ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

გაუპატიურების კულტურა ანუ როგორი ქალები მოგწონთ, ბატონო ჯონდი?

გაუპატიურების კულტურა ანუ როგორი ქალები მოგწონთ, ბატონო ჯონდი?

 გზა მანქანების მჭიდრო რიგს გაევსო, მის გადაღმა ჩემი ერთ–ერთი მოსწავლე შევნიშნე, რომელიც ძალიან იგვიანებდა და ამიტომაც დრო და დრო ქუჩას გავხედავდი ხოლმე.  ჰოდა, შორიდან რომ დავლანდე, ხელი დავუქნიე და ისევ მაგიდასთან მსხდომებს მივუბრუნდი… ხუთი–შვიდი წუთის შემდეგ უცებ გამახსენდა, დანახვისას რადგან იგი ჩვენკენ მომავალ გზას მოუყვებოდა, წესით, უკვე  მაგიდასთან უნდა მჯდარიყო. ფეხზე წამოვხტი, რათა მანქანების ნაკადს  მიღმა უკეთესად დამენახა საით გასწია და დანახულმა ისეთ შოკურ მდგომარეობაში ჩამაგდო, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში  ვერ გამოვედი, ლამის ავად გამხადა და პროექტიდან ჩემი წამოსვლის მოტივიც გახდა (რეალური მიზეზი კი – უსუსურობა იყო, თუმცა ეს უკვე  სხვა თემაა). ასე ორმოცდაათი წლის ჭუჭყიან, ლაბადაწამოსხმულ, გრძელწვერებიანსა და თმააგაჩეჩილ (როგორც მოგვიანებით შევიტყვე, ფსიქიკურად ავადმყოფ უსახლკარო) მამაკაცს თორმეტი წლის სუსტი აღნაგობის ნ.მ. დაეჭირა, თავისკენ ზურგით დაეყენებინა,  ლაბადის დიდი კალთები მოეხვია, ერთი ხელი ბავშვის კისერთან შემოეჭდო და უკნიდან ფრიქციების მაგვარ მოძრაობებს აკთებდა. ჩემს კივილზე სოცმუშაკები წამოხტდნენ, ადგილზე გაშეშებულმა როგორც კი გავაგებინე, რატომ ვყვიროდი, იმავე წამს ბავშვის მიმართულებით გავარდნენ, დაძრული მანქანების რიგს ლამის გადაახტდნენ, მაგრამ  ამასობაში კაცმა შეგვნიშნა, ბავშვი მაშინვე მიატოვა, ჭავჭავაძეს ვაკის მიმართულებით სირბილით ისე აუყვა, რომ მხოლოდ მოსასხამის აფრიალებული ბოლოებიღა ჩანდა და მიწისქვეშა გადასასვლელში გაუჩინარდა. ეს მოხდა ხალხით გადაჭედილ ქუჩაზე, “ნაღდი თბილისლების” საყვარელი “დისლოკაციის” ადგილას – ვაკეში, ერთი ცნობილი შემინულკარიანი რესტორნის წინ, დღისით, მზისით, უმაღლესი სასწავლების ახლომახლო. იმ დაწესებულების მიდამოში, სადაც ოცი წლის წინათ ათობით მოწმის თვალწინ ადამიანი ტყავის ქურთუკის გამო მოკლეს…  

ბავშვს კი, რომელიც შარვლის სწორებ–სწორებით მოვიდა, შეძლებისდაგვარად მშვიდი კილოთი  ვკითხე: ეს პირველი შემთხვევაა – მეთქი? არა,  ეს კაცი ასე დამიჭერს, მეხახუნება ან შარვალს მხდისო…  ეგ გოგონებსაც დასდევსო. რატომ არ დაუსხლტები, ან  არ იყვირებ, რატომ არ გვითხარი აქამდე  – მეთქი?! რატომ უნდა მეთქვა, მასწ, გოგო კი არა ვარ, ქალაჩუნა,  ყველაფერზე ენა მოგიტანოთ და კივილ–წივილი დავიწყო თქვენსავითო,– ასე მიპასუხა. –  თქვენ  რა გაკივლებდათ?  თუ ვინმე თავს დამესხა, დამარტყა, მე კი კარგად მოვიგერიე, მიწაზე დავაგორე და თავ–ყბა დავუმტვრიე, აი, მაშინ კი კაცურად გეტყვით, კარგად მივბეგვე და მეორედ ვერაფერს გამიბედავს. თქვენც, მასწ, თუ ვინმემ რაიმე გაკადრათ, მაშინვე მითხარით…

თითქმის  დროის იმავე პერიოდში, ოდნავ მოგვიანებით ერთი ყვითელი ქართული ჟურნალი პოლიტიკოსებს შორის ბლიცგამოკითხვას ატარებდა მოსაწონი ქალების ზომა-წონა-ფერის თაობაზე. ერთ–ერთი გამოკითხვის ადრესატი  ჯონდი ბაღათურიაც იყო, რომელსაც “ჟურნალისტი” ზუსტად ასე მიმართავდა: “როგორი ქალები მოგწონთ, ბატონო ჯონდი?”, სტატიას კი შეკითხვის მსგავსი სათაური ჰქონდა (მაშინ ამ “კითხვის” საპასუხოდ საგაზეთო წერილი დავწერე. ახლაც იმავე თემას ვუბრუნდები, რაც იმას ნიშნავს, რომ არაფერი შეცვლილა). ბუნებრივია, ჟურნალისტი ისედაც იმ პერიოდის მწირი რაოდენობის პოლიტიკოსი ქალების სიმპათიის ობიექტ კაცების რაგვარობასა და რაოდენობაზე არ ჰკითხავდა, რადგანაც გამოცემა ამგვარად ულტრაყვითელიც არ იყო, რომ ერის “ძირძველი ტრადიციისთვის” – “ქალის კულტისთვის” ეღალატა და “ქართლის დედისთვის” კითხვა კაცების მომხიბვლელობის ბაზარზე, მით უმეტეს მრავლობით რიცხვში დაესვა.  “ქართლის დედებს” ხომ შეფასების ობიექტების როლი არგუნეს, მამაკაცს კი ექსპერტ–დეგუსტატორის მიანიჭეს. ოჯახში ძალადობის შემაშფოთებელი სტატისტიკისა და პოსტსამშობიარო პერიოდში დედათა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, “დედის ხატი” საქართველოში სტაბილურად “დაცული ტერიტორიაა” (მსოფლიოში ყოველ ორ წუთში ერთი დედა კვდება – შიმშილით, მშობიარობისას, საომარი მოქმედებების დროს, დევნლობის გამო – იმ მიზეზთა გამო, რომელთა პრევენცია შესაძლებელია). თან არც არავის მოუვა თავში: ქალს ჰკითხოს როგორი გარეგნობის ქალი მოსწონს, ქერაცისფერთვალება თუ შავგვრემანმუქთვალა; მამაკაცს – როგორი ტიპის მამაკაცი, თმაწვერულვაშებიანი თუ მუდმივად გაპარსულ-მელოტი. ამ კითხვის  ფორმისა და შინაარსის აბსურდულობის შესახებ წიაღსვლების გარეშე ისედაც ცხადია, რომ ფიზიკური მიმზიდველობის ველიც მკაცრად ჰეტეროსექსუალურ – “მართლმადიდებლურ” საზღვრებში არსებობს.

