DBB

მტირალა – მოგზაურობა სუბტროპიკებში

28.08.2013 | 2579 |
მტირალა – მოგზაურობა სუბტროპიკებში

ჩხრიალა, საოცრად ცივი მდინარეები, ხავსმოდებული უზარმაზარი ქვის ლოდები, ხავსშივე გაქვავებული, ცად აწვდენილი ხეები, წელამდე ამოზრდილი გვიმრის ბუჩქები და ნესტი. ეს ბოლო ალბათ ყველაზე მეტი იყო, გარშემო ყოვლის მომცველ სიმწვანეზე მეტიც კი.

ყველაფერი კი ახირებით დაიწყო. ბათუმში ვართ, ვთქვით ჩვენ, და ჩვენგან რამოდენიმე კილომეტრში უზარმაზარი ტყეპარკია, სადაც ნამყოფიც კი არ ვართ. არადა ყველა ჩამომსვლელს გულმოდგინედ ვურჩევთ, რომ წავიდეს და ნახოს. ავდგეთ და თავად ვნახოთ, იქნებ და მართლა ასეთი კარგია, როგორც ჩვენ სხვებს ვუყვებითო. ხოდა ავდექით  (ამ პროცესს მართალია მთელი ორი კვირა დასჭირდა სამუშაო გრაფიკების შეჯამება-შეთავსების გამო) და წავედით.

ბათუმიდან ავტობუსით ჩაქვამდე, ჩაქვიდან კი (სასუსნავით სათანადოდ დატვირთული) 30 ლარად მოთაფლული მძღოლის „გასანსალებული“ ავტომობილით „მტირალასკენ“ გავუყევით გზას. ბედნიერად ვჭუკჭუკებდით და ვტკბებოდით სიმწვანეში ჩაფლული მთების, მოჩხრიალე მდინარისა და ხასხასა ლურჯი ცის ხედებით. თუმცა მალე გზა დასრულდა, უფრო სწორედ ასფალტის საფარი. მძღოლმა ნიშნის მოგებით (ვაჭრობაში დაკლებული 10 ლარის სიმწარევერგადახარშულმა) გვითხრა  – აი, ახლა იწყება გზაო.

რა გითხრათ?!  90 იანების საქართველოში ვისაც უცხოვრია და სოფლის გზებზე უვლია – აი ეგ იყო. ავტომობილის ფსკერზე, ფეხის გულებით ვგრძნობდით კენჭებს, ლოდებსა და ყველაფერ იმას, რაზეც ჩვენს საწყალ ტრანსპორტს გადახოხება უწევდა. რვა კილომეტრიანი მონაკვეთი უკვე გაჩუმებულებმა, სკამს და საკიდს ჩაფრენილებმა გაგებით გავიარეთ.

შეძახილმა, „მივედით!“,  გადაყარა ჭმუნვის ღრუბლები. ჩვენს წინ საკმაოდ ლამაზი, დასავლეთში გავრცელებული არქიტექტურით ნაშენი ვიზიტორთა ცენტრი- სასტუმრო-რესტორანი  წამოიმართა. ავტომობილი გაჩერდა, ჩამოვლაგდით. აივანზე ბავშვები გამოცვივდნენ, შეგვათვალიერეს და სასტუმროში გაწვვდნენ – „ისინი ჩამოვიდნენ, ისინი“.

„ისინი” ჩვენ ვიყავით, წინასწარ დაჯავშნული სასტუმროს ნომრების მფლობელები. ღიმილით მოგვესალმნენ, მიგვიღეს და დაგვაბინავეს. სიმართლე გითხრათ, ძალიან მომეწონა. უფრო სწორად არ ველოდი თუ ასე მოწყობილი სასტუმროს ნომრები დაგვხვდებოდა. იმ გზის შემდეგ ნამდვილი საჩუქარი იყო.

ცოტათი მივლაგ-მოვლაგდით და სული აგვიწანწალდა. სასწრაფოდ დავეკითხეთ მარშრუტი, მოვიმარჯვეთ საწვიმარი ქურთუკები და გავუყევით გზას. რაკიღა მარშრუტი მოკლე და არც თუ ისე ძნელი იყო, ჩვენი ექსკურსიისმძღოლობა ორმა პატარა მიჭმა ითავა. საქმიანად გაგვიძღვნენ წინ და გზადაგზა პატარა რეპლიკებსაც კი გვახმარდნენ : „ეს მოკლე გზაა”, „ეს წყლის წისფქვილია”, „ეს ძველი ნამოსახლარია”, „ჩანჩქერ აქეთაა”. მოკლედ ძალიან საყვარელი და ზრდილობიანი გიდები გვყავდა. რაც შეეხება გარემოს. აი აქ უნდა ჩავისუნთქო.

