მცხეთელი მესტვირე

გერმანულ ქალაქ გამელნში მომხდარ ლეგენდაზე ალბათ ყველას სმენია. ლეგენდა მესტვირეზე, რომელიც ჯადოსნური საკრავის მაგიური ჰანგებით ქალაქის ბავშვებს მოაჯადოებს. საკრავის ხმაზე ბავშვები მესტვირეს თან გაჰყვებიან და იკარგებიან. მათი კვალი სამუდამოდ ქრება.

ეს ლეგენდა არქეტიპულ ალეგორიად იქცა. ძალაუფლების მქონეთა  ხალხზე მაგიური ზემოქმედების, ადამიანების გაბრუების, ბრბოდ ქცეული მასის წაძღოლის და უფსკრულში გადაჩეხის ალეგორიად. შობის წინა დღეებში მცხეთაში ბერი გაბრიელის საფლავისკენ 2 სურვილის ჩასათქმელად დაძრული ათასობით ადამიანის დანახვისას ძნელია ეს ლეგენდა არ გაგახსენდეს. ამ ქვეყანაში რელიგია გამელნის ლეგენდის ჯადოსნურ სტვირად იქცა.  მესტვირეები კი ეკლესიის წარმომადგენლები არიან. მათ მიერ ‘’დაკრული’’ ნებისმიერი ქადაგება, მოწოდება და სიტყვა მრევლის ნაწილზე მაგიურად მოქმედებს. მაგიით გაბრუებული ადამიანებისთვის ლოგიკა აღარ არსებობს, ფიზიკის კანონები აზრს კარგავს და ‘’მესტვირეს’’ ბრმად ყველგან მისდევენ.

თუმცა ადამიანების გაბრუება და ბრბოდ ქცევა დღეს არ დაწყებულა. წელს მცხეთაში სასწაულებზე  საშობაო ფასდაკლებით ვაჭრობას წინაისტორია ქონდა. ჯერ იყო ნაირნაირი ‘’მაიას პროფილები’’ ‘’დიდი ათეული’’  და სხვა პროპაგანდისტულ-გასართობი გადაცემები, სადაც სასულიერო და მათთან დაახლოებული პირები გვიყვებოდნენ, რომ ბერი გაბრიელი 7 წლის ასაკში ტონიან ქვებს სწევდა. ბერობის დროს ჰაერში დაფრინავდა, ხატებთან ლაპარაკობდა და ხატები მას ელაპარაკებოდნენ. მილიციის მუშაკებს კი ხელები დაუდამბლავდათ და გაუხმათ, როდესაც მის დაკავებას აპირებდნენ. ‘’დედაო’’ პარასკევას სიტყვებით  ბერი გაბრიელი უკვდავი იყო, მაგრამ გარდაცვალება თვითონ ისურვა და მისი დასაფლავების დროს მიწა თავისით გაიპო, გაბრიელის გვამი მიიზიდა და საფლავი მიწით თავისით ამოივსო. ამ ფსიქიატრიულ მონათხრობებს ავტორიტეტული ადამიანები ტელევიზორიდან წლების განმავლობაში ჰყვებიან, მათ სიტყვას არავინ აწყვეტინებს და შედეგიც მივიღეთ – ბერი გაბრიელი ზღაპრულ პერსონაჟად მისი საფლავი კი ნატვრის თვალად და ჯადოსნურ ჯოხად იქცა.

ხალხის ამგვარად გაბრუება მხოლოდ სტიქიური პროცესი არ არის. ეს პროცესები გეგმაზომიერად იმართება და საბოლოო ჯამში პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცევა ხოლმე. პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში გაჟღერებული მორიგი აზრებიც მრევლის ნაწილში ფესვგადგმული მაგიური ცნობიერების ინსტრუმენტალიზაციის მაგალითი იყო. როდესაც ადამიანს გამლენის ბავშვებივით ჯადოსნური სტვირით  გააბრუებ ადვილად დაგიჯერებენ, რომ სინჯარაში  განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს და საშვილოსნოში მომხდარ იგივე პროცესს შორის რაიმე ზნეობრივი დილემაა. ამგვარად განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან დაბადებული ბავშვი კი მორალურად არასრულფასოვანი იქნება.  რომ ევროპის კავშირში გაწევრიანების პირობა გეი ქორწინებების დაკანონება ყოფილა და ევროპამ ჩვენთვის გამონაკლისი უნდა დაუშვას. რუსეთი ერთადერთი წმინდა ქვეყანაა, პუტინი კი ბრძენი და კეთილი მმართველი.

არსებობა, სიცოცხლე ადამიანისთვის თავისთავად ეგზიტენციალური განსაცდელია – ყველანი მოკვდავები ვართ. ამას ყოფითი, სოციალური, ეკონომიკური და ათასი სხვა პრობლემა ემატება. ადამიანის ძალა და ნებისყოფა ამდენ განსაცდელს ვერ უმკლავდება.  ყველაზე სკეპტიკურად განწყობილ  ადამიანებში ქვეცნობიერად მაინც არის ტრანსცენდენტურის,  მიღმურის,  ზებუნებრივი ძალის დახმარების იმედი. მაგრამ ადამიანი გონიერი არსებაა და ვალდებულია  გონივრულ რელიგიურობას, რწმენას და ბანალურ მისტიციზმს, მაგიას, ჯადოქრობას და ზოგადად  იდიოტიზმს შორის ზღვარი გაავლოს.

სამწუხაროდ საქართველოში რწმენა ცრურწმენად, რელიგია იდეოლოგიად, ეკლესია კი სასწაულების ქარხანად იქცა. საპატრიარქოსთვის ადამიანების გაბრუება და მათი კრიტიკულად აზროვნების უნარის აბერაცია თვითმიზანი არ არის. ეს ადამიანები მათთვის საშუალებაა. მიზნები კი აშკარა და ცხადია-  ძალაუფლების კონცენტრაცია, საზოგადოების მთლიანად დამორჩილება, პოლიტიკური ხელისუფლების საკუთარი ნება-სურვილით მართვა და ფაქტობრივად სახელმწიფოს ხელში ჩაგდება. აქ კი გამელნის ლეგენდას ვერ გავექცევით. საპატრიარქოს  მიერ სახელმწოფოს მართვის სადავეების  საბოლოოდ ხელში ჩაგდება ქვეყანას გამელნის მესტვირის ჯადოსნურ ჰანგებზე გაყოლილ ბავშვებს დაამსგავსებს, რომლებიც როგორც ვიცით უკვალოდ გაქრნენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
გია მარიამიძე