გია მარიამიძის ბლოგი

ქართული კონსერვატიზმის კრიზისი

ქართული კონსერვატიზმის კრიზისი

სამწუხაროდ, ასე მხოლოდ ის ახალგაზრდა არ ფიქრობს და შედეგიც სახეზეა – “კედელი” მალევე დახურეს (ალბათ, იმიტომ, რომ იქ  გადაგვარებულები ხშირად ჩანდნენ). ასეთი დასკვნებისკენ ადამიანებს სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგებიც უბიძგებთ, სადაც ეკლესიას და პატრიარქს ნდობას მართლაც მოსახლეობის 94% უცხადებს. სინამდვილეში საქმე ასე მარტივად არ არის და ქართული საზოგადოება გაცილებით მრავალფეროვანია.

 

ქვეყანაში დომინანტი უმრავლესობის არსებობა უდავო ფაქტია. ეს უმრავლესობა ჩვენს თვალწინ ჩამოყალიბდა, გაძლიერდა და საზოგადო სივრცის დიდი ნაწილი დაიკავა. მათი ამოცნობა სახასიათო გარეგნული ნიშნებით სირთულეს არ წარმოადგენს – მრევლის წევრობა, პატრიარქის სიყვარული, რიტუალები, სიმბოლიკა, ქართული ტრადიციების მიმართ ერთგულების დეკლარირება და ა.შ. დომინანტი უმრავლესობის რაოდენობრივი მახასიათებლებით აღწერა მარტივი არითმეტიკის საქმეა. ხარისხობრივ მახასიათებლებთან საქმე უფო რთულადაა. მათი აღწერა იოლი საქმე არ არის. 

 

დომინანტი უმრავლესობის მიზანი წარსულის რესტავრირებაა. ამ ადამიანების ხედვით საქართველოს ოქროს ხანა წარსულ დროში დევს და არა მომავალში. შესაბამისად, იდეალისკენ სწრაფვა მათთვის ახლის შექმაში კი არა უწინდელის ხელახლა გამეორებაშია (სხვა საქმეა წარსულზე მათი წარმოდგენები რეალურ ისტორიას რამდენად შეესაბამება). ამ ადამიანების  ხედვები ტემპარალური (დროითი) თვალსაზრისით პრემოდერნული ხანის პარადიგმის კუთვნილებაა. ასეთ ხედვაში ყოფიერების ღერძი რელიგიაა, ამ ქვეყნად არსებობის საზრისი კი მარადიული სასუფევლისთვის მზადება. პრემოდერნული პარადიგმის ლოგიკა მონარქიის აღდგენით, იერარქიული საზოგადოებით, პატრიარქის უპირობო ავტორიტეტით, განსხვავებული აზრის აკრძალვით, საზოგადოების ჰომოგენიზაციით, მატერიალურ კეთლდღეობასა და კომფორტზე უარის თქმით, ასკეტიზმით, გარე სამყაროსგან თვითიზოლაციით უნდა გაგრძელებულიყო. ამ ჩამონათვალიდან ზოგი რამ ეკლესიამ პრაქტიკაში დაამკვიდრა კიდეც, ზოგი ჯერ ვერ მოასწრო. 

 

მაგრამ სინამდვილეში დღევანდელი რეალობის პრემოდერნული ტაქსონომიით (პრინციპების კლასიფიკაცია-სისტემატიზაციით)  აღწერა შეუძლებელია. ამის მიზეზი ის არის, რომ ჩვენებური პრემოდერნულობა, არქაიკისკენ სწრაფვა და ტრადიციულობა იმიტაციური და ყალბია. პატრიარქის მიერ წამოყენებული საკრალური მონარქის პროექტი მონარქიის იდეის პაროდიაა. თავად “სამეფო ოჯახის” ქორწინება-გაყრა-შეყრა და ყალბი პათეტიკა კი – ანეკდოტური ისტორია. ამ საზოგადოებასთან მიმართებაში ასკეტიზმზე საუბარი უადგილოა. ეს ადამიანები კომფორტზე უარს არასოდეს იტყვიან.  სამღვდელოების ფუფუნებას, ოქრო-ვერცხლს, სასახლეებს და ჯიპებს ყველა ხედავს. ცოტა ხნის წინ კომპანია “სოკარმა” ტაძრების გაზით უფასოდ მომარაგების პირობა დადო. გაზგამათბობელი ქურებით იგივე “კარმებით” და კონდენციონერებით დამახინჯებული შუასაუკუნეების დროინდელი  ულამაზესი ტაძრები ჩვენი ფსევდოტრადიციულობის მხოლოდ ერთი მაგალითია. “მამაოებს” ზამთარში სცივათ და სხეულებს “კარმებით” ითბობენ, ზაფხულობით კი გაგრილება უყვართ. აბა, რა ქნან?! არაფერი ადამიანური მათთვის უცხო არ არის.

