აივ დადებითი, 25 წლის

როგორ და ვისთან ერთად ვებრძვი აივ ინფექციით გამოწვეულ სტრესს

20.08.2014 | 3869 |
როგორ და ვისთან ერთად ვებრძვი აივ ინფექციით გამოწვეულ სტრესს

ვფქირობ, კონკრეტულად აივ ინფექცია არაფერ შუაშია. ალბათ, ასევე ვიქნებოდი იმ შემთხვევაში, თუ ექიმები დამიდგენდნენ სხვა დაავადების დიაგნოზს, რომელსაც თუ არ გავუფრთხილდებოდი და არ ვიმკურნალებდი, ჩემს სიცოცხლეს შეუქმნიდა საფრთხეს.

მეგობარმა მკითხა, გშველის თუ არა ამ პოსტების წერაო. დაუფიქრებლად ვუპასუხე, რომ კი, მშველის. ამ ჩანაწერებს ვაკეთებ მაშინ, როცა ყველაზე კარგ ხასიათზე ვარ, როცა მომავლის იმედი და საბრძოლო განწყობა მაქვს. დეპრესიული შემოტევებისას კი ჩემს პოსტებს ვკითხულობ. ალბათ, ჩემი ბლოგის ყველაზე ერთგული მკითხველი ვარ. ვცდილობ, შავ-ბნელი აზრები ასე გავიფანტო. ყველაზე მეტად დილის საათებში მიჭირს. ეტყობა, ფსიქიკა ჯერ ბოლომდე ვერ შეეგუა ახალ რეალობას. ახალგაღვიძებულს რატომღაც მგონია, რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო. მერე გამოფხიზლებასთან ერთად იწყება რეალობის გაცნობიერება და ხელახლა შეგუება. ამ დროს შევდივარ ინტერნეტში და პოზიტიურ განწყობაზე დაწერილ ჩემს პოსტებს ვკითხულობ. ასე ვებრძვი საკუთარ დეპრესიულ მეორე მეს :).

 

დიაგნოზის დასმიდან პირველ დღეებში სტრესის დაძლევაში შიდსის ცენტრის თანამშრომლები დამეხმარნენ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. აუცლიებლად გჭირდება ადამიანი, რომელიც ხშირად არის შენთან, რომელსაც ხშირად გაუზიარებ შენს პრობლემას თუნდაც ონლაინ და უბრალოდ, არ შეიშლები. თავიდან მირჩიეს, რომ დიაგნოზი მეგობრებისა და ოჯახისთვის გამხელა, არსებული სტიგმისა და სტერეოტიპების გათვალისწინებით, შესაძლოა, არ ყოფილიყო კარგი იდეა. მხოლოდ ორი დღე გავძელი. მივხვდი, რომ თუ ვინმეს არ დაველაპარაკებოდი, ძალიან ცუდ შედეგამდე მივიდოდი. თავიდან ორ მეგობარს ვუთხარი, მერე კიდევ ორს. გამიმართლა, რომ კარგი მეგობრები მყავს: არც თავზე დამფოფინებენ და არ მეპყრობიან როგორც მომაკვდავს, მექცევიან ისე, როგორც აქამდე მექცეოდნენ, რაციონალური არგუმენტებით მარწმუნებენ, რომ ჩემს თავს არც მთლად ისეთი საშინელება ხდება, როგორადაც წარმოვიდგენ ხოლმე. მარწმუნებენ, რომ ისევ ისეთი ჯანმრთელი ვარ, როგორიც ბოლო 4.5 წლის განმავლობაში ვიყავი – როგორც აღმოჩნდა, სწორედ ამდენი ხანია, რაც ვირუსის მატარებელი ვარ. არადა, ეჭვი ერთხელაც არ გამჩენია, არც ერთხელ! არაფერი მიგრძვნია, რაც მიმანიშნებდა იმას, რომ აივ ინფიცირებული ვარ.

საერთოდ, ასეთ სტრესულ სიტუაციაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ახლობელი ადამიანები როგორ მოგექცევიან. ამ დროს ყველაზე საშინელება ალბათ სიბრალულისა და შეცოდების გამოხატვაა. საბედნიეროდ, ეს ჩემს მეგობრებს არ გაუკეთებიათ. თუ თქვენ გაიგეთ, რომ თქვენს მეგობარს, ახლობელს აღმოაჩნდა ეს, ან მსგავსი ავადმყოფობა, მასზე მეტად არ უნდა დაითრგუნოთ და დასაწყნარებელი თავად არ გახდეთ. თუ გინდათ, რომ ახლობელს დაეხმაროთ, აჩვენეთ მას, რომ მის გვერდით დგახართ მყარი ფსიქიკით და როგორც მინიმუმ, შეგიძლიათ მისი დარდი ხანდახან გაიზიაროთ.

