18491

არა ტვინების ოკუპაციას !

სოჭის ოლიმპიადაზე წასვლა-არწასვლის თემამ  რუსულ-ქართული ურთიერთობების თითქმის მივიწყებული საკითხი საჯარო დისკუსიის საგნად კიდევ ერთხელ აქცია. ბოლო ხანებში  ურთიერთობების ‘’დალაგებამ’,’ ღვინისა და მინერალური წყლების რუსულ ბაზარზე გატანამ ამ ქვეყნისგან მიღებული ტკივილები ოდნავ გააყუჩა.

მაგრამ რუსეთი რუსეთი არ იქნებოდა ‘’სალდათის’’ უხეში ჩექმა ხშირად რომ არ დაგაბიჯოს, თავი არ შეგახსენოს და არ დაგამციროს. 2008 წლის ომში საქართველოს დაბომბვისთვის  ‘’გმირის’’ წოდებით დაჯილდოებული რუსი მფრინავისთვის  ოლიმპიური ჩირაღდნის  გადაცემაზე და ‘’მცოცავ ოკუპაციაზე’’  არაფერს ვიტყვი. ამ თემებზე ისედაც ბევრი ითქვა. ამჯერად  რუსეთის შესახებ საქართველოში გავრცელებულ ცრურწმენებზე ვილაპარაკებ.  ასეთი ძირითადად სამია.

დასავლური საგარეო კურსის გაგრძელების მიუხედავად  რუსეთთან დიპლომატიურობით და ‘’თბილი’’ საუბრებით  ურთიერთობის ‘’დალაგება’’ შესაძლებელია.  

ეს  მოსაზრება აბსურდია. ყველა პოსტ-საბჭოთა ქვეყანას (რომელთაც რუსეთი თავის გავლენის ზონად მიიჩნევს) ორი არჩევანი აქვს : ან დამოუკიდებლობა შეინარჩუნონ, ან ევრაზიული კავშირის ნაწილად იქცნენ. ამის  საუკეთესო მაგალითები უკრაინა და სომხეთია. უკრაინამ დამოუკიდებლობა აირჩია და ევროპასთან დაახლოება გადაწყვიტა. იგივე სურვილი სომხეთსაც ჰქონდა, მაგრამ რუსეთის მხრიდან ზეწოლის და  შანტაჟის (ყარაბახთან დაკავშირებით) შემდეგ საკუთარი ბედი ისევ ჩრდილოელ მეზობელს მიანდო.

თუ ევრაზიულ კავშირში შევალთ, რუსეთი წართმეულ ტერიტორიებს დაგვიბრუნებს..

ეს  მოსაზრება აბსურდულთან ერთად ვერაგულიც არის.  რუსეთის ოფიციალური და არაოფიციალური სტრუქტურების, პოლიტიკური კლასის, საექსპერტო წრეების წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ ავტორიტეტული აზრი არაერთხელ გამოთქმულა. თუ  ევრაზიის კავშირში (ანუ იგივე რუსეთში) შემოხვალთ,  აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ამ გაერთიანების გარეთ ვერ დარჩებიანო. მათი აზრით, თუ ქართველები, ოსები და აფხაზები ერთად ერთ დიდ იმპერიაში ვიცხოვრებთ,  ჩვენი ტერიტორული მთლიანობის პრობლემა მოიხსნება.  

მართლაც და თუ ყველა ერთ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეში გავერთიანდით წართმეული ‘’დაგვიბრუნებია’’  და ეგ არის. ამ გზით  არა თუ სოხუმს და ცხინვალს, მოსკოვს, სიქტივკარს და ვლადივოსტოკსაც კი დავიბრუნებთ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ასეთ “დაბრუნებულ’”  სოხუმში და ცხინვალში ქართველს ცხვირს არავინ შეაყოფინებს. ამ ტერიტორიების მართვა ისევ მოსკოვიდან  განხორციელდება. დაკარგულ ტერიტორიებს ჩვენ კი არა, რუსეთი იბრუნებს საქართველოს სახით. ჩვენ კი არ ვიბრუნებთ, ჩვენ გვიბრუნებენ. საჩვენებლად რამდენიმე ათას ქართველ ლტოლვილს სახლებში დააბრუნებენ და ამით დამთავრდება ყველაფერი.

რუსეთს კავკასიაში ისტორიულად  სამი სტრატეგიული მოკავშირე ჰყავდა და ჰყავს. ესენია: ოსები, აფხაზები და სომხები. ოსებს და აფხაზებს ჩვენს გამო ის არასოდეს გაანაწყენებს. და საქმე აქ მხოლოდ მეგობრულ ერთგულებაში არ არის. ოსების განაწყენებით ის ჩრდილო კავკასიაში მთავარ დასაყრდენს და სამხედრო ფორპოსტს დაკარგავს ვლადიკავკაზის სახით. აფხაზების შემთხვევაში კი მთელ ჩრდილო-დასავლეთ კავკასიას გადაიმტერებს, სადაც აფხაზების მონათესავე ტომები ცხოვრობენ ( ყაბარდოელები, ჩერქეზები, ადიღები და ა.შ.) … რუსეთი საკუთარ ტერიტორიაზე ჩვენს გამო პრობლემებს არ შეიქმნის. მას საქართველოს მიმართ ნდობა არასოდეს ჰქონდა და არც მომავალში ექნება. ჩვენი უნიათობის გამო ხვალ რომ ევრაზიის კავშირში აღმოვჩნდეთ რუსეთ-საქართველოს “ძმობა” მაინც დროებითი იქნება. მოსკოვს ყოველთვის ექნება ჩვენს მიმართ ეჭვი და ორაზროვნება. ეჭვი იმისა, რომ საქართველო ერთ დღესაც რუსეთისგან გათავისულებას ისევ მოინდომებს. ის სოხუმს და ცხინვალს  ყოველთვის ჩვენზე მეტად ენდობოდა და მათ ერთგულებას მომავალშიც მოუფრთხილდება. ამ ორ ტერიტორიას ჩვენზე ზეწოლის ბერკეტად მაინც შემოინახავს.

