15577

ძალიან გაბრაზებული ვარ

ერთი ძალიან კარგი თვისება მაქვს, გაბრაზებული როცა ვარ წერილებს არ ვწერ და ადამიანებთან ლაპარაკსაც ვერიდები.

როცა ვგრძნობ, რომ მწყობრიდან გამოვედი, ვცდილობ ჯერ სიმშვიდე დავიბრუნო და მერე განვაახლო ფეისბუქის სტატუსი, მოვიკითხო მეგობრები და ვეკონტაქტო ოჯახის წევრებს. მაგრამ ახლა მინდა სწორედ ბრაზმორეულმა დავწერო ჩემი ბლოგი, რადგან იმის აღწერას ვაპირებ თუ რაზე გავბრაზდი და როგორ.

ამ პოსტით იდეალებს ვუმსხვრევ ყველა იმ ადამიანს, ვინც მეუბნება, რომ მათთვის სამაგალითოა ჩემი ოპტიმიზმი და სიმშვიდე. ზრდასრულმა ადამიანებმა კი უნდა იცოდნენ, რომ ყველაფერი სამაგალითო და იდეალური დროებითია. ამიტომ პირდაპირ ვიტყვი, ისეთი გაბრაზებული ვარ ირაკლიზე, ისეთი გაბრაზებული, რომ მისი დახმარების ძალას ვერ ვპოულობ.

ყველაფერი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.
ჩვენი დიდი ლონდონური ოჯახი, რომელიც ქართველი მეგობარი გოგოების, მათი ქმრებისა და ბავშვებისგან შედგება, დასასვენებლად წასვლას ვგეგმავდით. ასე ხშირად ვაკეთებთ ხოლმე და ყოველთვის კარგად ვერთობით, ჩვენც და ჩვენი შვილებიც. დასასვენებელი ადგილი მე ავარჩიე, როგორც ყველაზე გადაღლილმა და დასვენებას მოწყურებულმა. ფანტასტიური სახლი დავიქირავეთ და დღეებს ვითვლიდი ნანატრ შვებულებამდე.

  • მე ვერ წამოვალ, ეს გადაწყვეტილია და ამ თემაზე ნუღარ ვისაუბრებთ  – კატეგორიულად გამოაცხადა ირაკლიმ.


მერე ცოტა ხანში მიხვდა, რომ ძალიან მოვიწყინე და ახალი განცხადება გააკეთა:

  • რაც არ უნდა მოხდეს აუცილებლად წამოვალ, სულ რომ საკაცით გავხდე წასაყვანი და იქიდან ჩემი ჩამოსვენება მოგიხდეთ.

რამდენჯერ ვცადე დალაპარაკება, მაგრამ იგივეს მიმეორებდა, ყველა ვარიანტში მოვდივარ, მორჩა და გათავდაო.

მე არ მინდოდა  ‘ყველა ვარიანტში’ წასვლა, მე მინდოდა დალაპარაკება, მოფიქრება, დაგეგმვა, მერე წასვლამდე ერთი-ორი დღით ადრე სიტუაციის გაანალიზება და იქიდან გამომდინარე მოქმედება.

ვფიქრობდი, თავს თუ კარგად იგრძნობს წავალთ…  თუ არადა, დავრჩებით…  შეიძლება ანამარია მარტო გავუშვათ ჩვენს ოთახში… ან შეიძლება მეც წავყვე და მეორე დღეს დავბრუნდე…

მოკლედ ასე ვაწყობდი თავში გეგმებს, მაგრამ ვინ გაცლის, რომ ნორმალური ადამიანივით შეხედო სიტუაციას და როგორც ჯობია ისე გააკეთო?! ზღარბივით გახდა, მიკარება და დალაპარაკება ვერ შევძელი, ვერც ჩვენს გეგმებზე და ვერც ზოგადად მის მდგომარეობაზე.


ეს ჯერ შესავალია, მთავარ ამბავზე ახლა უნდა გადავიდე.

დაგეგმილ დასვენებამდე რამდენიმე კვირით ადრე ოდნავ გაუღიზიანდა ნანემსარი მუცლის კუნთზე. ვთხოვე, ნემსი სხვა ადგილას გაეკეთებინა და ეს ექიმს ეჩვენებინა.

მაცალე, მივხედავ ჩემს თავსო.

მერე ვიგრძენი რომ ძალიან გადაიღალა და ვთხოვე, სამსახურიდან დაეთხოვე და რამდენიმე დღე სახლში დაისვენე მეთქი.