ჯონდი ბაღათურიას თხუთმეტი წლის წინანდელი პარალიბიდური რანდევუ მაშინ გამახსენდა, როცა “ქართული დასის” ლიდერი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას აპროტესტებდა და ისე მსჯელობდა, როგორც ეს “გაუპატიურების კულტურის” სანიმუშო წარმომადგენელს შეშვენის. საზოგადოების უსაფრთოხოებაზე “პრავასლავნიკურ” ექსტაზში  მან დემაგოგიურად  ისაუბრა მისი და ეკლესიის პოზოციის იდენტობაზე, სასწავლო დაწესებულებებში ბავშვების, პენიტენციალურ სისტემაში, ჯარსა და  პოლიციაში მამაკაცების სექსუალურ უსაფრთხოებაზე; არაერთხელ ახსენა ამ ე.წ. “დაცული სფეროების” ლგბტ თემისგან იზოლირების მნიშვნელობა და სტრატეგიული საჭიროება; განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმ ინსტიტუციებზე “ანტიგეიურად” ზრუნვის საჭიროებას, რომელშიც შეიარაღება – სატაბელო იარაღიდან დაწყებული ვიდრე ტანკ “დიდგორამდე” – არსებობს;  ასევე იმ დაწესებულებებში “სოდომ–გომორის მოციქული” მასწავლებლების მოშთობას, სადაც სწორედ სახელმწიფო თავისი ანტიდსიმკრიმინაციული ბერკეტებით იღებს იმის ვალდებულებას, რომ ქვეყნისა თუ საერთაშორისო კანონმდებლობით ადამიანების უფლებები სრულყოფილად რეალიზდეს ყველა მოქალაქისთვის მათი ეთნიკური, რელიგიური თუ გენდერული იდენტობის, უმრავლესობასა თუ უმცირესობას მიკუთვნებულობის განურჩევლად;  განსაკუთრებით იქ, სადაც  ძალადობის სავარაუდო სამიზნეებს თავიანთი თავის დაცვა ანდა ძალადობის ფაქტის გაცნობიერება არ შეუძლიათ მათი ასაკის ანდა ფიზიკურ-გონებრივი მდგომარეობის გამო; ასევე პენიტენციურ სისტემაში ჩანერგილ “პედერასტებზე”, სადაც მოქალაქის უფლებები კანონის განსაზღვრული ნორმებით ისედაც იზღუდება. თუმცაღა “მართლმადიდებელ მორალისტს” არც ერთხელ უხსენებია ვლადიმერ ბედუკაძე, როგორც პატიმრებზე ძალადობის განმახორციელებელი, ჯერჯერობით ერთადერთი იდენტიფიცირებული ფიგურა, რომელსაც სახელმწიფომ “აღმკვეთ ღონისძიებად” ლამის უფელბადამცველის ნომინაცია მიანიჭა და რომელიც მალევე  ლოცვა–კურთხევისთვის  საქართველოს კათალიკოს–პატრიარქს ესტუმრა. ბაღათურიას სიტყვები: “მე, ისევე როგორც ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია” კომუნისტური ფრაზეოლოგიიდანაა ნასესხები.  საბჭოელი ადამიანი  ასე გამოხატავდა თავის მოსაზრებას: “მე, ისევე როგორც მთელი ჩემი კოლექტივი”. ახლა კი სენტენციისთვის მეტი მნიშვნელობის მისაცემად ეკლესიასა და მართლმადიდებლობასთან თანაზიარების ხსენებაა რეკომენდირებული და, თუ  ილია მეორის 96 პროცენტიან რეიტინგსაც გაუსვამენ ხაზსს, აზრი ურყევი პოსტულატის ძალას შეიძენს.

 

როგორც წესი, “ბავშვების სიყვარულის თემა” პოლიტიკოსების რიტორიკაში, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, გამორჩეულად ფავორიტ, მომგებიან და, ამავე დროს, ძალიან იაფფასიან  “ტაქტიკურ” ხრიკს წარმოადგენს. თუმცა პარლამენტში შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების ანდა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის საპარლამენტო მოსმენებზე ვერც ჯონდი ბაღათურიასა და ვერც  ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვის დროს არაადეკვატურად გააქტიურებულ სასულიერო პირებს ვერ დაინახავთ. თუნდაც “ხალხის მსახური” ჩინოვნიკების თვეში რამდენიმე ათეულათასლარიან ხელფასებთან შედარებით შიმშილისგან გარდაცვლილი ბავშვების ოჯახების შემოსავლის კონტრასტის გაპროტესტების, ანდა ლეიკემიით დაავადებულთა დახმარების  სურვილით გულანთებულებს; მით უფრო, ცნობილია, რომ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო თანამდეობის პირის ერთი წლის ხელფასი პენსიონრის დაახლოებით 265 თვის (თითქმის 22 წლის) პენსიას უტოლდება, ბავშვების შიმშილით სიკვდილის სტატისტიკა კი სომალის მედიის ახალი ამბები კი არა, არამედ – სტუმარმასპინძლობით განთქმულსა და  სუფრის კერძებით დაძეძგვის ტრადიციის მქონე სახელმწიფოს პატარა, უმწეო მოქალაქეებზეა საუბარი, რომელთა ფიზიკური არსებობა ასე მარტივად იკრიბება აბსტრაქტულ სიტყვაში “ჩვენი მომავალი”; არც ისინი, რომლებიც უკვე ორ ათწლეულზე მეტია სამმაგი დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დევნილი ქალები. იმიტომ, რომ ქალები არიან, იმიტომ, რომ დევნილები და იმიტომაც, რომ შშმ პირთა რიცხვს მიეკუთვნებიან; არც ისინი, რომლებიც ზამთარ–ზაფხულ ქუჩაში ცხოვრობენ და XXI საუკუნის სიკეთეებით მეტ–ნაკლებად სარგებლობის  საშუალება  კი არა,  ყოველდღიურად ისე რუტინულად არიან ძალადობის მსხვერპლნი, რომ არც კი იციან, მათზე სექსუალურად რომ ძალადობენ, რადგანაც ძალადობრივი გარემო ისეთივე ბანალური გახდა, როგორიც ბაღათურიას პასუხი კითხვაზე: “როგორი ქალები მოგწონთ, ბატონო ჯონდი?”…

ჯონდი ბაღათურია არც საერთაშორისო და ლოკალურ ორგანიზაციათა კვლევის მიხედვით გამოვლენილ ოჯახში ძალადობის მძიმე სტატისტიკას სცნობს. ერთ–ერთი კვლევის შედეგების მიხედვით, ყოველი მეთერთმეტე ქალი საქართველოში ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია (აღარაფერს ვამბობ სხვა სახის ძალადობებზე), ქალების  ლამის მესამედი კი ქმრის მიერ ცოლის ცემას ამართლებს არა იმიტომ, რომ რომ ექს – პარლამენტარისა და შეთავსებით მუსიკოსის ნუგზარ ერგემლიძის “მარგალიტს”: “ბევრ მანდილოსანს  მოსწონს, როცა ურტყამენ” ანდა ანრი ჯოხაძის სიმღერის ტექსტს “განა ყველა ქალი ქალია” (ყვითელი ჟურნალი ამ “კომპოზიციის” შექმნის “ნიუსს” “კულტურის” რუბრიკაში ათავსებს) ეთანხმება; არამედ იმიტომ, რომ სისხლში, კუნთსა და ტვინში ჩაბეტონებულ პატრიარქალურ წყობაში როლები უკვე გადაანაწილა კულტურამ, რელიგიამ, ქუჩა–სამეზობლომ, ოჯახმა და ჯონდი ბაღათურიას საკურაციო სფერომ – “ქართულმა სულიერობამ”. კაცია ძლიერი და გადაწვეტილების მიმღები, ქალი – სუსტი, შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების უუნარო. ძლიერმა კი სხვაგვარად როგორ უნდა გამოამჟღავნოს თავისი სტატუსი თუ არა “სტალინური მეთოდების” გამოყენებით ანუ რეპრესიებით; სტატუსის გამყარება ხდება სხვა “კრეატიული” მეთოდებითაც:  “სუსტი სქესის” ვარდისფერ მობილურ ტელეფონთან, გემრიელ შოკოლადთან, ცხელ ზაფხულში დასაგემოვნებელ გამაგრილებელ სასმელ –  ცივ ლუდთან შედარებითა და ოჯახური სიმყარის ატრიბუტთან – სარეცხი საშუალებების მოდერნიზაციისგან გაბრწყინებული ქალის სახის გამომატყველებასთან გაიგივებით. როგორც ჩანს, კომპანია “ბილაინი” “უნიქალური ტელეფონის” ფენტეზი – ქალის მკერდის, წვივებისა და ეროტიული ამოხვნეშა – ქარაგმების გარეშე ვერც საკომუნიკაციო ტექნიკურ ქსელს აამუშავებს, ვერც გადახდისუნარიან მომხმარებელს აცდუნებს და ვერც – “გადმოსვლას ნათელ მხარეზე”.

