დათა ჯორჯაძის ბლოგი

უგზოუკვლო საზოგადოება

03.10.2014 | 1753 |
უგზოუკვლო საზოგადოება

„ნეტარ არს იგი, ვინც იქ სუნთქავს, ვარდისფერ შუქში.“

ფრიდრიხ შილერი

სათქმელი და მოსაყოლი ბევრი დამიგროვდა, არადა, ბოლოს ვთქვი, რომ აღარაფერს დავწერ, ან თუ დავწერ, საჯაროდ აღარ გამოვფენ მეთქი. თვეების უკან ვიღაცის ბლოგს ვკითხულობდი და აბაზანაში ფიქრისას დავასკვენი, რომ იდიოტობაა ამ ბლოგის წერაც და როგორც ოდესღაც ძველმა მეგობარმა მითხრა: „…შეეშვი რა, შეჩემა, ამ შენი გრძნობების ხალხისთვის გამოტანას, აქ მაინც არაფერი იცვლება!…“

ხოდა, მე ვერ შევეშვი, და საერთოდაც მივხვდი, ბევრი არც არაფერი იცვლება ჩვენში (ეს სამწუხაროდ). შვებულებიდან დაბრუნებულს მილიონი საქმე მეყარა სამსახურში. ეგეთ დროს ყველაზე მეტად ვიწყებ ფიქრს წარსულზე და იმ ხალხზე, ვისაც აღარასდროს ვნახავ, ან შემთხვევით თუ სადმე შევხვდები, მაგრამ ისინი ვეღარ მიცნობენ. „ფეისბუქზე“ შევედი, გავიხსენე ჩემი კლასელის სახელი და მის მეგობრებში მოვძებნე დანარჩენები. ოთხმოცდაათიანელები ვართ და ის ძია ოთარჩიკა  „მამაჩვენია“. თითქმის ყველა დაოჯახებულა, ბავშვებიც ჰყავთ და ღვინოსაც აყენებენ. მაგრამ მატება და ზრდა, სულაც არაა ერთი და იგივე. კლასელი ბიჭების ნახევარი კრიმინალურ ავტორიტეტობაზე ოცნებობდა. რამდენჯერ უკითხავთ ჩემთვის: „კაი ბიჭებს პატივს ცემ?“ და ჩემი დაზუთხული პასუხი: „რითაც შემიძლია…“

სახელს შევუცვლი იმ კლასელს და რეზოს დავარქმევ. შევედი რეზოს ფეისბუქის გვერდზე და პირველი სტატუსი, რაც დამხვდა, ეს იყო: „chemi deda vatire ubanshi jdomit movkvdebi magram ar gavdzagldebiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiii“ – სტატუსს უწონებდნენ ჩემი დანარჩენი კლასელები. ხო, აი, აქ გულში გამჩხვლიტა და გამახსენდა როგორი კეთილი ბიჭი იყო რეზო, რამდენჯერ მომხმარებია გულწრფელად და შეშინებულიც რამდენჯერ დამიმშვიდებია. მაგრამ გარეთ სხვანაირი უნდა ყოფილიყო, მაგარი ბიჭი, ძველი ბიჭი. აჩვილებული არავის უნდა ენახა და არც მე უნდა წამომცდენოდა ეს ამბავი სადმე. რეზოს მამა კიდევ მკვდარი იყო, თემური ძია აფხაზეთში მოკლეს. საფლავი არ ჰქონდა. ჩვენი კლასელი გოგოები კი სხვა უბნელებმა მოიტაცეს, მერე ზოგს ქმრები შეუყვარდათ კიდეც, ზოგის ფოტოც რომ ვნახე, მივხვდი, მარტოები ზრდიან შვილებს. მერე ქართველი ფემინისტები გამახსენდნენ და იქაც გული დამწყდა. შვებულებაში სანამ გავიდოდი ერთ ძველ კლასელს შევხვდი, სკოლაში ვმეგობრობდით, სახელს მასაც შევუცვლი და სალომეს დავარქმევ. სალომე მეათე კლასიდან მოიტაცეს. ახლა ორი შვილი ჰყავს, მითხრა დავიღალე, მინდა მუშაობა დავიწყო და გავიდე სახლიდან, მაგრამ ახლა არც ცოდნა მაქვს – როგორც ოთხმოცდაათიანებში გატაცებული გოგოების უმრავლესობას, არც მას მისცა ქმარმა უნივერსიტეტში სწავლის უფლება – და არც ოჯახი მაძლევს ნებასო. (ამ წამს გადავიკითხე ეს ნაწერი და თავი აკას რომანში მგონია, მაგრამ როგორ დააჯერებ ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლთ, რომ ასეთი ისტორიებით არის სავსე ჩვენი თაობა და დღეს ყველანი თბილისში ვცხოვრობთ?…)

