Le bon Brunch du dimanche matin / კვირა დილის კაი ბრანჩი

ახლა არ მითხრა ეს რა რეცეპტია, ვინ არ იცის ომლეტის გაკეთებაო. შორიდან მოვუვლი. ვინ დგება კვირას ადრე? მე არა. თუ რამე განსაკუთრებული არ ხდება, კაი ძილს ვაცხობ და დილის საუზმეს ვტოვებ. რომ პირველი საათისკენ კვირის ბრანჩს ცარიელი კუჭით შევხვდე, (თორემ რა მოერევა ამდენს :პ) 

დღეს რაიმე განსაკუთრებულ რეცეპტს კი არ გთავაზობ. დღეს გიზიარებ რიტუალის რეცეპტს. და როგორც ხშირად, სრულიად მარტივი ინგრედიენტების უკან ერთი ულუფა ბედნიერება იმალება.  ჩემთან, ოჯახში ბრანჩის ჭამა – ომლეტის სუნით გადარეულ და აცმუტებულ ბავშვებთან ერთად ნამდვილი ოჯახური ტრადიციაა და ჩემებს ასე ალბათ მარტო  ჩემი შაქრიანი პოპ-კორნები თუ ახარებთ. აბა, დაუკვირდი  :)
 
კვირის ბრანჩის აუცილებელი ინგერდიენტები:
 
ცხელი თეფშები
კვერცხი
თხლად, რგოლებად დაჭრილი ბეკონი 
ძმარი
ახალი გამომცხვარი პური + კარაქი
ახალი ფუნშეულობა გემოვნებით
წვენი გემოვნებით
რძე ამ ყავა
მშიერი კუჭი
გახსნილი გონება რომ ბედნიერებამ გვერდით არ ჩაგიცუნცულოთ
 
ფოტოზე მოცეულ ბრანჩში:
 
1 ან 2 კვერცხი 
3 ბეკონი
არ მქონდა მაგრამ მიყვარს ნახევარი პიმიდორი 
პროვანსული სუნელები
ძმარი
ზეთი
კარაქიანი ახალი პურის ტარწინები – ამის გარეშე ომლეტის ჭამა წარმოუდგენელია
 
შეაწყვე თეფშები 60 გრადუსზე ღუმელში გასაცხელებლად 10 წუთით ადრე, სანამ კარაქიანი პურის მომზადებას დაიწყებ. მადის მიხედვით – მოამზადე ერთი ან ორი ნაჭერი კარაქიანი ახალი პური. გააცხელე ტაფა და დაასხი ზეთი. დაჭერი პომიდორი და ააშიშხინე. მოაყარე რამე კაი სუნელი – ორეგანო უახლოვდება ჩემს პროვანსულ ჯადოსნობას. ძალიან არ ჩაადნო, ოდნავ უმი პომიდორი ამოიღე და ჯამში გადაინახე, ღუმელში შეაგდე თეფშებთან ერთად. არ დაგავიწყდეს, ბრანჩის ერთერთი საიდუმლო ისაა, რომ ცხელ-ცხელი მიირთვა.
 
მერე დააგდე ბეკონი ცხელ ტაფაზე და მოაწვეთე ძმარი უხვად. დაახალე კვერცხი, მოაყარე სუნელი, შავი ან წითელი პილპილი, მარილი. ხის კოვზით ცილა ხშირ-ხშირად ჩამოაშორე გულს რომ ნაკუწ-ნაკუწ ჩაშუშდეს. შეეცადე გული მთლიანი დარჩეს. მერე გადაიტანე ცხელ თეფშზე, მოუწყვე გვერდით პომიდორი და მიირთვი-მიართვი. აიღე კარაქიანი პური და ჩააწე კვერცხის გულში. შეატანე ყველაფერი დანარჩენი. რომ დამთავრდება, კარაქიანი პურით კარგად მოწმინდე დარჩენილი კვერცხის გული. ფორთოხლის წვენი მიაყოლე და ამასობაში ათუხთუხებულ ყავაზე გადადი.
 
ბლინები
 
ყავაზე ხანდახან ბლინებსაც ვაცხობ. ვიღებ 1 ნატურალურ იოგურთს ან 125 გრამ მაწონს, ვახლი 3 კვერცხს, მეოთხედ ჩაის კოვზი სოდა, შაქარი გემოვნებით, მწიკვით მარილი და ფქვილი თვალ-ზომით – არაჟანის ტექსტურის ცომი რომ მივიღო. ბლინების საიდუმლო ჩემთვის ტაფის სიცხელეა. ძალიან ცხელში გული რჩება ცომი, დაბალ ცეცხლზე ცომი არ ფუშფუშდება და არ ვარგა. თავად უნდა იპოვო საშუალო – ცომი უნდა აშიშხინდეს, მაგრამ არ კი დაიწვას. დააცხვე და მიირთვი როგორც გიყვარს ისე – მურაბით თუ შაქრით კაი ყავასთან.
 
ან – იყიდე ბულკები ან აქ – კრუასანები. ან ახალი კარაქიანი პურები გემრიელ სახლის მურაბასთან.
 
მერე, თუ ბავშვები ბებიასთან არიან, შებრუნდი ლოგინში და კაი ფილმს უყურე კოტრიალით. 
 
აბა, კაი ვიკენდს გისურვებ!
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თინათინ ნოღაიდელი-მიშელი