 

თავად, როგორც ჩანს, სანიმუშო მართლმადიდებელ-მეოჯახეს,  პარტიიდან პარტიაში მოგზაურობის მოყვარულ ბატონ ჯონდის არ გამოუთქვამს  წუხილი საქართველოში არც ყოფილი და ახლანდელი ქმრების მიერ ცოლების მკვლელობის, ანდა არასრულწლოვანთა იძულებით გათხოვების ძალზე შემაშფოთებელ სტატისტიკასთან დაკავშირებით. არადა, ბოლო სამი თვის განმავლობაში უკვე არაერთი შემზარავი ამბის შესახებ გავიგეთ: არასრულწლოვანი გოგონები თავს იმის გამო იკლავენ, რომ მშობლების ნებას მათი გათხოვების თაობაზე ვერ ეწინააღმდეგებიან და მხოლოდ ასე იცავენ თავს გაუპტიურებისგან. ეს, ჯონდი ბაღათურიას აზრით, გარყვნილებასა და ზნეობრივ დაცემას არ წარმოადგენს, ლგბტ ადამიანების პირადი ცხოვრების ქონა კი – სამყაროს დასასრულს უტოლდება.  სამაგიეროდ “ლეგიტიმური გაუპატიურება” ძალადობად არ ითვლება. არადა ამ ლოგიკით, ნიგერიულ გასამხედროებულ, ტერორისტულ დაჯგუფებას “ბოკო ჰარამს” (ადგილობრივ დიალქეტზე იგი ნიშნავს –”დასავლური განათლება ცოდვაა”), რომელმაც ერთი თვის წინათ სკოლის მერხებიდან რვიდან თხუთმეტ წლამდე ასაკის სამასამდე გოგონა – მოსწავლე მოიტაცა, ისლამზე მოაქცია და საჯაროდ განაცხადა, რომ აპირებს მათ გაყიდვას, ქალებზე მზრუნველი “მხედრიონის” სტატუსი უნდა მიენიჭოს. ნიგერიაში, ველური სექსიზმის გარდა, სამართლებრივი დევნა ლგბტ თემზეცაა გამოცხადებული. ჰომოსექსუალთა ბარის დარეგისტრირების მცდელობა ათი წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება; ადამიანთა უფლებების მიმართ პატივისცემით კი არც ჩვენი ერთმორწმუნე, “ძმა”– მეზობელი გამოირჩევა.

ყოველ წელს საქართველოში შვიდი ათასი გოგონა იმის გამო ვერ ამთავრებს სკოლას, რომ მათ “აოჯახებენ”, ძალით აბედნიერებენ, აუპატიურებენ მათივე თანხმობით. რადგანაც “ქართული ტრადიციების” სარანგების – ეკლესიის, ჩოხოსნების, თვითმფრინავით მფრენი ხატის მისი თანმხლები სარანგების, პრეზიდენტის მეგობრის, ბაგრატოვანთა რაინდისა და ცნობლი “დემოგრაფის” ლევან ვასაძისა და “გვარის წინამძღოლთა დარბაზის” (ქართული ორგანიზაციის სახელწოდება) აზრით: თუ გოგონას დრო/მომენტი უდგება, “შანსი ეძლევა” თავისი “მთავარი ფუნქცია” პირნათლად შეასრულოს და პატრონს ჩაჰბარდეს, უნდა დაემორჩილოს თავის “ქალურ ბედს” და ბოლოს და ბოლოს რეალურად შეიგრძნოს: რას გულისმობდა მამამისი, როცა სამზარეულოში ფქვილში ხელებამოვლებულ, თვალჩალურჯებულ, ოცჯერნააბორტალ, ნამტირალებსა და კბილჩამტვრეულ ცოლს სუფრასთან “ქალურ ბედნიერებას” გალაკტიონის ლექსის რომელიმე სტროფით უსურვებდა… უცილობლად “ქართული სიყვარულის” გამომხატავი უცენზურო სიტყვათშეთანხმების რეფრენით.

წელს მსოფლიომ 15 მაისს  “ოჯახთა საერთაშორისო დღე” მეოცედ აღნიშნა, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1993 წელს შესაბამისი რეზოლუციით დააწესა. ამ დღეს  სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციები წარადგენენ ანგარიშებს თუ როგორი დინამიკაა ქვეყნის განვითარებაში – როგორ ხდება ოჯახის დაგეგმარება, ოჯახში ძალადობის დაძლევა, ოჯახის წინაშე დამდგარი სხვა პრობლემების გადაჭრა. მათ შორის იმ ღონისძიებების გატარება, რომლებიც ასწავლის მშობლებს, როგორ და რა ასაკში დაარიგონ შვილები, რათა პედოფილ მოძალადეებთან კონტაქტში არ შევიდნენ. საქართელოში ეს დღე არავის გახსენებია, სამაგიეროდ 17 მაისს, როცა მსოფლიო ჰომო/ტრასფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის ინიციატივით “ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღე” ეწოდა. ოჯახში ძალადობის ცნება არ მოიცავს მხოლოდ ცოლისა და ქმრის ურთიერთობაში არსებულ პრობლემებს, არამედ მშობლების შვილების  მიმართ და შვილების მშობლების მიმართ ძალადობასაც. თუმცა პატრიარქის აზრით, ფობიებთან ბრძოლის დღის ოჯახის დღით გადაფარვა  კონტრაქცია იყო – მძიმეცოდვებიანთა ჭეშმარიტ გზაზე დასაყენებლად. არადა, რადგანაც სოციუმის გარდა, ხშირად ადამიანის სექსუალური იდენტობის რეპრესირების  ველი  სწორედ მისი ოჯახი და იქ სიყვარულისა და ემპათიის ნაკლებობაა (არც თუ იშვიათად, ოჯახის წევრის სექსუალური ორიენტაციის მიუღებლობა ადამიანის, მათ შორის, არასრულწლოვნის თვითმკვლელობით სრულდება) სავსებით ლოგიკურია ამ ორი ცნების – ანტიჰომოფობიისა და ოჯახში ადამიანთა ურთიერთპატივისცემის შეთავსება. თუმცა, როცა ილია მეორე თავის ეპისტოლეებსა და ქადაგებებში ფემინოფობიურ სულისკეთებას დაუფარავად ასაჯაროვებს, რითაც თავის რუს კოლეგას  (პატრიარქმა კირილმა ფემინისტური ორგანიზაციები ძალიან საშიშ მოვლენად გამოაცხადა) მხარს უბამს, იგი ნებსით თუ უნებლიედ,  მრევლს ოჯახში ძალადობისკენაც წაახალისებს, ძალადობის ისედაც გაჩაღებულ ეპიდემიას კიდევ უფრო მეტად აღვივებს, ამით იმ ოჯახურ ფასეულობებს ნიველირებს, რომელთა დამკვირება – განვითარებას ვერც ლოცვა შველის, ვერც ღვთისმშობლის ხატის კოცნა, ვერც ხანგრძლივი მარხვა, ვერც ნაკურთხი წყლის პკურება, ვერც ჭინჭრით შეიარაღება… და ვერც ქალის ფეხმძიმობა და “ცხრა ძმა ხერხეულიძის” დედის ხატი. ახლახანს კაცმა რვა შვილის თვალწინ, მეცხრეს მომლოდინე ცოლს ყელი გამოსჭრა და თავი მოიკლა. იმედს ვიტოვებ, საპატრიარქო მის მიერვე დაწესებული “ახალი 17 მაისიდან” ხუთი დღის შემდეგ მომხდარ მკვლელობას “არამართლმადადიდებელ ოჯახში” დატრიალებულ ტრაგედიად არ შეაფასებს. იმგვარად, როგორადაც ეს შიმშილისგან გარდაცვლილი ბავშვის, გოგიტა აბაშიძის შემთხვევაში მოხდა, როცა ხაზი გაესვა მისი მშობლების “ურჯულოებას”.  ოჯახი, როგორც ერთ–ერთი ცივილიზაციური ფენომენი იქმნება უპირველესად არა ჰეტეროორიენტაციის ადამიანების სექსუალური კავშირით, არამედ ისეთი ადამიანების ნებაყოფლობითი ერთობით, რომელთაც მხოლოდ “კანონიერი” და “წესიერი” საბაზისო ინსტინქტი კი არა, არამედ სიყვარული, საერთო ინტერესები, სამომავლო გეგმები და ერთმანეთისადმი მიზიდულობა აერთიანებთ.

