გია მარიამიძის ბლოგი

პატრიარქის გაზაფხული

პატრიარქის გაზაფხული

“არის თეოკრატია და არის კლერიკალური მმართველობა. იმ ადამიანებმა, რომლებსაც ვერ გაურჩევიათ კლერიკალური მმართველობა და თეოკრატიული მმართველობა, საქართველოს მომავალზე როგორ უნდა ისაუბრონ. კლერიკალობა არავის არ უნდა, სასულიერო პირები იყვნენ სახელმწიფო მმართველები. იმის მაგივრად, რომ დავიჩოქოთ და ვემთხვიოთ, რომ წმინდა წინაპრების ოფლითა და სისხლით არის გაჟღენთილი ჩვენი მიწა, ზოგიერთი ამბობს, რომ ჩვენ არ გვინდა თეოკრატია. ჩვენ ღირსი არ ვართ, რომ ვახსენოთ ეს სიტყვა, თეოკრატია – ღმერთის ძალას ნიშნავს”, –  ილია მეორე.

 

ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებში საპატრიარქოს მონაწილეობას თუ გავითვალისწინებთ, ამ სიტყვებით ილია მეორემ ირიბად განაცხადა, რომ საპატრიარქო პოლიტიკური ძალაა და ქვეეყნის მოწყობაზე საკუთარი წარმოდგენები აქვს. პოლიტიკური თამაშები საკუთარი ჟანრის კანონებით იმართება და პატრიარქის განცხადებაც ამ წესებს მისდევს. ილია მეორემ კლერიკალიზმი – ანუ სასულიერო პირების მიერ სახელმწიფოს მართვა გამორიცხა. თეოკრატია კი ღმერთის მმართველობად მოიხსენია. ეს განცხადება პოლიტიკური ინტრიგის ხლართვის კლასიკური ნიმუშია. იგივე ხერხს სხვა სამღვდელო თუ საერო პირებიც მიმართავენ და კითხულობენ: ღმერთის მმართველობა არ გინდათო? “ღმერთის მმართველობა” – მართლაც  მშვენივრად ჟღერს.

 

სინამდვილეში ეს სიტყვებით  თამაშია. ცნება “თეოკრატიის” პირდაპირი მნიშვნელობის წინ წამოწევით ამ სიტყვის უკან მდგარი შინაარსი იჩქმალება. “ფაშიზმი” – “fascismo” იტალიური სიტყვაა და კონას, შეკვრას, კავშირს ნიშნავს. შეკავშირებასა და ერთობაში ცუდი არაფერია, პირიქით. აკი ქართულ გერბზე “ძალა ერთობაშია” აწერია კიდეც. მაგრამ სიტყვა ფაშიზმის გაგონებისას ერთობა, შეკავშირება და მხარში დგომა კი არა საკონცენტრაციო ბანაკებში მილიონობით მოკლული უდანაშაულო ადამიანი გახსენდება. იგივე მეორდება სიტყვა თეოკრატიასთანაც. ამ სიტყვის სემანტიკურ მნიშვნელობაზე ყურადღეების გადატანით ხალხის მოტყუება არ ივარგებს. ერთია სიტყვის მნიშვნელობა და მეორე ამ სიტყვის საქმედ ქცევას რა შედეგები მოჰყვება. ღმერთს პრეზიდენტად ვერ აირჩევ და პრემიერმინისტრად ვერ დანიშნავ. თეოკრატიის დროს  ქვეყანას ღმერთი კი არა ღმერთის სახელით მოლაპარაკე ადამიანები მართავენ. 

