დათა ჯორჯაძის ბლოგი

ჰეროდე, ფსიქოზი და პოსტკომუნიზმი

13.01.2014 | 1943 |
ჰეროდე, ფსიქოზი და პოსტკომუნიზმი

მე თვითონ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა მაქვს, ანუ გამაჩნია შფოთვები, აკვიატებული აზრები და ქცევები. ეს ფსიქიკური დაავადება ძალიან ბევრს სჭირს, მაგრამ მათ უბრალოდ დასახელება არ იციან, მეც პირველად ფსიქოლოგმა მითხრა „ობსესიკი“ ხარო. ვიჯექი და ვფიქრობდი: ე.ი. ერთმა ჩვეულებრივმა ჩემნაირმა ადამიანმა აღმართა ეს შვიდი ჯვარი. ჩვენს შორის განსხვავება კი ისაა, რომ ალბათ ის ფანატიკურად არის შეპყრობილი ეკლესიით, მე კი – არა. ეს მათი ფასადია, ამ შენობის მაცხოვრებლების. ყალბი, ფანატიკური. ფანატიზმი და სიყალბე კი ჩემი დაბადებიდან, ანუ საბჭოთა კავშირის ნგრევიდან მოყოლებული ძვალ-რბილში გვაქვს გამჯდარი.

 

მახსოვს, ჯორჯ ბუში სანამ თბილისში ჩამოვიდოდა, მთელი მარშრუტი, აეროპორტიდან „თბილისი მარიოტამდე“, ორ დღეში შეღებეს, ააჭრელეს, გადაახალისეს, გზა დააგეს და ა.შ. ფასადი ბუშის წასვლის შემდეგ წვიმამ ჩამორეცხა და ხელში ისევ ჩვენი ბინძური დედაქალაქი შეგვრჩა. ყველაზე სასაცილო ადამიანში ხომ სწორედ ის არის, როცა რაღაცას სხვის დასანახად სჩადის. მაგრამ აქ ჩემთვის სანიშნო ჯვრებზე მეტად, საზოგადოების მიერ ამ ფოტოს აღქმა იყო. ჩვენ ვაკეთებთ მხოლოდ სტიგმატიზაციას, რომ თემქაზე კოლექტიური ფსიქოზია, და არ ვიხედებით იმ ფანჯრებში, იმ კორპუსს მიღმა, სადაც თავად ვცხოვრობთ.

 

რატომ დაარჭვეს ამ ადამიანებმა ჯვრები? იქნებ გარიყულები არიან და მხოლოდ ეკლესიამ შეიფარა ისინი? 90-ანი წლებიდან მოყოლებული, როცა დენი მხოლოდ ელიტარული უბნების ბობოლებს მიეწოდებოდათ, მაშინ ხომ არ გაწყდა კავშირი? როცა სახელმწიფომ გარეუბნები დაივიწყა, მაშინ ხომ არ გახდნენ ეს რაიონები ცალკე სამყაროები? ვარდების რევოლუციიდან დღემდე გადაღებულ ქართულ მხატვრულ ფილმებში, სატელევიზიო სერიალებში, მუსიკალურ კლიპებში, სად ხდება მოქმედება? მხოლოდ ვერაზე, ვაკეში, სოლოლაკში, პლეხანოვზე. თითქოს დანარჩენ რაიონებში დრო დაპაუზებულია და არავინ ცხოვრობს. ხალხს დღემდე ეშინია საკუთარი ვინაობის გამომჟღავნების. დაგებულია ერთი ბინძური წითელი ხალიჩა, რომელსაც მუდამ ერთიდაიგივენი ტკეპნიან, დანარჩენები კი მათ უცქერენ.

 

საზოგადოებრივი პრობლემების ქილიკი ერთგვარი პოზაა, რომელშიც ინტელექტუალთა ერთი ნაწილი თავს კარგად გრძნობს და ნამდვილად არ სჭირდება გადაბრუნება. მაგალითისთვის პატრიარქის საშობაო ეპისტოლე ავიღოთ. თორმეტგვერდიან მოხსენებაში, ერის ყურადღება მხოლოდ ხელოვნური განაყოფიერების თემამ მიიქცია. უშვილო დედებს და მათ ქომაგთ ისე შეეშინდათ ილია მეორის, ვითარცა იუდეველთ ჰეროდესი. თუ ოდნავ მეტად ჩავიხედავთ ამ სიტუაციაში, მივხვდებით, მსუბუქად რომ ვთქვათ, გაგვეღიმება კიდეც, როცა დავინახავთ რომ, სწავლული და უწიგნური, უშვილო და შვილიანი, მეზობლები და თანამშრომლები, ერთნაირად წუხან იმაზე, რომ ეკლესიამ ინ ვიტრო განაყოფიერება დაგმო. დიახ, საშობაო ეპისტოლე ღვარძლიანი, კაცთმოძულე და დისკრიმინაციული იყო, მაგრამ როგორც ყოველთვის ამჯერადაც თვალი მოგვეჭუტა საზოგადოებისთვის უფრო მძიმე მესიჯებზე. მაგალითად:

 

„ყოველივეს თავი და თავი კი ის არის, რომ სეკულარულმა იდეოლოგიამ პიროვნება ღმერთისაგან დამოუკიდებელ არსებად წარმოაჩინა, კვარცხლბეკზე ცოდვით დამძიმებული ადამიანი დააყენა და ყველაფერი მის ინსტიქტებს დაუქვემდებარა, რითაც მდაბალი ვნებითი მიდრეკილებების ლეგიტიმაცია მოინდომა, მორალური და სულიერი ორიენტირები დაუკარგა და ეს ინდივიდუალიზმის საბაბით გაამართლა.“

 

არც ინტელექტუალთა წრიდან, არც პოლიტიკოსთა დასიდან და არც ჟურნალისტთა კორპუსიდან, არავინ გამოვიდა და განმარტა, რომ სეკულარიზმმა ადამიანი და ღმერთი კი არა – სახელმწიფო და ეკლესია დააშორა. მაგრამ რომელი მმართველი პოლიტიკოსი გაბედავდა ამას? მათი ელექტორატი ხომ საპატრიარქოს მრევლია. მაგრამ უფრო სასირცხვილო საპარლამენტო უმცირესობაა, რომელიც ახლაც კი ვერ ბედავს სეკულარულ ენაზე საუბარს. როგორც ყოველთვის, ახლაც ამოქმედდა პატრიარქის შარავანდედი და ყველამ დაიწყო იმის გამორკვევა, თუ ვინ დაწერა საშობაო ეპისტოლე. ჯოხი კინაღამ შორენა თეთრუაშვილზე გადატყდა, სანამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში არ ვიხილეთ, თუ როგორ სთხოვა ჟურნალისტმა მოძღვარ რესპონდენტს შენდობა იმ კითხვისთვის, რომელშიც შორენას ვინაობა უნდა ეკითხა. საპატრიარქოს პროტოპრესვიტერმაც გაშალა ფრთები, და კვლავ შეაყვარა მაყურებელს შორენას ის უჩინარი მარჯვენა, რომლითაც მან ააშენა საქართველოს ეკლესიები და შეიძლება ეპისტოლეც გაარედაქტირა.

 

და ის სამარცხვინო ჟურნალისტი, რომელიც დასმულ კითხვებზე „მამაოს“ შენდობას თხოვს, კვლავ დარჩება ქართული ჟურნალისტიკის სახედ, სანამ არ გადავხედავთ წარსულს, და არ ვიტყვით, რომ ეს არაპროფესიონალიზმია. ტრაგედია ის კი არ არის, რომ ვინმე სასულიერო პირი სუროგატ დედას და მათ შვილებს ცოდვას აბრალებს, არამედ ის, რომ საქართველო მოწინავეა ევროპაში სუროგატი დედების რაოდენობით. ტრაგედია იმ დედების მდგომარეობაა, რომელთაც საკუთარი სხეულის გაქირავება უწევთ. რამდენი დავფიქრდით, თუ რა მძიმეა დედისთვის შვილის გასხვისება, თუნდაც ის სუროგატი იყოს?… დავსვით კითხვა, თუ რატომ აკეთებენ ისინი ამას? არა, საზოგადოებამ აქაც ფსევდო ჰუმანური პოზა დაიჭირა და დაიწყო საქმის გარჩევა, შორენამ დაწერა ეპისტოლე, თუ – ვინმემ მოსკოვიდან.

 

დიდი საბჭოთა ტერორის ტრავმები,  ჩამონგრეული უზარმაზარი კომუნა და თვითგამორკვევის შეწყვეტილი პროცესი. ყოველ არჩევნებზე დასმული კითხვა:

 

– რას მიეცით ხმა?

 

– ხმა მივეცი, ნათელ მომავალს…

 

და გრძელი ნათელი დღეები. მიუხედავად განვლილი ოცწლეულისა, ჩვენი მიჯაჭვულობა 90-ანი წლების მახინჯ ფასეულობებზე არ გამქრალა. როცა ნანა ექვთიმიშვილის მხატვრულ ფილმ „გრძელ ნათელ დღეებს“ ვუყურებდი, თუ რომელიმე პერსონაჟს ამცირებდნენ, დარბაზი კვლავ იცინოდა. იცინოდნენ, ქალის გატაცებაზე, მთვრალი მამის ჩხუბზე, ძველბიჭურ დამცირებებზე და ა.შ. მაგრამ ისხდნენ ადამიანებიც, რომელთაც რცხვენოდათ და ეტირებოდათ. მთავარი კი აქ მხოლოდ ერთია, რეჟისორმა შესძლო პოსტკომუნისტურ ფასეულობათა სისტემის ნგრევის პროცესის დაწყება. ჯერი კვლავ ჩვენზეა, შეგვიძლია ფილმის ნახვის შემდეგ ჩემს წინ მჯდომი მაყურებელივით მოვიქცეთ და ვაგინოთ რეჟისორს, ან დავადგეთ უფრო რთულ გზას და დავიწყოთ საკუთარი თავის მხილება.