***

ჯონდი ბაღათურიასთვის ანტიგეიმიზანთროპული რიტორიკა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რომ ამ ცოტა ხნის წინათ 51 წლის მამაკაცმა 17 წლის გოგონა გააუპატიურა და მერე მოკლა; 15 წლის მოსწავლე გოგონა კი მოიტაცეს, მასზე უფროსი ასევე არასრულწლოვანი საქმრო მანქანაში “დამაჯერებელი მტკიცებულების” შესაქმნელად  სექსუალურად ძალადობდა, რათა გოგონას ოჯახს იგი  უკან არ წაეყვანა და პოლიციაში არ ეჩივლა; 16 წლის გოგონა მამამ ათი ძროხის სანაცვლოდ 45 წლის მამაკაცს ცოლად მიჰყიდა; ჩხოროწყუში 78 წლის მამაკაცი 9 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს; ქუთაისში კი 12 წლის გოგონა მამისტოლა კაცმა “ცოლად შეირთო”… ყველაფერი ზემოჩამოთვლილი იმაზე მეტყველებს, რომ არასრულწლოვანი მოძალადის გარდა, დანარჩენი სრულწლოვანები პედოფილი მოძალადეები იყვნენ და კრიმინალი – ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაული ჩაიდინეს. ეს უკანასკნელი კი  ერთ–ერთი უმძიმესი დანაშაულია, რომელიც მძიმეა არა იმიტომ, რომ ეს რომელიმე უხუცეს ხევისბერთა საბჭო, ლოკალური სახელმწიფო ინსტიტუტი ანდა რელიგიური ორგანიზაცია თვლის ამად. არამედ იმიტომაც, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებებში ამგვარ ქმედებას ძალადობა ჰქვია. მათ შორის გაეროს რეზოლუციებში შავით თეთრზე წერია: გოგონების სექსისადმი თუ გათხოვებისადმი იძულება არის დანაშაული, მონობის ფორმა და იგი მკაცრად უნდა დაისაჯოს. ამგვარი რეზოლუციების აღსრულება  სავალდებულოა გაეროს წევრი ქვეყნებისა და დოკუმენტების ხელმომწერთათვის.  ბავშვთა მიმართ ძალადობის, განსაკუთრებით კი სექსუალური ძალადობის კატეგორიული მიუღებლობა, უპირველესად,  მორალურ იმპერატივს წარმოადგენს.

 

პედოფილური ქმედების, როგორც მძიმე სისხლის სამართლებრივი დანაშაულის კვალიფიკაცია, მასთან ბრძოლა და ბავშვთა უფლებების სრულფასოვანი დაცვა არის ზოგადსაკაცობრიო ნორმა, რომელზეც ცივილიზებული სამყარო ერთხელ და სამუდამოდ შეთანხმდა. ბავშვთა უფლებების სფეროში, გარდა უკვე არსებული საერთაშორისო კანონმდებლობებისა, ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი სამოქმედი გეგმა გახლავთ გაეროს მიერ  2013 წლის სექტემბერში მიღებული რეზოლუცია , რომელსაც საფრანგეთის, აშშ–ის, საქართველოსა და არგენტინასთან ერთად, ხელი მოაწერა ეგვიპტემ, ტაჯიკეთმა, ანლოგამ, რუანდამ და სხვებმა ანუ იმ ქვეყნებმაც, რომლებიც არასრულწლოვან ასაკში გოგონების გათხოვების ძალიან მაღალი  მაჩვენებელით გამოირჩევა. სულ 108 ქვეყანამ. ხელმომწერთა შორის “ბოკო ჰარამისა” და “თალიბანის” სამშობლო – ნიგერია და ავღნაეთი, ბუნებრივია, ვერ ვიპოვე. ვერც ირანი, სადაც  ცნობილ ირანელ მსახიობს, 42 წლის ლეილა ჰატამის შარიათის კანონით სასჯელი ელის. საქმე ისაა, რომ ამჟამად მიმდინარე კანის 67–ე  კინოფორუმზე ხიჯაბში გამოწყობილმა ქალმა კანის ფესტივალის პრეზიდენტს 83 წლის ჯილეს ჯეიკობს საჯაროდ ლოყაზე აკოცა. და ამით რელიგიური ფასეულობები შეურაცხყო. ამგვარ ქვეყნებში სექსუალური სახის დანაშაული არასრუწლოვნების მიმართ კრიმინალად არ ითვლება.

 

გაეროს ზემოხსენებულ რეზოლუციაში გოგონების ადრეულ ასაკში გათხოვებისა და გათხოვების იძულების წესი ხაზგასმითაა დაგმობილი, აღნიშნულია ბავშვთა უფლებების დარღვევის, მათზე ძალადობის (ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, “გათხოვების” ეგიდით განხორციელებული სექსუალური ძალადობა იგულისხმება) იდეოლოგიასა და პრაქტიკასთან ხისტი ბრძოლის საჭიროება და სახელმწიფოს მხრიდან გოგონებისთვის განათლების მიღების, მათი  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სრული უზრუნველყოფის აუცილებლობა.

***

იმისთვის, რომ ძალიან ღრმად არ დავიწყოთ პედოფილიის, როგორც ფსიქიკური დაავადების (პედოფილი სულაც არაა აუცილებელი თავის სექსუალურ მოთხოვნილებებს პრაქტიკაში, სოციუმში ახორციელებდეს და იყოს კრიმინალი – მოძალადე. როგორც წესი, პედოფილები ჰეტეროსექსუალი მამაკაცები არიან. ქალი პედოფილი უკიდურესად იშვიათი შემთხვევაა) და ბავშვთა მიმართ სექსუალური სახის ძალადობის, სექსუალური მაძიებლობის დიფერენცირების დეტალური წიაღსვლები, აღვნიშნავ: სექსუალური ძალადობა, რომელიც არის კრიმინალი არანაირად არ უკავშირდება ძალადობის განმხორციელებელი პირის სექსუალურ ორიენტაცის და იმას, რასაც ჯონდი ბაღათურია “ნორმალური კაცი კაცს ხომ გადაეკიდებას” (ნორმალურში იგი არაჰომოს გულისხმობს) უწოდებს. ამ სახის ძალადობის ძირითადი მდგენელია შემდეგი: მოძალადე მსხვერპლს ირჩევს არა მისი (მსხვერპლის) სქესის, ან სავარაუდო სექსუალური ორიენტაციის მიხედვით, არამედ  უსუსურობის, ბავშვის მიმნდობლობის, მოწყვლადობის გამო; უბრალოდ იმიტომ, რომ ის ბავშვია, არასრულწლოვანია – ადვილადაა შესაძლებელი მისი მოტყრუება, შეტყუება, მოხიბვლა, დამეგობრება, ტვინის რეცხვა, მუქარით დაშინება, ეკონომიკური წახალისებით კეთილგანწყობის მოპოვება, ძალადობის განხორციელებაც და საიდუმლოს შენახვის აღთქმის დადებინებაც.

 

საქართველოში ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექიმების მონათხრობიდან ორი შემთხვევა მახსოვს, როცა ფსიქიკურად ავადმყოფ ქალზე, რომელიც სტაციონარში მუდმივად იმყოფებოდა (დიაგნოზი შიზოფრენია, ჭკუასუსტობა), საავადმყოფოს თანამშრომელმა იძალადა. ერთ–ერთი ამდაგვარი ფაქტის შესახებ ვერავინ გაიგებდა, რომ არა ქალის ფეხმძიმობა. თავიდან სამედიცინო პერსონალს ვერაფრით წარმოედგინა, რომ პაციენტი ბავშვს ელოდებოდა, ავადმყოფის ხშირი ტოქსიკოზი კი საკვებით მოწამვლას დაუკავშირეს, ამიტომ მას კუჭ–ნაწლავის დაავადების დიაგნოზის შესაბამისი მკურნალობა დაუნიშნეს. ქალის ფეხმძიმობის შესახებ  მხოლოდ გასტრიტისთვის არდამახასიათებელი ნიშნების გამოვლენის შემდეგ გახდა ცნობილი. ქალს აბორტი გაუკეთეს, შიდამოძიების საფუძველზე ქალის “პარტნიორი” გამოავლინეს (იგი საავადმყოფოს სანიტარი აღმოჩნდა) და ყოველგვარი სამართლებრივი პასუხისმგებლობის გარეშე, უბრალოდ, სამსახურიდან გაუშვეს…

 

