21048

Слава Україні!

წელს უკრაინის ნარინჯისფერი რევოლუციიდან 9 წელი გავიდა. 2004-ში რევოლუციურ მაიდანზე გაჩენილი იმედები არ გამართლდა. ლიდერებმა ხელისუფლებაში მოსვლიდან ცოტა ხანში მთელი დრო და ენერგია ურთიერთდაპირისპირებასა და ინტრიგებში დახარჯეს.

როგორც ხდება ხოლმე რევოლუციას “რესტავრაცია” მოჰყვა და შემდეგ არჩევნებში მოსკოვის მიერ მხარდაჭერილმა იანუკოვიჩმა გაიმარჯვა.  

 

დღეს უკრაინაში ისევ რევოლუციაა. “ნარინჯისფერზე” უფრო მასშტაბური ისტორიული და საბედისწერო. ამჯერად კიევის და უკრაინის სხვა ქალაქების მოედნებზე ყოფილ სსრკ-ში შემავალი ქვეყნების ბედი წყდება. უკრაინაში მიმდინარე პროცესები საერთაშორისო  ხასიათისაა და ერთი ქვეყნის საზღვრებს სცილდება. “რუსეთი უკრაინასთან ერთად იმპერიაა, უკრაინის გარეშე არა” – ბჟეზინსკის მიერ ნათქვამი ეს სიტყვები პოლიტიკურ ანდაზად იქცა. თუ ისტორიას გავიხსენებთ, 1992 წელს სსრკ-ს ყოფნა-არყოფნის ბედი მეტწილად უკრაინამ გადაწყვიტა. სწორედ უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის კრავჩუკის მიერ “ბელოვეჟის თავყრილობაზე” გამოხატულმა პრინციპულმა პოზიციამ დაუსვა წერტილი რუსულ-ბოლშევიკური იმპერიის არსებობას. 

 

დღესაც რუსულ-ევრაზიული იმპერიის აღდგენის ბედი მეტწილად უკრაინაზეა დამოკიდებული. უკრაინის განსაკუთრებულ როლს მისი ზომა-წონა განაპირობებს – ის  პოსტსაბჭოთა სივრცეში სიდიდით მეორე სახელმწიფოა. თუმცა საქმე მხოლოდ ქვეყნის სიდიდესა და მოსახლეობის მრავალრიცხოვნებაში არ არის. უკრაინისთვის სახელმწიფო დამოუკიდებლობის შენარჩუნება ნაციონალური არსებობა-არარსებობის ტოლფასია. საქმე იმაშია, რომ რუსულ იმპერიულ ცნობიერებაში უკრაინული ნაცია გაუგებრობად აღიქმება. რიგითი რუსი უკრაინულ ენას რუსული ენის დიალექტად მიიჩნევს და უკრაინელებს “მალოროსებად” (მცირერუსებად) ნათლავს. ამ ფონზე ჩვენში გავრცელებული ფრაზები “ქართველობას გვართმევენ” და “ეროვნულობას გვაკარგინებენ” ანეგდოტურად ჟღერს. უკრაინის შემთხვევაში კი ასეთი საფრთხე მართლაც რეალურია. რუსეთი უკრაინას უკრაინელობას ნამდვილად ართმევს. 

 