 

ჩვენი  კომფორტის სიყვარული მატერიალური სამყაროდან აბსტრაქტულში გადადის (ამაში მართლაც უნიკალურები ვართ) სეგრეგაცია, იერარქიული საზოგადოება, განსხვავებულობის მიუღებლობა, თვითიზოლირება სწორედ კომფორტული გარემოს შესაქმნელად სჭირდებათ.

 

დღევანდელი, გარეგნულად ტრადიციონალიზმისკენ მიდრეკილი ერთი შეხედვით პრემოდერნულ ფასეულობებზე ორიენტირებული საზოგადოების გასააზრებლად კონსერვატიული და ტრადიციონალისტური თეორიები საკმარისი  არ არის. ჩვენს რეალობას პოსტმოდერნული ცნებების გარეშე ვერ აღწერ, რადგან სინამდვილეში ის, რაც ჩვენთან ხდება ცუდი და დამახინჯებული პოსტმოდერნია. სიმულაკრის, ანტიფრაზის და სხვა თანამედროვე ტერმინების გარეშე ჩვენი საზაგადოების სტრუქტურის გაგება შეუძლებელია.  

 

საზოგადო მოღვაწეები, პოლიტიკოსები, სამღვდელოება და ლუდის რეკლამებიც კი ტრადიციების დაცვისკენ მოგვიწოდებენ. ტრადიციის დაცვას წინაპრებისადმი პატივისცემასთან აიგივებენ. მათ დაკარგვას საკუთარი თავის და ნამდვილობის დაკარგვასთან ათანაბრებენ. ტრადიცია ლეგიტიმაციას ისტორიულობიდან – სიძველიდან იღებს. ის კარგია იმიტომ, რომ ძველია. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ტრადიციონალიზმი და ტრადიციული საზოგადოება სხვადასხვა რამ არის. ძველ, ტრადიციულ საზოგადოებაში ადამიანი ტრადიციონალისტი არ იყო. ის თავის თავს არსებულ გარემოში და ვითარებაში სუბიექტად არ იაზრებდა. ის ობიექტი იყო. ბუნების და გარემო პირობების მიერ ნაკარნახევ ცხოვრების წესში ბუნებითად არსებობდა ისე, რომ ამა თუ იმ ტრადიციის არსს არ იაზრებდა. იმ საზოგადოებაში ტრადიცია არ იყო ადამიანის მიერ კონსტრუირებული ფენომენი. პრემოდერნული ხანის რეალურ ყოფაზე სინამდვილეში ჩვენ ბევრი არაფერი ვიცით.  იმ დროინდელი ადამიანის  ფსიქოლოგიის და შინაგანი სამყაროს წარმოდგენა თანამედროვე ადამიანისთვის პრინციპულად შეუძლებელია, რადგან ჩვენი მეხსიერება სხვა ცოდნით არის დამძიმებული. 

 

ტრადიციონალიზმი კი თანამედროვე მოვლენაა და მისი თვისება ტრადიციების ხელოვნურად კონსტრუირებაში მდგომარეობს. ტრადიციონალიზმი ნების და არა გარემოების შედეგია. ეს თანამედროვე ფენომენი თავის თავს ისტორიული მემკვიდრეობის გამგრძელებლად წარმოგვიდგენს. ისტორიის გარდა მას სხვა ლეგიტიმაციის წყარო და საკუთარი არსებობის  გამართლების საშუალება არ აქვს. სინამდვილეში ტრადიციონალიზმს ისტორიულობასთან საერთო ბევრი არაფერი აქვს.

 

