20900

ღია წერილი საქართველოს კათალიკოს– პატრიარქს ილია მეორეს

მათეს სახარების თანახმად (2:16) ბეთლემში  მეფე ჰეროდემ ყველა ორ წლამდე ასაკის მამრობითი სქესის ბავშვის მოკვლის ბრძანება გასცა.  ბიზანტიური წყაროები ამბობენ, რომ მაშინ 14 ათასი ბავშვი სიცოცხლეს გამოასალმეს, სირიული წყაროები – 64 ათასზე, ისტორიკოსები კი, ვინც ამ ფაქტს ისტორიულად ადასტურებს  – 20 მოკლულ პატარაზე საუბრობენ. თუმცა ამ შემთხვევაში რაოდენობას არა აქვს მნიშვნელობა. ბავშვებს სიცოცხლის უფლება მოუსპეს. ასაკისა და სქესის გამო.

2004 წლის 3 სექტემბერს ბესლანის (ჩრდილოეთ ოსეთი) სკოლაში კრემლის მიერ შემუშავებული „ანტიტერორისტული ოპერაციის“ დროს უდანაშაულო 334 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 186 ბავშვი… 800 დაიჭრა. ბავშვები ტერორისტებმა და ანტიტერორისტებმა საზარბაზნე ხორცად აქციეს.

2012 წლის 28 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ რუსულ ციხეში ადამიანის ფაქტობრივი მკვლელობის გამო (მძიმედ ავადმყოფს ყურადღება არ მიაქციეს) აშშ–ის მიერ რუს ჩინოვნიკებზე დაწესებული სანქციების ( „მაგნიცკის სია“) საპასუხოდ გამოსცა ე.წ. „დიმა იაკოვლევის კანონი“, რომლის თანახმადაც ამერიკელ მოქალაქეებს, რომლებსაც რუსეთის „უპატრონოთა სახლებში“  სიღარიბესა და ავადმყოფობისთვის განწირული ბავშვების შვილად აყვანა უნდოდათ ანდა ამ პროცესში იყვნენ, ეს კანონის ძალით აეკრძალათ. რაც, თავი რომ დავანებოთ ამ სახელმწიფოთაშორისი ჯიბრის პოლიტიკური, იურიდიული თუ ეთიკური მახასიათებლების განხილვას, ცივილიზირებულმა  მსოფლიომ ყოველგვარი დათქმის გარეშე ბავშვთა უფლებების უხეშ შელახვად შეაფასა. ბავშვებს ოჯახში ცხოვრებისა და გამოჯანმრთელების უფლება მოუსპეს.

 

და არა აქვს მნიშვნელობა  ბავშვები იცხოვრებენ ბეთლემში, თეირანში, ლუნდში, კეიპტაუნში, ნოვოსიბირსკში თუ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მახოში. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ქრისტე განრისხდა, როცა დასალოცად მისული პატარები მოწაფეებმა მასთან არ მიუშვეს და თქვა: „მოუშვით ჩემთან ბავშვები და ნუ უშლით მათ, ვინაიდან მათნაირებისაა ღმერთის სასუფეველი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღმერთის სასუფეველს, ვერ შევა მასში. (მათე 19), არამედ იმის გამო, რომ ბავშვისადმი ჰუმანისტური დამოკიდებულება თანამედროვე საერო თუ საღვთისმეტყველო აქსიომაა, რომელიც ზოგადსაკაცობრიო, ღერძული ფასეულობაა და არა მხოლოდ რომელიმე რელიგიური სწავლების მორალისტური ფრაზეოლოგია თუ დოგმა. ჰოდა, ამ ქართულ სოფელ მახოში, სხვათა შორის,  2013 წლის 23 მარტს ერთი წლის გოგიტა აბაშიძე გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი:   შიმშილი. 1 წლის გოგიტა 4 კილოსა და 200 გრამს იწონიდა. მაშინ როცა იგი 4 კილო და 400 გრამი დაბადებულა. ეს არაა ამ ოჯახში ჩვილის პირველი სიკვდილი. 2008 წელს გოგიტას მშობლებს 6 დღის გოგონა გარდაეცვალათ. მიზეზი: უცნობია. უცნობია იმის გამო, რომ ჩვილი სამშობიაროში კი არა, სახლში გაჩნდა, ისევე როგორც მისი და თამუნა, რომელიც ცოცხალია. აბაშიძეების პირველი გოგონა კი ისე წავიდა სააქაოდან, რომ  ექიმს იგი არც უნახავს. მისი არსებობის შესახებ ახლობლების გარდა არავინ იცოდა. ოჯახს დღეს 4 შვილი უნდა ჰყოლოდა და, ალბათ, სახელმწიფო „მრავალშვილიანთა“ კატეგორიას მიანიჭებდა და მცირედ დახმარებასაც მისცემდა. მაგრამ არა იმ შემთხვევაში თუ ოჯახში მაცივარს „შეამჩნევდა“.  მართლმადიდებელები რომც ყოფილიყვნენ, რომელთა გამრავლება–განაყოფიერებაზე თქვენ აგრე რიგად შეგტკივათ გული და დემოგრაფიაზე მზრუნველ მოღვაწედ წარმოგვიდექით, მესამე–მეოთხე ბავშვს ეს ოჯახი მაინც ვერ მოგანათლინებდათ… ჯერ ეს ერთიც, ისინი თქვენი მრევლის წევრნი არ იყვნენ. არასწორი ქართველები იყვნენ. ღვთის არასწორი შვილები. ღვთის არასწორი ხატები. არამართლამდიდებლები. არამართლმადიდებელ–არაეკლესიურად მცხოვრებნი და მეორეც – კიდევაც რომ ყოფილიყვნენ მართლმადიდებლები, საპატრიარქომდე მიღწევის ფული არ ექნებოდათ და მესამეც – რომც მოგენათლათ გოგიტა, მისი არც ნათლულობის „ნომერი“ გეცოდინებოდათ, არც მისი სახელი და გვარი, არც მისი დაბადების დღე და არც აბაშიძეების გაჭირვება. არადა ამგვარი „დეტალების“ სრულყოფილი ცოდნა თქვენი სანის ნათლიურ სტატუსს ნამდვილად შეესაბამება, რადგანაც სხვაგვარად ეს საეკლესიო საიდუმლოება უბრალოდ ფარსი და პერფორმანსია და სხვა არაფერი. თუმცა ბავშვის გარდაცვალების დღე უკვე მთელმა ქვეყანამ იცის. ალბათ, თქვენც. აკი, აღნიშნა კიდეც ეს საპატრიარქომ თავის განცახდებაში გოგიტა აბაშიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებული „მნიშვნელოვანი დეტალის“ ხსენებით – ბავშვი… „მუსლიმანურ ოჯახში დაბადებული“.

