წავიდოდა თუ არა ჰეგელი კაზანტიპზე

უკრაინაში ომი დასასრულისკენ მიდის. ბევრჯერ ითქვა, რომ ამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. მათ შორის  ჩვენი სახელმწიფოებრიობის ბედიც დიდწილად უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში გამართულ ბრძოლის ველზე წყდება.

უკრაინის მოვლენების მასშტაბი იმდენად დიდია, რომ იქ გასროლილი ზარბაზნების ექომ ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრების სივრცეებამდეც კი მოაღწია. კაზანტიპად წოდებული ფესტივალი რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმიდან ანაკლიაში გადმოსახლდა. ქართულ მიწაზე იხარებს თუ არა ეს ფესტივალი სულ მალე გამოჩნდება, მაგრამ ამ ჯერ-არჩატარებული ღონისძიებიდან მიღებული ხეირი უკვე სახეზეა – მან  საზოგადოებაში კამათი გამოიწვია. კამათი კი კარგი რამ არის. 

 

საზოგადოების ერთი ნაწილი ფესტივალის ჩატარებას ეწინააღმდეგება. მოტივი – კაზანტიპი გარყვნილებაა. საპატრიარქომ ამის თაობაზე განცხადებაც კი გამოაქვეყნა, სადაც ეს სიტყვები წერია: “საქართველოს მოქალაქეებს ხმა არ მიუციათ საქართველოს სახელმწიფოს “ამ მიმართულებით” განვითარებისათვის”. საპატრიარქო  ტრადიციულად მოსახლეობის უდიდესი ნაწილის აზრის გამომხატველი და ამავე დროს ამ საზოგადოებრივი აზრის შემქმნელია ხოლმე, ქვევრს რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებს პრინციპით. მაგრამ მას ამჯერად  ქვეყნის არაფორმალური უმრავლესობის აზრის ადვოკატობა ნაჩქარევად მოუვიდა. ითვლება, რომ ბევრი ადამიანისთვის პატრიარქის სიტყვა კანონზე მაღლა დგას, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ერმა მისი სულიერი მამის არა ერთ შეგონებას ყური არ დაუგდო. პატრიარქი მათგან ღამის 10 საათზე დაძინებას, დილას უთენია ადგომას, სახლში ხმადაბალ ლაპარაკს, გინებასა და დაგინებაზე უარის თქმას, 12 ხის დარგვას, ბევრი წიგნის წაკითხვას და ათასი სხვა აბსურდული დავალების შესრულებას ითხოვდა. მრევლმა კი უწმინდესის და უნეტარესის სიტყვები უბრალოდ დაიკიდა. მრევლმა არ შეისმინა საზღვარგარეთ ახალგაზრდების სასწავლებლად გაგზავნაზე უარის თქმის მოწოდებაც, რადგან ის აბსურდულთან ერთად მავნებლურიც იყო. ამ ურჩობის მიზეზი ის იყო, რომ პატრიარქის მოწოდებები რიგითი ადამიანების ინტერესებში არ შედიოდა ან უბრალოდ მათი შესრულება არაკომფორტული იყო. 

 

მრევლის მხრიდან მსგავსი სელექციური მიდგომა მხოლოდ პატრიარქის მოწოდებებზე არ ვრცელდება. იგივე დამოკიდებულება რელიგიურ დოგმებს და  მცნებებსაც ეხება. ერთი მხრივ, ითვლება, რომ ბიბლიის ყოველი სიტყვა ჭეშმარიტებაა, ამ ტექსტის მრავალმხრივი ინტერპრეტაცია არ შეიძლება, ბიბლიაში აღწერილი ამბები პირდაპირ უნდა გავიგოთ და მათი იგავური აღქმა ცოდვაა. მაგრამ პრაქტიკაში დოგმების და მცნებების მიმართ დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, შერჩევითია და მათი შესრულება სხვადასხვა ჯგუფებს იერარქიულ კიბეზე დაკავებული ადგილის მიხედვით  მოეთხოვებათ. მაგალითად, მცნება – არ იმრუშო კაცზე და ქალზე თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ეს მცნება ქალებისთვის მართლაც  მცნებაა კაცებისთვის კი გზაჯვარედინზე მდგარი შუქნიშანი, სადაც წითელზე უნდა გაიარო. კაცისთვის “ნაშებში გულაობა” სიამაყის და თვითდამკვიდრების მიზეზია. შესაბამისად, კაზანტიპზე ქართველი ქალის წასვლა ღმერთის წინააღმდეგ წასვლას უდრის, კაცისთვის – მოსულა. 

 

საპატრიარქოს  საკუთარ ძალაზე და რეიტინგზე გადაჭარბებული წარმოდგენები აქვს. მას ჰგონია, რომ მოსახლეობის ის 96% მართლაც მისი მორჩილი ფარაა. საპატრიარქოს ანტიკაზანტიპური განცხადება სინამდვილეში ქართული ტრადიციების წინააღმდეგ წასვლაა. ის “37 მანეთიანი მოსკოვის თვითმფრინავის” წმინდა ტრადიციას დაუპირისპირდა. 