სექსუალური ხასიათის ძალადობის დროს ბიჭების მსხვერპლად არჩევა დაკავშრებულია ამ სახის ძალადობის მაქსიმალურ  კულტურულ ტაბუირებასთან, მსხვერპლის სამუდამო დუმილის დაბევებასა და იმასთანაც, რომ ბიჭებში მამაკაცის სპერმატოზოიდები ფერტილობის სტიმულაციას არ იწვევს. მარტივად: მამაკაცს ქალის ტიპის საქალწულე აპკი არა აქვს,  მამაკაცი არ ფეხმძიმდება და თუ ექსპერტიზა გაუპატიურების ლამის პირველსავე დღეს არ ჩატარდა, ძალადობის ფაქტის დადგენა დიდი ალბათობით, შეუძლებელია.  ანუ – მტკიცებულებები “ადვილად წაშლადია”, კვალს არ ტოვებს. გარდა ამისა, ზრდასრულობაში ბევრმა მათგანმა (მსხვერპლმა) ოჯახი შექმნა და ხისტი გენდერული იერარქირების გამო შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ  მამაკაცებს უფრო მეტი ძალისხმევა და შინაგანი ბარიერების გადალახვა სჭირდებათ ამგვარი “აღსარებისთვის”, რომლის შედეგადაც ისინი “მამაკაცურობის დეკონტრუქციას” მოიაზრებენ, ვიდრე – ქალებს, რომლებიც, თუნდაც სამოქალაქო თუ სამამულო ომების დროს მასობრივად გახდნენ გაუპატიურების მსხვერპლნი. მართლაც განსაკუთრებით დიდ იშვითობას წარმოადგენს ინფორმაცია შეიარაღებული კონფლიქტების დროს მამაკაც მებრძოლებზე, ტყვეებზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის “ქეისების”  შესახებ და ისიც, როგორც წესი, მესამე პირთაგან და არა მსხვერპლთა თხრობის საფუძველზე დგება. თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. როცა დიდი ხნის შემდეგ კათოლიკე მღვდლების მიერ არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული ძალადობის ისტორიებს ჭაღარაშერეული მამაკაცები ტელევიზიით მოგვითხრობდნენ.

 

ვატიკანში მრავალი წლის განმავლობაში კათოლიკე მღვდლების გარკვეული კატეგორიის მიერ არასრულწლოვან ვაჟებზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ დუმილი, რომელიც მხოლოდ ლამის ორი თუ სამი ათეული წლის შემდეგ დაირღვა, მისი “მიჩუმათება” ბევრ სოციალურ–კულტურულ – გენდერულ და ფსიქოლოგიურ პრობლემას უკავშირდება. დაუძლეველ ბარიერად გადაიქცა ის, რომ გაუპატიურების სცენების არათუ ვერბალური, არამედ ზოგადად ასოციაციური გახსენებაც ძლიერ რეტრავმირებას იწვევს, რის გამოც ადამიანები არა იმდენად “გაუპატიურებულის იარლიყის” მიწებებას უფრთხიან, არამედ განახლებულ ჯოჯოხეთს გაურბიან. წლების განავლობაში გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტი (ისიც ანტიდისკიმინაციული დებულებებით ხელმძღავნელობს) პერმანენტულად, დაჟინებით სთხოვს კათოლიკურ ეკლესიას, რომ იმ მღვდლებსა და მონაზვნებს (ქალი პედოფილი მოძალადეები), რომლებიც  ბიჭებზე ძალადობდნენ, სასწრაფოდ შეუწყდეთ მღვდელთმსახურება და სამართალდამცავ სტრუქტურებს  დაუყონებლივ გადაეცნენ; უნდა დაისაჯონ ისინი, ვინც თავისი მდგომარეობით ბოროტად სარგებლობდა. სექსუალურ მოძალადობზე, მით უმეტეს, როცა მსხვერპლნი ბავშვები არიან, საქმის ხანდაზმულობის პუნქტი არ ამოქმედდება. თუმცა ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა გაერო და ვატიკანი ანდა ზოგადად კათოლიკური ეკლესია ერთგვარი კონფრონტაციის რეჟიმში იმყოფება. სექსუალური ძალადობის გარდა, აბორტებისა და კონტრაცეფციის თემა ასევეა გაეროს ამ კომიტეტისა და კათილიკეებს შორის დაძაბულობის მიზეზი. მიუხედავად იმისა, რომ ვატიკანი გაეროს წევრი სახელმწიფო არაა.

 

არაერთი სამეცნიერო, სამედიცინო, ფსიქოლოგიური ინსტუტუტი წარსულშიც და ახლაც პედოფილიისა და ჰომოსექსუალობის ურთიერთკავშირის თაობაზე კვლევებს აწარმოებს. 2006 წელს გამოცემულ წიგნში “ახალი ათასწლეულის მენტალური დაავადებები” ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი და პროფესორი თომას პლანტი წერს: “იმის მიუხედავად, რომ ამ სასულიერო პირების მსხვერპლთა უმრავლესობა მამრობითი სქესისაა, ჰომოსექსუალობა ვერ იქნება დადანაშაულებული. უპირველესად იმიტომ, რომ ბევრმა პედოფილმა მღვდელმა განაცხადა, რომ არ არის ჰომოსექსუალი. იგივე გარემოება გვაქვს იმ არასასულიერო პირ მამაკაც მოძალადეთა შემთხვევაშიც, რომლებიც  ბიჭებზე ძალადობდნენ. ბევრი მათგანი აცხადებს, რომ  ისინი სამიზნედ ბიჭებს იმიტომ ირჩევენ, რომ  ბიჭთან კონტაქტის დამყარება უფრო ადვილია და … გოგონა მსხვერპლთან კავშირი კი დაფეხმძიმების საშიშროებასთანაა დაკავშირებული.  ჰომოსექსუალებთან მიმართებით არ დადგინდა, რომ ისინი უფრო არიან არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის ჩადენისკენ მიდრეკილნი, ვიდრე ჰეტეროსექსუალები. სექსუალური ორიენტაცია არაა სექსუალური ძალადობის მაპროგნოზირებელი ფაქტორი”. უამრავ კვლევასა თუ სოციოლოგიურ გამოკითხვას დამყარებული ემპირიკა, რომლის ავტორთა და ნაშრომთა ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს, აკადემიურ დონეზე ადასტურებს – სექსუალური ძალადობა ემყარება არა გენდერულ იდენტობას, არამედ – ძალაუფლების კონცეპტს. მკვლევრებს შორის არსებობს კონსენსუსი, რომ არასრულწოვნების მიმართ განხორცილებული სექსუალური ძალადობის ტრიგერი სამიზნე ბავშვის  სქესზე “ფიქსაციას” არ უკავშირდება.

***

როცა კოლექტიური “ბატონი ჯონდის” ჰომოფობიურ შფოთსა და მორალურ პანიკას აანალიზებ, მრავალ მიზეზთა შორის ქართული სექსიზმის კიდევ სხვა, ანატომიურ – სექსოლოგიური პლასტის განხილვას გვერდს ვერ აუვლი. ქართველი მსახიობი ქალის მიერ ორალური სექსის  ხსენების გამო ატეხილი მორალური პანიკა – ისტერიკის მიზეზ–შედეგობრივ კავშირს თუ განვიხილავთ, აშკარაა, რომ ჩვენს “ეროვნულად” კამასუტრირებული სულის აკადემიაში ინტიმურობა “სამარხვო ხორცის” მსგავსი სფეროა, სადაც პირჯვრის გადაწერის წესისა არ იყოს, ხელი, მიმართულება და თანმიმდევრობა მკაცრად დელეგირებული უნდა იყოს ვიღაც სხვისგან. მაგალითად, თუნდაც  პურიტანული მორალის მატარებლისგან. სულ ერთია, ვინ იქნება ის – პირადი მოძღვარი თუ ახალდაქოწინებულთა საძილე ოთახის კარების ჭურჭუტანაში მაცქირალი, სიძის მშობელი (რომელსაც უფლება აქვს ნებისმიერ დროს ამ ოთახის კარგი შეაღოს), როგორც “ნაღდ პასპორტიანის” –”ყვე@@ბიანი” ვაჟის ამაყი პატრონი.

