გია მარიამიძის ბლოგი

მობრძანდით, დაბრძანდით, მიირთვით

მობრძანდით, დაბრძანდით, მიირთვით

ამ ბოლო დროს ქალებზე ძალადობის კრიმინალურ შემთხვევებს მასმედია მეტ ყურადღებას უთმობს. მსგავსი ძალადობრივი შემთხვევები ადრეც ხდებოდა თუმცა როგორც  საკითხით დაინტერესებული ხალხი ამბობს წელს ქმრების, საქმროების თუ ყოფილი ქმრების მიერ ქალების მკვლელობების ფაქტებმა იმატა. ბოლო დღეებში ტელევიზიით ქვეყნის ერთ რეგიონში მომხდარი ე. წ. ‘’ღირსების მკვლელობის’’ ფაქტების შესახებ რეპორტაჟებიც გავიდა. ‘’ღირსების მკვლელობა’’ აზიის ქვეყნებში გავრცელებული მოვლენაა. როდესაც ქალს  ოჯახის ღირსების შეურაცყოფის გამო  ნათესავები და ოჯახის წევრები თავის მოკვლას აიძულებენ ან კლავენ. ღირსების შელახვად კი ქმრის ღალატი ან ქორწინების გარეშე ურთიერთობა ითვლება.

ეჭვიანობის ნიადაგზე მკვლელობა ყველგან შეიძლება მოხდეს. აფექტის და აღელვების დროს ადამიანები დანაშაულს ყველგან სჩადიან. მაგრამ ‘’ღირსების მკვლელბა’’  საჯარო სანახაობაა . ამ ამბავს გარშემომყოფები ხედავენ და ხელს არ უშლიან. ეს ტრადიცია  ფაქტიურად მსხვერპლშეწირვა და რიტუალური მკვლელობაა. ადამიანის მოკვდინებით, თემის თვალში ოჯახს დაკარგული ღირსება უბრუნდება.

თუმცა ამ თემის მამაკაცებში ალბათ ცოტა არ იქნებიან ისეთები, რომლებიც ამ სასიკვდილოდ გამეტებულ ქალთან ჩუმად ოჯახის ‘’ღირსების შემლახავი’’ საქციელის ჩადენას ისურვებდა. ამგვარი ძალადობა  ტრადიციული კულტურებისთვის დამახასიათებელი უკიდურესი კოლექტივიზმის შედეგია.  ქალის მეორეხარისხოვან არსებად მიჩნევა  კი რელიგიური დოგმებიდან საზრდოობს და ლეგიტიმაციას იღებს. ასეთ საზოგადოებებში  ღირსების მატარებელი სუბიექტი პიროვნებაზე მეტად კოლექტივი-თემია.

სინამდვილეში ქალზე  ოჯახის  წევრების მიერ ჩადენილ დანაშაულს ღირსების გრძნობასთან საერთო არაფერი აქვს. საქმე ელემენტარულ ეგოიზმში და კარგად ცხოვრების სურვილშია. თუ კაცი თავის მოღალატე ცოლს არ მოკლავს თემის სხვა წევრები მას სუსტ ადამიანად ჩათვლის. სუსტები კი  ტრადიციულ საზოგადოებებში იერარქიის დაბალ საფეხურზე დგანან და ძლიერებთან და ბრუტალურებთან თანაბარი უფლებებით არ სარგებლობენ. მარტივად რომ ვთქვათ მამაკაცს ეშინია  რომ უბნელები თუ თანასოფლელები ‘’დააჩმორებენ’’ და შესაძლო უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად ცოლი ყველას თვალწინ უნდა მოკლას. ხალხს დაანახოს რომ კაცური კაცია.

მსგავსი შემთხვევები მხოლოდ ამ აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონში არ ხდება. სხვა დროს არაერთხელ ქართველებით დასახლებულ რეგიონშიც მომხდარა. თუმცა ვერ ვიტყვით რომ კინოფილმ  ‘’ნატვრის ხის’’ ბოლო სცენა თანამედროვე საქართველოს რეალობაში ხშირად მეორდება. საინტერესო ის არის ამ ‘’ღირსების მკვლელობებს’’ რა ფსიქოლოგიური ეფექტი ექნება ქვეყანაში-ადამიანებს ეს ველურობა საკუთარ კულტურაში მომხდარ ქალებზე ძალადობის შემთხევევებზე დააფიქრებთ თუ პირიქით  მიბაძვა მოუნდებათ.

