გამოდის სხვა, იბადება ეთიკა“, თითქოს კარგად უნდა უხსნიდეს სათაურების მკითხველ ერს, რომ სხვა ჩემი გაკეთილშობილების, გაეთიკურების საწინდარია. მაგრამ მე მაშინ ვიქნები ეთიკური სხვის მიმართ, როდესაც მას სტატისტიკურ კატეგორიად, ერთ ადამიანად, კი არ განვიხილავ, არამედ ინდივიდად, პიროვნებად.

წარმოიდგინეთ, მხოლოდ ევა რომ დაბადებულიყო, მხოლოდ ერთი იარსებებდა, ინდივიდუალურობა–არა. სხვისი არსებობა, ჩემი განუმეორებლობის, ინდივიდუალურობის გარანტიაა. ამიტომ მე მჭირდება სხვისი არსებობა ჩემი განუმეორებლობა და გამორჩეულობა რომ შევიგრძნო. თუ ამას გავისიგრძეგანებთ მაშინ აღარ დაგვჭირდება სემინარებსა და ვორკშოფებზე პლურალიზმის სწავლა.

როგორ შეიძლება გიყვარდეს სხვა ქვეყანაში, სადაც დემოკრატიის განმარტება ამგვარია „ჩემი უფლება მთავრდება იქ, სადაც სხვისი უფლება იწყება.“ როგორ შეიძლება გიყვარდეს ის, ვინც შენს უფლებებს ზღუდავს. სხვასთან კონფლიქტში ჩართული მის განადგურებას იწყებ „გასათავისუფლებად“ და თუ აღმოაჩენ რომ ამ დროის განმავლობაში საკუთარ თავს, ინდივიდუალურობას ანადგურებდი, შეგიძლია თქვა, რომ სხვაზე უფრო გონიერი ყოფილხარ.

ჩვენთვის უხილავი რჩება კანონი, რომელიც არის და უნდა იყოს არა ჩვენი უფლებების შემზრუდავი, ჩვენი მოქმედების წინაპირობა და ადამიანი არ შეიძლება მივიჩნიოთ ჩვენი ქმედებების ცენზორად.

ვითხოვთ ცვლილებას, რომელიც ანგრევს საარსებო სივრცის შუასაუკუნოებრივ გაგებას და მიიჩნევს, რომ მაგალითად, მხოლოდ ბაშარ ალ ასადი, ან ილია მეორე არ არის სირიის ან საქართველოს ერთადერთი ძალა, რომელსაც ყველაზე მეტად უყვარს და ყველაზე მეტად იმსახურებს სამშობლოს.

საარსებო სივრცის ამგვარი დანაწილება ვერ ანგრევს, მაგრამ ასუსტებს ელიტას, რომელიც მისგან განსხვავებულს მხოლოდ „კუხნაში“ ამწყვდევს და ეუბნება, რომ მათ შეუძლიათ იარსებონ მხოლოდ სახლში, სადაც არ შეუვარდებიან (?), ხოლო საჯარო სივრცე მხოლოდ ზნეობრივი, ჭეშმარიტი (ელიტის) მესაკუთრეების მიერაა დაპყრობილი.

ამგვარი ელიტის არსებობის პირობებში დაცული არავინაა. მაინც შეიძლება შემოგივარდეს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი იმ მიზეზით, რომ სიონიდან რამდენიმე ქუჩის ან კედლის მოშორებით კოცნაობ, ცეკვავ ან ჰელოუინს აღნიშნავ. შესაძლოა შენმა საქმიანობამ ვინმე შეურაცხყოფილი დატოვოს, ვინ იცის ვისი მოთმინება სად სრულდება?

ბოლო სენტიმენტი თანასწორობაზე. პოლიციელის თავგანწირულმა ყვირილმა, „არ დაარტყა მამაო“, რათა ჰომოსექსუალების დასარბევად მისული ბლანჟეიანი ბიჭი გადაერჩინა, ცხადი გახადა, რომ გვრჩება ღვთივნაკურთხი გარანტია ჩვენი დაუცველობისა ჩვენსავე ოცნებებსა და მისწრაფებებში. გვახოვდეს რომ თუ ჩვენ ავაშენებთ საზოგადოებას სადაც ჩვენზე უფრო „ვაჟკაცები“ ნაკლებად „ვაჟკაცებს“ ჩაგრავენ, მოვლენ „უფრო ვაჟკაცებზე“ მეტად „ვაჟკაცურები“ და შემდეგ ისინი „იბატონებენ.“ ესაა უთანასწორობის პარადიგმა.

დაბოლოს, აქციაზე, რომელიც მართმადიდებელი ფუნდამენტალისტების მიერ საარსებო სივრცის უზურპაციის წარმატებული მცდელობა იყო, ჯერ კიდევ ვნახე მეგობარი, რომელიც თავად დევნილი გადამეფარა, იმიტომ რომ მას აქვს გული და სამშობლოს შეგრძნება.

ვნახე ადამიანები, რომლებსაც უნდათ ცვლილება, „ქართველობის“ შეცვლა, და არა საქართველოს განადგურება. მათ ყველაზე მეტად შესტკივათ გული სამშობლოზე. „არაფერია უცვლელი გარდა ცვლილებისა,“ და ცვლილების არშეფერხება არის საქართველოს გადარჩენის საწინდარი. საქართველოს მტრები საქართველოშივე ჰყავს. ციხე დღეს შიგნიდან ტყდება!

სამშობლოს ერთგული ადამიანების არსებობით ყოველთვის მემახსოვრება, რომ ადამიანი მუდამ თავისუფალია, მაშინაც კი როცა მონობას ირჩევს. ბოლოსდაბოლოს სპარტაკის მაგალითი არსებობს, აჯანყება ხომ ყოველთვის შესაძლებელია. სამწუხარო მხოლოდ ისაა, როცა გათავისუფლებას ან მის შენარჩუნებას სიცოცხლის ფასი ედება. 21-ე საუკუნეში მყოფი ვხვდები, რომ სპარტაკიდან დღემდე „სივრცეში რომელსაც სამშობლო ჰქვია“ არაფერი შეცვლილა.

არადა უნდა გვახსოვდეს, რომ „წინ მარადისობაა,“ საარსებო სივრცის გარეშე კი არსებობა არარსებულია!!!“