თუ საქართველოს 95 – პროცენტიანრეიტინგიანი „ერის მამა“, როგორც თქვენ გიწოდებენ, მუსლიმი ბავშვების სხეულსა და სულს არ სწყალობთ, მაშინ, აი, „ნამდვილი მართლამდიდებლების“ ამბავსაც მოგითხობთ. 2011 წლის მარტში გორის რაიონის სოფელ ვარიანში ზუბალაშვილების ოჯახში 1 წლისა და 7 თვის ბავშვი გარდაიცვალა. მიზეზი: შიმშილი. ლაგოდეხის რაიონის სოფელ ქალქვაში რეხვიაშვილებს 7 თვის შვილი დაეღუპათ. 2012 წლის მაისში 4 წლის თამრიკო ხუციშვილი შიმშილისგან გარდაიცვალა. ბავშვს თავისი ასაკისთვის სრულიად არაადეკვატური წონა ჰქონდა. 11 კილო. საქართველოში უკიდურეს სიღარიბეში 77 ათასი ბავშვი ცხოვრობს; ნახევარი მილიონი საქართველოს მოქალაქე, უმეტესად ქალი  და ბავშვი კვების დეფიციტს განიცდის. ყოველწლიურად 5 წლამდე ასაკის თითქმის 300 – მდე ბავშვი სხვადასხვა დაავადებებისა და არასრულფასოვანი კვების გამო იღუპება. მართლმადიდებელიც და არამართლამდიდებელიც. ქრისტეს ბავშვების რელიგიური მიკუთვნებულობა არ დაუკონკრეტებია, რადგანაც აზრადაც არ მოსვლია ამ საკითხით დაინტერესება. საქართველო ევროპაში მეწინავე ადგილზეა ახალშობილთა სიკვდილიანობის მაჩენებლით, შობადობით საქართველო 196–დან 164–ე ადგილზეა, მოსახლოების 40 პროცენტი სიღარიბის ზღვარზეა და მათი მნიშვნელოვანი ნაწილი პური არსობისას ნატრულობს. უფროსები და უმცროსები ნაგვის ბუნკერებში იქექებიან ნაგლეჯი პურის აღმოსაჩენად და მერე სამებისა და დიდუბის ეკლესიას აკითხავენ, რათა მას მერე, რაც ღვთის ტაძართან დაპარკინგებულ ძვირადღირებულ ჯიპიდან გადმოსულ ანაფორიან  ჯვარჩამოკიდებულ „სასულიერო მამებს“ ადგილს დაუთმობენ, თავისი კუთვნილი „სივრცეც“  ეკლესიის კართან დაიკავონ, ხელი გაიწვდინონ სანთლის ფულის მქონე მრევლის წყალობის მოლოდინში და იქნებ ნაგავში ამოქექილ  „საკვებს“  „დესერტიც“ დააყოლონ, როგორც „ღვთის წყალობა“. მწყალობლებმა კი ქრისტეს წინაშე „ვალი მოიხადონ“  და მას მერე, რაც დიდ და პატარა სანთლებსა და შესაწირავში ფულს გადაიხდიან, გარეთ მყოფ უპოვრებსა და გლახაკებს ის „ჩაუჩხრიალონ“, რაც საეკლესიო საფასურის გადახდის მერე ჯიბეში დარჩებათ.

2013 წლის  16 სექტემბერს სოციალური მედიით- ფეისბუკით, სადაც საპატრიარქოს, მართლმადიდებელი მღვდლების, მისი აურაცხელი მრევლისა და ილია მეორის პერსონალური გვერდებიცაა, საქართველოდან ერთ–ერთი შეჭირვებული მშობლისგან თხოვნის წერილი მივიღე ორი წლის ელენა ონანაშვილის კრიტიკული მდგომარეობის შესახებ, რომელსაც არაერთი სერიოზული დაავადება აწუხებს. გოგონას სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, თუმცა ექიმების დაკვირვებით დროული ჩარევის შემთხვევაში საგრძნობი გაუმჯობესება მოსალოდნელია. მაგრამ ამისთვის სოლიდური თანხაა საჭირო. სადაზღვევო კომპანია კი ბავშვის მომსახურეობაზე უარს ამბობს. ელენას მშობლებს ხანდახან კეთილი სამარიტიელები ეხმარებიან, რადგანაც ოჯახში არავინ მუშაობს; ბავშვი „ინვალიდობის“ 75 ლარს იღებს. სოციალურმა სამსაურმა მათ სათანადო ქულები არ მიაკუთვნა სახლში მაცივრისა და ტელევიზორის არსებობის გამო. თუმცა კიდეც რომ მიეკუთვნებია, ოჯახის ასაკით უფროს ერთი წევრს სახელმწიფო 60 ლარს მისცემდა, ხოლო დანარჩენ წევრებს 48–48 ლარს. ელენას მშობლები და ახლობლები უშედეგოდ აკითხავენ როგორც სახელმწიფო სტუქტურებს, ასევე ბიზნესმენებს, თუმცაღა მათ ამ უკანასკნელთაგან  2–3 ჯერ მცირედი თანხის მოპოვება მაინც შესძლეს.

მოგახსენებთ, რომ საპატრიარქოს ფონდის არსებობის შესახებ გვსმენია. ისიც გვინახავს, როგორი მდიდრული და ჭაღმრავალია თქვენი სამუშაო ადგილი; რა ძვირადღირებულია მანქანები და გლამურულადაა გადიზაინერებული მისაღებები – დარბაზები; გვინახავს  საპატრიარქოს ეზოს აუზი და რესტორანი; მარტორქის „მულაჟიანი“, წმინადენებით მოხატული კედლები და ოქროს კერპებით – ძვირფასეულობით/სამკაულებით მორთული „გამორჩეული ხატები“; გვინახავს ერთ ლარად სახელმწიფოსგან „შესყიდული“, უფრო სწორედ, ნაჩუქარი ათასობით ჰექტრობით მიწისა და საპატრიარქოს ეგიდით განუბაჟებელი საქონლის შემოტანის დამადასტურებელი საბუთები; თქვენს მიერ ქართველი „სელებრითების“ (მათ შორის, ე.წ. „სამეფო ოჯახის“) ჯვრისწერის პომპეზური რიტუალები; თქვენი ავტორობით კულტურის სამინისტროს მიერ დაფინასებულ – გამოცემული წიგნები და საზღვარგარეთ თქვენ მიერ დაწერილი გალობანისადმი მიძღვილი პომპეზური ღონისძიებები; საპატრიაქროს სარეკლამო კამპანიები ფსიქოლოგიური დახმარება „თანადგომისა“, სადაც არაპროფესიონალი ფსიქოლოგები – მღვდელები მუშაობენ და გვსმენია საპატრიარქოს დაქვემდებარებში არსებული ბავშვთა დაწესებულებების შესახებაც, სადაც 350 ბავშვს ჯანდაცვის სამინისტროსაც უმალავთ და ჟურნალისტებსაც; გვინახავს თქვენთან გრძელ და მწყობრ რიგად დამდგარი ბიზნესმენების, პოლიტიკოსების, „ცნობადი სახეების“, რაინდებისა და მანდილოსნების სტუმრობები ხელში დიდი საჩუქრებითა და არა მარტო აყსაყდრების, დაბადების დღის ან შობა – აღდგომის დღეებში, არამედ, სხვა რუტინულ სამარხვო და არასამარხვო დღეებში, როგორც საპატრიარქოში, ასევე საზღვარგარეთ იმ სასტუმრობეში, სადაც დიდი ამალით გაჩერებულხართ. გარდა ამისა, უკვე ათეული წელია საპატრიარქო სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს ძალიან სოლიდური მილიონიან თანხას, როგორც სახელმწიფოსა და ეკლესიას შიროს საკონსტიტუციო შეთანხმებით დადგენილ კონტრიბუციას ბოლშევიკური პერიოდის დროინდელი რეპრესიების საკომპენსაციოდ. იღებს ამ  თანხას იმ ადამიანებისგან, ვისი გადასახადებითაც არსებობს ეს ბიუჯეტი. კაცების, ქალებისა და ტრასგენდერებისგან; ჰეტერო და ჰომოსექსუალებისგან; ბუნებრივი და ინვიტრო განაყოფიერებით დაბადებულთა დედ–მამისგან; ბიოლოგიური დედის საშოში ნამყოფებისა და სუროგატი დედებისგან გაჩენილთა მშობლებისგან; პარტიულებისგან და არაპარტიულებისგან; მართლმადიდებლებისა და არამართლმადიდებლებისგან; მრევლისგან და არამრევლისგან. . . იმათგან, ვისაც თქვენ ამასწინანდელ საშობაო ეპისტოლეშო ქრისტეშობის დღესასწაულის  სიხარულისთვის აბსოლუტურად შეუფერებელი გზავნილით მიმართეთ.