ქალთა თანასწორობის პრობლემა საქართველოში მართლაც არსებობს .  როგორც ბევრს ჰგონია ეს უცხოეთიდან ხელოვნურად შემოტანილი თემა არ არის. ქალის მამაკაცთან უთანასწორობა ძირითადად სამ სფეროში ვლინდება : საზოგადოებრივი, ყოფითი,პირადი და სექსუალობასთან დაკავშირებული საკითხები. საზოგადოებრივ სივრცეში საქმე შედარებით უკეთ არის. ქალებს თვითდამკვიდრების და ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობა მეტ-ნაკლებად აქვთ.  თუმცა პრობლემები აქაც არის. ყოფითი სფერო-ოჯახი, შინაურების წრე, თემი და ა.შ. თანასწორობის სივრცე ჯერ ვერ გახდა და ქალზე ძალადობა მეტ წილად აქ ხდება ხოლმე. ქალსა და კაცს შორის   უთანასწორობის საფუძველი ძირითადად სექსუალობასთან დაკავშირებული საკითხებიდან გამომდინარეობს და საზოგადოებრივ თუ ყოფით სფეროებში არსებულ უთანასწორობასაც დიდ წილად განაპირობებს.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით   პირველ რიგში ე.წ. ‘’ქალიშვილობის ინსტიტუტი’’ გახსენდება. რამოდენიმე წლის წინ ერთ-ერთ სოფელში ტრაგედია მოხდა. გოგონამ თავი მოიკლა მას შემდეგ რაც საქმრომ მის ქალწულობაში ეჭვი შეიტანა. შემდეგ ეს საქმრო ერთი ტელეშოუს სტუდიაშიც კი მოხვდა და საცოლის თვითმკვლელობის გამო წუხილს გამოთქვამდა. თუმცა იმერებდა რომ ქალიშვილბის შენახვა ქართული ტრადიციააო. რა საჭიროა ასეთი ტრადიცია თუ ის ასეთ ტრაგედიებს იწვევს?-ეს კითხვა მას არ გასჩენია

 

ქალწულობის აუცილებლად შენარჩუნების  წესი სიღრმისეული კულტურული ნორმაა. ქართული კულტურა ქალსა და კაცს სექსუალური ქცევის  განსხვავებულ ნორმებს უწესებს. ერთი და იგივე საქციელი ქალებს  გარყვნილებად კაცებს კი საამაყო საბაბად ეთვლებათ. ასეთი მიდგომა სექსის-როგორც ფენომენის  მიმართ დამოკიდებულებიდან გამომდინარეობს. ჩვენთან სექსი  სიამოვნების განცდის, საწინააღმდეგო სქესის მხრიდან ყურადღების დამსახურების და რაც მთავარია სიყვარულის გამოხატვის ყველაზე მკაფიო  საშუალება არ არის. ჩვენს კულტურაში სექსი პირველ რიგში ქალის სხეულის მოპოვება-დაუფლების, ქალის მონადირების და მასზე გამარჯვების აქტია. მომპოვებელი კი რა თქმა უნდა ყოველთვის ძლიერი მხარე (იულისხმება ფიზიკური ძალა) ანუ მამაკაცია. მამაკაცისთვის ქალის სხეულის დაუფლება სიამოვნების მიღების საშუალებასთან  ერთად ქალზე გამარჯვების, ქალის ერთგვარი  დამცირების  აქტიცაა. ქართული კულტურა  ქალწულობას ამხელა მნიშვნელობას სწორედ ამის გამო ანიჭებს – ქმარს არ ჭირდება სხვა მამაკაცის დამცირებული -‘’ნახმარი’’ ქალი, რადგან ასეთი ქალის ცოლად მოყვანით ის სხვა მამაკაცი მასზეც იმარჯვებს და მასაც ამცირებს. ეს არის ამ ‘’ინსტიტუტის’’ სიცოცხლისუნარიანობის მიზეზი.  თავის მხრივ ქორწინების მიზნით გოგონების მოტაცება კი ქალიშვილობის ინსტიტუტიდან’’ გამომდინარეობს.

