კახა გოშაძის ბლოგი

მონაცემთა დაცვა – ინდიფერენტული რეალობა

28.05.2014 | 2758 |
მონაცემთა დაცვა – ინდიფერენტული რეალობა

– ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი აქამდე არსებული ცნობიერება მონაცემთა გამოყენების მხრივ. მყარდება სამართლებრივი ურთიერთობების ახალი სტანდარტები და წესები; ვიდეოთვალთვალი, სმს რეკლამები და ბევრი სხვა საკითხი კანონით დადგენილ წესებს უნდა დაექვემდებაროს. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ჩვენ უნდა გავხდეთ ჩვენივე პერსონალური მონაცემების დამცველები,  ვიცოდეთ ვინ იყენებს ჩვენს მონაცემებს და რა მიზნით.

გამიკვირდა როდესაც გავიგე, რომ საზღვარგარეთ მოქალაქეები ამა თუ იმ დაწესებულებასთან საქმის დაჭერისას ითვალისწინებენ იმასაც, თუ როგორ იცავენ ეს დაწესებულებები მათ, ანუ მოქალაქეთა პერსონალურ მონაცემებს. ამ საკითხმა ჩემში დიდი დაინტერესება გამოიწვია  და ერთ–ერთ შეხვედრაზე მეგობარს გავუზიარე შთაბეჭდილებები, დავინტერესდი, ნეტავ ოდესმე თუ იქნება ჩვენთან ისე, რომ მაგალითად, კონკრეტულ ბანკთან მოქალაქეები საქმეს იჭერდნენ არა მხოლოდ იმიტომ რომ ამ ბანკს დაბალი საპროცენტო განაკვეთი აქვს, არამედ ასევე იმიტომ რომ ეს ბანკი საიმედოდ იცავს კლიენტების პერსონალურ ინფორმაციას. მეგობარმა არ დააყოვნა და საინტერესო რეპლიკა გააჟღერა: „მოიცა რა, ოღონდ ბანკმა სესხი მომცეს და…“ მისმა ნათქვამმა საგონებელში ჩამაგდო, რის შემდეგაც გამიჩნდა კითხვა: საერთოდ გვჭირდება თუ არა მსგავსი რეგულაციები? ან რომ არ დავიცვათ პერსონალური ინფორმაცია, ამით დაშავდება რაიმე?

 

როგორც იურისტს, კანონის მიღება და ზოგადად ამ სფეროს დარეგულირების მცდელობა ძალიან მახარებს, თუმცა ის წინაპირობა რაც საფუძვლად ჰქონდა კანონის მიღებას, არც თუ ისე სასიხარულოა. მისი მიღება განპირობებული იყო არა იმით, რომ ხელისუფლებას აღელვებდა მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების დაცვა, არამედ მთავარი მიზანი ევროპულ კანონმდებლობასთან და შესაბამისად ევროპასთან მეტად „დაახლოვება“ იყო. ამან კი შედეგად  გამოიწვია ის, რომ მივიღეთ ევროკავშირის ფარგლებში არსებული მონაცემთა დაცვის დირექტივის ქართული თარგმანი, რომელიც ჩვენს რეალობაზე არ იყო მორგებული, თუმცა შემდეგ კანონად იქცა. ქართული საზოგადოება რომ არ იყო მზად  ამ კანონით დადგენილი ნორმების შესრულებისთვის ისიც ცხადყოფდა, რომ მისი სრულად ამოქმედება ეტაპობრივად განისაზღვრა. ისე, ცნობისათვის, კანონი დღესაც სრულად არ არის ამოქმედებული კერძო სექტორის მიმართ.

 

მიუხედავად ამისა, აღებული კურსისკენ სვლა განვაგრძეთ და 2013 წელს მონაცემთა დაცვის ზედამხედველი ორგანოც შეიქმნა, ამავე წელს მოვახდინეთ ევროსაბჭოს 108–ე კონვენციის დამატებითი ოქმის რატიფიცირება, რომელიც ხელმომწერ სახელმწიფოებს ავალდებულებს შექმნან მონაცემთა დაცვის ზედამხედველი დამოუკიდებელი ორგანო.  ეს ყველაფერი კი კარგია, მაგრამ ჩვენი ხელისულების შეშფოთების საგანი მონაცემთა დაცვა რომ ყოფილიყო, კანონიც და ზედამხედველი ორგანოც 2005 წელს გვეყოლებოდა, მაშინ, როდესაც საქართველომ მოახდინა ევროსაბჭოს 108–ე კონვენციის (მონაცემთა ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ) რატიფიცირება, მაგრამ ეს კონვენცია არც კანონის შემუშავებასა და არც ზედამხედველი ორგანოს შექმნას არ ავალდებულებდა ხელმომწერ სახელმწიფოებს.

 

წინადადება, რომელსაც ძნელია მოუშალო კითხვის ნიშანი არის შემდეგი: როგორ დავაინტერესოთ საზოგადოება მათივე საკუთარი პერსონალური მონაცემების დაცვით? – ვისურვებდი, რომ ამ სფეროს პოპულარიზება ნეგატიური ფორმით, კერძოდ, კი კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობის გამო პირთა მიმართ ჯარიმების დაწესებისა და შემდეგ ამ ფაქტების ფართო გაშუქების შედეგად არ მოხდეს. მართლაც, იმ პირებს, რომლებიც იყენებენ ჩვენს მონაცემებს, კანონის მოთხოვნათა შესრულება და თამაშის ახალ წესებთან დამორჩილება მოუწევთ, მაგრამ კარგი იქნება თუ ამის განმაპირობებელი ფაქტორი არ იქნება მოსალოდნელი დაჯარიმების შიში.

 

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში ეს სფერო არ სარგებლობს დიდი პოპულარობით, იგი ღირსია ჩვენი ყურადღების, ვინაიდან აქ, ფართო გაგებით, საქმე ეხება ჩვენს უსაფრთხოებასა და დაცვას. გამოსავალი თავად საზოგადოებასა და მის აქტივობაშია. თუკი ამ ყველაფრით ჩვენ თავად არ დავინტერესდით, ჩვენ მაგიერ ჩვენზე ზრუნვას ცოტა თუ დაიწყებს.

კახა გოშაძე
კახა გოშაძე