ჩემი ნება რომ იყოს, თბილისში თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგის ოქროსფერი სკულპტურის მაგივრად გოდების დიდ კედელს აღვმართავდი, რომელიც ბიუჯეტის უმიზნო ხარჯვებისა და ადამიანთა ფიზიკური არსებობის პირდაპირპოპორციულობის სახელობის იქნებოდა და სადაც ყველას თვალში მოხვდებოდა თანამედროვე ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისა და სახელმწიფოს ბომონდის ჯამური ფარისევლობა, დემონსტრატიული ფუფუნება და ჩვენი, როგორც ამბობენ, უბრალო მოკვდავების / მოქალაქეების უსუსურობა, გულგრილობა, უპრინციპობა და უნიათობა. ანდა საპატრიარქოში მოწყობილი მოდის ჩვენების ნაცვლად მოვაწყობდი ერთთვიან „რეალითი შოუს“ იმაზე, თუ როგორ შეიძლება საპატრიარქოს თანამშრომლებმა, რომელთა გაცხადებული „პროგრამა მაქსიმუმი“ იბერიის გაბრწინებაა, თუნდაც ერთი კვირა  48 ლარიანი საუზმე–სადილ–ვახშმით გაძლონ და თან ამ შოუს გადავიტანდი ავლაბარში. არა ქართველი მილიარდერის რეზიდენციაში/ბიზნესცენტრში, არამედ 48 წლის აწ გარდაცვლილ ჟანა მიქოიანის „ბინაში“, საკანალიზაციო მილებისგან შემდგარ ნესტიან მიწურ სარდაფში, სადაც მისი ექვსი შვილი „ცხოვრობს“. როგორც თქვენ საშობაო ეპისტოლეშ  აღნიშნეთ, ქალი იმისთვის თუ მიდის სამსახურში, რომ „უკეთესად გაერთოს“, კაენის სულს ვერ მოიცილებს და მისი ხვედრის თანაზიარი იქნებაო. კი, „ჰედონისტი“ ჟანა მიქოიანი „სრული კომფორტით“ გაერთო – სიკვდილამდე ცხრა თვით ადრე საშვილოსნოს სიმსივნე დაუდგინდა და იმის მაგივრად, რომ ემკურნალა და საჭირო თანხის შეგროვებაზე ეზრუნა, ნავთლუღის ბაზარში დღე და ღამ იდგა, ჭურჭელს ჰყიდდა,  რათა პურისა და სარდაფის ქირის ფული ეშოვა. მან სიმსივნით გარდაცვლილი მეგობრის ოთხი წლის შვილიც იშვილა და საკუთარს ხუთს მეგობრის ერთიც დაამატა. ალბათ, უფრო მეტი „გართობისთვის“. ამჯერზე კი ოჯახის შემოსავალი ანუ სახელწმიფოსგან მიღებული შემწეობა 201 ლარია. აქედან 100 ლარს ისინი თავინთი „რეზიდნეციის“ ქირაში იხდიან.

ქვეყანაში, სადაც  ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე ბევრი მართლმადიებელი ეკლესია, მათ შორის ახლადაშენებული მოდის, ადამიანები სიცივისგან იყინებიან და შიმშილისგან კვდებიან. ალბათ, არც გსმენიათ ჯიხვაძეების ოჯახზე, სადაც სამი პატარა და მათი ტუბერკულოზით დაავადებული დედა ეკლესიისგან და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან შორი – ახლოს „კაჩიგარიაში“ ცხოვრობენ. თავად საბავშვო ინტერნატში გაზრდილ ნატო ბასილაშვილს, რომელიც მეუღლემ მიატოვა, მოძღვარი ჰყავს, რომელმაც კურთხევა მისცა, რომ ქალი ამ ეკლესიასთან დადგეს და მოწყალება ითხოვოს. დედისთვის, შესაძლოა სულაც არაა დიდი შეღავათი  ის, რომ მესამის მონათვლა თქვენ შეგეძლიათ. მაგრამ მას ამისთვის უამრავი საბუთის შეგროვება დასჭირდებოდა. თქვენ ხომ მხოლოდ ოფიციალურად დაქორწინებულობისა და ჯვრისწერის საბუთების საფუძველზე ნათლავთ. თან მშობლებმა პირველი ორი ბავშვის ნათლობის მოწმობა უნდა წარადგინოს, თან თქვენი კურთხევით პატრიარქის გარდა ბავშვს სხვა  ერთი–ორი ნათლიაც უნდა ჰყავდეს და სასურველია ნათლიები ერთი და იგივე სქესის იყვნენ ანუ ლოგიკურად იმ სქესის, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ. გამოდის, რომ ქალი– ნათლია  დიდად სასურველი არაა. ამგვარი საეკლესიო ბიუროკრატია და დისკრიმინაცია ისევე შორსაა ქრისტიანული ფასეულობებისგან, როგორც თქვენს მიერ წლების წინ ციხეში პატიმრისთვის მიცემულ რჩევა – თუ გინდა, რომ ავტომანქანა გქონდეს, უნდა ილოცოო და ავტომანქანაც  მოგეცემაო, რეალობისგან. ჰოდა, რახან ოფიციალურად დაქორწინებულ–ჯვარდაწერილებს ნათლავთ, აბა, ვინ გაბედავს უმაღლესი სტატუსის მქონე პრესტიჟულ ნათლიას „მრუშობაში“ ჩასახული „ნაბიჭვარი“ მოგანათლინოთ? მერე რა, რომ „ნაბიჭვარიც“ ღვთის სახე და ხატია.  არადა ეკლესია ქრისტემ შექმნა არა რიტუალებისთვის და ამბიონის მოოქროვილი ანტურაჟისთვის, არამედ ხალხის მსახურებისთვის: „ისევე, როგორც კაცის ძე არ მოსულა იმისათვის, რომ ემსახურონ, არამედ იმისათვის, რომ თავად მოემსახუროს და თავი შესწიროს მრავალთა გამოსასყიდად.“ (მათე 20,28). სხვათა შორის, ფილიპინებზე,  ამას წინათ მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ სწორედ ეკლესიამ შეიკედლა უსახლ–კარონი და, მეტიც, ფეხმძიმე ქალებმა ეკლესიის გუმბთაქვეშ გააჩინეს შვილები…ჰოდა, ურიგო არ იქნებოდა, ის „ღვთის დიდი ციხე–სიმაგრე“, რომელიც ერთი ქალის სიზმრის თანახმად მახათას მთაზე შენდება, სწორედ უპოვარი ადამიანების თავშესაფრად გადაიქცეს, სადაც მათ ლოცვების გარდა, დააპურებენ, გაათბობენ, საბანს დააფარებენ და ანუგეშებენ.  იმედს ვიტოვებთ, რომ საპატრიარქო კეთილი საქმეების ქმნაში ორგანიზაცია „იდენტობას“ მიბაძავს.

