ვის ეშინია სეკულარული დემოკრატიის?

ამ თემაზე მუშაობის სურვილი ჰაინრიხ ბიოლის ფონდში გამართული საჯარო დებატების შემდეგ გამიჩნდა და სათაურიც იგივე გადმოვიტანე. იმ დღეს დარბაზი განაწყენებულმა დავტოვე, რადგან დამსწრე საზოგადოების უმრავლესობა დისკუსიის მსვლელობისას თითქმის ყველაფერზე საუბრობდა, გარდა სეკულარული დემოკრატიის პრობლემებისა საქართველოში

 

Levan Ochkhikidze
ლევან ოჩხიკიძე

ამ თემაზე მუშაობის სურვილი ჰაინრიხ ბიოლის ფონდში გამართული საჯარო დებატების შემდეგ გამიჩნდა და სათაურიც იგივე გადმოვიტანე. იმ დღეს დარბაზი განაწყენებულმა დავტოვე, რადგან დამსწრე საზოგადოების უმრავლესობა დისკუსიის მსვლელობისას თითქმის ყველაფერზე საუბრობდა, გარდა სეკულარული დემოკრატიის პრობლემებისა საქართველოში.

 ამიტომაც გადავწყვიტე თავად გამომეკვლია და გამეანალიზებინა  დღევანდელი მდგომარეობა საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის. ათვლის წერტილად 1991 წლის 9 აპრილი ავიღე, დღე, როცა ოფიციალურად აღვადგინეთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. მანამდე კი იყო 70 წლიანი თანაცხოვრება საბჭოთა კავშირში, ერთმორმწუნე რუსეთის სახელმწიფოსთან.

ბოლშევიზმის ეპოქაში გაჩნდა „აგრესიული ათეიზმი“ და 1921 წლიდან მოყოლებული დაანგრიეს არაერთი ქრისტიანული სამლოცველო ტაძარი, დახვრიტეს სასულიერო საზოგადოების ნაწილი და მოახდინეს მრევლის შევიწროვება. მაგრამ ბოლშევკები ამავდროულად მუსლიმანურ და კათოლიკურ სამლოცველოებსაც ანგრევდნენ, თუმცა დღეის საქართველოში მორწმუნენი და მათი სულიერი მამები მწირ ისტორიულ მეხსიერებას იჩემებენ, და არ ახსენდებათ არცერთი არამართლმადიდებლური ტაძრის არსებობა საქართველოში. გასაბჭოების შემდეგ საქართველოში ღმერთი მოკვდა, არსებობდა მხოლოდ დიადი საბჭოთა იდეა. პერესტროიკის ჟამს  კვლავ გაჩნდა იდეა უფლისა, მაგრამ ამ ღმერთს პოვნა სჭირდებოდა და პარტიულმაც და არაპარტიულმაც, მორწმუნემაც და ათეისტმაც, ბებიებმაც და შვილიშვილებმაც, ყველამ ერთად დაიწყეს მართლმადიდებლური პლატფორმის მშენებლობა. თუ 20-იან წლებში ქრისტიანობა ჩაანაცვლა კომუნიზმმა, 90-იან წლებში მართლმადიდებლობამ რეინკარნაცია განიცადა და კვლავ დაუბრუნდა ქართველ ერს. ეს ის პერიოდია როცა ეკლესია ახლიდან სწავლობს მიწაზე სიარულს.  ერი რელიგიურმა სენტიმენტალიზმმა მოიცვა.

ჩვენი კონსტიტუცის მიხედვით საქართველო სეკულარული სახელმწიფოა, იგი ნეიტრალურია ეკლესიის მიმართ და არ ერევა მისი მმართველობის სფეროში, ისევე როგორც ეკლესია არ ახდენს ჩარევას სახელმწიფოს მმართველობაში, მაგრამ ჩემი ეს მონათხრობი სეკულარული სახელმწიფოს შესახებ შეგვიძლია ჰიპოთეზად ჩავთვალოთ, რადგან თუ ამ ნააზრევის ვერიფიცირებას მივყვებით, ხელში შეგვრჩება კლერიკალური სახელმწიფო, რის ნიშნებსაც და ფაქტებსაც უფრო ვრცლად ქვემოთ განვიხილავ.

საქართველოში 1917 წელს ჩატარებულ საეკლესიო კრებაზე, სასულიერო განათლების ქონა აუცილებელ წინაპირობად დამტკიცდა მღვდლის ხარისხის მოსაპოვებლად, მაგრამ საბჭოეთის ეპოქაში ეს მოთხოვნა გაუქმდა და მას მერე სასულიერო პირებად თავისუფლად ინიშნებიან ადამიანები, რომლებიც არანაირ თეოლოგიურ ცოდნას ატარებენ. შემდეგ ეს მღვდლები მწყემსავენ მორწმუნეთ, რომელთაც სჯერათ საკუთარი მოძღვრის და მის ნებისმიერ  ქადაგებას, სახარებისეული სიმტკიცით იაზრებენ.

1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ეკლესია ცდილობს ქართველობის გაგება მოაქციოს მართლმადიდებლურ ჭრილში. ქართველი – ე.ი. მართლმადიდებელი. „სარწმუნეობაში უმეცრის“ სტატუსით, თავი მოინათლა ახალი დემოკრატიული საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, ამბობდნენ რომ მათ არ ესმოდათ, მაგრამ სწამდათ; და მრევლიც ბრმად დაყვებოდა სულიერ წინამძღოლს. როცა ბებიაჩემს სადმე მივყავდი, გზად ეკლესიასთან შეჩერდებოდა, პირჯვარს გაურკვეველი მიმართულებით გადაიწერდა და ამბობდა: „ღმერთებო, თქვენი სახელების ჭირიმე!“ – ქრისტე მისთვის არქეტიპული მოვლენა იყო, ის კვლავ იმ ღმერთებს სცემდა თაყვანს, რომლებიც მისტიურ, შორეულ თოვლიან ადგილებში არსებობდნენ, შემდეგ კი ერთ ღმერთს შეერწყნენ და ის ღმერთი განკაცდა. 21-ე საუკუნის მიჯნაზე გაჩნდა ჭორი, რომ მოუნათლავი ბავშვები მომდევნო ათასწლეულში ვერ გადააბიჯებდნენ და მეც საჩქარო წესით, ათი წლის ასაკში მართლმადიდებლად მომნათლეს. ეს ორი მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ ნათლად მეჩვენებინა ის ფანატიკური დამოკიდებულება ქრისტიანობისადმი, რომელიც ჯერ კიდევ იმ წლებში არსებობდა. ინსტიტუციონალურად ეკლესია ყველაზე ძლიერი ფიგურაა, მას დღეს მოსახლეობის 93 პროცენტი ენდობა, და მათი ეთნორელიგიური პროპაგანდა, სრული სიმძლავრით მოქმედებს.

