გია მარიამიძის ბლოგი

რთული წელიწადი

რთული წელიწადი

ბ. ივანიშვილის ეს „ანალიზი“ გამართლდა და პირველი 2013 წელი მართლაც რთული გამოდგა. ოპოზიცია ბიუჯეტის გარღვევაზე, ეკონომიკაში ვარდნასა და კრიმინალის ზრდაზე საუბრობს. თუმცა ჩავლილ წელს ქვეყანას მნიშვნელოვანი მიღწევებიც ჰქონდა. მათგან მთავარი ორია – ხელისუფლების საბოლოოდ მშვიდობიანად შეცვლა და ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირში ასოცირების პროცესის დაწყება. 

 

დამდეგი 2014 წლის „საგრძნობლად უკეთესობის“ შესახებ პროგნოზის გამართლება, ალბათ, გაცილებით რთული იქნება. ამის მთავარი მიზეზი თვითონ ხელისუფლების არაპროგნოზირებადობაა. დღევანდელ მმართველ ძალას ერთი ჩამოყალიბებული სახე და შესაბამისად, ცხადი და გასაგები მიზნები არ აქვს. უფრო სწორად მიზნები სახელდება (დემოკრატია, ევროპული საგარეო კურსი), მაგრამ მათი მიღწევის გზები ორჭოფული, წინააღმდეგობრივი და აქედან გამომდინარე, არაეფექტურია. 

 

დღეს ქვეყნის წინაშე ორი ფუნდამენტური, შიდა და გარე გამოწვევა დგას. შიდა საკითხი თანასწორობის პრობლემას ეხება, გარე – რუსეთთან „ურთიერთობების დალაგებას“ უკავშირდება. „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთმანეთთან  მწვავე დაპირისპირების ტრადიცია აქვთ. ახალი ხელისუფლება, როგორც წესი, ძველის საპირისპიროდ მოქმედებს ხოლმე. ხშირად ასეთი მოქმედება თვითმიზნური და გაუაზრებელია.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სტილი და მეთოდები მეტწილად ავტორიტარული იყო.  სახელმწიფო  აპარატი  საზოგადოებრივი პროცესების წარმართვაში მონოპოლისტად გვევლინებოდა. შედეგი – საზოგადოებრივი ინსტიტუტების არ ქონა და კლანური საზოგადოების შერჩენილი ტრადიციები.

 

როგორც მოსალოდნელი იყო, ახალი ხელისუფლება ამ საკითხშიც ზომიერი გზით არ წავიდა. ივანიშვილის პირით ლოზუნგი „ყველას უნდა მოვუსმინოთ“ გამოცხადდა და საზოგადოებრივი პროცესები ხელისუფლებამ მთლიანად თავის ნებაზე მიუშვა. შედეგიც სახეზეა – ხულიგანი მღვდლები ქუჩაში ადამიანებს ტაბურეტით დასდევენ და იგინებიან, იდეოლოგიურად მოტივირებული კრიმინალები განსხვავებულ ადამიანებს ურტყამენ, რელიგიური ექსტრემისტები სხვა კონფესიის წარმომადგენლებს ავიწროებენ და ლოცვას უშლიან. პროტოფაშისტური ტიპის სუბიექტები ქუჩებში დებოშებს აწყობენ.

 

ყველას მოსმენა და ყველას აზრის გათვალისწინება  სასურველი და აუცილებელია, მაგრამ ასეთი მიდგომა მხოლოდ ცივილიზებულ საზოგადოებაში ამართლებს. ვეგეტარიანელი და მტაცებელი ცხოველების ერთ სივრცეში გაშვება რით დასრულდება იოლი მისახვედრია – მტაცებლები ვეგეტარიანელებს შეჭამენ. სახელმწიფო, რომელიც უმცირესობებს, მცირერიცხოვან ჯგუფებს და ზოგადად სუსტებს აგრესიული ბრბოსგან არ იცავს, არსებობას წყვეტს და ქრება. მითუმეტეს თუ ეს სახელმწიფო მცირე ზომისაა და რთული გეოგრაფიული მდებარეობა აქვს. მომავალ “საგრძნობლად უკეთეს“ და „ძალიან კარგ“ წლებში ეკონომიკურ ზრდასთან ერთად ქვეყნის მთავარი საშინაო პრობლემა სწორედ უმცირესობების დაცვა და ყველა მოქალაქის ფაქტობრივი უფლებრივი თანასწორობის უზრუნველყოფა იქნება. სინამდვილეში  ეს ორი საკითხი ერთმანეთთან კავშირშია და ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევა თანასწორობის უზრუნველყოფის გარეშე შეუძლებელია. 

 

საგარეო გამოწვევა რუსეთთან არის დაკავშირებული და ასევე ბუნდოვანი და ორაზროვანი ქმედებების შედეგია. ჩვენი ხელისუფლების ამ მიმართულებით გატარებულ პოლიტიკას სიტყვის და საქმის შეგნებულად აცდენის პოლიტიკა შეიძლება ეწოდოს. სიტყვით რუსეთს დავუყვავებთ, მოვეფერებით ერთმორწმუნეს ვუწოდებთ, ოლიმპიადაზე ვეწვევით, საქმით კი ევროპისკენ წავალთ და ნატოში გაწევრიანების პროცესს გავაგრძელებთ. მაგრამ უკრაინის მაგალითმა გვაჩვენა, რომ ასეთი პოლიტიკა არ ამართლებს და ცუდად შეიძლება დამთავრდეს. რუსეთი ადრე თუ გვიან სიტყვის და საქმის ერთიანობაში მოყვანას მოგვთხოვს და ან საგარეო კურსის ან რიტორიკის შეცვლა მოგვიწევს. ამ ორაზროვნების ხანას კი რუსეთი სათავისოდ  იყენებს და საქართველოში თავის გავლენას აფართოებს: არასამთავრობო სექტორის, საზოგადოებრივი მოძრაობების ჩამოყალბების, საინფორმაციო რესურსების შექმნის და ეკლესიის ლოიალობის მეშვეობით.

ორაზროვნება და ბუნდოვანება თვითონ „ქართული ოცნების“ რიგებშიც არის. ამ მრავალპარტიულმა გაერთიანებამ წინასაარჩევნოდ ნაჩქარევად დიდი ზომის ბალასტი აკრიფა სხვადასხვა ტიპის პარტიების, ცალკეული ადამიანების სახით. კოალიციაში შემავალი პარტიების ნაწილი აშკარად პრორუსულია, ხოლო პარლამენტში მსხდომი დეპუტატის მანდატით აღჭურვილი ადამიანების დიდი ნაწილი საერთოდ პოლიტიკის წესების გარეთ დგას და თავისი მენტალობით ქუჩურ-ძველბიჭურ სუბკულტურას ეკუთვნის. „შე ჩმორო“ – ამ ტერმინებით მოსაუბრე ხალხს საკანონმდებლო ორგანოში არაფერი ესაქმებათ, მათი სააზროვნო სივრცე ვინმეს დაჩმორებას და „პლაჟენიების დაყენებას“ ვერ სცილდება. ასეთი ადამიანების ხელისუფლებაში არსებობა ბუნდოვანების, ორაზროვნების და გაურკვევლობის ატმოსფეროს ქმნის როგორც ქვეყნის შიდა ისე გარე ურთიერთობებში. ამ პრობლემებთან გამკლავებაზე იქნება დამოკიდებული შემდგომი წლების და ივანიშვილის პოლიტიკური პროგნოზის ბედი.