29210

ორი კვირა აივ ინფიცირებულის დიაგნოზის დადგენიდან

იმ დღეს, როცა გავიგე, რომ აივ ინფიცირებული ვარ, მთელი ღამე ვერ დავიძინე. ოჯახში,  რა თქმა უნდა, შენიშნეს ჩემი უხასიათობა. ჩამაცივდნენ. ყველაფერი სამსახურში მიღებულ სტრესს დავაბრალე.

ინფექიციურ საავადმყოფოში დანიშნულზე ადრე მივედი, მინდოდა, რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო ყველა პროცედურა და გამეგო ჩემი საბოლოო, ზუსტი მდგომარეობა. ყველაზე მეტად ლოდინი მიღებს ბოლოს, როცა არ ვიცი რას უნდა შევეგუო.

შიდსის ცენტრის მიმღებ განყოფილებაში მივედი. იქ, რა თქმა უნდა, ისევ დამაწყნარეს, მითხრეს, რომ ჯანსაღი ძილი და ცხოვრების ჯანსაღი წესი მნიშვნელოვანია, სტრესი და დეპრესია მდგომარეობას მხოლოდ გამირთულებს. წინა დღის მგავსად, გამაცნეს ძალიან კარგი ადამიანი, რომელმაც იმ დღეს რამდენიმე საათი დამითმო, მესაუბრა დაავადებაზე, მის მკურნალობაზე, სტრესის დაძლევაზე, ყველაფერზე, გამყვა მკურნალ ექიმთან, რომელმაც მომცა ჩასატარებელი გამოკვლევების ნუსხა და გამიშვა ლაბორატორიაში.

შიდსის ცენტრში წლების განმავლობაში საკონსულტაციო ცენტრი ფუნქციონირებდა, სადაც ადამიანებს დიაგნოზის დასმის პირველ დღეებში სტრესის დაძლევაში ეხმარებოდნენ. როგორც მითხრეს, ამ ცენტრს თვეების წინ დაფინანსება შეუწყდა, იქ მომუშავე რამდენიმე ადამიანი კი დღემდე საკუთარი კეთილი ნებით სტრესის დაძლევაში ეხმარება ჩემნაირებს – ადამიანებს, რომლებსაც ორგანიზმში აივ ინფექციის არსებობა დაუდგინდათ.

-განსაცდელში ადამიანებს ვერ დავტოვებთ, მერე რა რომ დაფინასება არ გვაქვს – ეს იყო პასუხი ჩემს კითხვაზე, დაფინანსების გარეშე როგორ ახერხებენ მუშაობას.

ჩემს ახალ ნაცნობთან გატარებულმა რამდენიმე საათმა მიშველა. მითხრა, რომ შემიძლია ნებისმიერ დროს შევეხმიანო და ვესაუბრო. სახლში კიდევ უფრო დაწყნარებული წამოვედი. პასუხებზე რამდენიმე დღეში დამიბარეს.

აივ ინფიცირებულის დაავადების ხარისხს განსაზვრავს ორგანიზმის იმუნური სისტემის მდგომარეობა. ორგანიზმში შეჭრილი ვირუსი დროთა განმავლობაში სისხლში ანადგურებს  CD4+ ლიმფოციტებს, უჯრედებს რომელთა რაოდენობა არაინფიცირებული, ჯანმრთელი ადამიანის სისხლში არის 500-დან 1200 უჯრედი/მმ3. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ეს მონაცემი 350-ზე ნაკლებია, იწყება ანტირეტროვირუსული მკურნალობა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება.   სისხლში CD4+ ლიმფოციტების კლება კი იმუნიტეტის კლებას ნიშნავს. ადამიანს რაც უფრო მალე აღმოუჩენენ აივ ინფექციას, მით უფრო ეფექტურია მკურნალობა და სიცოცხლის ხანგრძლივობა.

შიდსის ცენტრის ვბგვერდზე მითითითებულია დაავადების სტადიები, საიდანაც ჩემით დავასკვენი, რომ თუ  CD4+ ლიმფოციტების რაოდენობა 200-ზე ნაკლებია, ეს კატასტროფას ნიშნავს. გარდა ამისა, წავიკითხე ძალიან ბევრი ინგლისურენოვანი ვებგვერდი, სადაც სწორედ დაავადების სტადიებია აღწერილი. მოგვიანებით, მკურნალ ექიმთან საუბრით მივხვდი, რომ ჩემი არასამედიცინო განათლებით არაფერიც არ უნდა დავასკვნა :).

სანამ ანალიზის პასუხებს გავიგებდი, ორი კვირის განმავლობაში ერთადერთი რამ მაწუხებდა: ორგანიზმში არ აღმოჩენილიყო იმ ათეულობით დაავადებიდან რომელიმე, რომლებზეც გამოკვლევები ჩამიტარდა.