რელიგიური ნაციონალიზმის ბრწყინვალე ნიმუშად კი შეგვიძლია ავიღოთ ილია მეორეს ქადაგება სვეტიცხოველში, სადაც მან, 1992 წელს განაცხადა რომ ქართველი, რომელიც უარყოფს მართლმადიდებლობას, ის არა მარტო ეკლესიის, არამედ ერის მტერიცაა. დღეს კი გვაქვს შედეგი, როცა მართლმადიდებლობა ქცეულია იდეოლოგიად, რწმენა კი – ტრადიციად.

სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყანაში დაიწყო უდიდესი კრიზისი, როგორც მატერიალური, ისე – მორალური. ხალხი შიმშილობდა, ერთეულები კი მდიდრდებოდნენ.  მდიდრდებოდა ეკლესიაც. თანამედროვე ქართული კრიმინალური ისტორიის ოქროს ხანად შეგვიძლია მივიჩნიოთ 90-იანი წლები. ქურდები ხვდებოდნენ, რომ რაღაცას ცოდავდნენ და საშველად ეკლესიისგან ინდულგენციებს ყიდულობდნენ. და შენდებოდა უამრავი ეკლესია, მშიერი ადამიანების სახლის წინ.

სეკულარიზმი თავის მხრივ არის პროცესი, რომელიც ერთ დღეში არ სრულდება, იგი ხორციელდება დროის რაღაც პერიოდში, და მისი შესრულების შემდეგ ორივე მხარე, ეკლესია და სახელმწიფო, უნდა ცდილობდეს მის შენარჩუნებას. მაგრამ სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთიანობის გარღვევა არანაირი ძალით არ იწყებოდა. ეკლესია მუდამ ახერხებდა რომელიმე პოლიტიკური ბერკეტის საშუალებით ამ გამიჯვნის პროცესის დაბლოკვას. 1997 წელს შიო-მღვიმის, ბეთანიის, დავით-გარეჯის, ზარზმის და ქვათახევის მონასტრებმა და ასევე სხვაგან მოღვაწე სასულიერო პირთა ნაწილმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეკუმენისტური მწვალებლობა დააბრალეს და მასთან ევქარისტული კავშირი გაწყვიტყეს. ფუნდამენტალისტთა ჯგუფი მოითხოვდა მსოფლიო ეკუმენური სივრციდან ქართული ეკლესიის გამოსვლას, მათი სურვილი იყო საქართველოს საპატრიარქოს მოქცევა სრულ იზოლაციაში. ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან გამოსვლა კი რუსეთის პროვოცირებული იყო, რომელიც აპროტესტებდა სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიების თანალოცვის პროგრამას. საბოლოოდ კი მოხდა ისე, რომ საქართველომ დატოვა ეკლესიათა მსოფლიო საბჭო და ევროპის ეკლესიათა კონფერენციაც.  საპატრიარქოს ეს გადაწყვეტილება იყო უკან გადადგმული დიდი ნაბიჯი დასავლეთთან ინტეგრაციაში და უარი მათთან დიალოგზე, მაშინ, როცა შევარდნაძის მთავრობა გამოხატავდა დიდ ლტოლვას და მისწრაფებას დასავლური სამყაროსკენ. საბოლოოდ რუსეთმა ეკუმენური სივრცე არ დატოვა და მხოლოდ ჩვენ აღმოვჩნდით ჩვენს მიერვე დახურულ კარს მიღმა. 2004 წელს კი საქართველო დსთ-ს რელიგიათა საბჭოში გაწევრიანდა, რომლის ცენტრი მოსკოვში მდებარეობს.

საპატრიარქოში სიტყვა სეკულარიზმის ეტიმოლოგიური განმარტება, რადიკალურად არის აცდენილი ამ სიტყვის თავდაპირველ შინაარსს, რადგან წლების განმავლობაში მათი განცხადებები და საქმენი, მხოლოდ საპირისპიროზე მეტყველებენ. 2001 წელს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი გაეროს პროგრამის „ცივილიზაციათა დიალოგის“ ფარგლებში ირანის ხელისუფლებისა და სასულიერო პირების ოფიციალურ წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც განაცხადა: „დღევანდელი მდგომარეობა მსოფლიოში საგანგაშოა, და რელიგიას ეფექტურად შეუძლია მოაგვაროს არსებული უთანხმოებები.“

2003 წლის სექტემბერში საქართველოს საპატრიარქომ ღია ჩარევა განახორციელა სახელმწიფოს საქმიანობაში, როცა მთავრობა აიძულეს უარი ეთქვათ ვატიკანთან სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულების გაფორმებაზე. მაშინ საპატრიარქომ ახალგაზრდობას მოუწოდა, დაეცვათ საქართველოს ეკლესია და ხმა აემაღლებინათ „უღმერთობაზე“. ქუდზე კაცი იხმეს პარლამენტის წინ და მოაწყვეს საპროტსეტო აქცია. ტრანსფარანტებზე ჩვენთვის უკვე ფოლკლორულ ფრაზებად ქცეული წარწერები იყო: „თავი დაანებეთ საქართველოს!“; „საქართველო ვატიკანის გარეშე!“ და ა.შ. ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მეორე დღესვე დატოვა საქართველო და სინანული გამოთქვა ჩაშლილი ხელშეკრულების გამო. წმინდა საყდარში ცხოვრება ჩვეულებრივად გაგრძელდა, ჩვენ კი შეგვრჩა კიდევ უფრო გაღიზიანებული და საკუთარ სიძლიერეში დარწმუნებული საპატრიარქო, რომელიც არ დასჯერდა და თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, ვატიკანის საელჩოს საძინებელი ოთახების გვერდით, კიდევ ერთი მართლმადიდებლური ტაძარი ააგო, ნიშნად რწმენისა და სიყვარულისა. ამას წინ უძღვოდა რომის პაპის ვიზიტი საქართველოში 1999 წელს. ყველა ინტერესით ელოდა იოანე პავლე მეორეს ჩამოსვლას, მაგრამ მრავალმა მოძღვარმა მრევლს აუკრძალა პაპის ქადაგების მოსმენა. ეს მათი მტკიცებით „დიდი მწვალებლური ცოდვა“ იქნებოდა.

