ჰიგიენა

“დიდი ხანია მინდა გავიგო, რა არის წმინდა”, – მღეროდა ჯგუფი 33-ა ბნელ და მშიერ 90-იანებში. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. მალე 2014 წელიც დამთავრდება, მაგრამ ჰიგიენის საკითხები ისევ გადაუჭრელია ქვეყანაში.

სუფთა და დაწკრიალებული ბინებისა და დაჭუჭყიანებული სადარბაზოების ამოცანაც ვერა და ვერ ამოიხსნა. ეს არქეტიპული სიუჟეტი უკვე ურბანულ ფოლკლორად იქცა. საქართველოში იბადებოდნენ და მერე მუდამ სწუხდნენ ამაზე: შეხვალ ბინაში და ყველაფერი დალაგებულ-დასუფთავებლია. გამოხვალ სადარბაზოში და ნაგავს მიაქვს იქაურობა. რათა, რათა? ამ შერჩევით ჰიგიენურობას ოპტიმისტები ქართველი ერის თავისუფლების სიყვარულით ხსნიან: სსრკ-ში ცხოვრების დროს ქართველი ადამიანი სახელმწიფოსთან თავს არ აიგივებდაო. რუსეთის მიერ დაპყრობილი ერი ვიყავით და ჩვენი თავი ჩვენადვე არ გვეყუდნოდაო. ქუჩებისა და სადარბაზოების მიმართ გულგრილ დამოკიდებულებაში ოკუპანტი სახელმწიფოს მიმართ ქვეცნობიერ პროტესტს ხედავენ. არადა, 23 წელია საკუთარი სახელმწიფო გვაქვს, მაგრამ ეს “ფრონდა” ინერციით მაინც გრძელდება. 

 

საჯარო სივრცის უგულებელყოფასა და მხოლოდ საკუთარი ბინის  სისუფთავეზე ზრუნვას შესაძლებელია პოლიტიკური მიზეზებიც ჰქონდეს. დათხუპნილი სადარბაზოები და დაბალი მოქალაქეობრივი შეგნება კოლონიალურ გამოცდილებასთან შეიძლება მართლაც იყოს კავშირში. 

მაგრამ, ჩემი აზრით, ამ პრობლემის გასაღები “მოსკოვში არ დევს” და პოსტკოლონიალური კომპლექსები აქ არაფერ შუაშია. საქმე ფართო გაგებით (არა მარტო ყოფითი) კულტურის ტიპშია. ე.წ. ტრადიციული კულტურები ფასეულობათა მკაცრ ვერტიკალზე და იერარქიაზეა აგებული. ასეთ საზოგადოებებში  მაღალი რიგის ფასეულობად მიჩნეული ნორმები იერარქიული კიბის ქვედა რიგებში ჩაყენებულ კულტურის ფორმებს  უპირისპირდება და ამავე დროს განაპირობებს კიდეც. ეთიკური იერარქიის ზედა საფეხურზე მდგომი “კარგი” ნორმა ქვედა საფეხურზე მყოფ “ცუდ” ნორმაზე დგას და მისგან საზრდოობს. სხვაგვარად ფასეულობათა პირამიდა დიდხანს ვერ გაძლებს და დაინგრევა. 

 

ე.წ. თანამედროვე საზოგადოებებში ეთიკურ ფასეულობებზე სხვადასხვაგვარი შეხედულებები კონკურირებენ და საზოგადოებრივი მორალის ფლობაზე მონოპოლიური უფლება არავის აქვს. ამის გამო იქ, თუ შეიძლება ასე ითქვას – მორალი უფრო მორალურია.  

 

ჩვენში დამკვიდრებული მორალური ფასეულობების  იერარქია სოციალურ იერარქიებს წარმოშობს. კონსტიტუციაში გვიწერია, რომ  ყველა მოქალაქე თანასწორია. მაგრამ ცხოვრებაში ამა თუ იმ  ნიშნით სტიგმატიზებულ ადამიანებს საზოგადოების ერთი ნაწილი “ცუდ” ზნეობრივ ნორმებს მიაწერს ხოლმე  და მათთვის უფლებების ჩამორთმევას ითხოვს.  თუმცა ზნეობრივისა და არაზნეობრივის ობიექტური საზომი არ არსებობს და არბიტრი აქ პრიმიტიული უხეში ძალაა.  “არასწორი” ეთიკური ნორმების მატარებლად ცხადდებიან განსხვავებული რელიგიური, ეთნიკური და ა.შ. ჯგუფები. 

 

სისუფთავე სისუფთავედ ვერ აღიქმება თუ ის ჭუჭყთან არ არის ოპოზიციაში და თუ ეს ორი სუბსტანცია ერთმანეთისგან მკაცრად არ არის გამიჯნული. სისუფთავის სივრცის არსებობა მის საპირისპირო სივრცის არსებობას გულისხმობს. სუფთაა ის, რაც ჭუჭყთან არის სეპარირებული  და ლოკალიზებული. ერთი სიტყვით, ჩვენს ფასეულობათა სისტემაში სიბინძურის არსებობა აუცილებელი რამაა. ის რომ არ ყოფილიყო, მას გამოვიგონებდით. მის გარეშე სუფთა ადგილი სუფთა არ იქნებოდა.