„ამ ქვეყანაააას ძმაო, ა-რა-ფე-რი არ ეშველება.“ – ბათუმში მივდიოდი ავტოსტოპით, გზაში ხუთი მანქანა გამოვიცვალე, სამმა ასეთი პასუხი მტკიცა საერთოდ სხვადასხვა თემებზე საუბრისას. დედა რომ სამზარეულოში ხახვს ჭრის და მორიგ უბედურებას ისმენს ტელევიზორით, ისიც გამომძახებს ხოლმე: „არა რა, შვილო, როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე?…“ მერე უმუშევარი მამაჩემი გააბოლებს თავის „პირველს“ და თურქული სერიალის საყურებლად ტახტზე გვერდს იცვლის. მაგან ჯერ კიდევ ოთხმოცდაათიანებში დაასკვნა, რომ აქაურობას არაფერი ეშველება. ხოდა, აქ სულ ის რომანი მახსენდება, „ლეოპარდი“, ყველაზე საუცხოო ქართული ენით რომ თარგმნა ნოდარ ლადარიამ:

„…სიცილიელები არასოდეს მოინდომებენ, უკეთესნი იყვნენ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ თავი სრულყოფილებად მიაჩნიათ. მათი ამპარტავნება მათ სიღატაკეზე ძლიერია…“ – ვკითხულობდი ამ რომანს და თავი სიცილიელი მეგონა, ან მაგას რა მნიშვნელობა აქვს, სიამაყით დაბრმავებულნი, ალბათ, ყველა ქვეყანაში ცხოვრობენ, მაგრამ ჩვენთან ეს სიბრმავე, ეროვნული სენია. უცხოელებსაც იმიტომ ვერ ვიტანთ, რომ ისინი გარედან გვხედავენ, ჩვენ კი დღემდე მახინჯი სარკის ანარეკლით ვიწონებთ თავს. ამ სარკეში არც ქართული ფაშიზმი ჩანს და არც ის ადამიანური პრობლემები, ასე მრავლად რომ დაგროვებია ჩემს თაობას. ორჰან ფამუქი მისი რომანების წაუკითხავად, მხოლოდ იმიტომ შეიძულა ჩვენი საზოგადოების რაღაც ნაწილმა, რომ იმ კაცმა დაწერა ქართველი ქალები თურქეთში ბოზობენ და მაგათი კაცები ნახევარ ფასად მუშაობენო. განა ან ერთი და ან მეორე არ ვიცით? მაგრამ არა, სხვამ დაინახა ეს და ამიტომ არის ის საზიზღარი და ქართველთ მოძულე. გვინდა, რომ მარტოები ვცხოვრობდეთ, არ გვინდა სახლების გაქირავება ფერადკანიანებზე, არ გვინდა, რომ თბილისში სწავლობდნენ ინდოელები, მუშაობდნენ – ჩინელები, მეჩეთს აშენებდეს მუსლიმი, თუნდაც ის ქართველი იყოს. ჩვენ გვინდა ფაშიზმი! დღეს ჩვენთვის პირველქმნილი ჭეშმარიტი გრძნობა – სიძულვილია, სიყვარული კი – პათოლოგიური მდგომარეობა. ვხვდები, რომ ვერ ვამთავრებ ამ ბლოგის წერას და ვწყვეტ. აქ ალბათ მეტს აღარც არასდროს დავწერ.