 

ჯერ კიდევ  უძველეს ცივილიზაციებში არსებობდნენ ქურუმები, რომლებსაც ხალხსა და ღმერთებს შორის შუამავლის მისია ჰქონდათ მითვისებული. უკიდურესი აღმოსავლეთის ხალხებში შამანები დღესაც არიან შემორჩენილი. ეს ტრადიცია უძველესია. ადამიანთა გარკვეული კასტა აცხადებს, რომ ღმერთთან დაკავშირება მხოლოდ მათი მეშვეობით შეიძლება. მათი ხელიდან გადმოდის ღვთიური მადლი და რიტუალები მისტიურ ძალას იძენენ. ამ ადამიანებმა იციან რა არის ღვთის ნება და უფალი მათი პირით ღაღადებს. ჩვენი სამღვდელოება ამ ტრადიციას აგრძელებს. ისინი ჭეშმარიტების ფლობაზე მონოპოლიას აცხადებენ. სამღვდელოება საკუთარი ლეგიტიმაციის წყაროდ არა ხალხს, არამედ ღმერთს მიიჩნევს. ღმერთთან საკუთარი კავშირის არსებობას კი სასწაულებით გვიმტკიცებენ – ღმერთი ჩვენი ხელით სასწაულებს ახდენს, ესე იგი ღვთიურ ძალებთან კავშირი მაქვსო. ამის გამოა, რომ ყვავის საქართველოში მისტიციზმი და სასწაულების ინდუსტრია. მთავარი ყოველწლიური სასწაული  სააღდგომოდ იერუსალიმში ღვთიური ცეცხლის გადმოსვლაა. უშუალოდ ცეცხლის გადმოსვლის პროცესი თვალით არავის უნახავს. ამის მიუხედავად  სასწაულის ბევრს სჯერა. მაგრამ რელიგიის მიმართ მიმნდობი ადამიანებიც კი ყოფით საკითხებში პრაგმატიზმს იჩენენ და მხოლოდ უტყუარ ფაქტებს ენდობიან. ცეცხლთან დაკავშირებით კი მტკიცებულებას არავინ ითხოვს. ადამიანებს სასწაულების დაჯერების მოთხოვნილება აქვთ და იჯერებენ კიდეც. ეს მათი პირადი ცხოვრების და არჩევანის საკითხია. ამის უფლებაც აქვთ. მაგრამ სახელმწიფო სასწაულების მეშვეობით კი არა მეცნიერული გათვლებით იმართება. როდესაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ომებს ვაგებდით, ფინანსურ და ეკონომიკურ კრიზისებს განვიცდიდით, როდესაც მრეწველობა ინგრეოდა, ვალუტის კურსი ეცემოდა, მოსახლეობა ღატაკდებოდა და ა. შ. სასწაულები არ მომხდარა. თუ სასულიერო პირებმა ქვეყნის მართვა დაიწყეს და რეალური ცხვრებაში მაგიური ცნობიერება და ირაციონალიზმი ჩაერია სასწაულების მაგივრად კატასტროფას მივიღებთ. ქვეყანა თანამედროვე ცივილიზაციის კონტექსტიდან ამოვარდება და იზოლაციაში მოექცევა. მარტოდ დარჩენილ საქართველოს კი რუსეთი ჩაყლაპავს. 

 

საზოგადოებისთვის ცნობილ არაერთ ადამიანს საჯაროდ უთქვამს, რომ მათთვის პატრიარქის სიტყვა კანონზე მაღლა დგას. ეს აზრი სულ უფრო მეტად მკვიდრდება და ბევრი იმეორებს. სწორედ ამგვარი განწყობებია თეოკრატიის ნიადაგი. კანონების მიმართ აგდებული დამოკიდებულება სახელმწიფოს ძირს უთხრის. კანონი  სხვა და სხვა ინტერეს ჯგუფებს შორის თამაშის წესებზე მოლაპარაკება, ერთგვარი საზოგადოებრივი შეთანხმებაა. როდესაც კანონზე მაღლა ერთი ადამიანის აზრს აყენებ სამოქალაქო საზოგადოებაზე უარს ამბობ. სხვა, რომ არაფერი ვთქვათ, პატრიარქიც ადამიანია და ისევე შეიძლება სცდებოდეს, როგორც ნებისმიერი სხვა. ამ ბოლო დროს  კონსტიტუციის  მიმართ აგდებულ დამოკიდებულებას შეგნებულად ამკვიდრებენ-ის ათასჯერ შეიცვალა რელიგიური დოგმები კი უცვლელიაო. კონსტიტუცია მართლაც ბევრჯერ შეიცვალა, მაგრამ ცვლილებები მხოლოდ ძალაუფლების დაყოფის და გადანაწილების ნაწილს ეხება. კონსტიტუციის ის ნაწილი, რომლითაც ადამიანის უფლებები და თავისუფლებებია გარანტირებული არ შეცვლილა და არც შეიცვლება. ეს უფლებები საერთაშორისო სამართლის და ცივილიზაციის მიერ არის გარანტირებული. ამ უფლებების და თავისუფლებების მიღწევა მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმის დამარცხების შედეგად მოხდა და მისთვის ცივილიზებულმა კაცობრიობამ  ათეულობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე გაიღო. ამ მსხვერპლის გამო  მოპოვებული თავისუფლება წმინდა და ხელშეუხებელია. ვერავის სიტყვა ვერ დადგება იმ იდეაზე მაღლა, რომ ნებისმიერი ადამიანი თანასწორია თანასწორთა შორის და მას ეს უფლება დაბადებიდან აქვს.