ამ ორი კვირის განმავლობაში ასე თუ ისე შევეგუე იმას, რომ მე აივ ინფიცირებული ვარ,  თან თავს ვიიმედებდი, რომ სიტუაცია საგანგაშო არ იქნებოდა და იმუნიტეტი 200-ზე მაღალი მექნებოდა.

HIV
HIV

CD4+ ლიმფოციტების რაოდენობა 174 – რამდენიმე წამში ჩამოიშალა ყველა ის იმედი, რაც ამ ორი კვირის განმავლობაში თვითგანათლებით ჩავისახე. თურმე სულაც არ არის აუცილებელი ყველაფერი წაიკითხო, ინფორმირებულობა საკუთარი ავადმყოფობის შესახებ კარგია, მაგრამ მთავარი მაინც ექიმი, მისი რეკომენდაციები და სამედიცინო გამოკვლევის პასუხებია. ჩემს მკურნალ ექიმს ნახევარ საათზე მეტი დასჭირდა ჩემთვის ხელმეორედ იმის ასახსნელად, რომ ეს სულაც არ არის კატასტროფული პასუხი. მითხრა, რომ ადამიანთა ნაწილს დიაგნოზს უსვამენ მაშინ, როცა იმუნიტეტი 50-ზე ნაკლებია, მკურნალობის შედეგად კი მათი იმუნიტეტი ჯანმრთელი ადამიანისას უტოლდება.  კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ 1-2 თვეში ჩემი იმუნიტეტი აღდგება და ცხოვრება ისევ ისე, ჩვეულებრივ უნდა განვაგრძო. გარდა ამისა, დამინიშნა მკურნალობა – დღეში 2 აბი სიცოცხლის ბოლომდე. რამდენჯერ დამჭირდა ამ დღეების განმავლობაში დამშვიდება, სათვალავი ამერია.

-აი ახლა ამოგიბეჭდავ შენი ანალიზის პასუხებს და ნახავ, რომ ორგანიზმი კარგ მდგომარეობაში გაქვს. შენ რომ ზოგადი გამოკვლევები ჩაგეტარებინა რომელიმე სხვა კლინიკაში, გეტყოდნენ, რომ სრულიად ჯანმრთელი ხარ – მითხრა მკურნალმა ექიმმა. ის დაახლოებით ათი წუთი კითხულობდა ჩემი გამოკვლევების პასუხებს.

მე კითხვები არ მელევა, მაინტერესებს, არის თუ არა შანსი, რომ ვირუსი მკურნლობას არ დაექვემდებაროს და მდგომარეობა გამირთულდეს, ან როდის დამიდგება ყველაზე კრიტიკული მომენტი, როცა არანაირი შანსი არ მექნება :).

-მსოფლიოში 40 მილიონ ადამიანზე ეფექტურად მომქედებს ეს წამლები და რაღა მაინცდამაინც შენზე არ იმოქმედებს? 1 თვეში ხელმეორედ გაიკეთებ ანალიზს და ნახავ, რომ იმუნიტეტი იმატებს, – მითხრა ექიმმა. ალბათ, რამდენი დაპანიკებული და სტრესში მყოფი ადამიანის დაწყნარება უხდება, ამასაც გამძლეობა უნდა. უკვე მერამდენედ დაკარგული იმედი კვლავ დამიბრუნდა.

სახლში მისულმა სარკეში საკუთარი თავის თვალიერება დავიწყე. აშკარად კარგად გამოვიყურები, ავადმყოფის არაფერი მეტყობა, თავს ჯანმრთელად ვგრძნობ, ასე მგონია, ზედმეტად ჯანმრთელადაც კი. მეღიმება ამ დამოკიდებულებაზე, მაგრამ მაინც. სულ სხვაგვარად წარმომედგინა აივ ინფიცირებული და არა ისეთად, როგორიც სარკიდან მიყურებდა – ძველებურად ჯანმრთელი გამომეტყველებით :). აივ ინფექციასთან და შიდსთან დაკავშირებული სტერეოტიპებისგან საკუთარი თავი აქამდე თავისუფალი მეგონა.

