ნანა ბუხსიანიძის ბლოგი

საშობაო ეპისტოლე და 2015 წლის მარგინალები

08.01.2015 | 1788 |
საშობაო ეპისტოლე და 2015 წლის მარგინალები

 ზოგადად კი ვიტყოდი, რომ მსგავსი განაცხადი არამატერიალური სამყაროს შესახებ ცოდნაზე, ადამიანთა მართვის საშუალებას იძლევა, ვინაიდან ადამიანის სიცოცხლის მამოძრავებელი უძლიერესი ინსტინქტი სწორედ სიცოცხლის სიყვარული და სიკვდილის შიშია.

წელს პატრიარქის ეპისტოლე შეეხო ოჯახს, ოჯახურ ურთიერთობას და შვილიერებას. ქვეყანაში არსებული მრავალი პრობლემა განიხილა ოჯახის პრიზმიდან. განიხილა უმუშევრობის გავლენა ოჯახზე, უმუშევრობის გავლენა ქალსა და მამაკაცს შორის ოჯახურ უფლებამოსილებათა განაწილებაზე, ნარკომანიისა და მემთვრალეობის გავლენა ოჯახზე, მეცნიერულ ტექნიკური პროგრესის გავლენა ოჯახზე, სადაც „მეცნიერულ-ტექნიკურმა წინსვლამ და მატერიალისტურმა მსოფლმხედველობამ ადამიანში სხვისი ფლობის სურვილი და მომხმარებლური სული გააძლიერა“ და „შეეხო ოჯახის წევრებსაც და ეგოისტური მიზნებით თვით მათი გამოყენების მცდელობები გააჩინა“.

ვეცდები ვიყო რაც შეიძლება ობიექტური და არავის გრძნობებს არ მივაყენო შეურაცხყოფა. ამიტომ ვამბობ, რომ აბსოლუტურად მესმის და პატივს ვცემ ჩემი თანამემამულეების სიყვარულს ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ. უბრალოდ, მსურს, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო და თუნდაც ქრისტიანული პრინციპებიდან გამომდინარე, გულახდილად განვაცხადო, რასაც ვფიქრობ, რასაც ვგრძნობ ამ ყველაფერთან მიმართებაში.

დავიწყოთ იქედან, რომ საქართველოს მოსახლეობა არ შედგება მხოლოდ დაოჯახებული ადამიანებისგან. ამიტომ ეპისტოლეში მხოლოდ დაოჯახებულებზე აქცენტის გადატანა და ქვეყანაში არსებული პრობლემების მხოლოდ ოჯახთან მიმართებაში დასმა-განხილვა არასრულად ასახავს რეალობას. სავარაუდოდ, მრავალშვილიანი ოჯახის დედას სხვანაირად ჩაესმის ეპისტოლე და დაუქორწინებელ ადამიანებს, ან თუნდაც დაქორწინებულ, მაგრამ უშვილო ადამიანებს სხვაგვარად.

საერთოდ, რელიგია და რწმენა ადამიანს თვით-რეტროსპექტიულობისკენ უბიძგებს და საკუთარ თავზე რეფლექსიას განაპირობებს. ამიტომ როცა უსმენ ქადაგებას, ნაკლებად ფიქრობ იმაზე, თუ რას ეუბნება ის ვინმე მაკას ან თიკას ან ნიკას ან დათოს. არამედ ფიქრობ იმაზე, თუ რას გეუბნება ის შენ.

ჰოდა, რა მითხრა მე ამ ეპისტოლემ? კიდევ ერთხელ  დამარწმუნა, რომ  ეკლესიის ზრუნვის მთავარი სამიზნე და საგანი იმიტომ არ ვარ,  რომ არ ვარ ეკლესიურ ქორწინებაში, არ ვარ დედა და, სავარაუდოდ, არც ვიქნები. მაშასადამე, ჩემი თავი სადმე იმ მარგინალებში უნდა ვეძებო, რომლებიც თანამედროვე ცხოვრების მანკიერებებიდან გამომდინარე „გაეგოსიტებულან“, „გამატერიალისტებულან“ და ვერ შეუქმნიათ ქრისტიანული ოჯახი – ეკლესიის ზრუნვის ძირითადი საგანი. თუ გავიხსენებთ, რომ საქართველო მართალია ქრისტიანულ ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ბოლო ადგილზე დგას განქორწინებების მიხედვით, მაგრამ მუსულმანურ ქვეყნებს ნამდვილად ბევრად უსწრებს, ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ განქორწინებული, ანუ „ეგოისტ“ და „მატერიალისტ“ ადამიანთა რიცხვი საკმაოდ დიდი უნდა იყოს და მარტო მე არ უნდა ვგრძნობდე თავს მარგინალად.

