არაფერი პირადი, მხოლოდ ბიზნესი

“რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რელიგია ცალკე საგნად უნდა ისწავლებოდეს”, – ეს ინფორმაცია ამა წლის 12 სექტემბერს გავრცელდა

ასეთი სახელმწიფო უწყების არსებობის შესახებ, ალბათ, ბევრმა პირველად გაიგო (მეც პირველად გავიგე). ერთი ქართული ფილმის გმირისა არ იყოს, გინდება იკითხო – ეს ორი სათაური რა საჭიროა? რელიგიური საკითხების განმკარგავი უწყება საქართველოში ხომ ისედაც არსებობს? ეს უწყება საპატრიარქოა. პარალელური სტრუქტურის შექმნა და ჩვენი გაჭირვებული ბიუჯეტიდან დამატებით ფულის ხარჯვა ისევე უმართებულოა, როგორც გაეროს სამიტზე ორი სახელმწფო დელეგაციის გაგზავნა. 

 

ამას წინათ, “ნეტგაზეთში” საპატრიარქოს კუთვნილი ბიზნესების სია გამოქვეყნდა. სია გრძელია და ირკვევა, რომ საპატრიარქო, ივერიის გაბრწყინებაზე დღე და ღამ ზრუნის პარალელურად, მიწიერი საკითხებითაც ენერგიულად არის დაკავებული. ერთი სიტყვით, დიდ ფულებს ატრიალებს. თუ ამ გავლენიანი ინსტიტუციის ეკონომიკური ტერმინოლოგიით აღწრას გავბედავთ, ხელში უზარმაზარი მონოპოლიური ბიზნეს-კორპორაცია შეგვრჩება. თანაც უნიკალური ბიზნეს სქემით – ის დიდ მოგებას ნახულობს, მაგრამ ბიუჯეტში არანაირ გადასახადს არ იხდის. უფრო მეტიც, ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მილიონობით შემოსავალს იღებს. ასეთი უცნაური ბიზნეს სქემა ზემოგების მიღების გარანტიაა.

 

საპატრიარქოს სახელმწიფოს მხრიდან მუდმივ მფლობელობაში გადაეცემა მიწები, ტყეები, შენობები,  უძრავ-მოძრავი ქონება. მათ მფლობელობაშია –  მაღაზიების ქსელი, სადაც მათივე ნაწარმოები კვების პროდუქტები იყიდება. ეს საქმოსნები თანამედროვე მარკეტოლოგიის ანა-ბანას მშვენივრად დაეუფლნენ. მათ მიერ ნაწარმოები კვების პროდუქტები უბრალო საჭმელი არ არის. ის ნატურალური, სუფთა, წმინდა და ნაკურთხია. საპატრიარქოს საკვები უცხოურ, არაჯანსაღ, არანატურალურ და, შეიძლება ითქვას, მასონურ საკვებ პროდუქტებს ებრძვის. მართალია, ზოგჯერ შემოწმების შემდეგ ირკვევა ხოლმე, რომ მათ მიერ გაყიდვაში გამოტანილი რძის პროდუქტები ქართული ჯიშის წმინდა ძროხის კი არა რძის ფხვნილისგან არის დამზადებული. სამაგიეროდ, ბოთლში ჩამოსხმული სასმელი წყალი “სნო” აბსოლუტურად ნაღდი H2O-ა (რომელიც თურმე კაზანტიპის გარყვნილობის ფესტივალზე ჩამოსული სტუმრების წყურვილის მოკვლას ცდილობდა და თანაც ექსკლუზიურად). 

 

კაპიტალიზმის ერთ-ერთი მთავარი თვისება მუდმივი ზრდა და ახალი ბაზრების მოპოვებაა. მუდმივი დინამიკა კაპიტალისტური წარმოების ბუნებაა. საპატრიარქოც ამ კანონზომიერებას ექვემდებარება და ბიზნესს მუდმივად აფართოვებს. მათ მიერ  წლების წინ  შოკოლადის მწაროებელი ქარხნის “მზიურის” ხელში ჩაგდების, დაბეგვრის გარეშე საიმპორტო საქონლის შემოტანის ამბები უკვე წარსულია.

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ოფიცალურად შესვლა კი საპატრიარქოს მომავალი გახლავთ. სკოლებში რელიგიის გაკვეთილების შემოღება ახალი ბაზრის მოპოვება და ბიზნესის გაფართოებაა.

 

თავისთავად ბავშვებისთვის სკოლებში რელიგიის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში ცუდი არაფერია. გააჩნია ვინ, როგორ და რას ასწავლის. არავის აწყენს იმის ცოდნა, ესა თუ ის რელიგია სად და როგორ წარმოიშვა, რა ისტორიული გზა განვლო, რას ქადაგებს, რა ზნეობრივ პრინციპებზე დგას და რა ამოცანები აქვს. ეს ყველაფერი მასწავლებელმა მიკერძოების და შეფასებითი მსჯელობების გარეშე ბავშვებს კეთილსინდისიერად უნდა აუხსნას. მასწავლებელმა კლასში მისიონერული საქმიანობა არ უნდა გააჩაღოს და ბავშვები რელიგიური პროპაგანდის მსხვერპლად არ უნდა აქციოს. ქადაგებანი და ერთადერთ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე საუბარი მასწავლებლის საქმე არ არის. 