ოჯახშიც სწორედ ამ მიზეზით არ ვთქვი. ჯერ საკუთარი თავის გამხნევება მიჭირს და ამის შემდეგ მომიწევდა ოჯახის წევრებისთვის იმის ახსნა, თუ რა არის აივ ინფექცია, შემდეგ იმაში დარწმუნება, რომ არ ვკვდები და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს წესი უნივერსალური არაა და ვიღაცას შესაძლოა, ყავდეს ისეთი ოჯახის წევრი, რომელიც გაუგებს და გვერდში დაუდგება, თუმცა, ეს ალბათ, ინდივიდუალური გადასაწყვეტია.

პირველ რიგში, აივ ინფიცირებულის დიაგნოზის შესახებ აუცილებლად უნდა უთხრათ ცოლს, ქმარს, პარტნიორს – ადამიანს, ვისთანაც ერთად ცხოვრობთ და გაქვთ სექსუალური ცხოვრება, ან აპირებთ. დაუშვებელია ვინმეს მოტყუება, ან რისკის ქვეშ დაყენება, ამას არავინ არ იმსახურებს.

რაც შეეხება ჩემს მკურნალობას, წამლებზე არანაირი უკურეაქცია არ მქონია, რის შესახებაც ექიმმა გამაფრთხილა. ჩვეულებრივ ვცხოვრობ. ერთადერთი, რაც მადარდებს, არის ახალი ანალიზი, რომელიც რამდენიმე კვირაში უნდა გავიკეთო და ვნახო, როგორ ებრძვის წამალი აივ ინფექციას.

ჩემს მეგობარს ვუთხარი, რომ 20 წლის შემდეგ თამამად მოვაწყობ დიდ პრესკონფერენციას, სადაც ყველას გასაგონად ვიტყვი, რომ მე უკვე 20 წელია ვიცი ჩემს ორგანიზმში აივ ინფექციის არსებობის შესახებ, რომ ამ ვირუსმა ვერაფერი დამაკლო და ვცხოვრობ ჯანმრთელად და ბედნიერად. შემდეგ, ვიმსჯელეთ, დავასკვენით, რომ 20 წელი ძალიან შორსაა. დიდი ალბათობით, 20 წელიწადში აივ ინფექცია შესაძლოა, სულაც არ იყოს განუკურნებელი და ამ დროისთვის კაცობრიობას მოფიქრებული ჰქონდეს ამ ვირუსისგან სრულად განკურნების საშუალებები. ჰოდა, შევთანხმდით, რომ აივ ინფექციასთან წარმატებულ ბრძოლას 10 წლის შემდეგ, 2024 წელს აღვნიშნავთ. იმედი მაქვს, 2024 წლისთვის საზოგადოების ცნობიერებაც უფრო ამაღლებული იქნება და მკურნალობის მეთოდებიც დღევანდელზე ეფექტური. მთავარია, მანამდე ავტო, ავია, ან სარკინიგზო კატასტროფამ, ომმა, ებოლამ, ყირიმ-კონგოს ვირუსმა, სტიქიურმა უბედურებამ, შემთხვევით ჩამოვარდნილმა აგურმა, ან ძარცვის მიზნით რომელიმე კრიმინალმა არ გვიმსხვერპლოს :).

პ.ს. ჩემი ამბის მოყოლას შემდეგ პოსტებში აქტიურად გავაგრძელებ. ამ პოსტების მიზანია, ერთის მხრივ, დავეხმარო საკუთარ თავს სტრესის დაძლევაში და მეორეს მხრივ, ოდნავ მაინც ამაღლდეს ცნობიერება ადამიანებში აივ ინფექციაზე, ნაკლები ინერვიულონ იმაზე, რაც სანერვიულო არაა და იცხოვრონ ჯანსაღად. შემდეგ პოსტებში მოვყვები, როგორ ვებრძვი სტრესს, როგორ ვმკურნალობ და საერთოდ, რა პრობლემების გადალახვა მიწევს ცხოვრების საკმაოდ ადრეულ ეტაპზე.

წინა პოსტების ნახვა შეგიძლიათ აქ:

ორი კვირა აივ ინფიცირებულის დიაგნოზის დადგენიდან

პირველი შოკი – მე აივ ინფიცირებული ვარ