www.peterwilliams.ch

www.peterwilliams.ch

სანამ სახელმწიფო ეკლესიას პრივილეგიებს არ ჩამოართმევს, მანამ ზედმეტია საუბარი მათ გამიჯვნაზე. განსაკუთრებით შეუძლებელია სეკულარული სახელმწიფოს მშენებლობა მაშინ, როცა ეს პრივილეგიები საკონსტიტუციო დონეზე არის აყვანილი და რიგ შემთხვევებში – კანონზე მაღლაც. ასეთი განუსაზღვრელი უფლებების თავმოყრა ე.წ. „კონკორდატში“, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებულ საკონსტიტუციო შეთანხმებაში მოხდა. იგი ჰარმონიულობაშია სახელმწიფოსთან, „კონკორდატის“ მუხლები ხელმძღვანელობს და გაჟღენთილია იმ მსოფლმხედველობით, რომლითაც სჭვრეტდნენ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობას ფეოდალური წყობის საქართველოში. სამწუხაროდ მმართველ პოლიტიკური გუნდი მუდამ სარგებლობდა საპატრიარქოს ელექტორული მხარდაჭერით, ეს უკანასკნელი კი ამ დახმარებას რბილად თუ ვიტყვით, არც ისე უანგაროდ გასცემს. ამ ანგარებიანი გარიგების ერთ-ერთი შედეგი კი სწორედ „კონკორდატი“ გახლავთ. სამოქალაქო განათლების დონე ჩვენს ქვეყანაში ძალზედ დაბალია და შესაბამისად საქართველოს მრავალმა მოქალაქემ არც კი იცის, თუ რა წერია ამ შეთანხმებაში. ამ შემთხვევაში ვეცდები განვიხილო მისი რამდენიმე ცალკეული მუხლი. მაგალითად მე-5 მუხლში ვკითხულობთ: „საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ხელშეუვალია.“ – საქართველოში არსებობს გარკვეული ტიპის იმუნიტეტები, რომლითაც სარგებლობენ პარლამენტს წევრები, დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები და ა.შ. მაგრამ მათ არ გააჩნიათ ხელშეუვალობა. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ შესაძლებელია კანონდამრღვევისთვის იმუნიტეტის მოხსნა და პასუხისგებაში მიცემა, მაგრამ ეს შეუძლებელია პატრიარქის შემთხვევაში, რაც ძალიან სახიფათოა ჩვენნაირი მახინჯი დემოკარტიის მქონე სახელმწიფოსთვის. ნელ-ნელა ეკლესია უახლოვდება იმ პერიოდს, როცა წმინდა სინოდს მოუწევს ახალი პატრიარქის არჩევა. თუ დღეს სახელმწიფოს მმართველ გუნდს გააჩნია ნდობა კონკრეტულად მოქმედი პატრიარქისადმი, რა გარანტია არსებობს იმისა, რომ მის შემდეგ არ მოვა ფუნდამენტალისტი საჭეთმპყრობელი (როგორებიც დღეს მრავლად არსებობენ ეკლესიაში), რომელიც ქვეყანას არ წაიყვანს თეოკრატიული მმართველობისაკენ? ქვეყანაში, სადაც ეკლესიისადმი მოსახლეობის ნდობა 93 პროცენტს შეადგენს, და გვაქვს იმის მაგალითები, როგორ მომართა ეკლესიამ მრევლი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, ვგონებ ლოგიკური იქნება ფიქრი ხვალინდელ დღეზე, როცა შეიძლება, რომ მომავალმა ხელშეუვალმა პატრიარქმა ჯარიც და პოლიციაც დაუპირისპიროს მთავრობას და დაამყაროს თეოკრატიული მმართველობა. ამის ისტორიული მაგალითია 1979 წელს ირანში მომხდარი ისლამური რევოლუცია და რამდენიმე კვირის წინანდელი სამხედრო გადატრიალება ეგვიპტეში.

ასევე ძალზედ საეჭვო და იდუმალია კონსტიტუციური შეთანხმების მე-6 მუხლის მე-5 აბზაცი: „ეკლესიის მიერ წარმოებული საღვთისმსახურო პროდუქცია – მისი დამზადება, შემოტანა, მიწოდება და შემოწირულობა, ასევე არაეკონომიკური მიზნით არსებული ქონება და მიწა გათავისუფლებულია გადასახადებისაგან.“ პარლამენტარი ზურაბ ჯაფარიძე, თავის წერილში „შავი ხვრელი“ ძალიან კარგად ხსნის ამ მუხლის პრობლემის არსს და განმარტავს, რომ ამ კანონის წყალობით, ჩვენ მივიღეთ ავტონომიური წარმონაქმნი, რომლის შიგნით მოძრავ ფინანსურ სახსრებს საზოგადოება ვერ აკონტროლებს. ეს კი იმიტომ, რომ არსად არის განმარტებული, თუ რა იგულისხმება საღვთისმსახურო პროდუქციად. შედეგი კი არის ის, რომ  საპატრიარქოს ზურგს უკან ამოფარებული მრავალი შპს სარგებლობს ეკლესიისთვის განკუთვნილი საგადასახადო პრივილეგიებით.კონკორდატი დისკრიმინაციულია არამართლმადიდებლური რელიგიური კონფესიების მიმართ, ისინი კონსტიტუციურად არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფებიან და  რიგ საკითხებში პრივილეგირებული, მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაა. მაგალითად, ყველა ის პირი რომელიც საპატრიარქოს მიერ გამოყენებული რელიგიური ნივთების წარმოებითა და რეალიზაციით იღებს მოგებას – გათავისუფლებულია მოგების გადასახადისგან, მაგრამ თუ იგივე პირი მსგავს ნივთებს აწარმოებს და რეალიზაციას ახდენს სხვა რელიგიური ორგანიზაციისათვის, მაშინ ეს შეღავათი მასზე არ ვრცელდება. ასევე, თუ მეწარმე ასრულებს ტაძრის მშენებლობას, რესტავრაციას და მოხატვას მართლმადიდებლური ეკლესიის დაკვეთით, იგი თავისუფალია დღგ-ს გადასახადისგან, მაგრამ თუ მას სხვა რელიგიური ორგანიზაცია დაუკვეთავს იგივე სახის სამუშაოებს, მას ეს შეღავათი ეხსნება.

მე-11 მუხლი კი ის დიდი ლაქაა, რომელიც ჯერ ვერცერთმა ხელისუფალმა მოწმინდა ქართულ სახელმწიფოს. საქმე ეხება იმ მატერიალურ და მორალურ ზიანს, რომელიც ეკლესიას 1921-1990 წლებში მიადგა. საქართველოს სახელმწიფო, როგორც მემკვიდრე საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა, პასუხისმგებელია ამ ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურებაზე, მაგრამ დღემდე არ დათვლილა ზარალის ოდენობა. ამიტომაც ჩნდება ეჭვი, რომ საქართველოს მოქალაქეების ჯიბიდან ამოღებული თანხა, უკვე გადაჭარბებით ხმარდება მართლმადიდებლურ ეკლესიას. იურისტ სულხან სალაძის კვლევა გვიჩვენებს, რომ მხოლოდ 2006 წლიდან – დღემდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან საპატრიარქოში 91 137 000 ლარი არის გადარიცხული. ამას ემატება ამავე პერიოდში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა 10 401 087 ლარის ოდენობით, რომლიდანაც 2 170 290 ლარი სასულიერო პირებისთვის ავტომანქანების შესყიდვას მოხმარდა, ხოლო კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის დაბადების 75, მღვდელმთავრობის 45 და აღსაყდრების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიების დასაფინანსებლად 1 230 565 ლარი გამოიყო. ასევე ჩემს მიერ მიერ მოკვლეულ პრეზიდენტის დადგენილებებში, მხოლოდ სააკაშვილისა და ბურჯანაძის პრეზიდენტობის პერიოდში, საქართველოს საპატრიარქოს 20 წლიანი მიჩინების ვადით გადაცემული აქვს ჯამში 2,221.75 ჰექტარი მიწა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. გარდა ამისა, 2009 წელს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 300 000 ლარი, რათა მომხდარიყო საპატრიარქოს ტელევიზიის ტექნიკური გადაიარაღება. მაშინ დეკანოზმა დავით შარაშენიძემ განაცხადა, რომ მთავრობის მიერ გამოჩენილი კეთილი ნება მათთვის ნუგეშისმიმცემია.