თუ ოდესმე გიოცნებიათ ჯუნგლებში ხეტიალზე და გიწუწუნიათ, რომ ამის სახსრები არ გაქვს, აგერ ბატონო. თითქმის არანაირი განსხვავება. ტყის საცალფეხი ბილიკი ხან ხავსმოდებულ, უზარმაზარი ხეების, ხან მწვანე, ვეება ლოდების მიღმა იკლაკნება. თუ მანამდე ცის სილურჯე რამეში მაინც გეხმარებოდა, დაბურული ტყე თავის ფერებში გიხატავს ყველაფერს. გაუთავებელ აღმართებს, რომელთა დალაშქვრისას გული გებჯინება ყელში, ასევე გაუთავებელი და ციცაბო დაღმართები ცვლის და ეს ყველაფერი მწვანე ტყის საფარქვეშ ხდება. დრო და დრო ხევის ცალ მხარეს ტყის საფარი შეთხელდება და მხოლოდ მაშინ დაინახავ გაღმა მთას და  მთის ფერდობზე ობლად შეხიზნულ ძველებურ ოდა-სახლებსაც მოკრავ თვალს. გაკვალულ და ნიშნულებით გაწყობილ ბილიკებზე ხვდები როგორც უკანა გზაზე მომავალ მგზავრს, ასევე მოხეტიალე ნისლის ქულებს.

მწვანე, მწვანეში, მწვანით და მწვანეზე – ყველგან ეს ფერი და მისი ათასნაირი გრადაციაა. ხავსი ეკიდება ყველაფერს, რაც უძრავია. მწვანედ დაძონძილი ტყის სიღრმიდან ფანტაზია ძალაუნებურად იხმობს ოჩოკოჩსა, როკაპსა და ტეშმამფას. ეს ის ადგილია, სადაც ქართული მითოსის პერსონაჟები სავსებით რეალურად შეიძლება რომ სახლობდნენ, ან სახლობენ კიდეც, ვინ იცის.

გზა გრძელდება, აღმართი და დაღმართი, მერე კიდევ აღმართი. ეს ყველაფერი ადვილი იქნებოდა, რომ არა ნესტი. აქ ტენიანობა მაქსიმუმს აღწევს. არ წვიმს, მაგრამ სველი ხარ. სველი ხარ, იმიტომ, რომ უბრალოდ ვერ შრები. სუნთქვაც ჭირს. გაჩერება კი სასურველი ნამდვილად არ არის, ამიტომ წინ, ჩანჩქერისკენ.

პირველად მისი ხმა გესმის და გულს გიხარებს. გიხარია იმის გააზრება, რომ აჰა, სადაცაა მივალთ და დავისვენებთ. შემდეგ ხმაური ძლიერდება, პატარა დაღმართი და…  შხუილთან ერთად სახეზე  ცივი შხეფებიც გესხმება. არა, ეს არც ნიაგარაა და არც ვიქტორია, მაგრამ ამ ადგილზე მისი უეცარი გამოჩენა, მიუხედავად იმისა, რომ იცი, საითკენაც მიდიხარ, მაინც ძალიან სასიამოვნოა. გვინდოდა ცოტა ხნით გავჩერებულიყავით და გვეცქირა, მაგრამ მტირალამ შეგვახსენა თავისი უპირველესი სტატუსი.

წვიმა ისე უცებ დაიწყო, რომ ფაციფუცი დავიწყეთ. საწვიმარი ქურთუკები თავზე წამოვიფარეთ და  ავწრიალდით. მხოლოდ მერე გაგვახსენდა, რომ ნესტის წყალობით აზრი არ ჰქონდა წვიმას დავმალოდით და არც იმ ადგილზე ვიყავით, სადაც შეიძლებოდა რაიმესთვის თავი შეგეფარებინა. წვიმდა ყველგან, ღია ცის ქვეშაც და ხის ქვეშაც. ეს უკანასკნელი მაინც განსაკუთრებული იყო. დიდი, მსუყე წვეთებით გვიტყაპუნებდა ისედაც გაწუწულ თავზე.

წვიმის  გამო ისედაც არც თუ ნათელი ტყე კიდევ უფრო ჩამუქდა. ცივილიზაციას მოწყვეტილები ისე გადავერთეთ სხვა ტალღაზე, რომ არც არავის გაგვხსენებია ჯიბეებში ჩამალული მობილური ტელეფონები, საათი რომ შეგვემოწმებია. ჩამობნელდა და გადავწყვიტეთ  – დროა ავჩქარდეთ. სიჩქარის რა მოგახსენოთ, მაგრამ ოდნავ მაინც მომატებული ტემპით გავყევით ქვემოთ, „ტბისკენ“ მიმავალ ბილიკს. გზად კი ფრაზა – „აუ, ნამდვილი სუბტროპიკებია რაა“, ყოველ ხუთ ნაბიჯზე გვიტრიალებდა თავში.

წვიმამ მალე გადაიღო.

„ტბის“ ნაცვლად შეგუბებული მდინარე დაგვხდა. იქვე საპიკნიკე სუფრასთან ვიღაცაები ძალიან ცდილობდნენ წვიმაში მწვადის შეწვას. ჩვენ კი, მომლოცველი ქურუმებივით, საწვიმარმოსხმულები მდუმარედ მივადექით „ტბას“. სიმბოლურად გავანადგურეთ თან წამოღებული მოხარშული სიმინდი (რომლის ნაგულებიც სასტუმრომდე ვათრიეთ), მდუმარედ ჩავიძირეთ სიგარეტისა და მდინარის სიღრმეებში და ისევ წამოვიდა წვიმა.