 

დიახ თეოკრატიას! – ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ ერთი აზრი გაბატონდება. განსხვავებული აზრი, ცხოვრების წესი, ქცევა კანონგარეშე გამოცხადდება და არსებობის უფლება წაერთმევა. თეოკრატია საზრისის მონოპოლიაა. თუ საპატრიარქომ მოახერხა და საერო ხელისუფლება დაიაქვემდებარა საზოგადოებრივ ცხოვრებაში თავისუფალი აზრის, დისკუსიის, კამათის, ჭეშმარიტების ძიების ადგილი აღარ დარჩება. სასულიერო პირებისგან ხშირად გაიგონებთ, რომ ჭეშმარიტი თავისუფლება ეკლესიურობაშია,  მაგრამ საზოგადოებრივი მნიშვნელობით თავისუფლება არჩევანის უფლებას, ალტერნატივების არსებობას ნიშნავს. ადამიანი თავისუფალი ვერ იქნება თუ მას დაბადებიდანვე ერთი ჭეშმარიტება ეძლევა და ამ  მოცემულობის ჭეშმარიტების სხვაგვარ გაგებასთან შედარების საშუალება არ აქვს. ის სხვისგან ნაბოძებ ჭეშმარიტებას უბრალოდ ვერ გაიაზრებს და მისი ბრმად მიმდევარი გახდება. თეოკრატია ადამიანში თავისუფლებასთან ერთად ქრისტიანული ჭეშმარიტებების  შეცნობის საშუალებასაც კლავს. 

 

უფლებები მოვალეობების გარეშე არ არსებობს.  უფლების მოპოვება  მოვალეობებსაც გაკისრებს.  საპატრიარქოს  პოლიტიკურ სფეროში მართვის უფლებით შემოსვლისთანავე  ჩნდება კითხვა: ვინ აგებს პასუხს ქვეყანაში სოციალური ვალდებულებების  შესრულებაზე? თუ ქვეყანას ფაქტიურად მართავ ნება იბოძე და ადამიანების კეთილდღეობაზე, მათთვის პენსიების, შემწეობების, დახმარებების გაცემაზეც იზრუნე. რა თქმა უნდა საპატრიარქო ამ ვალდებულებას არ იკისრებს. პატრიარქმა განცხადებაში კლერიკალიზმი სწორედ ამის გამო ახსენა. კლერიკალიზმი-სამღვდელოების პირდაპირი მმართველობა არ გვინდაო. მისი აზრით საერო ხელისუფლეებამ უნდა იშრომოს და  ხალხის სოციალური თუ ეკონომიკური მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს. ასე ვთქვათ-შავი სამუშაო შეასრულოს. დანარჩენი კი საპატრიარქოს ერგება და იდეოლოგიურ, კულტურულ, საზოგადოებრივ, სამოქალაქო პროცესებს თვითონ წარმართავს. რა თქმა უნდა, ღმერთის სახელით და საერო ხელისუფლების ხელებით. 

 

იმედია ასეთი “გაზაფხული” არასოდეს დადგება.