ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

შიდს –ის აქტივიზმის გახსენება : ყოველ ოცდაათ წუთში ერთი კვდება

შიდს –ის აქტივიზმის  გახსენება : ყოველ ოცდაათ წუთში ერთი კვდება

შესასვლელთან კი მინის ყულაბა დგას, სადაც შენი 1 დოლარი (რამდენის შესაძლებლობაც გაქვს) შიდსთან ბრძოლის პროგრამას შეგიძლია შესწირო და შენი სამოქალაქო აქტივიზმი ამითაც გამოხატო. ნიუ იორკის საჯარო ბიბლიოთეკა აშშ–ში ერთადერთი ადგილია, სადაც სრულადაა შენახული და დოკუმენტირებული ყველა ის მასალა, რაც შიდსთან/აივთან ბრძოლის ამერიკულ ისტორიას ეხება. მით უმეტეს, რომ, ფაქტობრივად, სწორედ ნიუ იორკელების დამსახურებაა შიდსის დაავადებად აღიარება და დაავადებულთა უფლებების დაცვისთვის ბრძოლის დაწყება.

 

ექსპოზიცია, რომელიც „შიდსის ფონდის“ მიერ არის დაფინანსებული, შიდსთან ბრძოლის ორი ამერიკული კოალიციის, ACT UP –სა დაTAG – ის; Gran Fury–ის (ხელოვანთა ერთობა), PWAC-ის და ასევე სხვა დიდი თუ პატარა ჯგუფებისა და ინდივიდების ბრძოლის ისტორიას  ვიდეოინსტალაციებით,  ფილმებით, პოსტერებით, ფოტოგრაფიებით, კოლაჟებით, ნივთებით მოგვითხრობს.  ფოტოგრაფ დუგლას როუელის ნამუშევრები ორგანიზაცია ACT UP –ის  იმ საპროტესტო აქციების ფოტოდოკუმენტებია, რომლის მიმდინარეობისას ამ კოალიციის წევრები 1989 წელს ნიუ იორკის მერის ედ კოჩისა და მისი ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვდნენ. მიზეზი კი ის გახლდათ, რომ სახელმწიფო ნიუ იორკში შიდსის ეპიდემიას არასათანადოდ ებრძოდა.  ხუთი ათასი ადამიანი ქალაქის მერიისკენ მარშით დაიძრა, ორასი კი მაშინ დააპატიმრეს, როცა პროტესტანტებმა მანჰეტენის ცენტრში მოძრაობა გადაკეტეს. აქტივისტები საავადმყოფოებსა და სამედიცინო ცენტრებში შიდსით დაავადებულთა მიმართ უფრო მეტ ყურადღებას, აივ – ინფექციით დასნებოვნებული ათასობით უსახლ–კაროთათვის საცხოვრებლის გამოყოფას,  ინექციური ნარკოტიკების ორასი ათასი მომხმარებლისთვის შიდსის პროფილაქტიკური ღინისძიებებისა და მკურნალობის ჩატარებას, საჯარო სკოლებში შიდსის შესახებ განათლებას სისტემის დანერგვას ითხოვდნენ.

 

1991 წლის 23 იანვარს ნიუ იორკში შიდსთან ბრძოლის რამდენიმე ორგანიზაციის თაოსნობით ჩატარდა „სასოწარკვეთილების დღე“ – ორი ათასი დემონსტრანტი უოლ სთრითისკენ გაემართა, სხვები  – ჰარლემსა და ბრონქსში განლაგებულ სახელმწოფო სტრუქტურების შენობებისკენ. პროტესტანტები შიდსით დაავადებულ უსახლკაროთათვის თავშესაფრებს ითხოვდნენ. ეს მსვლელობები დღის ბოლოს ნიუ იორკის გრანდ ცენტრალზე დიდი დემონსტრაციით დასრულდა, რომლის დროსაც 263 ადამიანი დააპატიმრეს, როცა ისინი 42–ე ქუჩისკენ  დაიძრნენ.

 

 1989 წლის  10 დეკემბერს ორგანიზაცია ACT UP– მა ნიუ იორკში წმინდა პატრიკის საკათედრო ტაძართან ხუთი ათასი ადამიანი კარდინალ ჯონ ო’ კონორისთვის  პროტესტის გამოსახატავად შეკრიბა. ეს საეკლესიო იერარქი შიდსის შესახებ ინფომაციის გავრცელებას, კონდომების დარიგებასა და ქალებისთვის აბორტების დაშვებას ეწინააღმდეგებოდა. დემონსტრანტები აპროტესტებდნენ ეკლესიის ღია ჩარევას სახელწიფო საქმეებში. ისინი სკანდირებდნენ „შეაჩერეთ ეკლესია!“. 10 წლის შემდეგ პროტესტანტები კვლავ შეიკრიბდნენ წმინდა პატრიკის ტაძართან და კვლავ დაადანაშაულეს ეკლესია თინეიჯერებისა და სტუდენტების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის იგნორირებაში, რადგანაც ეკლესია უსაფრთხო სექსისა და კონდომების საჭიროების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ებრძოდა.