პატრიაქრის სტუმრობა პრემიერ–მინიტრთან
პატრიაქრის სტუმრობა პრემიერ–მინიტრთან

უცნაური დამთხვევაა, რომ ზუსტად 16 სექტემბერს, როცა თქვენ მაშინდელი პრემიერ – მინისტრის ოჯახს  საჩუქრებით ეწვიეთ, ელენას მამა საპატრაირქოს ვებსაიტიდან ჩემს მიერ თუ სხა წყაროებიდან მოძიებულ და მიწოდებულ ტელეფონებზე დაუღალავად რეკავდა, მაგრამ მას არავინ პასუხობდა. მეორე დღეს კი მას „თანადგომაში“ უთხრეს, რომ ელენას ჯანმრთლების საკითხი მათ არ ეხებათ. საპატრიაქროს სხვა დეპარტამენტებში კი ერთმა მღვდელმა  ყურმილი აიღო და ახლა არ მცალიაო; ვიღაცამ –არჩევნების მერე დარეკეთო, ვიღაცამ– ახალი წლის მერე, ვიღაცამ– შობის მერე, ვიღაცამ – ძველით ახალი წლის მერე, ვიღაცამ– მარხვის მერე, ვიღაცამ – აღდგომის მერეო. არავინ შეპირებია დახმარებასაც კი, უბრალოდ „დაარიგეს“ – დარეკეთო.  მას შემდეგ ხუთი თვე გავიდა. ახალი წელიც დადგა, შობაც, ძველით ახალი წელიც, ნათლისღებაც, მაგრამ  საპატრიარქოდან კვლავ დუმილია. არადა მაგ Ulysse Nardin –ის საათით, რომელიც 3–4 ათეული ათასი დოლარი ღირს და რომელიც მილიარდერ ღვთის მონა ბიძინა ივანიშვილს აჩუქეთ, ღვთის მხევალ ელენა ონანაშვილს მკურნალობაც, ღვთის მონა გოგიტა აბაშიძის გამოკვებვაც და ადრეული სათანადო მკურნალობის შემთხვევაში – 12 წლის ღვთის მონას მირზა ცეცხლაძის სიცოცხლის გადარჩენაც შეიძლებოდა. რადგანაც თქვენს ფონდთან დაკავშირება ფანტასტიკის სფეროდანაა და მშობლებს „საქართველოს საპატრიარქოს საქველქმოქმედო ფონდის „ლაზარეს“ –სთან დასაკავშირებლად ლოცვაც არ შველით, ამიტომ იძულებული ვარ, რომ აქ მოგწეროთ ელენა ონანაშვილის საბანკო რეკვიზიტები და იმედი მაქვს, რომ  ბავშვს, რომელიც თქვენი ნათლული არ არის,   ასე მაინც  მიაქცევთ ყურადღებას

ანგარიშის ნომნერი GE93BG0000000288973000

აპარატიდან სწრაფი ჩარიხვა EMONEI : 360 96 33 99

საკონტაქტო ნომერი 555 35 23 85

***

შარშან ჩემი მეგობრის მერვე კლასელ შვილს მასწავლებელმა მთელი კლასის თანდასწრებით „ღორი“ მხოლოდ იმიტომ უწოდა, კითხვაზე „ვინ არაა კლასში მარხვაზე?“ წინა მერხზე მსხდომმა 15 წლის ბიჭმა გულახდილად უპასუხა – „მასწ, მე არა ვარ მარხვაზეო“. რის გამოც ლამის მთელი კლასი იძულებული იყო ეთქვა, რომ  მძიმე მარხვაზე იმყოფება და ვინიგრეტს სამარხვო მაიონეზით მიირთმევს, რადგანაც ღვთისმოსავი პედაგოგის რისხვის შეეშინდა. ეკლესიის მიერ 666 ციფრისა და ID ბარათები დემონიზაციამ ის გამოიწვია, რომ ერთ–ერთ სკოლაში „ჭეშმარიტმა მართლმადიდებელმა“ მშობელმა შვილს მეექვსე მერხზე ჯდომა აუკრძალა, რადგანაც ჩათვალა, რომ სამ რიგად დაწყობილი მერხების მეექვსე მერხი სამი ექვსიანი კომბინაციას ანუ ეშმაკისეულ ნომერს ქმნის. შარშან ერთ–ერთ პედაგოგს სასერთიფიკაციო გამოცდაზე კი 666 ნომრიანი ბილეთის დანახვაზე ისტერიკა დაემართა, თუმცა ამავე დროს თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ჯიპებს, საკომუნიკაციო საშუალებებს, წამლებსა და თვითმფრინავის ბილეთებს, ადგილობრივ თუ უცხოურ ნაწარმს თუ საზღვარგარეთ გასამგზავრებელ ვიზებს, რომელიც თქვენს იდენტიფიცირებულ პასპორტშია და რომლითაც თქვენ ქვეყნის საზღვარს კვეთთ, არანაირი დემონური ძალა არა დასტრიალებს. მაგრამ სწორედ ესაა უბედურება, რომ ეკლესია ღმერთზე გაცხადებული მონოპოლიზირებული „პრივილიგირებულობით“ უსინდისოდ სარგებლობს, სულის წაწყმედის მომასწავლებელი „ნიშნებით“ კამპანიურ განგაშებს აწყობს,  ამ დროს კი საყოფაცხოვრებო ვუდუიზმითაა დაკავებული და ადამიანებით გასაოცარი გროტესკით მანიპულირებს, რათა დაიმორჩილოს, არადა სწორედ ამგვარი, რბილად რომ ვთქვათ, კონფორმიზმისგან გვაზღვევს იესო, როცა ამბობს, რომ ფხიზლად უნდა ვიყოთ და ფარისეველებს ვერიდოთ.

მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები საჯაროდ იგინებიან, იწყველებიან, ტაბურეტს იქნევენ, ღმერთისგან „დაპირებული“ ვენდეტით გვემუქრებიან თითქოს მამაზეციერი გამბინოს კლანის თუ მისი მტრების „ნათლიმამა“ იყოს, ხოლო მღვდლები –   ნათლიმამის ასისტენტები. განსაკუთრებით იმათ ერჩიან, ვინც თქვენ არ გელაქუცებათ, რადგან „ხოლო თუ შენი ძმა შესცოდავს შენს მიმართ, მიდი და ამხილე, როცა მარტო იქნებით: თუ შეისმინა შენი, შეგიძენია ძმა შენი“ (მათე 18:15) და კერპთაყვანისცემლობაზე მხოლოდ ის სმენია, რომ იგი საუკუნეების წინ წმინდა ნინო კაბადოკიელის ვაზის ჯვრით საქართველოში შემოსვლით დასრულდა. და კიდეც რომ თვლიდნენ, რომ მოყვასის უარყოფითის მამხილებელი ადამიანები სამყაროს „მტრები“ არიან, განა იესომ არ თქვა:  „თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: ‘შეიყვარე მოყვასი შენი და შეიძულე მტერი შენი. მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით. რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს“.(მათე 5:43,44,45).

ბიბლია იწყება სიტყვებით: „პირველად იყო სიტყვა“ (იოანე 1,1), ამიტომ ყველაზე კარგად სწორედ თქვენ უნდა გესმოდეთ სიტყვისა და საქმის ფასიც. ამიტომ არ ეგების, ერთი მხრივ, დემოგრაფიაზე ზრუნვით ათაოსობით ბავშვის მონათვლა იმ პერსპექტივით, რომ რელიგიური წესით მეშვიდე თაობაშიც კი თქვენს ნათლულებს დაქორწინება ვერ შეეძლებათ; მეორე მხრივ კი, შობადობაზე ზრუნვას თქვენი ფუფუნება და შიმშილისგან სამი ათეული ბავშვის სიკვდილის „ფოტოკოლაჟი“ ახლავს. თქვენს საშობაო ეპისტოლეში თქვენ ბავშვის ჩასახვის ხელოვნური ხერხი დაგმეთ, თუმცაღა ცნობილია, რომ საქართველოში 170 000– ზე მეტი უშვილო წყვილია; ცნობილია ისიც, რომ მსოფლიოში ამ სამყაროს ბოლო 35 წლის განმავლობაში ხუთი მილიონი ადამიანი ინვიტრო ფერტილიზაციის შედეგადაა გაჩენილი; მათ შორის 2000 წლიდან  3000 – საქართველოში და მათ შორის მღვდლების ოჯახშიც და მათ შორის არიან ისინიც ვინც ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ მონათლა. ბიოეთიკის, ადამიანის უფლებების, კონტრაცეფციისა და პირადი არჩევანის საკითხებს დროებით გვერდი რომ ავუაროთ, თქვენს ქმედებაში დაუფარავი ორმაგი თუ მეტმაგი სტანდარტი ცხადზე ცხადად იკვეთება: ერთი მხრივ გინდათ, რომ ინტენსიურად მშენებარე ეკლესიებს მრევლი არ მოაკლდეს და ქალის შვილოსნობა ამისთვის გამოიყენოთ; მეორე მხრივ – იმ „არაბუნებრივ“ 3000 ბავშვს არასასურველობისა და გარიყულობის დაღს ასვამთ, რომლებიც ისევე როგორც სხვა, სიყვარულისა და სითბოს ღირსია; თქვენი ეკლესიის წარმომადგენელი საკეისრო კვეთას მიუღებალდ მიიჩნევს; და კიდევ: იმ სამშობიარომ, რომელიც საპატრიარქოს პატრონაჟით არც ისე დიდი ხნის წინ არსებობდა, სახელი ბავშვთა სიკვდილიანობის ხშირი შემთხვევითობის გამო „გაითქვა“. სამწუხაროდ, არაერთი წყვილი ვიცი, რომლისთვისაც მარხვის დღეებს უშვილობის მკურნალობაში ხელი შეუშლია და სექსის უფლება მოძღვრისგან აუღია. ერთ–ერთ სასულიერო პირს კი ცოლ–ქმრისთვის „შეღავათი“ პირველი შვილის ყოლისთვის მიუცია, ხოლო მესამისთვის – ხსნილი მაშინ, როცა გაუგია, რომ ბავშვს პატრიარქის ხათრით გააჩენდნენ (მეორე ბავშვის თემაზე ამ ჯერზე ყურადღებას არ გავამახვილებ), რაც შექნილ მდგომარეობას ტრაგიკომიკური აბსურდისა  და ზღვრული ცინიზმის  სახეს აძლევს. ანდა, როცა წყვილის „ძაან ეკლესიურობის“ გამო, სამივე შვილი სექტემბერში დაიბადა, „მოგვიანებით“ კი ოჯახი მიხვდა, რომ ბავშვების გამოკვებისთვის, სწავლა–განათლებისთვის და მკურნალობისთვის მხლოდ ეკლესიაში სიარული, ლოცვა და ნათლობის რიტუალი არ ყოფილა საკმარისი. არამედ –  ფულიც. ამიტომ დედამ  გზა უცხოეთისკენ აიღო და ახლა უკვე მესამე წელია ყველაზე დიდ ამანათს სექტემბერში აგზავნის – ერთ ჯერზე სამივეს საჩუქრებს, ხოლო ბავშვებს სკაიპით ზრდის. მეუღლემ კი…საყვარელი გაიჩინა, რომელიც ბავშვს ელოდება. ამიტომ განქორწინებაც გარდუვალია.