„ეკლესიები, რომლებსაც საქმე შედარებით მოწესრიგებული აქვთ და ხარობენ ეკონომიკური და პოლიტიკური სიკეთით, სხვა ეკლესიებს ზემოდან დაჰყურებენ და არ ფიქრობენ იმაზე, რომ უფლის ნება იმ ეკლესიების დახმარებაა, რომლებსაც უბედობის გამო შეწევნა სჭირდებათ.“ – ეს წმიდა გრიგოლ ფერაძის მიერ წარმოთქმული სიტყვაა, 1927 წელს ლოზანაში ჩატარებულ მსოფლიო საეკლესიო კონფერენციაზე. მართალია დღეს პარლამენტარები აცხადებენ, რომ სახელმწიფომ უნდა აუნაზღაუროს ეკლესიას მიყენებული ზარალი, მაგრამ საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში, ზარალი მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიას არ მისდგომია. ამიტომაც სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობაა, გადაჭრას ის პრობლემური საკითხები, რომლებიც რელიგიური უმცირესობების მიმართ არსებობს. საქართველოს საპატრიარქოს დღემდე აქვს მისაკუთრებული ხუთი კათოლიკური ტაძარი გორში, უდეში, ივლიტაში, ქუთაისსა და ბათუმში. ეს ტაძრები კათოლიკე მრევლის იტორიულ საკუთრებას წარმოადგენს, მაგრამ საპატრიარქო მათ უკან დაბრუნებაზე არ ფიქრობს. უფრო მეტიც, სოფელ უდეში ხდებოდა ტაძრის იერსახის შეცვლა და კათოლიკური ელემენტების გაქრობა – დამახინჯება. სოფელ ივლიტაში მდებარე კათოლიკურ ეკლესიაში იატაკზე დაასხეს ბეტონი, რათა იქაც მომხდარიყო კათოლიკური ნიშნების დაფარვა და გარედან შემოიტანეს და ტაძარში ჩაფლეს უცნობი ადამიანის საფლავის ქვები იმის დასამტკიცებლად, რომ ისტორიულად ეს ტაძარი მართლმადიდებლებს ეკუთვნოდათ. ამ ვანდალიზმზე კი პასუხი არავის ეთხოვება. იგივე მოხდა გორშიც, სადაც ისეთი მასშტაბის სარემონტო სამუშაოები ჩაატარეს, რომ ტაძარმა სრულად დაკარგა ავთენტიკურობა. ამ ყველაფრის ფონზე კი ნათლად ვაანალიზებ, თუ რატომ ატეხა საპატრიარქომ დიდი აურზაური  2003 წელს, როცა საქართველოსა და ვატიკანს შორის სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო. ანალოგიური პასუხიმგებლობა გაგვაჩნია მუსლიმი საზოგადოების მიმართ. ბათუმში აზიზიეს მეჩეთი მე-19 საუკუნეში აშენდა და ისიც კომუნისტებმა დაანგრიეს. მაშინ, როცა ბათუმში არსებული მეჩეთების რაოდენობა მუსლიმანებისთვის საკმარისი არ არის, რატომ არ ასრულებს ქართული სახელმწიფო ევროსაბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებას? ეს კითხვა აბსოლუტურად ლეგიტიმურია, მაგრამ ის ადამიანები, ვინც პასუხი უნდა გაგვცენ, უკვე წლებია ამ თემას ბურუსში ხვევენ. მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი საზოგადოება ნაკლებად ინტერესდება მსგავსი საკითხებით, ბოროტი ზრახვების მქონე გარკვეული ჯგუფები კი ამ თემებით სპეკულირებენ და ქართველ ერს რელიგიური ნიშნით უპირისპირებენ ერთმანეთს.

დღეს საქართველოს საშუალო სკოლებში რელიგიის ისტორიის შესწავლა ნებაყოფლობითია და იგი სასწავლო პროგრამაში არჩევით საგნად არის მითითებული. მაგრამ მნიშვნელოვანია და ყურადღება მისაქცევი ის „რელიგიური გარემო“, რომელიც საჯარო სკოლებში არის შექმნილი. მრავალი მასწავლებელი, რომელიც თავს მართლმადიდებელ ქრისტიანად მიიჩნევს, ხშირად გაკვეთილის დაწყების წინ მოსწავლეებს წამოაყენებს და ქრისტიანულად ალოცებს. შესაძლებელია მოსწავლეთა უმრავლესობა ქრისტიანი იყოს, მაგრამ არიან ბავშვები, რომლებიც შიშის ფაქტორის გამო ვერ აღიარებენ საკუთარ სარწმუნოებას და რეალურად ისინი იზრდებიან კატეხისტურ გარემოში. „კონკორდატის“ მე-5 მუხლის 1 აბზაცის მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში რელიგიური სასწავლო პროგრამების დადგენა, შეცვლა, პედაგოგთა დანიშვნა და გათავისუფლება ხდება ეკლესიის წარდგინებით. ინტერნეტჟურნალ „ამბიონისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, 208-ე საჯარო სკოლის რელიგიის ისტორიისა და კულტურის პედაგოგი, დალი რუხაია აცხადებდა: „ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ რელიგიის პედაგოგი ვარ. ეს ჩემი ცხოვრებაა, ბავშვებს ქრისტიანულ ცხოვრებას ვასწავლი, სკოლაში ბევრი მორწმუნეა, მაგრამ ვინც არ არის, ნელ-ნელა მიგვყავს ეკლესიამდე, შემდეგ კი მოძღვრები მიაქცევენ ყურადღებას. ერთბაშად ბავშვის ტაძრამდე მიყვანა არ შეიძლება, რადგან უკურეაქციას გამოიწვევს.“ ფაქტია, რომ ეს სფერო დაურეგულირებელია და სახელმწიფოსგან მალულად ზოგიერთ სკოლაში პროზელიტიზმი მიმდინარეობს.

