აივ დადებითი, 25 წლის

დიაგნოზი, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ

26.11.2014 | 4622 |
დიაგნოზი, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ

1989 წლიდან დღემდე, საქართველოში აივ ინფიცირების 4 622 შემთხვევაა რეგისტრირებული,  საიდანაც შიდსი 2 800 ადამიანს განუვითარდა, 964 კი გარდაიცვალა. ანტირეტროვისრუსულ მკურნალობა ამ დროისათვის 2 426  ადამიანს უტარდება.

როგოც ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, რეგისტრირებულ აივ ინფიცირებულთა მეოთხედი დაიღუპა. ამ ციფრებით შეშფოთებულმა ჩემ მკურნალ ექიმს ვკითხე, თუ ვირუსის მართვა ისეთი ადვილია, როგორც ამბობთ, რატომ იღუპებიან ადამიანები? მითხრა, რომ ამის მიზეზი დაგვიანებული მკურნალობა, მკურნალობის არ ჩატარება და ექიმის მითითებების გაუთვაისწინებლობაა.  როგორც მან მითხრა, არც ისე იშვიათია შემთხვევები, როცა პაციენტები ამბობენ, რომ 1 კვირა წამალი არ დაულევიათ, ან არარეგულარულად იღებენ. ეს კი ვირუსს წამლისადმი რეზისტენტულს ხდის და უფრო აგრესიულად უტევს ორგანიზმს. როგორც ჩანს, ეს მხოლოდ ქართული პრობლემა არ არის.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა საგანგაშო მონაცემები გამოაქვეყნა – აშშ-ში რეგისტრირებულ აივ ინფიცირებულთა მხოლოდ 30% იტარებს შესაბამის მკურნალობას. აქედან გამომდინარე, რეგისტრირებულ ინფიცირებულთა თითქმის 70% ან უარს ამბობს მკურნალობაზე იმ მოტივით, რომ თავს კარგად გრძნობენ, ან არ მიუწვდებათ ხელი მკურნალობაზე. საქართველოში და დანარჩენ მსოფლიოში, არანაკლები პრობლემაა საკუთარი ინფიცირების შესახებ ინფორმაციის არქონა. ადამიანები არ იტარებენ გამოკვლევებს და ხშირად, არ იციან, რომ ინფიცირებულები არიან. წლები გადის, სიმპტომები არ აქვთ, აინფიციებენ სხვა ადამიანებს და როცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული ხდება, მხოლოდ მაშინ იგებენ, რომ აივ ინფიცირებულები არიან.

რამდენიმე დღის წინ ფეისბუქზე წავაწყდი დისკუსიას, სადაც ჩემი ასაკის ადამიანები აივ ინფექციაზე საუბრობდნენ. ზოგი წერდა, “ნეტავ ხომ არ წავიდე ანალიზის გასაკეთებლად”, “რომ აღმომაჩნდეს მაშინ რა ვქნა?” “ჯერ ვერ გავბედავ”.

ძალიან მომინდა მათთვის მეთქვა, რომ აუცილებლად წავიდნენ და გაიკეთონ ანალიზი. ძალიან კარგად მესმის მათი. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თავში არაერთხელ გამიარა აივზე ანალიზის გაკეთების სურვილმა, თუმცა, სწორედ შესაძლო ცუდი პასუხის მიმართ შიშმა ეს ნაბიჯი არ გადამადგმევინა. თუნდა 2, ან 3 წლის წინ რომ გამეგო აივ ინფიცირებული ვარ, ჯანმრთელობაზე ზრუნვას უფრო ადრიდან დავიწყებდი, მერა რა, რომ ექიმი მეუბნება, ახლაც არ არის დაგვიანებული შენი მკურნალობაო. მოკლედ, მიდით შიდსის ცენტრში და გაიკეთეთ ანალიზი. აქ ორი მოსალოდნელი პასუხია: თუ არ ხართ აივ ინფიცირებული, მშვიდად იქნებით და ჩვეულებრივ გააგრძელებთ ცხოვრებას, ეჭვებს გაიფანტავთ. თუ აივ ინფიცირებული ხართ და ამის შესახებ დროულად გაიგებთ, ჩათვალეთ, რომ იღბლიანი ხართ, რადგან გეძლევათ შანსი დროულად დაიწყოთ მკურნალობა და კვლავ ჩვეულებრივ გააგრძელოთ ცხოვრება. მესმის, რომ ამ შემთხვევაში ძალიან დიდი სტრესისა და ნერვიულობის გადატანა მოგიწევთ, მაგრამ ყველაფრის დაძლევა შეიძლება დაგვიანებული მკურნლობის გარდა. მთავარია გახსოვდეთ, რომ სტრესი და ზიანი გაცილებით დიდი იქნება დაგვიანებული დიაგნოზის დასმისას.