თქვენ საშობაო ეპისტოლეში აღნიშნეთ, რომ ქალი “უნდა დაემორჩილოს ქმარს, თუნდაც, რომ ერთი შეხედვით ამის განხორციელება შეუძლებელი იყოს, რადგან ამით აღასრულებს უფლის ნებას (თუმცა ეს არ ნიშნავს ცოდვასა და არასწორ ქმედებებში მორჩილებას)“ , მაგრამ არ დაგიკონკრეტებიათ რაა ეს „არასწორი მორჩილება“.  თქვენს ეპისტოლეებში არასოდეს მოხვედრილა ღვთისმშობლის წილხვედრ და ქრისტიანობის საქართველოში შემომტანი წმინდა ნინოს ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის უაღრესად შემაშფოთებელი სტატისტიკა, არასოდეს მიგიმართათ მოძალადეე მამაკაცებისადმი ოჯახში თუ ოჯახს გარეთ ძალადობის კატეგორიული მიუღებლობის საკითხის დაყენებით. არადა ამ მონაცემების მოპოვება თქვენთვის უფრო მარტივი უნდა ყოფილყო, ვიდრე ციხეში პატიმრების მიერ სექსუალურ და სხვა სახის ძალადობაში ეჭვმიტანილ ვუაერისტ ვ. ბედუკაძესთან საუბარი. არც იმით დაინტერესებულხართ, ციხიდან გათავისუფლებული კაცების, ქალების რესოციალიზაცია როგორ ხდება და როგორ ეგუებიან ისინი ოჯახურ გარემოს, სადაც არც თუ იშვიათად უმრავი პრობლემისა და ცხოვრებისგან გაწბილების პროეცირება „დაბალ ღობეზე“, იგივე „მეორე სქესზე“ – ქალზე ხდება.  ამიტომ აქ მოგახსენებთ: ერთ–ერთი ბოლო დროინდელი კვლევის მიხედვით საქართველოში ყოველი მეთერთმეტე ქალი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია, გამოკითხულთა თითქმის 35 პროცენტი თვლის, რომ ცოლის ცემა გამართლებულია თუკი იგი ბავშვებს ყურადღებას არ აქცევს, ქმარს ეჩხუბება, საჭმელს წვავს, უარს ამბობს ინტიმურ კავშირზე ანდა ნებართვის გარეშე სახლიდან გადის. 25 პროცენტი კი თვლის, რომ ქმრის მიერ ცოლის ცემა ეს მხოლოდ ოჯახის შიდა საქმეა. საქართველოში პრობლემატურია არა მხოლოდ  ქალის ფსიქიკისა და ფიზიკური ჯანმრთელობის დამანგრეველი აბორტების  კონტრაცეფციული პრევენციაა, არამედ სელექციური აბორტებიც. როცა მშობლები სწორედ სასურველი ფეხმძიმობის დროს ქალის „მეორადობის“ გამო, მდედრობით ჩანასახს იშორებენ, რადგანაც ოჯახში უფრო სასურველია – მამრობითი სქესის შვილი. საქართველოს კანონმდებლობით 16 წლამდე ასაკის ბავშვთან სექსუალური კავშირის დამყარება კრიმინალია. მაგრამ დღეისათვის საქართველოში 7 500 – მდე გოგონა საშუალო სკოლაში სწავლას იმის გამო ანებებს, რომ ოჯახს ქმნის ანდა „აქმნევინებენ“. თქვენი აზრით,  მათი ლამის აბსოლუტური უმრავლესობა „კაენის ცოდვას“ თავიდან იშორებს? და უფრო მეტად ცხონდება თუ 13 – 14 წლის ასაკის ბავშვი თავად ბავშვის დედა გახდება? თუმცა როგორც წესი, ამ ბავშვების მამები მათზე გაცილებით უფროსები თუ არა, სრულწლოვანები მაინც არიან.

 

სამწუხაროდ, არასოდეს გისაუბრიათ მამისა და ზოგადად მამაკაცის პასუხისმგებლობაზე, არა მარტო ოფიციალური ქორწინებით შექმნილ ოჯახში, არამედ მის გარეთაც. სამაგიეროდ, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის არაერთი წარმომადგენელი ქალს სიბინძურედ, ეშმაკის მოციქულად თვლის, „ოჯახს კი ნაგვად“  მიიჩნევს და ამას დაუფარავად ქადაგებს. ბავშვის დასჯის წესებსაც კი ასწავლის. ყოვლად მიუღებელია მათ ქადაგებებში ამ უგვანი, შეურაცხმყოფელი, პლებეური „ეპიზოდების“ ჩართვა…  არადა საქართველოში 30 000 ბავშვი ცხოვრობს, რომელთა დაბადების მოწმობაში მამის გრაფა ცარიელია და რომელთა დედებთან კავშირზე მამაკაცები მაშინვე უარს ამბობენ, როგორც კი გაიგებენ, რომ „დამორჩილებულები“  მათგან ბავშვს ელოდებიან. „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ მონაცემებით თბილისში არსებულ ქალთა თავშესაფარში ყოველდღიურად 30 – 45 ქალი ცხოვრობს… ბავშვებითურთ. ისინი ოჯახში გაუსაძლის შეურაცხყოფას გამოექცნენ (არავინ იცის, ფიზიკურის გარდა, რამდენი განიცდის ფსიქოლოგიურ ძალადობას) და იმის გამო, რომ მხოლოდ „თავის ფუნქციას“ – დიასახლისობასა და როგორც თქვენ ბრძანეთ, იმ საეკლესიო „პოსტულატს“ ასრულებენ. რომ „ქალი შვილთა სიმრავლით ცხონდება“, მათ არც საკუთარი თავის დამოუკიდებლად რჩენის უნარ–ჩვევა აქვთ და  მითუმეტეს არც იმის საშუალება, რომ ბინა შეიძინონ/ დაიქირავონ და ბავშვების ნორმალური მომავალი უზრუნველყონ. არა გოგიტა აბაშიძისნაირი მომავალი.  ნუთუ ცხონება  მამაკაცის სპერმით განაყოფიერებული კვერცხუჯრედების რაოდენობაზეა დამოკიდებული? არადა “უკვე აღარ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც მამრი და არც მდედრი, ვინაიდან თქვენ ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში.“ (გალატელთა 3,28). თბილისში, სხვათა შორის, ჩვილ ბავშთა თავშესაფარიც ფუნქციონირებს, უფრო სწორედ, ფეხმძიმობის ბოლოს თვეში თუ დღეებში მყოფთა თავშესაფარიც, სადაც პატარები ჩნდებიან. მაგრამ ეს დაწესებულებაც გადატვირთულია და იქ მოხვედრა დიდ სირთულესთანაა დაკავშირებული.  არსებობს ტრეფიკინგის, მათ შორის, სექსუალური მონობის მსხვერპლთა თავშესაფარიც… როგორც წესი,  ღვთის მონების მიერ ღვთის მხევალების დამონებისა და უმოწყალო ჩაგვრის დოკუმენტებიც.  ზემოაღნიშნული მამაკაცები თქვენი მრევლის წევრებიც არიან, ისევე როგორც ამ „არაღიარებული“ ბავშვების დედები. მარხულობენ, სანთლებს ანთებენ. ალბათ, აღსარებასაც აძლევენ მოძღვრებს და ბინებსა და ოფისებს ალოცვინებენ. და თუ ასე გადარდებთ სუროგაცია, როგორც მოვლენა, იმის საქმის ყურშიც უნდა იყოთ, რომ ქართველ ქალთა მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ნაბიჯზე მატერიალური თვალსაზრისით მიდის და სწორედაც რომ საეკლესიო „პოსტმოდერნიზმია“, როცა მაძღარი მოძღვარი თავისი ჯიპის გადასახედიდან  მოძღვრავს ქალს, რომელსაც შიმშილით თუ სიცივით სიკვდილი არ უნდა.

როცა საუბრობთ სხვათა ფსევდოლიბერალურ ღირებულელებზე და პოსტმოდერნიზმის ცოდვებზე (როგორც წესი, არაერთი მღვდლის ქადაგეგბებში ყველანაირი ბოროტრება/ცოდვა არაერთმორწმუნე დასავლეთიდან შემოდის) იქნებ იმასაც მიაქციოთ ყურადღება, რომ საქართველოში 3000 უშვილო  წყვილი  ბავშვის შვილად აყვანას ელოდება, ხოლო წელიწადში საშუალოდ  რეალურად მხოლოდ 30–50 ბავშვი გაშვილდება: იმასაც, რომ სახელმწიფო ბავშვთა სახლებში დღეისათვის 1420 პატარა ცხოვრობს, მათგან გაშვილების უფლება კი მხოლოდ 68–ს აქვს. აქედან 48 შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა და მათი შვილად აყვანა არავის უნდა, ისევე როგორც სამი წელზე უფროსების. მართლმადიდებელ ქვეყანში… აი, „ურჯულო“ აშშ–ის მოქალაქეებს კი რუსეთიდან სწორედ ამგვარი „არასასურველი ბავშვების“ შვილად აყვანა უნდოდათ, რომ არა „დიმა იაკოვლევის კანონი“, რომლის ავტორსაც, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს თქვენ „თბილსა და ბრძენს“ უწოდებთ.