 

მაგრამ საუბედუროდ ყველაფერი პირიქით მოხდება. არათუ მოხდება, დიდი ხანია ხდება კიდეც. უბრალოდ ამ  გაკვეთილების შემოღების შემდეგ ეს საქმე კონვეირულ მასშტაბებს შეიძენს. მასწავლებლები გაკვეთილის დაწყების წინ კლასს ლოცვებს წააკითხებს. შესვენებებზე სამლოცველო ოთახებში სანთლებს დაანთებინებენ. მთელ კლასს რეგულარლად ეკლესიაში ატარებს და სკოლაში მოსწავლეთა დასამოძღვრად მამაოს მოიწვევენ. მოზარდების ტვინების გამორეცხვის  კონვეირი შეუჩერებლად დღე და ღამ ორ ცვლაში იმუშავებს. ბავშვებს ყოველწუთიერად შეახსენებენ, რომ მართლმადიდებლობა ერთადერთი სწორი რელიგიაა. ყველა სხვა კონფენსია მწვალობლობა და ერესია. სამოთხეში მხოლოდ მართლმადიდებლები ხვდებიან და პლანეტის მცხოვრებ დანარჩენ ხუთი მილიარდ რვაას მილიონ ადამიანს ჯოჯოხეთი ელის. მათ მიერ ჩადენილი სიკეთე სათვალავში არ ითვლება. 

 

და სწოირედ აქ იწყება დიდი ბიზნესი. კონკორდატის თანახმად, სკოლებში რელიგიის მასწავლებელთა დანიშვნაში საპატრიარქო გადამწყვეტ როლს ასრულებს. სასულიერო პირთა ნებართვის გარეშე მასწავლებლად ვერავინ დაინიშნება. სამი ათასამდე  სკოლაში შინაურების დასაქმება სარფიანი საქმეა. ერთი სიტყვით,  საპატრიარქოს მიერ სერტიფიციებული სასულიერო პირთა ბიძაშვილ-მამიდაშვილ-დეიდაშვილ-სიძე-სიმამრ-მეზობელ-ძმაკაცები და ზოგადად “სულ ჩემები და სულ კარგები” უმუშევრები არ დარჩებიან.

 

საჯარო სკოლებში მართლმადიდებლებთან ერთად სხვა კონფენსიების ბავშვებიც სწავლობენ. სერტიფიცირებული მართლმადიდებელი მასწავლებლების ქადაგებებით გულგახეთქილი არამართლმადიდებლურ ოჯახში დაბადებული ბავშვი შინ შოკირებული და სტრესულ მდგომარეობაში დაბრუნდება. შეშინებული მშობლებს ჰკითხავს, თუ რატომ მოხვდებიან  თვითონ, მისი და და ძმა ჯოჯოხეთში? ამისთანა რა დააშავეს? მშობლები ბავშვს, ალბათ, როგორმე დააწყნარებენ, მაგრამ მეორე დღეს ისევ სკოლაში წასვლა და იმავეს მოსმენა მოუწევს. თავს უმრავლესობისგან გარიყულად იგრძნობს და მასწავლებლის მიერ დაპირებულ იმქვეყნიურ ჯოჯოხეთამდე ამ ქვეყანაშივე  სკოლა და კლასი ნამდვილ  ჯოჯოხეთად ექცევა. ხშირი სტრესი ბავშვს ნერვულ აშლილობამდე მიიყვანს და ბიზნესსქემაც ჩაირთო – ქალბატონი თეა  გოგოტიშვილის ხელმძღვანელობით საპარიარქოსთან არსებული ფსიქოლოგთა ჯგუფი ბავშვს ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევს. მანამდე კი ტომოგრაფის მეშვებით თავის ტვინს შეუმოწმებს. ტომოგრაფის მეშვეობით თურმე ირკვევა, აქვს თუ არა ბავშვს ასოციალური ქცევისკენ მიდრეკილება (ასეთ ფსევდომეცნიერულ  კვლევას  საპტრიარქო მართლაც ეწეოდა). ამ ორომტრიალში და ნერვიულობაში ბავშვის მშობლებს ალბათ  დეპრესია დაემართებათ და აფთიაქში დამაწყნარებელი და ანტიდეპრესანტი საშუალებების ყიდვა მოუწვთ (რეცეპტით, რა თქმა უნდა). ასეთი რამ ერთ და ორ ოჯახს არ დაემართება. შესაბამისად, ფარმაცევტული მონოპოლიური კომპანიები გამდიდრდებიან. მდიდარი ბიზნესენების მხრიდან ეკლესიის ლოიალობის მოპოვების მიზნით სასულიერო პირებისადმი უხვი შესაწირები იშვიათობა არ არის. ესეც საპატრიარქოს ხეირი.

