გია მარიამიძის ბლოგი

პრემიერი და მრგვალი მაგიდის ფოსტალიონები

პრემიერი და მრგვალი მაგიდის ფოსტალიონები

შესრულებულ, შეუსრულებელ და ჯერ კიდევ შესასრულებელ დანაპირებებზე საუბარი კიდევ დიდ ხანს გაგრძელდება. წინ საპრეზიდენტო არჩევნები გველის. მომავალი პრეზიდენტის ვინაობა, მმართველი კოალიციის დაშლა-არ დაშლა, დაპირებები და წინასაარჩევნო პროგრამები მნიშვნელოვანი საკითხებია, მაგრამ ჩემი აზრით ყველა ამ ფაქტორზე მეტად ქვეყნის სამომავლო განვითარების გზა ერთ ადამიანს – ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება.

 

როგორც ცნობილია ბატონი ივანიშვილი მალე პრემიერ–მინისტრი აღარ იქნება. როგორც თვითონ ამბობს:   “თანამდებობას ტოვებს, მაგრამ პოლიტიკაში რჩება, არ მიდის, სხვაგან გადადის”. 

 

ივანიშვილის გეგმები გრანდიოზულია, ის 20 წლის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოების შექმნას აპირებს. შესაბამისად, მის მიმართ მთავარი კითხვებიც ამ საკითხს უნდა ეხებოდეს. რას გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოებაში? და რაც მთავარია – ამ ამოცანის შესრულებას რა ხერხებით აპირებს?. ჯერჯერობით ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ მას რამდენიმე მილიარდი დოლარი აქვს და სამოქალაქო საზოგადოების მთავარ ელემენტებად ე.წ. ექსპერტები, “ენჯეოები” და ჟურნალისტები მიაჩნია. 

 

“დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებში, საექსპერტო წრეებსა და მედიაში მრავალი მოქალაქეა დაკავებული, რომლებიც თავიანთი პუბლიკაციებითა თუ საუბრებით სერიოზულ გავლენას ახდენენ საზოგადოებრივი აზრისა და პოზიციების ფორმირებაზე. მაგრამ ხშირად იგრძნობა კვალიფიკაციის ანდა სინდისის ნაკლებობა, რაც იწვევს ფუნდამენტურ საკითხებში არათანმიმდევრულობას, ზედაპირულობას, კერძოსა და საზოგადოს ერთმანეთში აღრევას”, – ასეთია ბატონი პრემიერ–მინისტრის მოსაზრება დღევანდელ სამოქალაქო საზოგადოებაზე.

 

“შუშის სასახლეში” ივანიშვილის ექსპერტებთან და ჟურნალისტებთან  გამართული შეხვედრები ალბათ სამოქალაქო საზოგადოების შექმნის პროცესის დასაწყისია. ამ ვარაუდს 4  საათის ხანგრძლივობის შეხვედრების ტელევიზიით პირდაპირ ეთერში ჩვენებაც ამყარებს. თუ ეს ასეა ივანიშვილის სამომავლო საქმიანობის შინაარსი და სტილი უკვე გასაგები ხდება. ჟურნალისტებთან და ექსპერტებთან  შეხვედრებზე საუბრის დროს ის ამბობს, რომ კრიტიკა უყვარს და მიესალმება, მაგრამ ამავე დროს თვითონ საზღვრავს რა არის სამართლიანი ამ კრიტიკაში და რა არა. ის ერთდროულად მხარეც არის  და არბიტრიც. მას ჰგონია, რომ ობიექტური რეალობა აბსოლუტური სიზუსტით იცის და ვინც მის წარმოდგენებს და აზრებს არ ეთანხმება შეცდომაშია შეყვანილი.

 

კრიტიკას მიესალმება, მაგრამ მხოლოდ იმ ფარგლებში, რომელსაც თვითონ ადგენს. ის განსხვავებული აზრი, რომელიც მისსავე დადგენილ “ჩარჩოში” არ ჯდება აპრიორი მცდარია. ის თვლის, რომ საწინააღმდეგო აზრი უნდა არსებობდეს, მაგრამ მხოლოდ ისეთი, რომელსაც თვითონ თვლის მიზანშეწონილად. “მოთამაშეა”, მაგრამ თამაშის წესებს თვითონ ადგენს. მისთვის ოპონენტი ავტონომიური სუბიექტი არ არის, რომელსაც შეიძლება რეალობაზე ალტერნატიული წარმოდგენა ჰქონდეს. კამათის დროს წესებს და რეგლამენტს თვითონ ადგენს, სადაც ყველა მხარე მასზეა დამოკიდებული. 

 

ასეთ რეჟიმში ექსპერტებთან და ტელეჟურნალისტებთან გამართული შეხვედრა მათთვის ჭკუის დარიგებაში და ცელქობის გამო დატუქსვაში გადაიზარდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, თუ როგორ წარმოუდგენია ბატონ ბიძინას საკუთარი როლი და მისია სამოქალაქო საზოგადოების შექმის პროცესში. ის ერთგვარი ერის სულიერი მამა, უზენაესი არბიტრი, დემიურგი იქნება, რომელიც მისი წარმოდგენით ქვეყნისთვის საჭირო ექსპერტებს, ჟურნალისტებს და “ენჯეოშნიკებს” მოაშენებს. 

 

ამავე დროს სამოქალაქო სექტორში გადასული ივანიშვილი (როგორც თვითონ ამბობს) პარლამენტის თვალს მიადევნებს, მთავრობის მუშაობას სწორ მიმართულებას მისცემს და მისივე ავტორიტეტის წყალობით გაპრეზიდენტებულ მარგველაშვილთან იძმაკაცებს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ  ადგილი უკვე დაკავებულია. ამგვარ როლს ქვეყნის საზოგადო-პოლიტიკურ ცხოვრებაში საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე დიდი ხანია თამაშობს. როგორ კონკურენტულ ატმოსფეროში თუ სიმბიოზში იმუშავებს ეს “ტანდემი” მომავალი გვიჩვენებს.

 

ამ ეტაპზე საქართველო არაორდინარულ მდგომარეობაშია. ჩემი აზრით, ქვეყნისთვის მთავრობის და პარლამენტის  მიერ შემუშავებულ სოციალურ თუ ეკონომიკურ პროგრამაზე მნიშვნელოვანი ივანიშვილის სამოქალაქო საზოგადოების შექმნის გეგმაა.