1990 წელს ვანის რაონის სოფელ დიხაშხოში ქეთინო ხურციძე დაიბადა. დაიბადა საყრდენ–მამოძრავებელი სისტემის ისეთი დაავადებით, რომლის მკურნალობის საშუალება ოჯახს არ ჰქონდა. ხელმოკლე ოჯახმა იგი ბავშვთა სახლში წაიყვანა. თუმცა, როგორც ირკვევა, ბავშვის ჩაბარების გადაწვეტილება ქეთინოს მამას მიუღია. მალევე ქეთინო  მიჩიგანელმა ლინდა სთოუნმა იშვილა და ამერიკაში წაიყვანა. წლების შემდეგ ელიზაბეთ სთოუნი (ქეთინო ხურციძე), ცნობილი ამერიკელი მოცურავე, პარაოლიმპიური თამაშების არაერთგზის გამარჯვებული თავისი ბიოლოგიური ოჯახის მოსანახულებლად საქართველოში ჩავიდა. 23 წლის ასაკში. მისი არაბიოლოგიური დედის დამსახურებაა, რომ ყველა ჩემპიონატზე მას აშშ–ის და საქართველოს დროშა უჭირავს და თავისი ბიოლოგიურ ოჯახზე გულში ბოღმას არ ატარებს. ასე, რომ „მშვიდობასა და კაცთა შორის სათნოებას“ არა აქვს არც გეოგრაფიული, არც რელიგიური და არც  ნათლულობითი საზღვარი.

თქვენ იმის საშუალება გაქვთ, რომ გერმანიაში ძვირადღირებული მკურნალობა ჩაიტაროთ, ოქროს სამაჯური აჩუქოთ იმ ქვეყნის ელჩს, რომელსაც თქვენი სამღვდელოების დიდი ნაწილი სოდომისა და გომორას ბუდედ აღიქვამს და სადაც სწავლისა და განათლებისთვის წასვლას თანამემულეებს უკრძალავთ, მართლმადიდებელ მიწაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებთ, თუმცაღა იქ ქართული ეკლესიის დაფუძნებას აკურთხებთ; რეზიდენციაში სტუმრად იღებთ არამართლმადიდებელ შერონ სტოუნს, რომელიც, დამერწმუნეთ, წმინდა ნინოს როლის შემსრულებლად არ წარმოგიდგენიათ, მაგრამ რომელსაც თქვენთან დაღვრილი ცრემლები დაავიწყდებოდა, გოგიტა აბაშიძის დედა რომ ენახა ნახევრადმკვდარი შვილით ხელში, ცივ და ადამიანებისგან მიტოვებულ სახლში, რომელიც, როგორც გაირკვა,  მათი საკუთრებაც კი არ ყოფილა; საჯაროდ მასპინძლობთ ღია გეი ქართველ მამაკაცს, „ცნობად სახეს“, მაგრამ ამავე დროს ქადაგებაში უმცირესობებისადმი დისკრიმინაციული დამოკიდებულების პროპაგანდას ეწევით, ეკლესიის წარმომადგენლები კი 17 მაისის მშვიდობიანი შეკრების დამრბევ, მოძალადე მღვდლებს უბრალოდ „უზრდელებს“ უწოდებენ… დიდი ხნის წინ თქვენ ბრძანეთ, რომ „სრულიად საქართველო – მისი ტაძრები, მისი ფასეულობები და ტრადიციები, მისი ხალხი: ეს არის ჩვენი საგანძური“. მერე რა, რომ ტექსტში „ხალხი“ სულ ბოლოს ახსენეთ. მთავარია „სრულიად საქართველო“ აღნიშნეთ და ისიც, რომ სწორედ ადამიანები არიან საგანძური. ანუ ძმებიც და დებიც, ახლობლებიც და შორებლებიც ანუ  ისინიც,  ვინც ამჟამად „ უმრავლესობაა“ და ისინიც,  ვინც – „უმცირესობა“. რასაკვირველია, არ გჭირდებათ იმის შეხსენება, რომ როცა ღმერთმა ძმის მკვლელ კაენს ჰკითხა, შენი ძმა აბელი სადააო. მან მიუგო, ჩემი ძმის დარაჯად ხომ არ დავდგებიო. რის შემდეგაც კაენმა  ასეთი პასუხი მიიღო: „შენი ძმის სისხლის ხმა შემომღაღადებს მიწიდან…“  (დაბადება 4,10)

 

17 მაისი
17 მაისი

***

 

და კიდევ ერთ უაღრესად მნიშვნელოვან საკითხს მინდა შევეხო: ეს არის პირადად ჩემთვის და უამრავი ჩემზე უფროსისა და უმცროსის გულისტკივილის, აღშოთებისა და თქვენდამი უნდობლობის მიზეზი. იმ თაობის, რომელთა წანაპრებმა საქართველოს გასაბჭოება, გაგულაგება და უფრო ადრე რუსეთის ცარიზმის „მეგობრობა“ თავის თავზე, ალხობლებზე, მეგობრებზე იწვნიეს. იმ თაობის, რომელმაც  საბჭოთა კავშირის ტოტალიტარული პერიოდი, 9 აპრილის  ტრაგედია, სამოქალაქო და სამამულო ომები, მიტინგების სისხლიანი დარბევები და რევოლუციები, მეზობელი ქვეყნებში ომები და ქვეყნის ისტორიის უაღრესად დეპრესიული პერიოდი გამოიარა. რადგანაც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ თითქმის ერთი საუკუნის წინ ფორმალურად (ფაქტობრივი აღდენის საკითხის განხილვა შორს წაგვიყვანს)  თავისი  ავტოკეფალია აღიდგინა,  ის არ არის რუსეთის ეკლესიის ფილიალი, არც მისი პირმშო და მისი ხელმძღვანელი არაა ვალდებული საშობაო ეპისტოლეები რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მამამთავრის ეპისტოლედან გადმოაქართულოს. საპატრიარქო კი, ისევ და ისევ შეგახსენებთ, ლამის ყოველ წლიურად ორ ათეულ მილიონ ლარს სახელმწიფოსგან იღებს  სწორედ იმიტომ, რომ იგი საბჭოთა სასტიკი რეპრესიებისა და ტერორის მუდმივად მწარმოებელი დაწესებულების – კაგებეს ორგანული ნაწილის – რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მსხვერპლიც იყო. ამიტომ არ ეგების ქართველ მართლმადიდებელთა მწყემსთავარს, უწმინდესსა და უნეტარესს, საქართველოს კათალიკოს – პატრიარქს, მცხეთა – თბილისის  მთავარეპისკოპოსსა და  ბიჭვინთისა და ცხუმ – აფხაზეთის (აფხაზეთსა და  სამაჩაბლოში სწორედ რუსეთის იმპერიული ამბიციების გამო  ქართული მღვდელმსახურება აკრძალულია, ხოლო ამჟამად ქართული ეკლესია–ტაძრების მიზანმიმართული ნგრევა მიმდინარეობს) მიტპროპოლიტს კარზე ეახლოს ჩეკისტ ოფიცერს; ქართველების, ჩეჩნების, ბესლანელების ბავშვების მომსრავსა და „ჰეროდეს კანონის“ გამომცემს მადლობის გადასახდელად და მისგან ჯილდოს მისაღებად.  და არა ამპარტავნების ანდა პატივმოყვარეობის გამო. არამედ იმ მიზეზის გამო, რომელსაც  არქიმანდრიტი, წმინა გრიგილ ფერაძე ყველაზე უკეთ აგიხსნიდათ.