მივხედავ ჩემს თავსო, თავი დამანებე ნუ მაღიზიანებო.

მერე ქავილი დაეწყო, ექავებოდა ნანემსარი და მუცელი. ისევ ვთხოვე, ექიმს ანახე მეთქი, მაგრამ მივხედავ, მაცალეო.

ქავილი ძილში ხელს უშლიდა, გამოუძინარი სამსახურში რომ მიდიოდა და იქ სტრესულ საქმეს აკეთებდა, ამით გადაიტვირთა და გადაიღალა. ხან როგორ ვთხოვე, ხან როგორ, სერიოზულად მოეკიდე ამ ამბავს, დაისვენე და  გამონაყარი მოირჩინე მეთქი.


ეგრე ძალიან არ მაწუხებს, მე მივხედავ, არაფერი არ გამირთულდება, შემეშვი, შენ იმაზე ნუ დარდობ რომ დასვენება ჩაგეშლება ჩემს გამოო.

შენ დასვენებაზე ნუ დარდობ, იქ მაინც წავალთო!


ამას მეუბნება ადამიანი, რომლის ჯანმრთელობა ჩემი უმთავრესი საზრუნავია 2006 წლიდან მოყოლებული!!!

მე ჩემს დასვენებაზე ვდარდობ თუ შენს ჯანმრთელობაზე?!
ძალიან გავბრაზდი, მაგრამ მაშინ არაფერი დავწერე ბლოგში და არც არაფერი მითქვამს მისთვის. აზრი არ ქონდა მასთან ლაპარაკს, არ მისმენდა, ისევ ზღარბივით იყო.
ცივი წყალი დავლიე და დაველოდე წყენა როდის გადამივლიდა.

შემდეგი რამდენიმე დღე მე მაინც ვთხოვდი გამოიძინე, ექიმს გამონაყარი ანახე, გამიზეზებულ ნანემსარს მიხედე და სამსახურში პაუზა აიღე მეთქი…


ყველაფერზე პასუხი ისევ იგივე ქონდა: ნერვებს ნუ მიშლი, რატომ მაღიზიანებ, ნუ მიჩიჩინებ, შემეშვი.

რაღა ბევრი გავაგრძელო; ნანემსარი გაუმიზეზდა, დაღლილობა და უძილობა მოერია და გამონაყარი მთელს მის სხეულს წითელი ქარივით მოედო. მოკლედ ირაკლი იმნაიშვილმა (გაბრაზებული როცა ვარ ფორმალურად მივმართავ ხოლმე) ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, ლამის მართლა საკაცე გახდა საჭირო. ახლა გაბრაზებული ვარ და იმიტომ ვამბობ ასე. როცა დავმშვიდდები იგივეს ალბათ უფრო კორექტულად ვიტყვი, მაგრამ ‘თავი ჩაიგდო’ შეულამაზებელი სიმართლეა.

როცა მდგომარეობა ძალიან გართულდა, BBC-ზე თანამშრომლებს მის ნაცვლად მე ვუთხარი მომავალი კვირიდან ცოტა ხანი სამსახურში არ ივლის მეთქი. ამაზე გაბრაზდა და რამდენიმე დღე არ მელაპარაკებოდა.

მაგრამ მე ლიზიკო ჩავრთე, ის დაადგა თავს ოფისში და უთხრა, სანამ ექიმთან არ წახვალ აქედან ფეხს არ მოვიცვლიო. მეგობრებს უფრო უწევს ხოლმე ანგარიშს ასეთ მდგომარეობაში, თუმცა ხანდახან იმათაც ეუბნება, თავი დამანებეთ და ნათიასავით ნუ მიჩიჩინებთო.  

ცალმხრივი და დაუბალანსებელი რომ არ გამოვიდეს ეს პოსტი (მაინც პროფესიული სტანდარტები მახსენებენ თავს) ირაკლის დასაცავად უნდა ითქვას, რომ უხეშად საუბარი და ‘თავი დამანებე’ არ ახასიათებს მაშინ, როცა მკურნალობის კურსს არ გადის. ისიც უნდა ვთქვა, რომ ყოველკვირეულად მიდიოდა საავადმყოფოში მონიტორინგისთვის. იქ ეუბნებოდნენ კანის გაღიზიანება პრეპარატ ‘ინსივოს’ ახასიათებს და ამაში გასაკვირი არაფერიაო.