თუ ამ ბრძოლაში უკრაინა დამარცხდა და რუსეთმა ევრაზიულ კავშირად წოდებული იმპერია ხელახლა შეაკოწიწა, კარგი დღე არც ქართველობას ელის. თუ ასე მოხდა, ქართული ერის სახელმწიფო ნაციად ჩამოყალიბება შეჩერდება და ხელახლა ეთნოსის ფაზას დავუბრუნდებით. თვითიზოლირებულ, ეთნოგრაფიულ, ფოლკლორულ ერთობად ვიქცევით. საერთაშორისო არენაზე საკუთარ ხმას, ისტორიულ პროცესებში მონაწილეობის საშუალებას, კოლექტიურ საავტორო უფლებებს და მისიას დავკარგავთ. დამოუკიდებლობის დაკარგვა უტყუარი დეგრადირების გზაა. რუსულ ორბიტაზე მოხვედრა სახელმწიფოებრიობის და მაშასადამე საკუთარი არსის დაკარგვაა. რუსეთი მის ყოფილ კოლონიებთნ როგორც თანასწორი-თანასწორთან არასდროს ისაუბრებს. ეს უკრაინელებმა კარგად იციან და სწორედ ამით არის გამოწვეული მათი თავდადებული ბრძოლა. უკრაინელების ბრძოლისუნარიანობა და ორგანიზებულობა აღტაცებას იწვევს და მათგან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ. ასეთი ხალხის დამარცხება შეუძლებელია. იმედია გამარჯვების შემდეგ პოლიტიკური ლიდერები ხალხს იმედებს კიდევ ერთხელ არ გაუცრუებენ. 

 

უკრაინაში მიმდინარე პროცესები “ჭეშმარიტების წამია”. დრო, როდესაც  საგნებს თავისი სახელები ერქმევათ და ყველაფერი ცხადი და გასაგები ხდება. უკრაინამ რუსეთს “ხარკი” გადაუხადა და ნატოში გაწევრიანებაზე უარი სთქვა. მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა. ამ დათმობის სანაცვლოდ რუსეთმა უკრაინის როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობის უფლება არ სცნო. აღმოჩნდა, რომ რუსეთს მისი  ყოფილი კოლონიების საგარეო პოლიტიკური კურსი კი არა, მათი რუკაზე არსებობა აღიზიანებს. მისთვის ქართული, უკრაინული და ა. შ. სახელმწიფოების არსებობა აღმაშფოთებელი და მიუღებელი ფაქტია. დღეს ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, რომ რუსეთის მხრიდან ჩვენს მიმართ გამოწვეული ხანგრძლივი აგრესია ნატოში გაწევრიანება-არგაწევრიანებასთან კავშირში არ არის. მრავალწლიანი ანტიდასავლური პროპაგანდა იმის თაბაზე, რომ რუსეთი არ უნდა გაგვეღიზიანებინა, ნატოზე არ უნდა გველაპარაკა, ნეიტრალიტეტი უნდა გამოგვეცხადებინა და ყველაფერი კარგად იქნებოდა ბლეფი და ტყუილია.

ჩვენი ნატოში გაწევრიანების სურვილი  აგრესიას სწორედ იმის გამო იწვევდა და იწვევს, რომ ამ ორგანიზაციაში მოხვედრის შემდეგ რუსეთი საქართველოს მთლიანად ოკუპაციის შანსს საბოლოოდ კარგავს.

 

უკრაინელთა თავდადების წყალობით ევრაზიული კავშირის იმპერიულ პროექტს განხორციელება არ უწერია. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრძოლა მთავრდება. რუსეთი რევანშის აღებას უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში (ლუგანსკი, ხარკოვი, დონბასი) და ყირიმში სეპარატიზმის გაღვივებით მაინც შეეცდება. ამგვარი რამ მან ჩვენთან უკვე სცადა და გაუვიდა. უკრაინის მიმართ იგივეს გამეორება ალბათ არ გამოვა. 

 

ჩვეენს მიმართ კი რუსეთი ახალ ხერხს მიმართავს და მეხუთე კოლონის მეშვეობით ანტიდასავლურ პროპაგანდისტულ კამპანიას აჩაღებს. პროპაგანდისტები საკმაოდ გვყავს. ეს ადამიანები  საკუთარ შვილებს სასწავლებლად ევროპაში აგზავნიან, ევროპის ძვირადღირებულ კლინიკებში მკურნალობენ, დასავლურ  ვალუტას რუსულ რუბლზე მეტად ენდობიან. თავისთვის ევროპულ ტექნიკას და  კომფორტს უხვად მოიხმარენ. ჩვენთვის კი ასეთ ქადაგებებს იმეტებენ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
გია მარიამიძე