რამდენად სწორია მოსახლეობის დაუქორწინებელი ნაწილის მარგინალიზაცია საშობაო ეპისტოლეში? თუ მეტყვით, რომ  დაუქორწინებელი ხალხი აუცილებლად რაღაც ცოდვიანს ირჩევს, მინდა გითხრათ, რომ სცდებით, რადგან უპირობოდ განიკითხავთ ადამიანებს, რომლებსაც შესაძლოა, სიყვარულში არ გაუმართლათ.

გადავიდეთ უფრო მტკივნეულზე და ვიკითხოთ: რამდენად სწორია განცხადება,  რომ ქალის „მთავარი ფუნქციაა შვილთა ყოლაა“? მეტყვით – პატრიარქი აქ დაოჯახებულ ქალს გულისხმობდა და დაუქორწინებელი ქალი არ უგულისხმიაო. მაგრამ ვიღაც ადამიანებს  შვილები არ უჩნდებათ ქორწინებაში. გამოდის, რომ მთავარ ფუნქციას არ ასრულებენ? არ ხდება ამ ადამიანების მარგინალიზაცია?  ხოლო დაუქორწინებელ ქალს ამჯერად ორმაგი მარგინალიზაციის ლახვარი ხვდება: არც ოჯახი აქვს, რომელსაც ეხება ეპისტოლე და ეკლესიის ზრუნვის საგანს წარმოადგენს და არც შვილი ჰყავს, ანუ მისი მთავარი ამქვეყნიური ფუნქციაც არ გააჩნია.

ეპისტოლე იწყება იმის განცხადებით, რომ მამაკაცი არის უფროსი და ხელმძღვანელი. ანუ მას სხვაგვარად არ ძალუძს… და მერე პრინციპში ამით იხსნება ნარკომანია, მემთვრალეობა, აგრესია და ქალებზე ძალადობა, რადგან უფროსებს დღეს უმუშევრობა ისევე ეხებათ როგორც მათ ცოლებს. უნდა ვთქვა, რომ ამ პუნქტის მეორე ნაწილს ვეთანხმები. თუ ადამიანს უფროსის სტატუსს ანიჭებ, რომელიც იოლად გარანტირებული იყო ნატურალური მეურნეობის და შიშველი ხმლების პირობებში, ამ გართულებულ მენციერულ ტექნიკურ სამყაროში იგი ფაქტობრივად დაზიანების საფრთხის ქვეშაა.

ეპისტოლე მიკერძოებულია, როცა ქალს რეპროდუქციული ორგანოების გამოყენების ფუნქციას აკისრებს, ხოლო მამაკაცს – გონების, პიროვნების და გამჭრიახობის, როგორც ოჯახის უფროსს და მცველს. კარგად ვიცით, რომ რეპროდუქციაში მამაკაცის ფიზიოლოგიაც მონაწილეობს და მაშასადამე, მისი ფუნქცია უნდა იყოს მამობა და არა მხოლოდ უფროსობა-ხელმძღვანელობა. ვინაიდან ეს ფუნქცია არც კი არის ნახსენები, მაშასადამე იგი განიხილება, როგორც მეორადი მამაკაცის ფუნქციებს შორის. და, საერთოდ, ადამიანის ფუნქციებს შორისაც, რადგან ის, ვინც არის ხელმძღვანელი, მას რეპროდუქციაც ევალება სხვათა შორის, მაგრამ ეს რეპროდუქცია მთავარი მოვალეობაა იმ ადამიანის, რომელიც არ არის და არ შეიძლება იყოს ხელმძღვანელი. მაშასადამე, ერთს აქვს ბუნებრივი უფლება მეორის მთავარ ფუნქციაზე, ხოლო მეორეს არანაირი უფლება არ აქვს პირველის მთავარ ფუნქციაზე.

აქ კი მესამე ლახვარიც დამეცა. და ეს ლახვარი დამეცა როგორც ქალს, რომელიც თურმე ფიზიოლოგიური ფუნქციების შესასრულებლად არის მოვლენილი, მაშინ, როცა კაცის მოქმედების ასპარეზი მარტივ ფიზიოლოგიას ნამდვილად სცდება.