საქართველოში ბავშვებს სიკვდილის შემდგომ არსებობაზე, სამოთხეზე და  ჯოჯოხეთზე საუბარი ხშირად ესმით. მაგრამ რა იყო მის დაბადებამდე და როგორ გაჩნდა არ ეუბნებიან. რცხვენიათ იმის თქმა,  რომ ის სიყვარულის და სქესობრივი აქტის ნაყოფია. ეს მაგალითი კარგად მეტყველებს სიცოცხლესთან ჩვენს დამოკიდებულებაზე.

ქალისთვის ქორწინებამდელი სექსი სახელის გატეხვას ნიშნავს. მამაკაცისთვის ეს პრობლემა არ არსებობს. ამ უთანასწორობის გამო სექსის მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება ყალიბდება: მამაკაცს  ქალის სხეულის მოპოვება უნდა და ამავე დროს წარმატების შემთხვევაში მას შეცდენილად და შერცხვენილად მიიჩნევს. ქალი მოხმარების საგნად და ნივთად აღიქმება. ქორეწინებამდელი სექსი კაცისთვის გამოცდილების დაგროვება ქალისთვის კი  უმანკოების დაკარგვაა. ამგვარ ატმოსფეროში ქალური სექსუალურობის გამოვლენა გარყვნილებასთან იგივდება.

ეკლესია ქალსაც და კაცსაც ჯვრისწერამდე სექსუალური ცხოვრებისგან თავის შეკავებას აიძულებს. მაგრამ  დაგროვილი  სექსუალური ენერგია არსად ქრება. ის ნეგატიურ და დამანგრეველ ენერგიად გადაიქცევა ხოლმე. როდესაც ადამიანი ინსტიტუციების გავლენით შინაგანი მოთხოვნილების საწინააღმდეგოდ სექსზე უარს ამბობს,  როგორც წესი თავისი თავით  არ შემოიფარგლება ხოლმე და რასაც თვითონ მოკლებულია მთელს კაცობრიობას უკრძალავს, რომ სხვების მიმართ შურმა არ დატანჯოს და ზოგადად  სექსის არსებობა არავინ და არაფერმა შეახსენოს. ეს   ნეგატიური ენერგია როგორც წესი პოლიტიკის სფეროშიც  სუბლიმირდება ხოლმე და ამომრჩეველი მხარს მორალისტ-პოპულისტ პოლიტიკოსებს უჭერს. მათთან ერთად ტელეეკრანზე, ქუჩაში და ზოგადად ქვეყანაში თამამი ქცევის ჩაცმულობის თუ გამონათქვამის აკრძალვას ითხოვს.

როგორც მეცნიერები ამტკიცებენ  ქვეყანაში სექსუალური თავისუფლებების დამკვიდრება  პოლიტიკურ თუ ეკონომიკური თავისუფლებებთან კავშირშია.  წარმატებული მდიდარი და კარგი სახელმწიფო ზოგადად თავისუფლების გარეშე არ არსებობს. რაც მთავარია  სექსუალური თავისფლება ერთგულებას ან (სურვილის შემთხვევაში ) ქალწულობის შენახვას არ გამორიხავს. პირიქით თავისუფლების პირობებში ეს ყველაფერი ნამდვილობას იძენს. უბრალოდ სქესთან  თუ სექსუალობასთან დაკავშირებული  საკითხები ადამიანების პირადი ცხოვრების და არჩევანის სფეროში გადაინაცვლებს.  ნაცნობ-უცნობთა თუ შინაურ-გარეულთა სხვის საქმეში ჩარევის გარეშე.

ზემოთ ნახსენები ველურობა ქალის მიმართ ასეთი ერთი შეხედვით უწყინარი დამოკიდებულებებით იწყება …