 

ხუმრობა იქით იყოს და ერთ საკითხში მართლაც უნდა გავერკვეთ. კერძოდ, იმაში თუ რა არის ქართული ყოფის, კულტურის, ფასეულობათა სისტემის მაკონსტიტუირებელი (განმსაზღვრელი, ჩამომყალიბებელი, შინაარსის დამდგენი) ინსტანცია? რელიგიაა თუ სხვა რამ? ჩემი აზრით, ჩვენი საზოგადოების ეთიკური ფასეულობების განმსაზღვრელი სუბსტანცია იმანენტურია და არა ტრანსცენდენტური. ანუ  ჩვენს ქცევას ჩვენი შინაგანი განცდები, მიდრეკილებები და ინტერესები განსაზღვრავს. რელიგია კი მხოლოდ ამ იმანენციების ლეგიტიმაციის საშუალებაა. ანუ თუ შენი ინტერესი რელიგიურ დოგმას ეწინააღმდეგება მას უბრალოდ არ შეამჩნევ, გაატარებ და სურვილს მაინც განახორციელებ. თუ ინტერესსა და დოგმას შორის თანხვედრაა ხელში დიდ ტრანსპორანტს იღებ ზედ ბიბლიიდან შესაფერის ფრაზას აწერ და  ხმამაღლა ყვირი, რომ ვინც ბიბლიის ერთ სიტყვასაც კი უარყოფს, შენი პირადი მტერია. 

 

ჩვენი საზოგადოების ერთ ნაწილს (უმრავლესობის შიგნით არსებულ აგრესიულ უმცირესობას) ადამიანზე (უფრო სწორად ქართველ ადამიანზე) სპეციფიკური წარმოდგენები აქვთ. თუ ისინი ნამდვილად ფანატიკოსები არიან და არ თაღლითობენ მათი ცხოვრებაზე წარმოდგენები აბსურდულია. ისინი ადამიანში ადამიანურ ბუნებას ეწინააღმდეგებიან. სიამოვნების განცდა მათთვის კრიმინალი და ბოროტებაა. არადა, მუდმივად შიდა და გარე მტერთან ბრძოლით თვითონვე დიდ სიამოვნებას იღებენ. ისინი პირველყოფილი რელიგიური წარმოდგენებით ხელმძღვანელობენ, ყველგან ეშმაკები, ჭინკები და მაჯლაჯუნები ელანდებათ. მათი აზრით, რაც კი ამ სამყაროში ხდება მისტიკური ძალებით არის განპირობებული.  მიწისძვრას გაბრაზებული ღმერთი იწვევს, უკრაინას ყირიმი კი ასევე განრისხებულმა ღმერთმა წაართვა სიბრაზის მიზეზი კი იქ ჩატარებული კაზანტიპი იყო. შესაბამისად, თუ ეს ფესტივალი აქ გადმოიტანეს ანაკლიასაც დავკარგავთ. 

 

ქვეყნის განვითარებისთვის საპირისპირო აზრის მქონე საზოგადოებრივი ჯგუფების არებობა, თეზა და ანტითეზა, მხარეთა ურთიერთგანპირობებულობა გარდაუვალი აუცილებლობაა. ზემოთ ნახსენები ჯგუფი ამ დიალექტიკის ერთი მხარეა. საბედნიეროდ, თეზას ანტითეზა უპირისპირდება და ეს ანტითეზა არა იმდენად სხვა, საპირისპირო ჯგუფი და ძალა, არამედ  თვითონ ცხოვრებაა. რეალური ცხოვრება. ის, რომ ანაკლიის მოსახლეობას ზღაპრული და მისტიკური კი არა რეალური საბანკო კრედიტები აქვთ გასასტუმრებელი და მათი ბედი ამ კაზანტიპის ჩატარება არ ჩატარებაზეა დამოკიდებული. მოლაყბე პოლიტიკოსებისგან  განსხვავებით მათ საარსებო სახსების გამომუშავება უწევთ. დიალექტიკურია ისიც, რომ სიცოცხლის უარმყოფელ ნეკროფილურ კულტურას ადამიანის ბუნება, სიცოცხლის სიყვარული, ცხოვრების უწყვეტ შემოქმედებით პროცესად ქცევის სურვილი უპირისპირდება.  

 

წლების განმავლობაში ეკლესია საზოგადო სივრცეში სულ უფრო მეტ და მეტ ადგილს იკავებდა. რაოდენობითი ზრდის შესაძლებლობა ამოიწურა, ქვეყანაში მათგან თავისუფალი ადგილი არ დარჩა. ხარისხობრივი ზრდა  კი ეკლესიას არ აწყობს. ეკლესიის დღევანდელი მდგომარეობა შავი ხვრელების წარმოშობის პროცესს ჰგავს – როდესაც ვარსკვლავი  საკუთარი მასით გამოწვეული გრავიტაციის გამო უსასრულოდ იკუმშება და ირგვლივ ყველაფერს ანადგურებს. ამის ერთ-ერთი მაგალითი ბერი გაბრიელის საფლავთან 2 სურვილის  ჩასანთქმელად შეკრებილი უამრავი ხალხი იყო. ადამიანებში მაგიური ცნობიერების გაღვიძებას ასეთი შედეგები მოსდევს. ხალხის მოტყუება და მათი მანიპულირება უსასრულოდ ვერ გაგრძელდება და შესაბამისად, დიალექტიკის კანონების ზეგავლენით ეკლესიას ოკუპირებული სივრცის გათავისუფლება  მოუწევს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
გია მარიამიძე