1937 წლის დოკუმენტი გადასახლებას დაქვემდებარებულების შესახებ.
1937 წლის დოკუმენტი გადასახლებას დაქვემდებარებულების შესახებ.

არ ეგების საქართველოს კათალიკოს – პატრიარქს ასობით – ათასობით კი არა მილიონობით სრულიად უდანაშაულო ადამიანის, მათ შორის მრწამსის, ეთნიკურობის, პოლიტიკური, სექსუალური ორიენტაციის და, ალბათ, ეკლესიისთვის აქტუალური თემის – რელიგიის მსახურების/ საეკლესიო მოღვაწეობის საბაბით სასულიერო პირთა შემვიწროებელი ტირანის – სტალინის „გამორჩეულ პიროვნებად“, „მორწმუნედ“ და „საგალობლების“ მოყვარულად დახასიათება. სტალინმა არასრულწლოვანი ბავშვებიც გულაგისთვის გაწირა. 5–10– 15 წლის ბავშვები, რომლებსაც საიდენტიფიკაციო ნომრები მკერდზეც და ზურგზეც ჰქონდათ ამოტვიფრული. ყოველგვარი პათეტიკის გარეშე სტალინი იყო განსხეულებული ანტიქრისტე და არ ეგების თქვენი წოდების – უწმინდესსა და უნეტარესს  ღმერთის, მისი ძისა და სული წმინდის მგმობელის ამგვარი „პიარი“ (თუნდაც მისი ქართველობის, სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულობის თუ იმის გამო, რომ ოდესღაც ბავშვიბაში მისი სიკვდილი გამოიტირეთ), მითუმეტეს როცა საქართველოში აქა–იქ სტალინის ძეგლების აღდგენისა და თაყვანისცემის ტენდენცია შეინიშნება. თქვენ გერმანიაში ხშიარად დაბრძანდებით. ამიტომ იქნებ შემდეგ ჯერზე თუნდაც ერთ გერმანელს უთხრათ, რომ ჰიტლერი „გამორჩეული პიროვნება“ იყო.  იქნებ სცადოთ… მაგრამ როგორც ჩანს იცით რას წარმოადგენდა ჰიტლერი, რადგანაც თქვენს სიტყვაში აღნიშნეთ, რომ ჰიტლერის მიერ გერმანელების განადგურების სურვილს არანორმალურად მიიჩნევთ.

გულაგის ბავშვები
გულაგის ბავშვები

წითელი ტერორის დროს საქართველოში არა მარტო ცალკეულ ადამიანებსა თუ პარტიებს  „ხალხის მტრად“ შერაცხავდნენ. არამედ ერებსაც: როგორც ე.წ. ავთენტურ მესხებსაც, ასევე ე.წ. არაავთენტურებს – საქართველოში XIX საუკუნის დასაწყისიდან მცხოვრებ გერმანელებს, რომელბმაც ჩეჩნებივითა და სხვა „არასასურველ ერებთან“ ერთად დეპორტაციის ჯოჯოხეთი გამოიარეს. ასე, რომ სახელმწიფოსგან რეპრესიების მორალური და მატერიალური ანაზღაურება  მხოლოდ ეკლესიას არ ეკუთვნის. ამიტომ ურიგო არ იქნებოდა, ბიუჯეტიდან მიღებულ თანხებზე უარს თუ არ იტყოდით, ეს ფული იმათთვის მაინც გაგენაწილებინათ, ვინც ისევე იწვნია საბჭოთა „ხორცსაკები მანქანის“ სასასტიკე, როგორადაც ბოლშევიკური ათეიზმი – მორწმუენეებმა და კიდევ: იქნებ ერთხელ და სამუდამოდ თქვენი ავტორიტეტი გამოგეყენებინათ, რომ ეკლესიის წარმოადგენლები არ ავლენდნენ მიზანთროპულ და ქსენოფობიურ ზრახვებს, როგორც ეს შარშან ქართველი ებრაელების  მიერ ხანუქის აღნიშვნის  დღესასწაულზე მოხდა და  სამომავლოდ ძალიან უსიამოვნო ფაქტად დარჩება აგრერიგად საამაყო ქართველთა და ებრაელთა 26 –საუკუნოვანი მეგობრობის ხსენებისას.

***

 

1494 წელს გერმანელმა მეცნიერმა, ჰუმანისტმა, პოეტმა და ბიბლიის ზედმიწევნით კარგად მცოდნე სებასტიან ბრანტმა გამოაქვეყნა Das Narrenschiff ანუ „სულელების გემი“ – პოპულარული სატირული პოემა, სადაც ადამიანური სიბრიყვის 111 ნაირსახეობაა აღწერილი. ამ გემზე სულელების დიდი სპექტრია: სულელები, რომლებიც ახალგაზრდებს სისულელეებს ასწავლიან; თაღლითები, ფარისევლები, მატყუარები, ნარცისები, მომხვეჭელები, ძალაუფლების მოყვარულები, მოძალადეები, მექრთამეები … იმედს ვიტოვებ, რომ თქვენ ამ გემის ბინადარნი არ გგონივართ და ასევე არ გგონიათ, რომ ღმერთმა ადამიანები „სულელების კუნძულზე“ საცხოვრებლად შექმნა, სადაც ღვთის ხატები, საგაზეთო რუბრიკის „რას გვეტყვი, მამაოს“, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზული ტექსტებით მართლაც ხელმძღვანელობენ ანდა ამნეზია დაემართათ და არ ახსოვთ სამოქალაქო ომის დროს ყაჩაღებს რომ მიემხარით; ანდა იმ ხანას დაივიწყებენ, როცა, ღვთის სიტყვას კრიმინალური ოდეოლოგიის მქონე, „ნამდვილი ქართველი“ მღვდლები – ნეოოსტაპ ბენდერები ქადაგებდნენ; ხოლო ტაძარი მათთვის ყველაზე კომფორტულ „სამუშაო ადგილად“ გადაიქცა. როგორც დრომ აჩვენა, მონანიების გარეშე. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ღრმა კრიზისში იმყოფება და ამ კრიზისის მიზეზებიცა და შედეგებიც ცხადზე ცხადია, რადგანაც “არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს, და დამალული, რომ არ გამჟღავნდეს. ამიტომ, რაც ბნელში გითქვამთ, ნათელში მოისმენენ, და რაც ყურში იჩურჩლეთ ოთახებში, ერდობანებზე გამოხმაურდება.” (ლუკა 12:2,3).

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ია მერკვილაძე, აშშ ნიუ იორკი