უკან მოსაბრუნებელი გზა გაცილებით იოლი და მოკლე გამოდგა. დავბრუნდით. ცხელი შხაპი მივიღეთ, ტანსაცმელი გამოვიცვალეთ და ღია ტერასაზე შთაბეჭდილების გასაზიარებლად შევიკრიბეთ. ტელეფონები, რომლებიც დროის უმეტეს მონაკვეთში დუმდნენ  (ქსელის არქონის გამო) აწკრიალდნენ. მოკითხვები ძირითადად ბათუმიდან იყო. როგორ ხართ?! აქ ინგრევა წვიმით ქვეყანა, თუ ხართ ცოცხლები“. გვიკვირდა კიდეც, ბათუმში თუ წვიმდა ასე ძლიერ,  მტირალაზე – სადაც თითქმის სულ წვიმს, მაშინაც კი, როცა დანარჩენი კაცობრიობა გვალვაში იხრუკება – ჟინჟლავდა. მერე  ჯერ ხმაური შემოგვესმა, აივანზე გავიხედეთ და … მტირალამ გული არ დაგვწყვიტა.

სეტყვა მალე დასრუდა, წვიმა კი დილამდე გაგრძელდა. ვისხედით აივანზე, ვუსმენდით წვიმის და მდინარის ხმას. ვბჭობდით აწმყოსა და მომავალზე, სამომავლო გეგმებზე, იმაზე, რომ რა კარგია ქალაქს თავი რომ დავაღწიეთ, რომ ასე ხშირად უნდა მოვიქცეთ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ადგილია სადაც ჯერ არ ვყოფლვართ ერთად, რომ კარგია ეს ყველაფერი და საერთოდ – ცხოვრება მშვენიერია.

მეორე დილით მდუმარედ ჩავალაგეთ ჩანთები, ჩავხედით ჩვენს მიერ გამოძახებულ ტაქსში და უკან გადმოვიხოხეთ ჩაქვის გზა.

კარგი იყო. აი ახლაც, როცა ამ პოსტს ვწერ და ფოტოებს ვტვირთავ, წარმოსახვა ისევ იქ მაბრუნებს. მწვანე, ნესტიან, სველ, წვიმიან და ძალიან ლამაზ მტირალაზე.

მოკლედ, თავი რომ არ მოგაბეზროთ, ბოლოსკენ რამოდენიმე რჩევას მოგცემთ.

1.  მტირალას ეროვნულ პარკში სასურველია ჯიპით ან რაიმე ამდაგვარი, გამძლე ტრანსპორტით აბრძანდეთ. გზაც შედარებით კომფორტული იქნება და იოლად გასავლელი.

2.  სურსათ-სანოვაგით  თავს ნუ დაიტვირთავთ, ეს იმ შემთხვევაში გამოგადგებათ, თუ კარავში აპირბთ დასვენებას. თუ არადა სასტუმროც და კერძო  სასტუმროს ტიპის სახლებიც მშვენივრად დააკმაყოფილებენ თქვენს  მადას. პლიუს ამას ნორმალურ ფასებში.

3. კარგი იქნება თუ მტირალას მინიმუმ ორი დღით მაინც ეწვევით. გადარბენაზე ყოფნაც არ მოგიწევთ და ნორმალურად, გულიანად დაათვალიერებთ იქაურობას.

4. იკითხეთ მარშრუტების შესახებ ვიზიტორთა ცენტრში – ძალიან საინტერესო მარშრუტები აქვთ. მოირგეთ ფიზიკური შესაძლებლობების დარად და შეირგეთ.

5.  ალკოჰოლს ნუ მიეძალებით. მართალია, იქაც მშვენიერი ჭაჭა და ღვინო აქვთ, მაგრამ ნაბახუსევზე ყოფნა სუბტროპიკებში, მთებში … არც თუ ისე კარგი შეგრძნებაა.

6. ნუ დაგავიწყდებათ – ეს მტირალაა. წვიმას რომ თავი დავანებოთ, აქ ტენიანობა 80-85%  შეადგენს. საწვიმარი აუცილებელი ატრიბუტია. თუ კარვები, ზურგჩანთები და სხვა ინვენტარი დაგჭირდებათ, ადვილად იპოვით ვიზიტორთა ცენტრში

7.  დაისვენეთ მობილურისა და ინტერნეტისაგან, დაისვენეეთ!

და კიდევ ერთი. ეს უკვე იმ ადამიანებს ეხება, ვისაც შეუძლია ამ საკითხის მოგვარება. თუ მტირალამდე მიმავალ გზის დარჩენილ იმ 8 კილომეტრიან მონაკვეთსაც მიხედავთ, გაცილებით გაუადვილებთ ვიზიტორებს ნაკრძალამდე მისვლას და იქ მიღებული შთაბეჭდილებებიც უკან მობრუნებულებს გზაში, ყანყალში, არ გასცვივდებათ.