 

ისტორიული დოკუმენტების მიხედვით, შიდსის ეპიდემიის შესახებ ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე განგაშის ზარის შემკვრელები  სწორედ ის ადამიანები აღმოჩდნენ, რომლებიც შიდსით დაავადებულ ავადმყოფებს უვლიდნენ. ეს ის ადამიანები იყვნენ, ვინც შიდსით  დაავადებულთა მიმართ არსებულ ფობიურ სტერეოტიპებს ეწინააღმდეგებოდნენ, მათ თემებად აყალიბებდნენ და სამედიცინო კვლევების ჩატარებისთვის თუ რესურსების მოძიებისთვის იბრძოდნენ. 1988 წელს მწერალმა და სამოქალაქო აქტივისტმა ვიტო რუსომ თავის სიტყვაში „რისთვის ვიბრძვით“ განაცხადა: „შიდსი ნამდვილი ტესტია ჩვენთვის, როგორც ხალხისთვის. როცა მომავალი თაობები გვკითხავენ, სად ვიყავით ჩვენ, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ, რომ ვიყავით აქ და ამჟამად. შიდსის კრიზისი საბოლოოდ დაიძლევა და გეები და ჰეტეროები, კაცები და ქალები, შავები და თეთრები გაიგებენ, რომ ამ ქვეყანაში  და მთელ მსოფლიოში იყო საშინელი დაავადება,  რომ მამაცი ადამიანების ჯგუფი ადგა და შეებრძოლა მას. ზოგ შემთხვევაში მათ თავისი სიცოცხლეც კი გაიღეს იმისთვის, რომ სხვებს ეცოცხლათ და თავისუფლები ყოფილიყვნენ“.

 

შიდსი 1981 წელს იდენტიფიცირდა და მას დღეს მთელ მსოფლიოში სიკვდილიანობის მიზეზთა შორის მეექვსე ადგილი უჭირავს. ყოველ ნახევარ საათში ერთხელ ერთი ადამიანი ამ დაავადებისგან კვდება. აშშ–ში 600 ათასზე მეტი ადამიანი შიდსისგან გარდაიცვალა და მილიონზე მეტი აივ ინფექციითაა დასნებოვნებული, ბავრმა არც კი იცის, რომ ავადაა. აივისადმი განსაკუთრებულად მოწყვლადი არიან უმცირესობების წარმომადგენლები და სიღარიბის ზღვარზე მყოფნი. მამაკაცები, ვისაც სექსი აქვთ მამაკაცებთან, განსაკუთრებით აფროამერიკულ და ლათინოამერიკულ თემში, და ასევე ჰყავთ აფროამერიკელი ან ლათინო – ამერიკელი ქალი შეყვარებულები (საუბარია ბისექსუალებზე), აშშ–ში აივ ინფექციით დასნებოვნების ყევლაზე მაღალ რისკჯგუფს წარმოადგენენ. მსოფლიოში 30 მილიონი  ადამიანი შიდსის გამო დაიღუპა, 34 მილიონი კი ამ დაავადებით ცხოვრობს. ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირებულია სუბ – საჰარის აფრიკაში, სადაც  20 –დან ერთ ადამიანს შიდსი აქვს.  მთელ მსოფლიოში შიდსი 14 –დან 44 წლამდე ქალების სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია. ნიუ იორკის საჯარო ბიბლიოთეკის გამოფენაზე წარდგენილი პოსტერებით/მასალებით კი  შესაძლებლია არა მარტო ამ სამწუხარო სტატისტიკის გაცნობა, არამედ წინა საუკუნის 80 –იანებისა და 90–იანების დროინდელი პოლიტიკური და სოციალური განწყობების დინამიკაზე თვალის მიდევნებაც: „სიჩუმე = სიკვდილი“, „შიდსი უმთავრესი საკითხია. რესპუბლიკელებს და დემოკრატებს უნდათ, რომ მოვკვდეთ. მათ არ ვადარდებთ“, „ვებრძოლოთ შიდსს“, „ქალებს შიდსი არ ემართებათ. ისინი უბრალოდ კვდებიან მისგან“, “ჯანდაცვის ხარჯების შეკვეცვა კლავს“, “წაიკითხე ჩემი ტუჩები“, „სიბრაზიდან აქტივიზმისკენ“, „ათი ათასი ნიუ იორკელის სიკვდილი. როგორა ვარ?“(მიმართვა ქალაქის მერს), „ბუში = სიკვდილი. აირჩიე სიცოცხლე“, „მხოლოდ მაშინ ვებრძვი შიდსს, თუ მაქვს ტვინი“, „ Stonewall’ 69 – AIDS Crisis’ 89”, “ მთავრობის ხელები სისხლშია –  ნახევარ საათში ერთი შიდსით გარდაცვლილი“, „კოცნა არ კლავს. კლავს სიხარბე და ინდიფერენტულობა“ და ყველაზე ცნობილი პლაკატი:  ამერიკის დროშა, რომელზეც მარცხენა ზედა კუთხეში ლურჯად ვარსკვლავებია დატანილი და დანარჩენ „ტერიტორიაზე“ წითლად წერია შემდეგი სიტყვები: „ჩვენი მთავრობა აგრძელებს ჩვენი ცხოვრების იგნორირებას. ადამიანები კვდებიან იმის გამო, რომ ისინი გეი, შავკანიანები, ლათინოამერიკელები და ღარიბები არიან. არაუგვიანეს 1989 წლის 4 ივლისისა 55 ათასი მოკვდება. დაიწყე პირდაპირი მოქმედება ახლა. შეაჩერე,  ებრძოლე შიდსს“.  ანდა ლურჯი ვარსკვლავების მაგივრად – პრეზიდენტების, კლინთონისა და ბუში უმცროსის თავები, ხოლო წითელ ხაზებზე – შავი მავთულხლართები და სიტყვები ცისფრად „გახსენით საზღვრები!“. გამოფენაზე ასევე მოცემულია უსაფრთხო სექსის  მაშინდელი ბროშურები სახელწოდებით “როგორ გვქონდეს სექსი ეპიდემიის დროს“…