 

ცნობილია, რომ კულტურას დიდწილად რელიეფი, ჰავა, ლანდშაფტი, ზოგადად, გარემო აყალიბებს. გეოგრაფიული მდებარეობა კულტურის ავტორი თუ თანაავტორია. საქართველო სამხრეთული ქვეყანაა. მცხუნვარე მზე გარემოში დაგდებულ ორგანულ ნივთიერებებს სწრაფად ხრწნის და ჰაერში არასასიამოვნო სუნი იფანტება. ანტისანიტარიულობის მძაფრი განცდა ჩვენი სამხრეთული ჰავის შედეგია. ცუდ სუნზე მძაფრი რეაქცია და მისგან თავის დაცვის ინსტინქტი, როგორც იტყვიან ხოლმე – გენში გვაქვს. ძნელი წარმოსადგენია ანტისანიტარიასთან დამოკიდებულება ქართველს და მაგალითად, ჩუკოტკის ნახევარკუნძულზე ან გრენლანდიაში მცხოვრებ ხალხებს ერთნაირი ჰქონდეთ. იქ მთელი წლის განმავლობაში თოვლი არ დნება. 

 

მოკლედ, სამხრეთის თბილ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანი კლიმატის გამო გარემოსთან შესაფერის ქცევის კულტურას გამოიმუშავებს. სამხრეთელ ადამიანს ანტისანიტარიულობის განცდა გამძაფრებული აქვს. ეს ფაქტია. 

ჭუჭყისა და სიბინძურის მიმართ “ალერგიული” დამოკიდებულება ინსტინქტის დონეზე ყალიბდება, რაც კულტურაზე დიდ გავლენას ახდენს.

 

პრობლემა მაშინ ჩნდება, როდესაც ეს (პირობითად დავარქვათ) “ანტისანიტარიული განცდა” მატერიალური სფეროდან აბსტრაქტულში, სულიერში, იდეების სამყაროში გადადის.  პრინციპი აბსოლუტურად იგივეა: მატერიალურ-ნივთიერ სამყაროსთან დამოკიდებულება წარმოსახვით-აბსტრაქტულ სამყაროზე პროეცირდება და იდეები, აზრები, საზრისები, წარმოდგენები და რწმენები ორ წმინდა და უწმინდურ ნაწილად კლასიფიცირდება. ჩვენთვის არასასიამოვნო და მიუღებელი აზრის ქცევის თუ გამონათქვამისთვის მაქსიმალურად უარყოფითი შეფერილობის მისაცემად სწორედ ზემოთ აღწერილ “ანტისანიტარიულ” ინსტინქტს ვიყენებთ. შემდეგ, განსხვავებული აზრის მიმართ დამოკიდებულება ამ აზრის მატარებელ ადამიანზეც ვრცელდება. ორივეს მიმართ ზიზღის გამოხატვის ყველაზე მარტივი და ეფექტური ხერხი მათი ნაგავთან, სიბინძურესთან, ჭუჭყთან გაიგივებაა. რეალურ ჭუჭყთან ურთიერთობით გამომუშავებული არასასიამონო შეგრძნებების მოწინააღმდეგეზე პროეცირებით ადამიანი ზიზღისა და სიძულვილის ენერგიის მაქსიმალურად მობილიზებას ახდენს.  

 

მოწინააღმდეგისა თუ ოპონენტის დეჰუმანიზებისა და დაგმობის დროს ადამიანებს  ნაგავთან შეხებით მიღებული გამოცდილება და ჭუჭყთან ურთიერთობის შედეგად გამომუშავებული ინსტინქტები აერთიანებთ. თუ მეტაფორას გამოვიყენებთ შეიძლება ითქვას, რომ  ნაგავი ხშირად ჩვენი ეროვნული იდეაა. ნაგვის სუნი ხილული თუ უხილავი მტრის წინააღმდეგ ჩვენი მაცემენტირებელი სუბსტრატია. ნაგავი გვაერთიანებს! 

 

როდესაც  მასონებს, სექტანტებს, უჯიშოებს და ურჯულოებს ებრძვი, მათ მიმართ აგრესიის გენერირებაში სადარბაზოში თუ ქუჩაში დაყრილი ნაგავიდან მიღებული პერცეპციები გეხმარება. უსუფთაობა და ჭუჭყი რომ არ არსებობდეს არ იარსებებდა ეს ანტისანიტარიის განცდაც. „უიარაღონი“ და დაუცველნი ვიქნებოდით. „მტერი“ ჩვენზე გაიმარჯვებდა. შესაბამისად, ნაგავი ჩვენი არსობისა სულაც არ არის ზედმეტი რამ. ჩვენ ის გვჭირდება და რაკი გვჭირდება, კიდეც ვქმნით. 