 

ევროპასა და აშშ–ში ვიქტორიანული ეპოქისა და პურიტანიზმის საპასუხოდ წარმოქმნილი ფსიქოანალიტიკური და სხვა ფსიქოლოგიური თეორიების მიმართულებები თავის განვითარებას სექსუალობის ტაბუების განხილვით იწყებდნენ. დიდი თუ მცირე განსხავებების მიუხედავად, მათ ერთი რამ აერთიანებდათ: ის, რომ მიზოგინური კულტურული ტაბუები სექსისგან სიამოვნების მიღების აკრძალვის ნორმებს ეყრდნობოდა. ორ მოსიყვარულე ადამიანს შორის ინტიმურობა ამ ორი ზრდასრული, თავისუფალი ინდივიდის პირადი საქმე კი არა, არამედ – “ჭოგრიტიანი მაყურებლის” საზოგადო საქმე გახლდათ. ქალის სექსუალობის კონტროლის თეორია–პრაქტიკა საბჭოთა, ნაცისტური და რელიგიური ფუნდამენტალისტების რეჟიმებისთვისაა დამახასიათებელი. ჰომოფობიურ კულტურაში კი, რომელიც სამივე რეჟიმს მოიცავს,  ერთი რამაა აღსანიშნავი, (რაც ამგვარ სივრცეს კიდევ უფრო სექსისტურს ხდის). სექსუალური აქტის, ანუ ქართულად “ხმარების” უფლება მხოლოდ მამაკაცს აქვს… ქალზე. მამაკაცის “ძლიერ, აქტიურ” ფალოსს აქვს ერეგირების “ჩვევაცა და უფლებაც”, ქალი კი “წყალობის” მიმღებია,  შესაბამისად – სუსტი და პასიური. იმ კულტურაში, რომელშიც ჰომოსექსუალებს “მეტრაკეებს” უწოდებენ, ორი მამაკაცის შემდგარ წყვილში ერთ – ერთის სხეული ვერ და არ უნდა იყოს “წყალობის მიმღები”, რადგანაც ამით ჯონდი ბაღათურიას მაჩოობის ფუნდამენტური შინნაზარდი კონცეპტი დევალვირდება, რომლის მიხედვითაც კითხვა– “როგორი ქალები მოგწონთ”, მისი ღირსების ყავარჯენად შეიძლება ვერ გამოდგეს და ამიტომაც ეროტიკული ფანტაზია სხვათა დუნდულა კუნთებსა და ანუსის ერთადერთ ანუ ჭეშმარიტ – კუჭ–ნაწლავის ცხოველმყოფელობის შედეგის განდევნის – ფუნქციაზე ფიქსირდება, ხოლო ეროგენულ ზონად სრულიად გამოირიცხება. არადა რექტუმის მიდამო ისევეა მგრძნობელობითი ზონა, როგორც  – ბავშვის ჩასახვისთვის საჭირო ორგანო.

არაერთი ცნობილი ფსიქოლოგი, ფსიქოანალიტიკოსი თავანთ ნაშრომებში  სხეულის ინტიმურ ადგილებს შორის ტოლობის ნიშანს სვამს და ამის მაგალითად მენსტრუაციის პერიოდში ქალის ორგანიზმში დისკომფორტის/ ტკივილის/სისხლდენას საშოსა და სწორი ნაწლავის არეში ლოკალიზებას ასახელებს. თუმცა ამ ანატომიურ–ფიზილოგიურ წიაღვსლებს თავი რომ დავანებოთ, უნდა გვესმოდეს, რომ სექსი ორ მოსიყვარულე ადამიანს შორის უნდა დარჩეს მხოლოდ და მხოლოდ ამ ორი ადამიანის პრივატულ სივრცედ. მხოლოდ ისინი გადაწყვეტენ თავიანთი პირადი ესთეტიკის, შეთანხმების საფუძველზე როგორ რეალიზდნენ სექსუალურად, რა ტიპის ურთიერთობა დაამყარონ ერთმანეთთან და  არა სახელმწიფო, პარტია, ეკლესია, მეზობელი თუ მორალისათვის მებრძოლი ჯვაროსნები,  ქართული “დეკამერონის” გმირები, რომლებიც კონსტიტუციაში ოჯახის განსაზღვრებად ჰეტერო სექსის დაფიქსირებას ჩქარობენ.

 

***

კვალავ გაუპატირების თემას  რომ დავუბრუნდეთ, აღსანიშნავია, რომ ბავშვთა იმ წრეში, რომელსაც პირობითად “მაწანწალებს” ვუწოდებთ, გოგონების ქალიშვილობა გაცხადებულად ფასობდა. ე.წ. პატიოსნები თავის ქალწულობას უფრთხილდებოდნენ და სხვებზე “ჭორაობდნენ” თუ ის სხვა  – “ბოზი” იყო.  ჩემს მეხსიერებაში ორი მიუსაფარი გოგონას გაუპატიურების  “ქეისის” გამოძიებაცაა… მაგრამ  ბიჭებში, როგორც წესი,  ეს სტატისტიკა ტაბუდადებულთა შორის  ერთ–ერთი  ყველაზე ტაბუირებული და ბნელი, აღურიცხავი სფეროა. შეიძლება ისიც ითქვას, ერთ–ერთი კი არა, არამედ მთავარი ტაბუირებული თემაა. რადგანაც  ქალის გაუპატიურება (რაც გულისხმობს, როგორც წესი, ჰეტერო ტიპის–გაუპტიურებას, თუმცა პენიტენციალურ სისტემაში და ზოგადად ასოციალურ გარემოში ქალის მიერ ქალის გაუპატიურების “ქეისების” შესწავლისას გამოვლინდებოდა, რომ მოძალადე  ქალი სულაც არაა აუცილებელი იყოს ე.წ. სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი) “ნორმატიულ გაუპატიურებად” ითვლება, ხოლო მამაკაცის გაუპატიურება, რომელსაც სულაც არაა აუცილებელი ჰომოსექსუალი ახორციელებდეს, – “არანორმატიულ გაუპატიურებად”. არაერთი კვლევის თანახმად, ძალადობრივი გარემოებების დროს (ომი, ორგანიზებული დანაშაული,  ე. წ. “გაფუჭების” მუქარა, რომელიც ხშირად ვალის არდაბრუნებას, წაგებას, ნარკობიზნესთან და სხვა არაერთ  პარაკრიმინალურ ქმედებას უკავშირდება) ვლინდება. ჯონდი ბაღათურიას ეტყობა მართლა ჰგონია ანდა თავს იკატუნებს, რომ ძალის დემონსტრირება მხოლოდ “ჩოხაახალუხქამარხანჯალიანების” საბრძოლო უნარების დემონსტრირებით ხდება როცა ამბობს, დაპირისპრების დროს მამაკაცებმა ერთმანეთს დიდი -დიდი “ხელი დაარტყან, ხმალი მოუქნიონ”. მაგრამ არავინ იცის და არავინ საუბრობს ამ ხმლის მოქნევითა და ფიზიკური ძალის უპირატესობით დამდგარი შედეგის,–გამარჯვების მიღმა რა უჩინარ–მიჩუმათებული–”მივიწყებული” ძალადობა იმალება ქუჩასა და სკოლაში, სპორტულ დაბრაზსა და ციხეში.  უჩინარი კი გაუპატიურებაა, რომელსაც გამარჯვბეული ძალა დამარცხებულზე ახორციელებს. ამიტომაცაა, რომ მსოფლიო სამართალში არსებობს ომის წარმოების წესების კოდექსი–შეთანხმება, ათეულობით დანართი, დათქმა, ხელშეკრულება, რათა ტყვედ ჩავარდნილი ადამიანი ბრუტალური ძალადობისგან დაცული იყოს, ხოლო ძალადობის ჩამდენის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას როგორც ლოკალურად, ასევე საერთაშორისო სასამართლოს მიერ. ომის დაწყებით ისედაც სრულდება ცივილიზაცია, მაგრამ შეუიარაღებელ ადამიანზე (თუნდაც კომბატანტზე), ქალზე, ბავშვზე, მოხუცზე სექსუალური ძალადობით ცივილიცაზია მეორედ სრულდება და ამჯერად – საბოლოოდ.