 

აშშ–ში ეპიდემიის დაწყებისთანავე ყველაზე მეტად საზოგადიების მიერ სტიგმატიზებულნი იყვნენ მამაკაცი გეები, ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლები და იმიგრანტები. ის, რომ ეს დაავადება მარგინალიზებულ ჯგუფებთან იყო ასოცირებული, დაავადებასთან ბრძოლისა და პროფილაქტიკის სტრატეგიის შემუშავებას ხელს უშლიდა. შიდსი აღქმული იყო, როგორც ჰომოსექსუალებისა და ნარკომანების მიერ დამსახურებული დასჯა და „უცხოებისაგან“  შემოგდებული დაავადება. პროგრესირებადი პანიკის ცეცხლს დაავადების შესახებ ინფორმაციის უქონლობა კიდევ უფრო მეტად აღვივებდა. საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამ ადამიანების იზოლირებისა და კარანტინის გამოცხადების მოთხოვნით გამოდიოდა. აქტივისტები კი ცდილობდნენ აივ ინფექციის მქონეთა დესტიგმატიზაციას და ებრძოდნენ იმ სოციალურ ცრურწმენას, რომ შიდსი მორალური სასჯელი იყო. აქტივისტები ცდილობდნენ შიდსის პრობლემა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სიბრტყეზე გადაეტანათ. მოითხოვდნენ შიდსზე საუბრისას სიტყვა „მსხვერპლის“ ხმარებისგან თავის შეკავებას და „ადამიანი, რომელიც შიდსითაა ავად“ დამკვიდრებას.  შიდსით დაავადებულები თავად იღებდნენ მონაწილეობას სხვადასხვა დებატებში, სამოქალაქო ღონისძიებებში, სამეცნიერო თუ მედიურ ფორუმებში.

 