 

ადამიანები საკუთარ წარმოსახვაში სამყაროს ორ სუფთა და უსუფთაო, წმინდა და უწმინდურ ნაწილებად ჰყოფენ. ასეთი ადამიანი მთელ დროსა და ენერგიას სიწმინდის უწმინდურებისგან დაცვას ანდომებს. მისთვის ეკლესია, ტრადიციები მეობა-გაგება წმინდა ზონაში მდებარეობს, რომელსაც უწმინდური სექტანტებისგან თუ ურჯულოებისგან იცავს. წმინდაა ქართული გენი, რომელსაც არაწმინდა არაქართული გენი ვერ უნდა შეერიოს. „სიწმინდის მანია“ ნევროზული მდგომარეობაა, რომელიც თანდათანობით ფსიქოზში გადადის და  ნეკროფილიად იქცევა. ნეკროფილური კულტურისთვის ადამიანის  სხეული და ზოგადად ნივთიერი-მატერიალური სამყარო, ცდუნება  და ზიზღის საგანი ხდება. ამ მდგომარეობის აღსაწერად ჩვენს კულტურაში ფესვგამდგარი ქალის მენსტრუაციის მიმართ დამოკიდებულება გამოდგება. ე.წ. ტრადიციულ რელიგიებში საკურთხეველთან ქალის არმიშვების წესი სწორედ მისი „უწმინდურობით“ აიხსნება. უწმინდურობაში კი მენსტრუაციული ციკლი იგულისხმება. ჯიჰადისტი შაჰიდები  ტერორისტული აქტის ჩადენამდე დატოვებულ წერილებში როგორც წესი სხვადასხვა დანაბარებთან ერთად, მათი დასაფლავების ცერემონიალთან  „უწმინდური“ ქალების  არმიშვებას ითხოვენ. უწმინდურობაში აქაც მენსტრუაციაა ნაგულისხმები.  

 

იდეებისა და აბსტრაქციების სამყარო ეფემერულია. მატერიალურისგან განსხვავებით მას ყნოსვით ვერ შეიგრძნობ. აქ  წმინდა და უწმინდურის განსაზღვრება სუბიექტური აღქმის საკითხია. ქუჩაში სიარულის დროს ნაგვის გროვას გვერდს აუქცევ. იქ დგები, სადაც სისუფთავეა. ქუჩა ობიექტური მოცემულობაა. ე.წ. სულიერ სამყაროში ყველაფერი პირიქით ხდება – სადაც შენ დგახარ და რაც შენია წმინდაც ის არის. წმინდაა ყველაფერი ქართული და უწმინდური არაქართული. აბა, საკუთარ თავს არასუფთა და არაწმინდა მოცემულობებს ხომ არ მიაკუთვნებ? ეს მარტივი ეგოიზმია. ყველას უნდა სუფთა  თეთრი ფრაკი ეცვას და წმინდა მიწის შვილი იყოს. ფრაკი თუ არა ჩოხა მაინც. ჭუჭყიანი და სუნიანი ყოველთვის სხვაა.  შენი აზრები რწმენები და იდეები იმიტომაა წმინდა რომ შენია. ასეთია წმინდა ეგოიზმი. 

 

მანამ სანამ სხვას, უცხოს, ჩვენგან  განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს  უწმინდურობასთან  და სიბინძურესთან  გავაიგივებთ ქუჩები და სადარბაზოები ნაგვით იქნება სავსე,  იმიტომ რომ  ეს ნაგავი  გვჭირდება. ნაგავი ჩვენი ინსპირაციის წყაროა. მისი მეშვეობით მტრის, უცხოს, გადამთიელის შინაური და გარეული მტრის სიმბოლიზებას, ბრენდირებას, მარკირებას  ვახდენთ.  

 

არადა, სუფთა ქუჩები მოედნები და სადარბაზოები კარგი რამაა და არა მხოლოდ ესთეტიკური თვალსაზრისით. საჯარო სივრცეში ქცევის მაღალი კულტურა და გარემოს არდანაგვიანება სინამდვილეში სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. რაც ნაკლებია ქუჩაში  დაყრილი ნაგავი, მით ცოტაა ამ ნაგვის აკრეფა-გადატანაში დახარჯული ფული. დასუფთავებაზე დაზოგილი ფული სხვა უფრო საჭირო საქმეზე შეიძლება დაიხარჯოს. მაგალითად, ჯანდაცვის ან განათლების სფეროში. უნდა გვესმოდეს, რომ ქუჩაში ნაგვის არდაყრით ჩვენს საერთო ფულს ვზოგავთ, რომელიც კონკრეტული ადამიანის დახმარებაში შეიძლებოდა დახარჯულიყო. სუფთა გარემო  პირდაპირი გაგებით საზოგადოებრივი სიკეთეა. 

 

თუ სუფთა ქუჩები და სადარბაზოები გვინდა, ჯერ საკუთარი ტვინები უნდა დავასუფთაოთ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
გია მარიამიძე