საქართველოში აივ ინფიცირების ოფიციალური სტატისტიკა
საქართველოში აივ ინფიცირების ოფიციალური სტატისტიკა

უკვე ოთხი თვე გავიდა, რაც ჩემი დიაგნოზი ვიცი და ვმკურნალობ. რა თქმა უნდა, სტრესიც დიდი იყო და ნერვიულობაც, ვერ ვიტყვი, რომ ეს ადვილია, თუმცა, გარშემომყოფებზეც ბევრია დამოკიდებული. ალბათ ბედნიერი უნდა ვიყო, რომ გვერდით მყავს ძალიან ბევრი კარგი ადამიანი, ძალიან ბევრი ტვირთი მომიხსნა მათთან ურთიერთობამ და გევრდში დგომამ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს სამეგობროში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და მეგობართა დიდი ნაწილი ინფორმირებულია ჩემი დიაგნოზის შესახებ, ისიც კარგად მესმის, რომ ამ მხრივ ყველას არ უმართლებს და საზოადოებაში კიდევ ბევრია სამუშაო არსებული სტერეოტიპების დასანგრევად.

რამდენიმე კვირის წინ ნაცნობების (არა მეგობრების) წრეში მოვხვდი. საუბრისას ერთ-ერთმა თქვა, რომ ბოლო დროს ძალიან ხშირად ცივდება და სიცხეები აქვს. მის გვერდით მჯდომმა თითქოს ხუმრობით უთხრა, „სპიდი“ არ გქონდეს, იქით გაიწიეო და თვითონ სავარძლით ჩემსკენ გამოიწია :). აი მანდ ვიფიქრე მეთქვა, ჩემსკენ რას მოიწევ-მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე. ასეთი დამოკიდებულების პირობებში მსგავსი ღიაობისთვის მზად ნამდვილად არ ვარ :). ჰოდა, უნდა გახსოვდეთ, რომ გარეგნული ნიშნებით ნამდვილად ვერ მიხვდებით ვინ აივ ინფიცირებულია და ვინ არა, თქვენი მსგავსი დამოკიდებულება კი ადამიანთა ნაწილს ცხოვრებას ნამდვილად ურთულებს.

კინაღამ დამავიწყდა დამეწერა, მთელი ეს პერიოდი გაციებისა და გრიპის მეშინოდა, რადგან ექიმმაც გამაფრთხილა, რომ გრიპი და გაციება დიდ ზიანს აყენებს აივ ინფიცირებულის იმუნიტეტს. რამდენიმე კვირის წინ გავცივდი, ცოტა პანიკაც დამემართა, თუმცა 2 დღეში სრულიად გამოვჯანმრთელდი. ეს კიდევ ერთი არგუმენტია ჩემი პოზიტიური და იმედიანი განწყობისთვის, ე.ი. ორგანიზმი ჯერ კიდევ ძლიერია. ზუსტი პასუხი, თუ როგორ იმოქმედა ოთხთვიანმა მკურნალობამ ვირუსის წინააღმდეგ, დაახლოებით ორ კვირაში მეცოდინება.

და ბოლოს, ყველაზე მთავარი, რაც ბოლო თვეების განმავლობაში შეიცვალა, იმედის და ოპტიმიზმის დაბრუნებაა. გარდა ამისა, ყოველედღიურმა წვრილმანებმა, რაც ხშირად ნერვებს მიშლიდა, ჩემთვის მნიშვნელობა დაკარგა, არ ვრეაგირებ და დავრწმუნდი, რომ ცხოვრებაში გაცილებით სხვა რამეებია მნიშვნელოვანი. მიუხედავად იმისა, რომ დეპრესიული შემოტევები დროდადრო მემართება, საერთო ჯამში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და მინდა, რომ ჩემ გვერდით მყოფ ადამიანთან (ან ადამიანებთან) ერთად კიდევ დიდხანს ვიურთიერთო, გავერთო, ვიმოგზაურო, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს :).

პ.ს. ჩემი ამბის მოყოლას შემდეგ პოსტებში აქტიურად გავაგრძელებ. ამ პოსტების მიზანია, ერთის მხრივ, დავეხმარო საკუთარ თავს სტრესის დაძლევაში და მეორეს მხრივ, ოდნავ მაინც ამაღლდეს ცნობიერება ადამიანებში აივ ინფექციაზე, ნაკლები ინერვიულონ იმაზე, რაც სანერვიულო არაა და იცხოვრონ ჯანსაღად. შემდეგ პოსტებშიც მოვყვები, როგორ ვებრძვი სტრესს, როგორ ვმკურნალობ და საერთოდ, რა პრობლემების გადალახვა მიწევს ცხოვრების საკმაოდ ადრეულ ეტაპზე.

წინა პოსტების ნახვა შეგიძლიათ აქ:

აივ/შიდსი და უსაფრთხო სექსი გამონაკლისის გარეშე

როგორ და ვისთან ერთად ვებრძვი აივ ინფექციით გამოწვეულ სტრესს

ორი კვირა აივ ინფიცირებულის დიაგნოზის დადგენიდან

პირველი შოკი – მე აივ ინფიცირებული ვარ