ცნობილია, რომ აივ ინფექცია გადადის ან სქესობრივი, ან არასტერილური ინექციური შპრიცით.  პროფილქატიკის ადრეული მცდელობები გართულებული იყო XX საუკუნის თანმდევი დიდი კულტურული წინააღმდეგობებით, ანუ სექსუალური უფლებების ლიბრალიზაციითა და ე.წ. ნარკოტიკებთან ომით. ბევრი აქტივისტი და ექსპერტი ადამიანებს ურჩევდა თავი შეეკავებინათ სექსუალური კონტაქტებისგან. სხვა აქტივისტები კი, ვინც სექსუალურ თავისუფლებასა და ადამიანის არჩევანის პრიმატს ქადაგებდნენ, „უსაფრთხო სექსის“ კონცეფციას ემხრობოდნენ. მათ მცდელობებს სოციალური კონსერვატორების წინააღმდეგობა ხვდებოდა. ინექციურ ნარკომანებს შორის აივ ინფექციასთან ბრძოლა კი იმით გამოიხატებოდა, რომ  ზოგიერთმა ქვეყანამ რეცეპტის გარეშე ერთჯერად თუ სტერილურ ნემსებზე ურეცეპტო მისაწვდომობა აკრძალა, რადგანაც ეგონათ, რომ ამგვარი ღონისძიებებით ისინი ნარკომანიას დაამარცხებდნენ; ორგანიზაციებს კი, რომლებიც  ნარკომანებისთვის სტერილური ნემსების მიწოდებით იყვნენ დაკავაბული, ფედერალური დაფინანსება შეუწყდათ. თუმცაღა მოგვიანებით მიხვდნენ, რომ ამგვარი აკრძალვა მხოლოდ ზიანის მომტანი იყო.

 

აქტივისტები ცდილობდნენ პირადი ტრაგედია ერთობლივ პოლიტიკურ ხმად გადაექციათ და ამავდროულად შეენარჩუნებინათ დაავადებულ ადამიანთა ღირსება. მათ ეშინოდათ, რომ მწუხარებაზე დიდი აქცენტი ავადმყოფურ სენტიმენტალობაში  და ვუაერიზმში გადაიზრდებოდა და აივ ინფექციით დასნებოვნებულებს ცუდ სამსახურს გაუწევდა. 1983 წელს „დაიდგა“ ე.წ. საზოგადოებრივი ძეგლი – მრავალათასიანი აქცია სანთლებით ხელში, რომელიც შიდსით გადრაცვლილთა და იმ ადამიანთა ხსოვნას ეძღვნებოდა, ვინც შიდსის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავდა. ბუნებრივია, ამგვარი „ხსოვნის აქციები“ ამ პრობლემის აქტუალიზირებას უწყობდა ხელს. შიდსის მსხვერპლთა გახსენების ყველაზე ცნობილი მემორიალი არის Quilt (ნაჭრების საბანი), რომლის „ნაწილებიც“ შიდსით გარდაცვლილი ადამიანის ოჯახის წევრებმა შეკერეს. შიდსით გარდაცვლილთა გასახსენებლად ტანსაცმელზე წითელი ლენტის დამაგრება კი  IXX საუკუნის ტრადიციიდან მოდის, როცა მას ტრაურის დროს გარდაცვლილზე მწუხარების აღსანიშნავად იკეთებდნენ. თუმცაღა ბევრი აქტივისტი კრიტიკულად აფასებდა ამგვარ მგრძნობელობას და ცდილობდა შიდსის პრობლემა უფრო მწვავე პოლიტიკურ დისკურსში გადაეყვანა.

 

შიდსის ეპიდემიის დასაწყისში, ბუნებრივია, ჯანდაცვის მუშაკებსაც მწირი ინფორმაცია ჰქონდათ ამ „ახალი დაავადების“ შესახებ. არავინ იცოდა დაავადებულთა მოვლის რეალურად ეფექტიანი მეთოდების შესახებ. ამავე დროს, იქმნებოდა სათემო ორგანიზაციები, რომლებიც შიდსის კვლევებისა და თანხების მოძიებით იყვნენ დაკავებული. თუმცაღა აქტივისტები ამგვარ ბიუროკრატულ სისტემას არ ეთანხმებოდნენ და ზეწოლის სხვადასხვა ხერხებს მიმართავდნენ, რათა ფარმაცევტულ კორპორაციებსა და ჯანდაცვის ნაციონალურ ინსტიტუტებს შიდსის სამკურნალო პრეპარატების ტესტირება და დადებითი შეფასება დაეჩქარებიანათ. სწორედ ამ აქტივისტების დამსახურებაა, რომ რეკორდულად  მცირე დროის მონაკვეთში შემუშავდა მკურნალობის კომბინირებული მეთოდები, რომელმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. დღეს 8 მილიონი ადამიანი სწორედ შიდსის აქტივისტების ბრძოლის შედეგადაა ცოცხალი. დეივიდ ფრენსის ოსკარზე ნომინირებული და არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მქონე ფილმი „როგორ გადავურჩეთ უბედურებას“  (მან ეს ფილმი თავის პარტნიორს მიუძღვნა, რომელიც1992- ში  შიდსით გარდაიცვალა) სწორედ იმ ადამიანებზეა, რომლებმაც სხვები სასიკვდილო განაჩენისგან იხსნეს.