ეკლესია და მრევლი არაერთხელ ჩარეულა განათლების სამინისტროს საქმიანობაში და ღია თუ ფარული ზეწოლებით, წარმატებებისთვისაც მიუღწევიათ. პირველად 1997 წელს წელს მოხდა ეს ჩარევა, როცა საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტმა განათლების სამინისტროს მოსთხოვა გრიფები გაეუქმებინა წიგნებისათვის „რელიგია და კულტურა“, „რელიგიის კარიბჭე“ და ა.შ. ამ წიგნებს და მათ ავტორებს „არამართლმადიდებლობა“ ბრალდებოდათ. ამის შემდეგ ისინი ალტერნატიულ სახელმძღვანელოდ საკუთარი წიგნის „ქრისტეს გზას“ დამტკიცებას ითხოვდნენ, რასაც 2002 წელს მიაღწიეს კიდეც. 2004 წელს საპატრიარქო კვლავ გამოვიდა ასპარეზზე და ამჯერად კახა ლომაიას რეფორმა დაგმო, განსაკუთრებულ გაღიზიანებას კი სკოლაში „სექსუალური განათლების“ პროგრამის შემოტანა იწვევდა. აქ კვლავ გაისმა ანტიდასავლური მოწოდებები და ქართველი მართლმადიდებლების მტრად  რომის პაპი და ვატიკანი შერაცხეს. მათი გამოსვლა ერთიერთში იზიარებდა სტალინის ანტიდასავლურ და ნაციონალისტურ იდეოლოგიას: „დაგეგმილი სახით რეფორმირებული განათლების სისტემა აღზრდის კოსმოპოლიტ, არაეროვნულ, მართლმადიდებლობის მოძულე და შეურაცხმყოფელ, ტრადიციების უგულებელმყოფელ, ეგოისტ, მშობლებისა და მასწავლებლების ურჩ, ზნეობისაგან თავისუფალ, თავნება და რაც მთავარია, გაუნათლებელ პიროვნებას. ის, რომ დაგეგმილი რეფორმის კონცეფციები და პრინციპები საქართველოს ფარგლებს გარეთაა შემუშავებული, ეს ცხადია.“

დასავლეთის დემონიზაციის პროცესი უწყვეტია და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს პასუხისმგებლობა პრორუსულმა პოლიტიკოსებმა და ქართველ სასულიერო პირთა ნაწილმა იკისრეს. ანტიდასავლურობა პრორუსულობის წყაროა, საიდანაც მოედინება ისეთი ობსკურანტული და ანტისახელმწიფოებრივი საეკლესიო ლიტერატურული ჟურნალი, როგორიც არის „ქვაკუთხედი“. ეს ის  ჟურნალია, რომელმაც თავის სტატიაში, 2008 წელს „საქართველოში აქა-იქ აღმოცენებული რუსული ბლოკ-პოსტები“ სწორედ იმ მარწუხებად მიიჩნია, რომლენიც ზეციდან დაეშვნენ, რადგან უფლის ნება იყო, რომ არ მომხდარიყო „საქართველოს ზედმეტი დაახლოება დასავლეთის ქვეყნებთან“. ჟურნალი მიტროპოლიტ იობ აქიაშვილის ლოცვა-კურთხევით იბეჭდება. როცა სამღვდელო პირების პატრონაჟით გამოდის მსგავსი  რელიგიური ჟურნალ-გაზეთები, ეს მეტყველებს მხოლოდ იმაზე, რომ საპატრიარქოს სურს მისი მრევლი იყოს ბნელი და შეუვალი.

“კათოლიკოს-პატრიარქი ნამდვილი ქართველია. ჩვენი შეხვედრის დროს ერთი წამი არ ყოფილა, რომ მას საქართველოს ინტერესებზე არ ესაუბრა. თუმცა ამას აკეთებდა ბრძნულად და მშვიდად” – ასე განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადმიერ პუტინმა, 2013 წლის იანვარში, ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ. თავის მხრივ არც პატრიარქმა დააკლო და ქართულ სათვისტომოსთან შეხვედრისას თქვა, რომ პუტინი ბრძენი კაცია და დიდი სითბოთი შეხვდა საქართველოს წარმომადგენლებს. დიალოგი მისასალმებელია, მაგრამ ეს შეხვედრა წმინდად პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა, რაც დიდი რღვევაა საქართველოში მიმდინარე სეკულარული პროცესებისა. პატრიარქმა რუსეთის პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერისაგან დიდი მოკითხვა გადასცა და ურთიერთობების დალაგების იმედი გამოთქვა. რას ნიშნავს ეს? ანუ საქართველოს სახელმწიფო რუსეთს ეკლესიის გავლით უკავშირდება? ეს ის სპირალია სადაც ჩახვეულია, მმართველი პოლიტიკური გუნდი, ოპოზიცია, საპატრიარქო, ბიზნესმენები რომელბიც მუდამ თან დაჰყვებიან პატრიარქს და ისინი ერთად და ერთმანეთის ჩარევით წყვეტენ სახელმწიფო თუ პირად საკითხებს. ყოველივე კი კვლავ ამტკიცებს, რომ სეკულარული საქართველოს არსებობა მხოლოდ ფორმალობაა და კონსტიტუცია კი „ფარატინა ქაღალდი“.

პოლიტიკა და პოლიტიკოსთა ბედი, რომ საპატრიარქოში წყდება ეს არა მხოლოდ ეკლესიის და პოლიტიკოსების, არამედ პირველ რიგში მოსახლეობის ბრალია. მაგალითად თუ მე ვარ რიგითი მოქალაქე, რომელსაც სახელმწიფოს მმართველმა გუნდმა მომაყენა ზიანი და ჩემ თანამოაზრეებთან ერთად პარლამენტის წინ კოკნრეტულ ცვლილებას მოვითხოვ საკანონმდებლო დონეზე, მაშინ მე რატომ წავალ სამებაში და მივიღებ საეკლესიო კურთხევას რევოლუციის მოწყობაზე ან კანონის ლიბერალიზაციაზე? რატომ დავეკითხები რჩევას სასულიერო პირს საერო საქმეში? ეს ყველაფერი ხომ ჩემს უვიცობაზე და სიბნელეზე მიუთითებს? მაგრამ სამწუხაროდ პოლიტიკოსთა უმრავლესობა, არა როგორც რაიმე იდეისთვის მებრძოლი აღწევს წარმატებას, არამედ გარკვეულ ჯგუფთა ფარისევლური სიმპატიით იპყრობს სახელისუფლებო სადავეებს.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენას, მალევე მოჰყვა მისი ვიზიტი საპატრიარქოში, სადაც მას ილია მეორემ სამების მშენებლობიდან შემორჩენილი 50 კილოგრამი ოქროთი დამზადებული, საქართველოს იმედის ხატი აჩვენა. ამის შემდეგ კვლავ ეწვია ივანიშვილი საპატრიარქოს, შეხვედრები დახურული იყო და მხოლოდ საპატრიარქოს პრეს-სამსახური იღებდა. 2012 წლის აპრილში ქართული ოცნების დამფუძნებელი ყრილობის შემდეგ კი ჟურნალისტსა და ივანიშვილს შორის გამიართა კითხვა-პასუხის რეჟიმი, სადაც ისინი ერთმანეთს მართლმადიდებლობას უმტკიცებდნენ:

ჟურნალისტი: „ … რწენასთან დაკავშირებით, იქნებ გვითხრათ, ატარებთ თუ არა მართლმადიდებლურ ჯვარს?“

ბიძინა ივანიშვილი: „გაჩვენოთ?“

ჟურნალისტი: „სიამოვნებით.“

პრემიერი ჩაეკითხა თავად თუ დადიოდა ეკლესიაში, რაზეც ჟურნალისტმა დადებითი პასუხი გასცა. საბოლოოდ კი ივანიშვილმა მედიის წარმომადგენლებს აჩვენა ჯვარი. ამით კიდევ ერთხელ ჩაეყარა საფუძველი იმ შეხედულებას, რომ წამყვანი პოლიტიკური ფიგურა აუცილებლად მართლმადიდებელი უნდა იყოს. ეს იყო ერთგვარი ტესტი და მას ახლანდელმა პრემიერმა წარმატებით გაართვა თავი. ამ მიმართულებით გაცილებით აქტიური და ბეჯითი იყო მიხეილ სააკაშვილი. 2004 წელს, ვარდების რევოლუციიდან ერთი წლის თავზე, სამების გახსნის ცერემონიალზე მან განაცხადა, რომ თავისი თვალებით ნახა იმ გეგმათა მონახაზი, რომელიც საქართველოს ეკლესიის დაშლას ითვალისწინებდა და როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. ქართველი ხალხის თვალში მოირგო ეკლესიის მცველის მანტია და განაგრძო „ქართული, მართლმადიდებლური სახელმწიფოს“ მშენებლობა.

