18246

ციყვები და არა მარტო

ფეხს ვითრევდი… უფრო სწორედ ხელს, ანუ ბლოგის წერას ვდებდი და ვდებდი. იმიტომ, რომ ძალიან გაბრაზებული ვარ და ბევრი უცენზურო სიტყვა მინდა ვუწოდო კონკრეტულ ადამიანებს.

არადა, ახლა შემომეფეთა ფეისბუკზე ვაკის პარკის ახალი გიგისეული პროექტი: მომეტლახებული ვაკის პარკი, ხელოვნური მოვარაყებული ხეებით. და გავცოფდი.

 

რა ახსნა აქვს მის დაუოკებელ წადილს ბუნებრივი საფარი მოსპოს, მოამეტლახოს, ყველა ხე გაჩეხოს და მადონა სერვიზის დარი ხელოვნური ხეები ჩაარჭოს? ასეთი რა დაუშავეს ბავშვობაში მშობლებმა? მეზობლებმა? კლასელებმა? რისთვის იძიებს ეგ ჩვენი ქალაქის თავი შურს? ის, რომ ფული უყვარს და ფინანსური ბულემია ჭირს, გასაგებია. ეგ ბევრს ჭირს, მაგრამ ვაკის პარკის მომეტლახება, იმის ფონზე, რომ, აი, სულ ახლახანს საოცარი ნებართვა გასცა ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობაზე და ასევე, რეაქტიული სისწრაფით უცვლის სარეკრეაციო ზონებს სტატუსებს და ამ ზონებში მშენებლობების ნებართვებს გასცემს, სხვა არაფერია თუ არა ბოროტი შურისძიება ღრმად დაკომპლექსებული ადამიანისა.

 

ამ შურისძიების შედეგი სახეზეა. აი, მაგალითად, კუს ტბის ასახვევთან გაჩეხილი და გაპარტახებული 2500 კვადრატული მეტრი ტყე, ე.წ. „ციყვები“.

 

„ციყვების“ ამბავი ზაფხულში დაიწყო, როდესაც იქ მაცხოვრებლებმა საეჭვო მოძრაობები დაინახეს და ბულდოზერებს ჩაუწვნენ. თურმე, აი, რა მოხდა. ამ ზონას საყვარელმა მერია-საკრებულომ, რომელიც მაშინ ერთ სულ და ერთ ხორც იყვნენ, სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნა და მიანიჭა სარეკრეაციო ზონა 3-ის სტატუსი, რაც იქ მშენებლობის დაშვებას ითვალისწინებს. და შემდეგ საეჭვოდ გამოცხადებული ტენდერის შედეგად მიჰყიდა ეგ ადგილი ვის? დიახ, “ნაციონალ” დეპუტატ გეგენავას კოპმანიას, “ემ ჯგუფს”. ის, რომ სანამ “ემ ჯგუფს” მიაკვლევ, ბევრი ფრიად საინტერესო ოფშორებში დარეგისტრირებული კომპანიები უნდა გაიარო, თავისთავად ძალიან საინტერესოა, მაგრამ ეგ, იურისტების საკვლევია, მე კი რიგით მოკვდავს, ამ შემთხევაში “ემ ჯგუფი” მაინტერესებს. მოკლედ, შპს „კოლორიტი“, რომელიც საბოლოოდ ამ „ციყვების“ მეპატრონედ მოგვევლინა იგივე “ემ ჯგუფისაა”, რასაც ამტკიცებს საპროტესტო აქციაზე მოქანებული თბილისის კოლორიტის და კაი ბიჭის, ე.წ. ჩუბიკას, ანუ “ემ ჯგუფის” გენდირის იქ მოქანება. 

 

ოფიციალური ვერსია ჟღერდა ასე: ხეებს და ნარგავებს არ ვანადგურებთო, უბრალოდ გადავრგავთო. რეალურად კი მოიყვანეს ექსკავატორები, ბულდოზერები, მოთხარეს და ამოძირკვეს. ახლა „ციყვების“ ადგილზე გამჭოლი ხვრელია, საიდანაც შესანიშნავად ჩანს ნუცუბიძის პლატო. 

 

და რისთვის ეს ყოველივე? დიახ. მორიგი რესტორნისთვის. გვაკლია სახინკლე. საქაბაბეების მწვავე დეფიციტს განვიცდით და საერთოდ, ერთ სულ მოსახლეზე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციით დაწესებული 15 კვადრატული მეტრი მწვანე საფარი კი არ გვეკუთვნის, არამედ 15 სახინკლე და ზედ დამატებული 28 სახაშე. ცნობისთვის, დღეს მწვანე საფარის რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე 2.5 კვადრატული მეტრია. ანუ ჟანგბადი არ გვაქვს. აღარ გვექნება კი არა, უკვე აღარ გვაქვს.