 

მოძალადის სასქესო ორგანოს ერექციისთვის სულაც არაა აუცილებელი მას პოტენციური მსხვერპლის მიმართ  სექსუალური ვნება ჰქონდეს, რადგანაც, მარტივად რომ ვთქვათ, აღგზნებას იწვევს “ველური ადრენალინისა” და ტესტოსტერონის ერთობლივი მოქმედება, გნებავთ, დესტრუქციული ლიბიდო და არა ქალის ქვედაკაბის სიგრძე, დეკოლტეს სიღრმე ანდა მამაკაცის წარბების სიწვრილე და ფემინური ხმა. სექსუალური მოძალადის  ფსიქოტიპი თავისი სექსუალური აგრესიის პროეცირების ობიექტის ძიებისას ესწრაფვის არა სექსუალურ თავგადსავალს, ემოციურ სპექტრს, არამედ  უკონტროლო ინსტიქტის დაკმაყოფილების საშუალებას. აღგზნება იწვევს ერექციას და არა “ვიზავის” სქესი, მომხიბლელობა. როგორც ტერმინ “გაუპატიურების კულტურის” ავტორი ამერიკელი ფემინისტი ჟურნალისტი სიუზან ბრაუნმილერი ამბობს: “გაუპატიურება არის არა ვნების დანაშაული, არამედ ძალადობისა და  ძალაუფლების”.  იგი თავის წიგნში  “ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ:  ქალები, კაცები და გაუპატიურება” (1957) გაუპატიურებას აღწერს, როგორც დაშინების საშუალებას, რომლითაც ადამიანები ქალებს შიშის ქვეშ ამყოფებენ”. და არა მარტო ქალებს.  თუმცა, ცხადია, ერთი შეხედვით უსაფრთხო გარემო (შეყვარებულთან, ქმართან ყოფნა) სულაც არ ნიშნავს მაქსიმალურ დაცულობას. როგორც წესი, სტატისტიკურადაც სექსუალურ ძალადობას ქალების უმრავლესობაზე არა მისთვის უცხო თავდამსხმელი ახორციელებს, არამედ ძალიან კარგად ნაცნობი მამაკაცი. დაოჯახების მიზნით მოტაცება  კი სხვა არაფერია, თუ არა გაუპატიურება, ოღონდ “კანონიერი”, რადგანაც ამ შემთხვევაში სიტყვა “ქორწინება” სხვა არაფერია, თუ არა ევფიმიზმი. თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში გოგონას თვითმკვლელობა სწორედ არასასურველი ნაადრევი ქორწინების თავიდან ასაცილებლად მოხდა.  და “თვითმკვლელობაც” ამ კონკრეტულ შემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსის–თვითმკვლელობამდე მიყვანით უნდა კვალიფიცირდეს, რადგანაც სახეზეა მკვლელობა… გოგონამ თავის მომავალ “კანონიერ გაუპატიურებას” კონტრაქციით – საკუთარი სიკვდილით უპასუხა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბავშვისთვის ყველაზე დიდი საფრთხის წარმომადგენელები, მისი კეთილისმსურველები, მისი სისხლი და ხორცი – მშობლები აღმოჩნდნენ.

***

 “გაუპატიურების კულტურისთვისაა” დამახასიათებელი ქალის  სხეულის მყისიერი ობიექტივაცია, მანიპულაცია, და არა – მამაკაცისა. ქალის სხეული უფრო “მოსახერხებელია”, “ადვილი სამართავია”, მაგალითად, სექსუალური ძალადობის დროს ვიდრე – მამაკაცის. ქალს “ეპატიება”, რადგან ის სუსტია, მას უძალოდ და “მაცდუნებლად” ყოფნა “ევალება”; აი, მამაკაცი, უფრო სწორად, ნამდვილი მამაკაცი – ფიზიკური ძალის სიმბოლოა, იგი თავად შეიძლება გახდეს ჰეტერომოძალადე, მაგრამ – არავითარ შემთხვევაში –  მსხვერპლი. რადგანაც “ველური ვნებების” მატარებლის “ლეგიტიმური” უფლება მხოლოდ იმას აქვს, ვისაც იერარქიული დომინანტის უფლება საუკუნეების განმავლობაში ცივილიზაციამ, კულტურამ თუ რელიგიამ მიანიჭა. როგორც აზიურ პორნოფილმებშია: ქალის სხეული ლუპის ქვეშ დაიმზირება, მამაკაცის სასქესო ორგანოებსა და სახეს კი – ლაქა ადევს.  რადგანაც როლები აქ მკაცრად დელეგირებულია. ქალი უნდა “გაიშიფროს”, მამაკაცი კი “გენერალიზირებულ” არქეტიპულ “ბუნებრივ ძალად” წარდგეს, რომელსაც უფლება აქვს ინკოგნიტოდ დარჩეს. ქალი დაკვირვების ობიექტია, მამაკაცი კი – ქმედების ინიციატორი სუბიექტი, წარმმართველი ძალა და დამკვირვებელი. შესაბამისად, მამაკაცის გაუპატიურება კულტურულად უფრო მიუღებელია, მეტიც – შეუძლებელია, ვიდრე – მდედრობითი სქესის მატარებლისა. ის, რაც მითოსურად შეუძლებელია, არც არსებობს. ქალის გაუპატიურება ლეგიტიმურია და გარყვნილების ტერიტორიის მიღმაა, აი, ორ ზრდასრულ მამაკაცს შორის სასიყვარულო ურთიერთობა – სოდომიაა. ლესბოსელთა რომანტიკა საზოგადოების მხრიდან მაინც არ აღიქმება ისე ხისტად, როგორც – მამაკაცებისა. რადგანაც “ტკბობის კრიტერიუმებს” მამაკაცის თვალი აწესებს. ორი თუ მეტი ლამაზი –არაბანჯგვლიანი არსების სექსი უფრო “პოლიტკორექტულია” ვუაერისტი მამაკაცის თვალისთვის, კაცების კი ჰეტერონორმატიული ზნეობის შემბღალავია, შესაბამისად – აპოკალიფსური.

საზოგადოებაში წახალისებულია მამაკაცის აგრესიულობა და ქალთა მიმართ ძალადობა. ქმრის მიერ ცოლის, მამაკაცის მიერ მეძავის, ომში დამარცხებული ძალის ჯარისკაცის დის გაუპატიურება მამაკაცის ლეგიტიმურ უფლებად ითვლება. ქალი პასუხისმგებელია მამაკაცის ქცევაზე, მისდამი ჩადენილ სექსუალურ ძალადობაზე, ქალმა უნდა იცოდეს როდის მოვიდეს სახლში და სად არ წავიდეს. “გაუპატიურების კულტურის” საზოგადოებაში მსხვერპლია დამნაშავე და სექსუალური ძალადობა მიჩუმათებულია, ქალს კი დამოუკიდებლად მოქმედებისა და გადაადგილების თავისუფლება ეზღუდება, იგი უძულებულია თავდაცვის ილეთები დაისწავლოს, რადგანაც მისი მიკუთვნებულობა მდედრობით სქესს იმთავითვე გულისხმობს იმას, რომ შესაძლებელია გაუპატიურების მსხვერპლი გახდეს.  “გაუპატიურების კულტურა” წარმოდგენათა კომპლექსია, რომლის,  ერთი შეხედვით, დაუკავშირებელი რგოლები, საბოლოოდ ერთ უწყვეტ ჯაჭვს ქმნის. მსახიობ ანტონიო ბანდერასის მარჯვენამ არ იცის რასა იქმს მისი მარცხენა. ჯონათან დემის ცნობილ ანტიჰომოფობიურ ფილმში “ფილადელფია” (1993) იგი შიდსით დაავადებული მამაკაცის შეყვარებულის როლს თამაშობს და რეალურ ცხოვრებაშიც, როგორც “ფაბლიქ პერსონა”, იგი ჰომოფობების საჯარო კრიტიკას არ ერიდება; წელს კანში მიმდინარე კინოფესტივალზე მან და მისმა არაერთმა კოლეგამ ხელში დაიჭირა პლაკატი წარწერით: “დააბრუნებთ ჩვენი გოგონები”, რითაც  “ბოკო ჰარამის” საწინააღმდეგოდ აგორებულ კამპანიას შეუერთდა, თუმცა ეს დაგვიანებულ და გლამურულ, უსუსურ აქცის უფრო ჰგავდა, ვიდრე პრობლემის მთელი მასშტაბით გააზრებას. “ალ–ქაიდას” თანამოაზრე დაჯგუფება, რომელიც თანამოქალაქეებს მუდმივ ტერორში ამყოფებს, ჰილარი კლინტონის ადამიანისტრაციამ ტერორისტულ ორგანიზაციად არ გამოაცხადა. ამჟამინდელმა სახელმწიფო მდივანმა კი, როგორც იქნა, მიაკუთვნა “ბოკო ჰარამს” ეს კატეგორია. დაკარგული გოგონების მოძიების საქმეში აშშ–ის ძალოვანებთან ერთად, საფრანგეთი,  ბრიტანეთი და ისრაელიც ჩაერთო. გასამხედროებული დაჯგუფებები, როგორც წესი, ულტრაფემინოფობიური იდეოლოგიით გამოირჩევიან და მათ წოდება “ტერორისტული” მხოლოდ იმიტომ კი არ უნდა მიენიჭოთ, რომ  2001 წლის 11 სექტემბერს აშშ–ის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ შეტევასთან აქვთ რაიმე კავშირი, არამედ იმიტომაც, რომ ქალებსა და ბავშვებზე მასობრივად ძალადობენ და ყველაზე აგრესიულ და ორგანიზებულ ფემიციდურ ძალას წარმოადგენენ.