„საქართველოში ის ოპტიმიზმის ტალღა რომელიც არსებობს, შენარჩუნდება და იქნება უკვე შეუქცევადი. მე განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო ამ ყველაფერში ჩვენი ეკლესიის როლი, მე უკვე ვისაუბრე მისი უწმინდესობის როლზე რევოლუციაში, მაგრამ განსაკუთრებული როლი ეკუთვნის ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას.“ … „ეკლესიას ასევე სჭირდება ყველანაირი ხელშეწყობა და გვერდზე დადგომა იმისათვის, რომ ისიც დადგეს ფეხზე და ისიც იყოს წელში კარგად გამაგრებული და არ ქონდეს ის პრობლემები, მატერიალური რომელიც დღეს რა თქმა უნდა მას გააჩნია, როგორც მთლიანად საზოგადოებას.“ – ამ სიტყვებით მიმართა სააკაშვილმა საქართველოს პარლამენტარებს ჯერ კიდევ მისი პრეზიდენტობის დასაწყისში, მაგრამ როგორც 2012 წელმა აჩვენა, მან სასულიერო პირთა სრული მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, მიუხედავად საპატრიარქოში სუფსიდირებული მილიონობით ლარისა. მხოლოდ მიტროპოლიტმა კალისტრატემ არ უღალატა, რომელმაც საშობაო წირვაზე სააკაშვილი „მიშა აღმაშენებლად“ მოიხსენია და ერთი ქილა თაფლი აჩუქა.

სეკულარული სახელმწიფოს ლიდერების მეორე ოფიციალური შეხვედრა, საპატრიარქოს კედლებში, სასულიერო პირების გარემოცვაში, ძველი კალენდარული სტილით ახალ წელს შედგა. 2013 წლის 14 იანვარს პირველად ვიხილეთ როგორ უღიმოდა პრეზიდენტი პრემიერს, სააკაშვილმა ივანიშვილის სანთლიდან გადმოიღო ცეცხლი და ორი მართლმადიდებელი პოლიტიკური ლიდერი, ერთგვარ საკრალურ სარიტუალო ჯაჭვში ჩაება. პატრიარქმა ის წელი „სიყვარულის წლად“ გამოაცხადა.

 

საქართველოს საპატრიარქო დღეს უკვე ბრენდია და უამრავი პოლიტიკური ფიგურა, ბიზნეს კომპანია და სახელმწიფო ორგანო ცდილობს მის გვერდით და მისი სახელით, რაიმე სახის ღონისძიების ჩატარებას. პრეზიდენტი, პრემიერი, მინისტრები და პარლამენტარები, ერთმანეთს ტოლს არ უდებენ ეკლესიებში სატელევიზიო კამერებთან ერთად სიარულში და იმის ჩვენებაში, თუ რომელი უფრო გულმხურვალედ ლოცულობს სამშობლოს კეთილდღეობისთვის. მათი ეს ერთი შეხედვით უწყინარი რიტუალური ქმედებები კი ბრმად ილექება საზოგადოების კოლექტიურ ქვეცნობიერში და შემდეგ იღებს ისეთ აგრესიულ გამოხატულებას, როგორიც 2013 წლის 17 მაისს ვიხილეთ.

„რა უნდა იყოს და სად უნდა იყოს იმაზედ მეტი სირცხვილი და შეუკავებელი სიამაყე, როდესაც კათალიკოს-პატრი-არქი ილია მეორე და მისი სინოდის თორმეტი წევრი (რა თქმა უნდა, მამათმავლებიც მათ რიცხვში) გამოხატეს დიდუბის ტაძრის კედელზე? არ დაჯერდა დიდი მადა ამ არგაგონილ ამბავს, აიღეთ და თქვენი თავი დაახატინეთ ტაძრის მეორე კედელზე, თამარ დედოფლის გვერდით.“… „სიონის ახალ მინაშენზეც გამოიკვეთა თქვენი სახე და მინაწერი: „ვახტანგ გორგასალი“. რას არ იფიქრებს სულ ბევრის და ბევრის მსურველი კაცი?! სახე ნაცნობი – ღმერთმა აცოცხლოს – ჩვენი ცოცხალი პატრიარქისა, სახელი კი დიდად განთქმული ვახტანგ მეფისა! აი, ეს არის დაბადება ჯერ არნახული – იყო მეფეც და პატრიარქიც ერთი ქვეყნისა.“ – ეს არის მცირე ამონარიდი იმ წერილიდან, რომელიც საქართველოს პატრიარქსა და წმინდა სინოდს 1983 წლის 30 ივნისს მისწერეს მიტროპოლიტმა შიო ავალიშვილმა და ეპისკოპოსმა ამბროსი ქათამაძემ. შარავანდედის ეფექტის შექმნაზე პატრიარქი ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან მოყოლებული მუშაობდა, მაგრამ შემდეგ ამტყდარი სკანდალის გამო მოუწია ამ ფრესკების ჩამოფხეკა. საზოგადოებაში ერთობ გავრცელებულ შეხედულებას პატრიარქის არაინფორმირულობაზე, რომ მან არ იცის რას სჩადიან უღირსი მღვდელმთავარნი თორემ ის ამას აუცილებლად დაგმობდა – სწორედაც რომ ამ შარავანდედით მოსილი ინარჩუნებს იგი.

ეკლესია დღემუდამ მისტირის ფეოდალური ხანის საქართველოს, ეს სურვილი კი მათ ქადაგებებშივე ნათლად არის გამოხატული. ისინი ითხოვენ მონარქიული წყობის აღდგენას. შეგვიძლია გავიხსენოთ ამ რამდენიმე წლის წინ, თუ როგორ პომპეზურ გარემოში ჩაიარა ბაგრატიონთა საეკლესიო ჯვრისწერამ სამების საკათედრო ტაძარში. პატრიარქმა მრევლს წინასწარმეტყველურად ამცნო, რომ ამ წყვილის ნაყოფი გააერთიანებდა საქართველოს. მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მეფე Playboy-ს ტოპ მოდელთან ღალატობდა დედოფალს და ეს ოცნება მონარქზეც, დაინგრა.