 

ჟანგბადს მწვანე საფარი გამოიმუშავებს და ამას, თუ არ ვცდები მეექვსე კლასის ბოტანიკის სახელმძღვანელოს პირველივე გაკვეთილი ასწავლის, მაგრამ ეგ გიგის, ჩუბიკას და დანარჩენ პატივცემულ გვამებს ან არ უსწავლიათ, ან არ ატოკებთ. 

 

მაგრამ ოდენ გიგის რას ვერჩი? აი, მაგალითად, საკრებულოს ახლად მოვლენილი თავკაცი შიხიაშვილი. ოდესღაც “ნაციონალი” და აწ გასხივოსნების შედეგად “ოცნების” რიგებს შეერთებული. რამოდენიმე შეხვედრა მოეწყო საკრებულოში. აი, იმათი, ვინც ბულდოზერების ქვეშ იწვა და მერე “ემ ჯგუფის” დაცვის ხელი მოხვდა და ამათი, ვინც გიგის ფინანსური ბულემიის შეტევებს უპრავებდა და სარეკრეაციო ზონებს სპობდა. ბატონმა შიხიაშვილმა ღია ტექსტით ბრძანა და ამის ჩანაწერი არსებობს, რომ სულ არ უნდოდა გეგენავას ეს ადგილიო. მაგრამ არჩევნებისთვის ფული ჭირდებოდათო (იმათ, ქიხიებს) და ძალით შეტენესო და ახლა რა ვქნათო? კანონიერი მფლობელიაო. აქეთა მხარის შეთავაზებაზე, რომ ან ადგილი გაუცვალეთ, ან ფული მიეცით, ან სტატუსი აღუდგინეთ ზონას, რისი პრეცედენტი არსებობს და სავსებით შესაძლებელია, შიხიაშვილი გასავსავდა და ეგო, მძიმე ტვირთად დააწვება ქალაქის ბიუჯეტსო და გაჭირვებულ თბილისელებს მერე რა ვუთხრაო? მეორე დღეს კი მრავალასიათასიანი მანქანები შეისყიდა საკუთარი უკანალის კომფორტისთვის და ზედ რამოდენიმე ბოთლი “ჯეკ დენიელსიც” შემოეყიდა. თან ჩემი ფულით შემოეყიდა მაგ უცენზურო სიტყვას.

 

და ისმის ჟანრის კლასიკა კითხვა: ჩვენ რა ვქნათ? ჩვენ? 

 

რაღაცას ვხლაფორთობთ. სარჩელს ვამზადებთ, ხელმოწერებს ვაგროვებთ, პლაკატებს ვბეჭდავთ “ემ ჯგუფის” ბოიკოტის მოწოდებით და მათ რესტორნებთან ვდგებით. იმ დღეს “პურის სახლთან” ვიდექით და ერთი ქართული ოჯახი გავაბრუნეთ და ერთი უცხოელი, რომელმაც პურის სახლის მისამართით შუა თითი აწია, მას შემდეგ რაც პლაკატის ტექსტს გაეცნო.

აქცია პურის სახლთან, ფოტო: ირა ჭელიძე
აქცია პურის სახლთან, ფოტო: ირა ჭელიძე

 

სულ დაახლოებით ათნი ვართ. უცხო თვალით ვინც შეგხედავს იფიქრებს, რომ ეს ათეული სასწრაფო ელექტროშოკს საჭიროებს, თან არაა ფაქტი, რომ ელექტროშოკი ამათ უშველით..

 

ჰოდა, ვინაიდან დაცურებული თავისუფალია, ბოლომდე ავიხსნი აღვირს და ვიტყვი:

 

თქვენ, რომლებიც  ჩუმად ეგუებით მწვანე საფარის განადგურებას, საკუთარი შვილების კიბოთი დაავადებას უწყობთ ხელს.

 

თქვენ,  რომლებიც  “ემ ჯგუფის” რესტორნებში დადიხართ,  თქვენი შვილების კიბოთი დაავადებაში იხდით ფულს.

 

ვინაიდან უკიდურესად გაახალგაზრდავებული სიმსივნური დაავადებები, ბავშვებში ლეიკემიის მატება, ბრონქოსპაზმი, რომლითაც დაავადებულია სრულიად საქართველოს თვითოეული ბავშვი, მკერდის კიბო ქალებში და პროსტატის კიბო მამაკაცებში, პირდაპირპროპორციულია ჰაერში მძიმე მეტალების რაოდენობისა. ეგ რაოდენობა კი ყველა არსებულ ზღვარს და ნორმას აჭარბებს, ვინაიდან აღარ არსებობს ბუნებრივი გამფილტრავი და დამცავი.

 

ახლა კი წადით “მეტეხის ჩრდილში” და მიირთვით. გაამოთ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ირა ჭელიძე