ახლა ეს სტერეოტიპები ნაწილ-ნაწილ იმსხვრევა ჩემს თვალწინ, მაშინ, როცა სარკეში ვიხედები,  როცა ქუჩაში დავდივარ და არ ვიღლები, როცა სამსახურში მივდივარ და ჩვეულებრივად შრომისუნარიანი ვარ, მაშინ, როცა ვსაუზმობ, ვსადილობ, ან ვვახშმობ. ერთი სიტყვით, არაფერს განსაკუთრებულს და უჩვეულოს ფიზიკურად არ ვგრძობ. აქამდე მიჩვეული ვიყავი, რომ თუ რამე მჭირდა, ფიზიკურად მაწუხებდა, 1-2 კვირა ვიმკურნალებდი და მორჩა. აივ ინფექცია კი სისხლში წლების განმავლობაში თითქოს უწყინარადაა, ფიზიკურად მის არსებობას ვერ იგრძნობ. თუ არ იმკურნალებ და ექიმის რეკომენდაციებს არ შეასულებ(რომელიც არც თუ ისე რთულია), 7-8, ან 10 წლის შემდეგ ვითარდება დაავადების ბოლო სტადია შიდსი  და ადამიანის ორგანიზმში ათასი ავადმყოფობა იჩენს თავს. სამწუხაროდ, ბევრს ალბათ დღემდე ჰგონია, რომ აივ ინფიცირება ავტომატურად შიდსით დაავადებას ნიშნავს. მართალია, დღემდე ვიცოდი, რომ ეს ასე არ იყო, მაგრამ მკაფიო, ზუსტი განსხვავების დანახვა მიჭირდა. როცა რაღაც პირადად შენ, ან შენს ახლობელს ეხება, ალბათ უფრო ადვილია რაღაცაში გარკვევა, უფრო მეტ დეტალს იგებ, იძიებ და ხვდები, რომ სინამდვილეში, საზოგადოებაში არსებული წარმოდგენები ამ საკითხზე არც თუ ისე სწორია, რომ სინამვილეში, ეს ცრუ წარმოდგენები უფრო გრთგუნავს, ვიდრე რეალურად არსებული მდგომარეობა.

ჩემს გარშემო არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ დიაბეტი, არტერიული წნევის მუდმივი პრობლემა, თირკმლის ფუნქციის მოშლა და ა.შ. მათ ყოველდღიურად უწევთ ათასნაირი მედიკამენტის მიღება, საკვების კონტროლი, სამ დღეში ერთხელ დიალიზზე საავადმყოფოში მისვლა და მიუხედავად ამისა, მათ მდგომარეობა ხანდახან ძალიან უარესდება. მე, აივ ინფიცირებულს კი, დღეში მხოლოდ ორი აბის მიღება მიწევს, არანაირ განსაკუთრებულ რეჟიმს არ ვიცავ, სამსახურში ჩვეულებრივ დავდივარ და არანაირი დისკომფორტი არ მაქვს, უბრალოდ, სამ თვეშ ერთხელ უნდა ავიღო ანალიზები და ვაკონტროლო ვირუსი, ეს არის და ეს. მიუხედავად ამისა, საზოგადოების საშუალო სტატისტიკურ წარმომადგენელს რომ უთხრა, აივ ინფიცირებული ხარ, იმ წამსვე ნახავ მის დაზაფრულ, შეშინებულ და მომაკვდავისთვის განკუთვნილ თანაგრძნობით სავსე გამომეტყველებას, დაახლოებით ისეთს, როგორიც ალბათ დიაგნოზის დასმის პირველ დღეებში მე მქონდა. არადა, ყოველდღიურად არაერთ ადამიანს უსვამენ ისეთი რთული დაავადების დიაგნოზს, რომლის მკურნალობასაც ათეულ ათასობის ლარი სჭირდება, რომელიც იწვევს შრომისუნარიანობის მოსპობას, ხანდახან ამ დაავადების მკურნალობის გზებიც არ იციან და უფრო უარესიც: სიტუაციიდან გამოსავალი არ არის. მოკლედ, ესეც მორიგი არგუმენტი საკუთარი თავისა და სხვების გასამხნევებლად :).  

HIV
HIV

ანალიზის პასუხების მიხედვით, ექიმმა ორგანიზმში ვირუსის შეჭრის სავარაუდო დროც მითხრა და ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა, თუმცა, ამაზე მოგვიანებით.

პ.ს. ჩემი ამბის მოყოლას შემდეგ პოსტებში აქტიურად გავაგრძელებ. ამ პოსტების მიზანია, ერთის მხრივ, დავეხმარო საკუთარ თავს სტრესის დაძლევაში და მეორეს მხრივ, ოდნავ მაინც ამაღლდეს ცნობიერება ადამიანებში აივ ინფექციაზე, ნაკლები ინერვიულონ იმაზე, რაც სანერვიულო არაა და იცხოვრონ ჯანსაღად. შემდეგ პოსტებში მოვყვები, როგორ ვებრძვი სტრესს, როგორ ვმკურნალობ და საერთოდ, რა პრობლემების გადალახვა მიწევს ცხოვრების საკმაოდ ადრეულ ეტაპზე.

წინა პოსტის ნახვა შეგიძლიათ აქ: პირველი შოკი – მე აივ ინფიცირებული ვარ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ანონიმი ავტორი