1990 წლამდე უმცირესობაში მართლმადიდებელი მრევლი იყო, დღიდან გასაბჭოებისა მათ დევნიდნენ და ავიწროვებდნენ. კომუნიზმის დანგრევის შემდეგ კი სწორედ მათ დაიწყეს რელიგიურ უმცირესობათა ჩაგვრა და დარბევა. გაჰყვირიან, რომ არიან წამებულნი და მათი ვალი მართებს სახელმწიფოს. სახელმწიფო კი ყველა ეპოქაში ჩაგრული მშრომელი ხალხის ბეჭებზე დგას, მაგრამ ეს ადამიანები უგულებელყოფილნი არიან, თითქოს წითელმა არმიამ მხოლოდ ეკლესიას მიაყენა ზიანი. წამებულის პოზიცია მათი უმთავრესი საყრდენია. რიგ შემთხვევებში კი გაურკვეველი ქრისტიანული დაჯგუფებები, გვევლინებიან როგორც დარაჯნი ეროვნული სარწმუნოებისა. სწორედ ერთერთი ასეთი დაჯგუფებაა „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი“.

ექსტრემისტულ კონტრ-აქციების კულტურას, 2010 წელს ჩაეყარა საფუძველი. 4 მაისს მოქალაქეთა მცირერიცხოვანი ჯგუფი ილიაუნის წინ მართავდა აქციას გამოხატვის თავისუფლების დაცვის მოთხოვნით, იქვე პარალელურ რეჟიმში კი მმკ-ს წევრებმა მოიყარეს თავი და დაიწყეს არამართლმადიდებელი და განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების ლანძღვა-გინება! იმ დროინდელი სახალხო დამცველის მოხსენებაში ვკითხულობთ, რომ სამართალდამცავებს, აგრესიულად განწყობილი ჯგუფის წევრების ქმედებების აღკვეთის მიზნით, ეფექტური ღონისძიებები არ გაუტარებიათ. აგრესიულმა მრევლმა ფიზიკურადაც იძალადა სტუდენტების ჯგუფზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ხედავდნენ ყოველივეს, მაგრამ მათ ძალადობა არ აღკვეთეს. უფრო მეტიც, დაზარალებული ნიკოლოზ ლუტიძის განმარტებით, პოლიციამ მას დახმარებაზე უარი უთხრა და გაქცევა შესთავაზა.

მიუხედავად უამრავი ვიდეო მტკიცებულებისა, გამოძიება ოთხ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა და ამ საქმეზე მხოლოდ სექტემბერშიღა დააკავეს ორი პიროვნება. ამ ბრბოს წინამძღოლი, წარსულში მანქანის ქურდობისათვის ნასამართლევი დეკანოზი დავით ისაკაძე გახლავთ. ის არის მმკ-ს სულიერი წინამძღოლი და მთავარი ბურჯი. იგივე ჯგუფი აქციიდან ორი დღის შემდეგ, სასულიერო პირების ხელმძღვანელობით ტელეკომპანია „კავკასიის“ შენობაში შეიჭრა, შევარდნენ  სატელევიზიო პირდაპირ ეთერში და  გადაცემის წამყვანს და სტუმრებს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს ფაქტი პოლიციამ რეაგირების გარეშე ვეღარ დატოვა და რვა პირი დააკავეს (მათგან არცერთი სასულიერო). საპატრიარქოს მხრიდან ამ ფაქტებს გამოხმაურება არ მოჰყოლია, ხოლო ერთი კვირის თავზე მოძალადე დეკანოზი დავით ისაკაძე, პატრიარქმა მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა. ამ შემთხვევაში კვლავ შარავანდედის ეფექტი ამუშავდა და ხალხმა დაიწყო საუბარი პატრიარქის სიბრძნეზე, და მის ირიბ მინიშნებაზე. მაგრამ როგორც აღმოჩნდა ეს მხოლოდ წახალისება იყო, რადგან მმკ დღემდე ახორციელებს რელიგიურ-ექსტრემისტულ ქმედებებს და მათი სულიერი ლიდერები, მიუხედავად ჩადენილი დანაშაულებებისა არც სახელმწიფოს და არც წმინდა სინოდის წინაშე პასუხისგებაში არ მიცემულან.

დღეს სახელმწიფოც და საზოგადოებაც ერთობლივად უნდა მუშაობდეს რელიგიური შეუწყნარებლობის აღმოფხვრაზე. შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იქნებოდა ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა კანონის დამრღვევთა მიმართ, მაგრამ მისი ეს მიდგომა არ ვრცელდება რელიგიურ ფონზე ჩადენილ სამართალდარღვევებზე. ქვეყანაში გაჩენილია სინდრომი, რომ მართლმადიდებელი მრევლის დანაშაული (თავად მორწმუნენი ამ ქმედებებს ქრისტეს ნებად მიიჩნევენ) დაუსჯადია, რადგან ახალი მთავრობის მმართველობის პერიოდში, არცერთი მოძალადე დასჯილა კანონის სრული სიმკაცრით. 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, მხოლოდ რამდენიმე პირი დააჯარიმეს 100 ლარით, იმ ფონზე როცა ათობით ათასი ადამიანი უმცირესობის ჩასაქოლად შეიარაღებული მიემართებოდა. საჭიროა კანონის სრულად ამოქმედება, რომ არ  განმეორდეს მსგავსი ინციდენტები.  ერმაც და ბერმაც უნდა შეიგნოს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის წევრის სტატუსი არ არის იმუნიტეტი. თვალის დახუჭვა ამ ყველაფერზე პირდაპირი სტიმულია მოძალადეთათვის, და ის რომ კანონის წინაშე ყველა პასუხისმგებელია, მხოლოდ პოპულისტურ ფრაზებად არის ქცეული.

როცა არჩევნების შემდეგ, მთავრობამ პატიმრების ფართომასშტაბიანი ამინისტია მოაწყო, პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს ის რელიგიური ექსტრემისტები, რომლებმაც არაერთხელ ცემეს და დაარბიეს სხვადასხვა უმცირესობების წარმომადგენლები. ამ შემთხვევაში პოლიტპატიმრის სტატუსი, წარსულში მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებების ლეგიტიმიზაციას ახდენს. ყოველივე ეს კი მწვანე შუქს უნთებს რელიგიური ექტრემიზმის სამომავლო განხორციელებას. სწორედ ეს ე.წ. პოლიტპატიმრები ხელმძღვანელობდნენ 17 მაისს გამართულ კონტრაქციას.