თუმცა ახლა ის უნდა ავხსნა მე რატომ გავბრაზდი:

  1. რაც არ უნდა რთული იყოს მკურნალობა ‘ჩემს საქმეს მე მივხედავ’ და ‘შემეშვი’, არ უნდა უთხრა ადამიანს, რომელიც შენს დახმარებას ცდილობს.

  2. საავადმყოფოში მისვლა და ექიმისთვის გამონაყარის დანახება საკმარისი არ არის, კონკეტულად უნდა აუხსნა რა გაწუხებს. არ უნდა მოითმინო ტკივილი, გულისგამაწვრილებელი ქავილი და უძილობა, ექიმს უნდა მოთხოვო იმოქმედოს როცა მისი ‘ცოტაც ვაცალოთ’ და ‘კიდევ შევხედოთ’ შედეგის მომტანი არ არის. არ უნდა ელოდო, რომ ის მიხვდება რამდენად გიჭირს, უნდა განუმარტო, რომ აღარ შეგიძლია მოთმენა.

  3. მერე შენ უნდა დაეხმარო საკუთარ თავს, ძილი და დასვენება ორგანიზმს საშუალებას აძლევს ძალა მოიკრიბოს და პრობლემას გაუმკლავდეს. წამლის დალევა შედეგს ვერ მოიტანს თუ სწორად არ იკვებე, რეჟიმი თუ არ დაიცავი. ‘შემეშვი’ და ‘ნუ მიჩიჩინებ’-ის ძახილით ჯერ არავინ მორჩენილა, ჯანმრთელობის შენარჩუნებას და მკურნალობას შრომა და დისციპლინა ჭირდება.


მე მესმის, რომ ეს რთული გასაკეთებელია, მაგრამ არც ჩემს ადგილას ყოფნაა ადვილი, როცა მზრუნველობაზე პასუხად აგრესიას იღებ. კიდევ მაშინ დამწყდა გული, როცა სმს-ით მომწერა (ჩემი არ იყოს ისიც ცდილობს გაბრაზებულმა ნაკლები ილაპარაკოს, ესეც ჩავუთვალოთ) წინა მკურნალობასთან შედარებით ხომ ნაკლებს გეჩხუბები და მაინც რატომ ხარ უკმაყოფილოო. თითქოს წინა მკურნალობის დროს რომ გვიყვიროდა და კარებს გვიჯახუნებდა ეს დამკვიდრებული ნორმაა და ახლა ყველაფერი ამაზე ნაკლები უბრალოდ უნდა გვიხაროდეს.


მოკლედ, ბოლოს დასასვენებლად კი წავედით, მაგრამ მაგ მომენტისთვის ირაკლი უკვე ისეთი დასუსტებული იყო, ლოგინიდან ვერ დგებოდა. მე ჯერ ბასეინში ვცურავდი, მერე მას ვაჭმევდი ხელით, მერე მეგობრებთან ერთად ვცეკვავდი და შემდეგ კი ირაკლის მთელს სხეულზე ვუსმევდი ათასგვარ წამალს. მან ვერ დაისვენა, მაგრამ მე ძალიან განვიტვირთე მზისა და ცურვისგან.

აი ასე გამოიყურებოდა ბასეინი, რომელიც ირაკლიმ მხოლოდ ჩვენი ოთახის ფანჯრიდან დაინახა:

ქართველი ჟურნალისტები ნათია აბრამია და ირაკლი იმნაიშვილი აწარმოებენ ბლოგს C ჰეპატიტამდე და მას შემდეგ   http://c-hepatiti.blogspot.co.uk

ირაკლი იმნაიშვილს C ჰეპატიტის დიაგნოზი 2006 წელს დაუსვეს. მას შემდეგ ნათია და ირაკლი ამ პრობლემით დაინტერესდნენ და დაავადების შესახებ ინფორმაციის მოგროვება დაიწყეს. მათი მიზანია ინფორმაცია მიაწოდონ ყველას, ვისაც შეეხო ჰეპატიტის პრობლემა. ოფიციალური მონაცემებით საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 6.7%, დაახლოებით 200 ათასი ადამიანია ინფიცირებული. ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ მათ ბლოგპოსტებს.

ამჟამად ორივე ცხოვრობს ინგლისში და მუშაობს ბი-ბი-სიზე. ნათია აბრამია და ირაკლი იმნაიშვილი ბლოგში აღწერენ, თუ როგორი გავლენა მოახდინა ვირუსმა მათ ოჯახურ ცხოვრებაზე.

ნათია აბრამია