 

მთელი კლასით ეკლესიაში ექსკურსაზე წაყვანის დროს შიგადაშიგ არამართლმადიდებელ ბავშვებს, ალბათ, მონათლავენ კიდეც (ასეთი, მშობლების დაუკითხავად ბავშვის მონათვლის ფაქტები მართლა მომხდარა), შესაბამისად, მრევლი გაიზრდება და ეკლესია გაძლიერდება. ესეც დამატებითი ხეირი. 

 

რელიგიის (ანუ მართლმადიდებლობის) სკოლაში სწავლებიდან ცოტა ხნის შემდეგ მოსწავლეებში  ცნობიერების გაორება გარანტირებული გვაქვს. ბავშვები ერთ გაკვეთილზე მოისმენენ, რომ სამყარო რვა ათასი წლისაა და ის ღმერთმა შვიდ დღეში შექმნა. მომდევნო  გაკვეთილზე კი ბავშვებს სრულიად საპირისპირო ინფორმაცია მიეწოდებათ, მაგალითად, ის, რომ საქართველოში აღმოჩენილი უძველესი ადამიანების – ზეზვას და მზიას თავის ქალები ორი მილიონი წლისაა. მეორე დღეს მოისმენენ, რომ იაპონია დაისაჯა ცოდვების გამო, ღმერთმა მათ მიწისძვრა და ცუნამი მოუწყო. ათობით ათასი ადამიანი დასაჯა და მოკლა. შემდეგ გაკვეთილზე გეოგრაფიის მასწავლებელი ბავშვებს დედამიწის აგებულების და გეოფიზიკური პროცესების შესახებ მოუთხრობს, სადაც ირკვევა, რომ მიწისძვრების მიზეზები მეცნიერებას ბოლომდე აქვს შესწავლილი, რომ დედამიწა ცოცხალი პლანეტაა, მიწისძვრა ობიექტური მოვლენა და მისტიკა აქ არაფერ შუაშია. 

 

სამწუხაროდ, რელიგიის გაკვეთილებზე მასწავლებლები ბავშვებს არამეცნიერული აზრების გარდა ფაშიზმის “ლიკბეზსაც” ჩაუტარებენ. კოლექტიური პასუხისმგებლობა, ცოდვების მემკვიდრეობით გადაცემა, ადამიანების პირველ და მეორეხარისხოვან ჯგუფებად დაყოფა, უთანასწორობის სიკეთედ წარმოჩენა, თანასწორობის იდეის დაგმობა, სეგრეგაციის და ყველა სახის დისკრიმინაციის ქადაგება, შეთქმულებების თეორიებით, ეშმაკისეული ჩიპებით და მხეცის ნიშნებით დაშინება – ეს და სხვა ხერხები დღევანდელი საეკლესიო იერარქების არსენალში უხვად მოიპოვება. 

 

ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის მიღებით ბავშვებს ცნობიერების გაორება დაემართებათ (ისევე როგორც თითქმის მთელ ქვეყანას დამართეს უკვე). მისტიციზმები, ცრურწმენები და შეთქმულების თეორიები, რა თქმა უნდა, რაციონალურ აზრსა და ლოგიკაზე აუცილებლად გაიმარჯვებს. გაიმარჯვებს იმიტომ, რომ პრიმიტიულია და ადამიანის ინსტიქტებზე ოპერირებს. ბავშვის ცნობიერება ამ შემოტევას ვერ გაუძლებს. ის თითო-ოროლა მასწავლებელი, რომელიც ბავშვებში შემოქმედებითი პოტენციალის გამოღვიძებას,  სამყაროს შესწავლის და მისი უკეთესობისკენ შეცვლის, არსებული წესების წინაშე ამბოხის და დაუმორჩილებელი სულების აღზრდას ეცდება სისტემა შეაჩვენებს, გარიყავს. ტვინების გამორეცხვის და ადამიანთა სტანდარტიზირების კონვეირი მომავალს არა ერთ თაობას წაართმევს. ამ თაობებიდან  სისტემას გადარჩენილი ცალკეული დაუმორჩილებელი ინდივიდები საერთო მასაში ჩაიკარგებიან. შვებას ან სრულ ესკაპიზმში ან ნიჰილიზმში ნახავენ, ანაც თავს ამ ქვეყნიდან ემიგრაციით უშველიან. 

 

თაობების დაღუპვის კონვეირი დღესაც მუშაობს სატელევიზიო პროპაგანდის, მამაოების ქადაგებების და მოძღვრების ინსტიტუტის სახით. ზოგადად, ქვეყანაში არსებული კლიმატი დიდი ხანია ასეთია. თუ რელიგიის საკითხთა სამსახურის ეს წამოწყება განხორციელდა, ამას სკოლაც დაემატება  და ეს ყველაფერი ერთი დიდი ბიზნეს გეგმაა, რომელიც სასულიერო თუ საერო ელიტის ინტერესებს ემსახურება. სინამდვილეში ნამდვილი ასკეტიზმი და თუნდაც ფანატიზმი იშვიათობაა. არაფერი პირადი, მხოლოდ ბიზნესი. 

 

P.S. ამ ტექსტის წერისას არც ერთი სასულიერო პირი არ დაზარალებულა. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
გია მარიამიძე