გია მარიამიძის ბლოგი

გალურჯება ანუ დალურჯება

გალურჯება ანუ დალურჯება

დღემდე ყველა ხელისუფალი მისივე შეთხზული პოლიტიკური ლეგენდის შარავანდედში იყო გახვეული – გამსახურდია ქვეყნის საბჭოთა იმპერიის კლანჭებისგან გათავისუფლების მისიით მოვიდა. შევარდნაძემ სახელმწიფოს დამფუძნებლის მანტია მოირგო. სააკაშვილი კორუფციასთან მებრძოლი რაინდი და მოდერნიზატორი იყო. “ქართულმა ოცნებამ” ტრადიცია დაარღვია. მას ფასების დაკლების, პენსიების მომატების, რუსეთთან “დალაგებისა” და სხვა ბანალური დაპირებების გვერდით არანაირი მისია და ზეამოცანა არ ჰქონია. ერთადერთი მესიანისტური ინტონაცია ივანიშვილის მიერ ნათქვამ “გასაოცარ დემოკრატიაში” გაისმა და მალე ისიც ხუმრობის საგნად იქცა. წინამორბედების დაჭერით “აღდგენილი სამართლიანობა” კი არანაირი ზეამოცანა არ არის. იგივე ამოცანას თითქმის ყველა აფრიკული სახელმწიფოს მმართველი წარმატებით ახორციელებს. 

 

“ქართული ოცნების” წინამორბედებმა თვითნაკისრი მისია ნაწილობრივადაც კი ძლივს შეასრულეს. თუმცა თითოეულმა მათგანმა სხვადასხვა დოზით სახელმწიფოს შენებაში თავისი წვლილი მაინც შეიტანა. გამსახურდიას, შევარდნაძის და სააკაშვილის მმართველობებს ჩრდილოვანი მხარე საკმარისზე მეტი ჰქონდა (რაც ზოგჯერ ტრაგედიების მიზეზი იყო). თითოეული მათგანის მიერ დაშვებული შეცდომები ინდივიდუალური მიზეზებით და გარემოებებით იყო გამოწვეული. თუმცა სამივე მათგანი საერთო თვისებითაც ხასიათდებოდა – მათ საკუთარი მმართველობა მარადიული ეგონათ. შესაბამისად, მათი მოქმედების სტრატეგიებიც ხელისუფლებაში მუდმივად ყოფნის განცდით ყალიბდებოდა. პასუხისმგებლობის გრძნობის დაჩლუნგება, ძალაუფლების ერთ ხელში კონცენტრირება, მმართველობის ვერტიკალი და ხელისუფლების ყველა შტოს კონტროლი სწორედ ამ მავნე სტრატეგიების შედეგია. 

 

როდესაც  ხელისუფლებაში დარჩენას სიკვდილამდე თუ არა, ღრმად მოხუცებულობამდე მაინც აპირებ, საკუთარ ნამოქმედარზე პასუხისგების შიში გეკარგება. შიშთან ერთად სირცხვილის გრძნობაც ქრება, რადგან სხვა ადამიანებს შენს თანასწორ არსებებად ვეღარ აღიქვამ. ურთიერთპატივისცემა მხოლოდ თანასწორთა შორის არის შესაძლებელი. სამუდამო მმართველი მის მიერ მართულებს თანასწორად ვერ ჩათვლის. 

 

სააკაშვილის მიერ დაშვებული შეცდომების მთავარი მიზეზი შეუზღუდავ ძალაუფლებაში იყო. ძალაუფლების და გავლენის ამდაგვარად ჩამოყალიბება კი დროში (ორ საპრეზიდენტო ვადაში) შეუზღუდავობის განცდის შედეგია. დაშვებული შეცდომების გამო ქვეყნის მოდერნიზაციისა და თანამედროვე ერად ჩამოყალიბების პროცესი დიდი ხნით შეჩერდა. მოდერნულობამ, როგორც ასეთმა, დისკრედიტაცია განიცადა. დღესდღეობით კულტურული “ჰეგემონის” ადგილი ისევ მედროვე საბჭოთა ინტელიგენციას და ექსტრემისტ სამღვდელოებას უკავია. 

 

ივანიშვილი საჯაროდ გამოჩენის პირველი დღიდან აცხადებდა, რომ ხელისუფლებაში დიდი ხნით ყოფნის ინტერესი არ აქვს; რომ  პოლიტიკას ვერ იტანს და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ თანამდებობას დატოვებს. მან დანაპირები მართლაც შეასრულა და ხელისუფლება დატოვა. თუმცა ძალაუფლება მართლაც ხელიდან გაუშვა თუ არა და მის მიერ დანატოვარი მთავრობა მას რამდენად ემორჩილება, ეს საკითხი კამათს იწვევდა. დღეს დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ “ქართული ოცნებაც” ქართული პოლიტიკური ტრადიციის რადიაციით არის დასხივებული 

 

თბილისში მერის არჩევნების დღეს საარჩევნო ხსნარით “მარკირებულ” და “გალურჯებულ” ამომრჩეველზე დაწესებულმა ფასდაკლებამ აჩვენა, რომ წინა ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესები ახალი ხელისუფლების მიერ მართლაც “გათავისუფლდა”. ნეპოტიზმი და შინაურების დაწინაურება, პრეზიდენტსა და პრეიერს შორის მუდმივი კინკლაობა, თანამდებობის პირებზე გამოწერილი პრემიები, ქალბატონი ნორა ნარმანიას “დედობრივი მზრუნველობა” და მედეა ვასაძის სკანდალი და ათასი სხვა “წვრილმანი” აჩვენებს, რომ ამ ადამიანებს ხელისუფლბაში ყოფნა და კარგი ცხოვრება გაუტკბათ. ე.ი. ეცდებიან  ტკბილი ცხოვრება უსასრულოდ გაგრძელდეს. შესაბამისად, მმართველობის ვერტიკალის შექმნა, ძალაუფლების ერთ ხელში კონცენტრირება, გავლენების მონოპოლიზება და მასმედიაზე კონტროლის დაწესება გარდაუვალი იქნება. ისევ ჩამოყალიბდება  კლანები და პრივილეგირებული ჯგუფები სახელოვნებო სფეროში, შოუბიზნესში, ზოგადად კულტურაში. გაჩნდებიან კარის მწერლები, პოეტები, მომღერლები, “გამპრავებლები” და ა.შ.

 

დიდი ხნის განმავლობაში სახელისუფლებო სკამზე ჯდომის გამო ხერხემლის მალების დეფორმირებით ნატანჯი ჩინოვნიკების, მინისტრებისა და მათ გარშემო მოფუსფუსე პრივილეგირებული კლანების ტრადიცია გაგრძელდება.