კონფლიქტი რელიგიურ ნიადაგზე არ არის უცხო ჩვენი ქვეყნისთვის, უახლოეს წარსულს თუ გადავხედავთ, ყველაზე პირველი ბასილ მკალავიშვილი და მისი მრევლი გაგვახსენდება, რომლებიც ჯვრებითა და ხელკეტებით სცემდნენ „იეჰოვას მოწმეებს“. იგი დააკავეს, მაგრამ აგრესია რომელიც რელიგიური უმცირესობების მიმართ არსებობს, ამით ვერ განეიტრალდა. სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშში წერია იმ არაერთი კანონდარღვევის ფაქტზე, რომლებიც რელიგიური უმცირესობების მიმართ განხორციელდა, მაგრამ ამაზე რეაგირება მაშინდელი საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან არ მომხდარა. ტრადიციულად მსგავსი თემებით არც მედია იყო დაინტერესებული და მხოლოდ ერთეული გაზეთები თუ გააშუქებდნენ ისეთ ფაქტს, როგორიც იყო მაგალითად 2010 წელს ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში დარბეული ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია. 2012 წლის დეკემბერში პრემიერმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ რელიგიური დაპირისპირებები პროვოკაციულ ხასიათს ატარებდა, საჭიროებდა გამოძიებას და პირობა დადო, რომ კანონდამრღვევები უმკაცრესად დაისჯებოდნენ. ამ განცხადების შემდეგ კვლავ მოხდა დაპირისპირება ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის, მაგრამ დღემდე არცერთ მოქალაქეს უგია პასუხი ჩადენილ დანაშაულზე. ერთ-ერთი პირველი დაპირისპირება სოფელ ნიგვზიანში მოხდა, სადაც მუსლიმ მრევლს ლოცვის საშუალებას არ აძლევდა სოფლის ქრისტიანი მოსახლეობის ნაწილი. დაზარალებული ყვებოდა რომ მას აგინებდნენ, ფიზიკური ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ, მაგრამ პოლიცია არანაირ ზომას იღებდა. შემდეგ იყო სოფელ წინწყაროში მომხდარი კონფლიქტი და ამის მერე კი სამთაწყარო. დაპირისპირების მიზეზი უცვლელი. როგორც წინა წლებში, ასევე დღესაც – რელიგიური თუ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები ხშირად ადასტურებენ სამართალდამცავთა მხრიდან მათი აბუჩად აგდების ფაქტებს. ვის მოეთხოვება ამაზე პასუხი?

„სისხლი დაიღვრება. ჩვენ წეღან გავაფრთხილეთ ისინი, რომ ეს არც გურიაა და არც ლანჩხუთი.“ – შოთა ნადირაშვილი, სამთაწყაროში მცხოვრები ქრისტიანი.

„წავიდნენ და სახლებში ილოცონ!“ – გულნარა ნადირაშვილი, სოფელ სამთაწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული.

„თავიანთ სახლებში მაინც ილოცონ წყნარად…“ – მანანა გოგიჩაიშვილი, ნიგვზიანში მცხოვრები ქრისტიანი.

„მათ შეეძლოთ დახურულ შენობაში მოეწყოთ ეს აქცია და იქ გამოეხატათ თავისი აზრი…“ ასეთი კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესბობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა 17 მაისის მოვლენებზე, უმცირესობა კი პროვოკატორებად მოიხსენია.

პოლიტიკოსების ნაწილის მიდგომა უმცირესობების მიმართ ჩამოყალიბდა როგორც ნეიტრალური, ვითომც ისინი არ არსებობენ, ან თუ არსებობენ, მაშინ „ოთახში“ ისხდნენ. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მიუხედავად მოძალადე სასულიერო პირებისა, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ეკლესიას და არ უნდა დავივიწყოთ პატრიარქის არსებობა.

როდესაც ადამიანს ვინმე ხელს უშლის რელიგიური რიტუალის შესრულებაში, ლოცვაში, აზრის გამოხატვაში, ამ შემთხვევაში ხდება კანონის დარღვევა, კანონის რომელიც ნებისმიერი რელიგიური აღმსარებლობის თუ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს აძლევს რწმენის და გამოხატვის თავისუფლებას. ასეთ შემთხვევაში ირღვევა, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-18 მუხლი; სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-18 მუხლი; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-9, მე-10, მე-11 მუხლები; საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 155-ე მუხლი. და თუ გადავხედავთ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს შენიშვნებს, წავიკითხავთ, რომ გაერთიანების თავისუფლების ეფექტური რეალიზაცია არ შემოიფარგლება სახელმწიფოს მხრიდან ამ უფლებით სარგებლობისთვის ჩაურევლობის ვალდებულებით. სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, უზრუნველყოს შეკრების თავისუფლებით ეფექტური სარგებლობა.

სამართალი, რომ შერჩევითია, ამაზე მეტყველებს ის მდგომარეობაც, რომელიც უკვე რამდენიმე წელია სოფელ ქედელში არის შექმნილი, სოფელში სადაც მონასტრის მახლობელ ტერიტორიაზე, დედაოს თანხმობის გარეშე ნაკვეთს არავის უკანონებენ. მონასტერს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, მაგრამ იღუმენია მისი სურვილისამებრ აგებს ახალ შენობებს ამ ძეგლის ირგვლივ, როცა მოსახლეობა კანონით გათვალისწინებულ სამშენებლო სამუშაოებსაც კი ვერ ატარებს, რადგან ასეთია მონაზონთა სურვილი. იღუმენია თეოდორა მახვილაძე კი პირდაპირ აცხადებს: „მე არ ვიცი კანონმდებლობა რას ადგენს, მაგრამ ჩვენ ეკლესიის სასარგებლოდ და მონასტრის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ.“

საპატრიარქო ქართველებს ყოფს „ამისიანებად“ და „იმისიანებად“, პროვოკატორებად და ერის ქალწულობის მცველებად, ერის მტრებად და მოყვარეებად და ა.შ. 2009 წელს, როცა ადამიანთა მცირერიცხოვანმა ჯგუფმა პატრიარქს კითხვებით მიმართა, მაშინ საპატრიარქომ განაცხადა, რომ ისინი შეკითხვების ავტორებს მათი საზოგადოების ნაწილად არ მიიჩნევდა და არც დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემას აპირებდა. მიწერილი კითხვების ნაწილი:

„რა ურთიერთკავშირი არსებობდა საქართველოს საპატრიარქოსა და საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის? ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით, რატომ იღებთ თქვენი დაბადების დღის აღსანიშნავად 500 000 ლარს? პირადად თქვენ, თანამშრომლობდით თუ არა საბჭოთა სუკ-თან?“ – და მრავალი სხვა.

დღეს ეკლესიას საზოგადოების კრიტიკა სჭირდება. ამის გარეშე არასდროს არავინ დაიწყებს ანალიზს თუ რა ხდება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის – ეკლესიასა და საზოგადოებას შორის. საპატრიარქო უნდა იყოს აქტიური მონაწილე იმ საზოგადოების მშენებლობის, რომლის წევრებიც მათი სულიერი შვილები არიან. მაგრამ საქართველო აგრესიული ათეიზმიდან – აგრესიული მართლმადიდებლობის ეპოქაში გადავიდა. 17 მაისს ქართული საზოგადოების ნაწილმა, მთელს მსოფლიოს დაანახა ჯოგური ინსტინქტებით გაუკუღმართებული რელიგიის შედეგი. ფანატიზმიდან ტერორიზმამდე კი, სულ ერთი ნაბიჯია.

[ილუსტრაციის ავტორი: მხატვარი ლევან ოჩხიკიძე]

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
დათა ჯორჯაძე