დასავლეთი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ იყენებს. რუსეთ-საქართველოს შორის დაძაბული ურთიერთობა დასავლეთის  ბრალია .

საკითხის ასე დასმა უმეცრებაა. რუსეთის აგრესია და ჩვენს მიმართ მტრობა საქართველო-დასავლეთის ურთიერთობაზე ბევრად ძველია… 1992 წლიდან 1996- წლამდე ქართულ პოლიტიკაში  ნატოში შესვლაზე საუბარიც არ იყო.  აშშ-სთან ურთიერთობა შევარდნაძის ვაშინგტონში ერთი-ორი ვიზიტით შემოიფარგლებოდა. მაგრამ იმ დროისთვის  რუსეთის ხელშეწყობით სამი  ომი უკვე გვქონდა გამოვლილი – ცხინვალში, სოხუმსა და თბილისის ცენტრში. ყველაფერში დასავლეთის დადანაშაულების მოყვარულები მარტივ ლოგიკურ, კაუზალურ (მიზეზ-შედეგობრივ) შეცდომას უშვებენ. შედეგი მიზეზის გარეშე არ არსებობს. ჯერ მიზეზი, შემდეგ შედეგი – ასეთია ლოგიკის კანონი. შესაბამისად: 1. საქართველომ მოიპოვა ნანატრი თავისუფლება. 2.  ამას მოჰყვა რუსეთის  განრისხება და მონაპოვარის წართმევის მცდელობა. ჩვენს თავისუფლებას  საფრთხე დაემუქრა და სახელმწიფოებრიობის   შენარჩუნების ერთადერთი საშუალება დასავლეთთან დაახლოებაში იყო . ეს შანსი გამოვიყენეთ.  ასეთი იყო მიზეზ-შედეგობრივი თანმიმდევრობა და არა პირიქით. რატომღაც ზოგნი ყველაფერს უკუღმა ხედავენ.

ჩვენ ბევრად მეტად გვჭირდება დასავლეთი, ვიდრე მათ ვჭირდებით.

და ბოლოს

ამ ბოლო დროს სოციალურ ქსელებში ანტიდასავლურად განწყობილი ‘’ტროლები’’ და ადამიანები მომრავლდნენ. რუსულ კულტურაზე აღგზნებული „ინტილიგენტებიც“ დაბრუნდნენ ტელე -ეთერში.  დასავლეთისა და რუსეთის ერთ ქვაბში მომხარშველი პოლიტიკოსებიც ბლომად გვყავს.  სასულიერო პირები ანტიდასავლურ პროპაგანდას ყოველდღიურად ეწევიან.  „ ისევ რუსეთი სჯობს სულიერად მაინც არ გაგვრყვნის“ … „ 2008 წლის ომში რუსეთის მიერ ჩამოგდებული ბომბები ღვთის ნება იყო საქართველოს დასავლეთისკენ სვლის შესაჩერებლად’’ … ‘’პუტინი კეთილი და სანდომიანი ადამიანია’’– ეს სიტყვები უმაღლესი სასულიერო იერარქებისგან ისმის.

 

მაგრამ ამავე დროს ამ ადამიანებმა სიტყვა  ‘’ეროვნულის’’ პრივატიზება მოახდინეს. მათ ცნება “ეროვნულზე” მონოპოლია აქვთ. აქაც ლოგიკის ნაკლებობასთან და კოგნიტიურ დისონანსთან გვაქვს საქმე. ერის-ნაციის არსებობის მთავარი პირობა სახელმწიფოა. სახელმწიფოს გარეშე ერი დეგრადირდება და ეთნოგრაფიულ ტომად იქცევა.  სწორედ სახელმწიფოს მეშვეობით იცავს ერი თავის ნაციონალურ ინტერესებს. პუტინის და რუსეთის დადებითად მოხსენიება და ამავე დროს დასავლეთის ლანძღვა ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა.  გამოდის რომ ამ ადამიანების საქციელი ეროვნული კი არა ანტიეროვნული და ანტიპატრიოტულია.

ადრე თუ გვიან ( ალბათ ადრე ვიდრე გვიან) რუსეთს იმპერიის იდეაზე უარის თქმა მოუწევს. რა თქმა უნდა ამას კეთილი გულის გამო არ იზამს. უბრალოდ ობიექტური მიზეზები სხვა გამოსავალს არ ტოვებს. ე.წ. ‘’ფიქალის რევოლუციის’’ წყალობით (რომელიც უკვე დაწყებულია) რუსულ გაზზე და ნავთობზე მოთხოვნილება  შემცირდება. იმპერიის შესაქმნელად ფული აღარ იქნება. რუსეთს ეკონომიკური პრობლემები უკვე აქვს და ამაზე ‘’დუმაში’’  ღიად საუბრობენ. გარდა ამისა, უნდა ვიცოდეთ, რომ რუს ერში მენტალური ცვლილებები მოხდა. შოვინიზმმა და ფაშიზმმა ერთი ათად იმატა . რუსი ერის უმრავლესობის  (განსაკუთრებით ახალგაზრდების) მიერ ქართველის და ზოგადად კავკასიელის მიმართ დამოკიდებულება აბსოლუტურად რასისტულია. მათთვის ქართველი დაბალი რასის წარმომადგენელი და მეორეხარისხოვანი ადამიანია.  “37 მანეთად” მოსკოვში სეირნობის დრო დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
გია მარიამიძე