საქართველოში ასეთი (ნორმალური) ტრადიციონალიზმი სამწუხაროდ არ გვაქვს. ქართული ფსევდოპოსტმოდერნული ტრადიციონალიზმი მეტწილად ეკლესიის მიერ კონსტრუირდება და კვაზირელიგიურია. მან იდეოლოგიის სახე მიიღო, თუმცა ბოლომდე არტიკულირებული არ არის და  ინტუიტიურ პერცეფციებზეა დამყარებული. ეს იდეოლოგია სამი სეგმენტისგან შედგება. 1. საკუთრივ ეკლესიურობა; 2 ძველბიჭურ-ქუჩური წესები; 3 ე. წ. “სვეცკი” ელიტარული საზოგადოება და მათი ინტერესები. ეკლესიამ ძველბიჭური სუბკულტურა იოლად შეიწოვა და მათი მეშვეობით მრევლის რიგები შეავსო. საჭიროების შემთხვევაში ამ ძალას დამსჯელ რაზმებად  იყენებს (17 მაისი ამის მაგალითია). ამ “გაგების” პუბლიკა კი სანაცვლოდ ეკლესიისგან საკრალურ ლეგიტიმაციას იღებს. ქურდების აშენებული ეკლესიები და სამღვდელოებისთვის ნაჩუქარი სასახლეები ახალი ამბავი არ არის. “კაცურ-კაცობაზე” მუდმივად მოლაპარაკე “ქალაქის კოლორიტები” ნაირ-ნაირ ტელე-შოუებში საუბარს “ნაშებით” და სექსუალური თავგადასავლებით იწყებენ და პირჯვრის წერით ამთავრებენ. შოუ-ბიზნესი და სხვა “სვეცკი ნაროდი” კი სცენაზე მოძღვრის კურთხევის გარეშე არ გადიან. მდიდარი ბიზნესმენები ქონების დათრევის და საბანკო პროცენტებით ხალხის გაყვლეფის პარალელურად პატრიარქს ცხენებს სჩუქნიან და “ანჩისხატის ხელთუქმნელი ხატის” ტაძარში დაბრუნების თაობაზე ბაასობენ. დომინანტი იდეოლოგიის შემადგენელ სამივე სეგმენტს ერთმანეთი სჭირდებათ და ერთმანეთს იყენებენ. ამ ყველაფერს კი ტრადიციონალიზმთან საერთო არაფერი აქვს. 

 

ამგვარ კვაზიიდეოლოგიის სიცოცხლისუნარიანობას მრავალი მიზეზი აქვს. სოციალური სიდუხჭირე, განათლების სისტების არაეფექტურობა და ა.შ. მაგრამ ჩემი აზრით მთავარი მიზეზი ფრუსტრირებით გამოწვეულ “კოლექტიურ ნარცისიზმშია”. ომში თუ მშვიდობიანობის დროს  განცდილი მარცხი, წაგებული ბრძოლები, ეკონომიკური ჩამორჩენა და შეუმდგარი საზოგადოება, რომელსაც არ შეუძლია გამოწვევებს უპასუხოს. ეს და სხვა ფაქტორები საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობას იწვევს. ნაკლულობა რაღაცით უნდა შეივსოს და ივსება კიდეც პათეტიკით, მაღალფარდოვნებით, ტრაბახით, საკუთარ თავზე გამოგონილი ჰეროიკული მითებით. – “რაც კარგები ვართ ქართველები ვართ”, ყველაზე ტოლერანტები – ერთ მოედანზე სამი რელიგია ეტევა. ყველაზე ნიჭიერები, მაგრამ ზარმაცები, ღვთისმშობლის წილხვედრები. ყველაზე მებრძოლები. მთელი მსოფლიო  დაცემული  და გარყვნილია, ერთადერთი სიწმინდე პლანეტაზე ჩვენ შემოვრჩით და  ბოლო ჟამს ქრისტე ქართულ ენაზე კაცობრიობას განიკითხავს. ამ და სხვა მითების არსებობის მიზეზი “კოლექტიური ნარცისიზმია”. საკუთარ თავზე გამოგონილი მითები უცხოზე კოლექტიური უპირატესობის განცდას გვანიჭებს და ადამიანებს ყველაზე მეტად სწორედ ამ განცდის დაკარგვა აშფოთებთ. მართლმადიდებლობაც, ქართველობაც, ტრადიციებიც მათთვის პირველ რიგში სხვებზე უპირატესობის განცდის საშუალებაა. ეკლესიურობა და ტრადიციულობა მითად  და იდეოლოგიად იქცა, რელიგიამ და ტრადიციამ კი ნამდვილობა დაკარგეს. 

 

ამგვარი ყალბი ტრადიციონალიზმი, არქაიკა და იმიტაციური ფანატიზმი გაცილებით საშიში და უარესია, ვიდრე ნამდვილი ფანატიზმი და ფუნდამენტალიზმი, რადგან მას შინაგანი  ლოგიკა არა აქვს, მუდმივად მიმიკრირებს და იმიტირებს. სამაგიეროდ საკუთარი კომფორტის დარღვევაზე სწრაფად  რეაგირებს და საწინააღმდეგო აზრს ფიზიკურად უსწორდება

 

დღეს განვითარებისთვის საქართველოს ყველაზე მეტად  ე.წ. ლიბერალები კი არა ჯანსაღი კონსერვატორები სჭირდება.  ნამდვილი პურიტანები და ნამდვილი ასკეტები. ადამიანები, რომელთა ცხოვრებაში  ტრანსცენდენტურს და საკრალურს კუთვნილი ადგილი ექნება დაკავებული, მაგრამ ამავდროს სხვისი ტრადიციის პატივისცემასაც შეძლებენ, განსხვავებულ აზრს აიტანენ და ადამიანებს “ჭეშმარიტებად” და “გადაგვარებულებად” არ დაახარისხებენ.