საქართველოს ერთგვარი “ბოკო ჰარამი” გახლდათ “მხედრიონი”, რომლის შესახებ სამეგრელოში თარეშის დროიდან ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტების შესახებ არაერთი უკიდურესად შემაშფოთებელი სიგნალები მოდიოდა. ასევე მიჩუმათებულია სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ომის დროს სექსუალური ძალადობის შემთხვევები. თუნდაც ეს ინციდენტები ერთეული რაოდენობის ყოფილიყო კი არა, არამედ სულ ერთჯერადი.  … რადგანაც, როგორც სექსუალური ძალადობის საწინააღმდეგო სოციალურ ვიდეოკლიპშია, რომელშიც ამერიკის პრეზიდენტი, ვიცე–პრეზიდენტი და ჰოლივუდელი მამაკაცი მსახიობები მონაწილეობენ , “ერთიც კი ძალიან ბევრია”.

 

 

რაც შეეხება ბანდერასს, უფრო ქმედითი იქნებოდა მას ქალის სტერეოტიპული იმიჯების ტირაჟირებისგან თავი შეეკავებინა და არ მიეღო მონაწილეობა საღეჭ რეზინ “ორბიტის” რეკლამაში, რომელშიც ქალი ტკბილ ბუბლიკ–ფუნთუშებსაა შედარებული, სიტუაციის ბატონ–პატრონი ბანდერასი  კი აროგანტულ ტექსტს წარმოთვქვამს და აბეზარი, “ისტერიჩკა ქალისგან”, რომელიც ადრე დაშაქრულ ლამაზმანად ეჩვენებოდა,  იოლად თავისუფდება.

 

***

ერთხელ, აღდგომის დღესასწაულამდე ერთი – ორი დღით ადრე  მე და ჩემი თანაკლასელი გოგონა (მგონი, მაშინ მეექვსე–მეშვიდე კლასის მოსწავლეები ვიყავით), პიკის საათისას პატარა საკოლმეურნეო ბაზრის წინ მდებარე ძალიან ხმაურიანი მოედნის ტროტუარზე შევხვდით და იმისთვის, რომ ამ კაკაფოანიაში ერთმანეთის სიტყვები გაგვეგონა, საშუალოზე ოდნავ მაღალი ხმით მოგვიწია საუბარი. კარგად მახსოვს, ყველამ იცოდა, რომ იმ მოედნის მანქანების სადგომზე ხან სად, ხან სად თეთრ ჟიგულში მილიციის  თანამშრომლები დღე და ღამე ისხდნენ. ზოგი ამბობდა, ესენი მართლწესრიგს იცავენ ანუ სიტუაციას აკონტროლებენო, ზოგიც – ფულს იღებენ იმაში, რომ პერიფერიიდან ჩამოსულ, პროდუქტებით სავსე სატვირთო მანქანას პარკინგის უფლება მისცენო; ზოგის აზრით კი-ერთსაც და მეორესაც კარგად ახერხებენო. ჰოდა, თურმე ჩვენ უკან ვიღაცის ტროტუარზე “შემდგარი” მანქანიდან გვისიგნალებდა და ჩვენ, ბუნებრივია, ეს არ გვესმოდა. არადა მძღოლს, რომელიც ქუჩაში “ქართული მოძრაობის” წესისამებრ, ფეხით მოსიარულეთა ადგილს იკავებდა, უბრალოდ  მანქანიდან გადმოსვლა და გზის დათმობის თხოვნით ცივილიზირებულად მომართვა, რასაკვირველია, შეეძლო. ამ კაცს მხოლოდ მაშინ მივაქციეთ ყურადღება, როცა უცებ უკნიდან უშვერი ხმამაღალი გინება შემოგვესმა.  გავიხედეთ და დავინახეთ – მძღოლი (მანქანის საქარე მინიდან საჭის გვერდით სავარძელზე მჯდომი ქალიც შევნიშნეთ), მამისტოლა კაცი, რომელიც დაუნაწევრებელი ფრაზებით გვიყვიროდა, იფურთხებოდა, გვაგინებდა და ვერ ჩერდებოდა… მე და ჩემი მეგობარი მოულოდნელობისგან ისე გავშრით, ადგილიდან ვერ დავიძარით… მაგრამ უფრო მეტი შოკი მერე მივიღეთ… იმ მოდარაჯე მანქანიდან, რომელიც ამ სიტყვაბილწი ადამიანის ავტომობილის შორიახლოს, ოღონდ არა ტროტუარზე იდგა, გადმოხტდა სამი  ჩვენთვის უცნობი მილიციელი და  წამოძახილით “შენ ვის აგინებ, მოგკლავ, შენი ბოზ@ დედა მო@!!” კაცს მივარდნენ და უმაწყალოდ ცემა დაუწყეს… ეს ისე თვალის დახამხამებაში მოხდა, სამიზნეც გაშეშდა და მანქანაში ჩაჯდომაც ვერ მოიფიქრა.  ერთ წამში მთელი მოედანი დადუმდა, ყველა “ჩვენს სცენას” უყურებდა. არ მახსოვს, რამდენ ხანს გაგრძელდა ეს კოშმარი, რომლის განმავლობაში მხოლოდ ცოცხალ სხეულზე მუშტების მჭახე დარტყმისა და ლითონზე მიბრეხვებული მძიმე საგნის  ხმა ისმოდა. მე და ჩემი მეგობარი ამან კიდევ უფრო ღრმა სტუპორში ჩაგვაგდო, გვეგონა,  ჩვენი კიდურები ქუჩის ასფალტს ჩაეზარდა. სასჯელი დანაშაულის ადეკვატური არ იყო. ეს იყო ჰომოსაპიენსების გამხეცება, რომელიც ცხოვრებაში მანამდე არ გვინახავს.  არავინ მივიდა, არავინ გააშველა, არავინ დაუყვირა: შეეწყვიტათ ეს ლინჩის წესი!… მსხვერპლი კი ვერ ეწინააღმდეგებოდა. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს საჯაროდ ცემით სიკვდილით დასჯის რიტუალს ვესწრებოდი. ბოლოს ფიზიკური ძალისგან აღგზნებული და ცემისგან მადააშლილი, სრულიად კონტოლდაკარგული, ველურებს დამსგავსებული მილიციელები ისევ ჩვენმა განწირულმა ყვირილმა გამოაფხიზლა: “ბიძიებო, ნუ ურტყამთ! ბიძიებო, ბიძიებო, გემუდარებით!” მივმართავდით მე და თამრიკო… მანქანის საქარე მინიდან ჩანდა ის ქალი, რომელიც ასევე მონუსხული ადევნებდა თვალ–ყურს თავისი ოჯახის წევრის (ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე მეგონა. მამაკაცი კი “ლევი” ტაქსის მძღოლი აღმოჩნდა) ცემას. იგი მანქანიდან არ გადმოსულა. პოლიციელებმა ტანსაცმელი ჩამოიბერტყეს, რამდენჯერმე შეაგინეს, ჩვენთვის არც შეუხედავთ ისე ჩაგვიარეს. ხუთი წუთის მერე დასისხლიანებული კაცი, რომელიც ძლივს ამოძრავდა, წვალებით წამოდგა (ჩვენ მიახლოვების შეგვეშინდა), ცხვირიდან, პირიდან უწყვეტად მომდინარე სისხლი ხელით მოიწმინდა, ტანსაცმელი დაიბეტყა და ყოველგვარი გინების გარეშე მანქანაში ჩაჯდა, კარი გამოიჯახუნა, მანქანა დაქოქა. ჩვენ ადგილი დავუთმეთ…

მას მერე ბევრმა დრომ და ომმა ჩაიარა, მე და ჩემი მეგობარი კი ახლაც შეძრწმუნებით, ყველაზე ცუდი სიზმარივით ვიხსენებთ ჩვენი დამცველების  “გამოქომაგებას” (რომლებიც შეიძლება მარხვაზეც იყვნენ და წითელი პარასკევის აღსანიშნავად საჭირო პროდუქტებიც შეიძინეს) და იმ განცდასაც, რომელიც მაშინ დაგვეუფლა – რაოდენ შემზარავი ყოფილა ძალადობის დამთრგუნველი  ძალადობაც…