განცხადება, რომ ქალის უმთავრესი ფუნქცია შვილიერებაა, არის  დისკრიმინაციული. ადამიანის მთავარ ფუნქციად ფიზიოლოგიური პროცესის გამოცხადება ადამიანის ღირსების შეურაცხყოფაა. შვილიერება, ანუ შვილის გაჩენა მთელ ცოცხალ სამყაროში ფიზიოლოგიური პროცესია. მშობიარობით ტკივილებში აჩენენ შვილებს ძუძუმწოვრები, ცოცხალმშობიარე თევზები, ამფიბიებიც და სხვანი… სიცოცხლის გაგრძელება კარგია, მაგრამ საამაყო და დიდი მიღწევა ნამდვილად არაა. რაც შეეხება ბავშვების გაზრდა-აღზრდას, ამას არ სჭირდება მშობიარობა. საკუთარი შვილის გაზრდაზე უფრო მეტი მადლი სხვისი შვილის შვილებასა და აღზრდაში უნდა იყოს. მე ასე მესახება…

გარდა ამისა, რელიგია, რომლის მესია და მაცხოვარი უშვილო იყო, არ უნდა აფეტიშებდეს შვილის ყოლას, როგორც ადამიანის ერთადერთ ფუნქციას. არ უნდა აბამდეს ქალის იდენტობას მშობიარობის ფაქტზე. მართალია, მაცხოვარი ქალი არ იყო, მაგრამ იგი თანაბრად გახლდათ მაცხოვარი კაცებისა და ქალებისათვის. მან გვასწავლა გზა, რომელშიც ქალი და კაცი თანასწორია. ის ქალი და კაცი, რომელიც შეიქმნა დედაკაცად და მამაკაცად და ხატად ღმრთისა. და ეს გზა არის სიყვარული. სიყვარული კი იერარქიები, სტატუსები და შედეგად მარგინალიზაცია არ არის.

საინტერესოა, რომ მამაკაცის მონაწილეობა რეპროდუქციაში იმდენად დავიწყებულია (სინამდვილეში კი იმდენად არის განხილული, როგორც უპირობოდ სახალისო და არასერიოზული), რომ იგი ეპისტოლეში აბორტთან მიმართებაში ნახსენებიც კი არ არის. აბორტის დროს დანაშაული მთლიანად რეპროდუქციის სფეროს განმგებელ ქალზეა და კიდევ ექიმებზე, რომლებიც მას ბოროტმოქმედებაში ეხმარებიან. ამ სფეროს, ანუ რეპროდუქციას, მამაკაცი, სავარაუდოდ, სიამოვნებისთვის სტუმრობს და პასუხისმგებლობა მთლიანად ქალზეა.

იქმნება ხატი მამაკაცისა, რომელიც არის  უპირობოდ უფროსი, მიუხედავად მისი შესაძლებლობებისა, გარემოებებისა, სიტუაციისა. იგი, თუ სიტუაცია არ იქნა ხელშემწყობი, ისე გაბოროტდება, რომ ცოლსაც მოკლავს, ნარკოტიკშიც გაიპრება და ღვინოშიც ჩაიხრჩობა.  და მისი ცოლი და მითუმეტეს საყვარელი რომ აბორტებს გაიკეთებს, ეს ისედაც ცხადი ხდება, რადგან ასეთ მამაკაცს პასუხისმგებლობა არ ეკისრება. იგი უბრალოდ უნდა იყოს უფროსი. თუ არადა, ვაი ჩვენი ბრალი.

თუ მოძღვრება სწორია და ჩვილის სიცოცხლის ჩანასახშივე შეწყვეტა ცოდვაა, საბრალო მამაკაცები, რომლებიც ამ ბავშვების შექმნაში აქტიურად მონაწილეობენ, თანაზიარნი არიან ამ ცოდვის. ამას კი მათ არ ეუბნებიან. იმ ქვეყნად მათ ისევე მოკითხავენ, როგორც დედებს. მათ, ანუ მამაკაცებს უფრო მეტადაც მოკითხავენ, ვიდრე დედებს, რადგან პატრიარქალურ სამყაროში მამაკაცის ხელშია ცოდვა-განკითხვის ყველა ბერკეტი, ფინანსური, მემკვიდრეობითი, კულტურული, ტრადიციული ბერკეტების ჩათვლით. ჰოდა მინდა, რომ მათ სულებზე მართლა ზრუნავდნენ… შემოთავაზებულ მოდელს ლოგიკურად იცავდნენ და ამ ლოგიკის ჩარჩოებშიც არ ღუპავდნენ ჩვენს კაცებს.

გამაოცა იმ ფაქტმაც, რომ ქალებზე ძალადობას პატრიარქი განაზავებს აბორტებისა და თვითმკვლელობის მტკივნეულ თემაში. სავარაუდოდ, მას მიაჩნია, რომ ქალების ხსნა განრისხებული ქმრების ხელით სიკვდილისგან, არის  ქრისტიანული ოჯახის შექმნაში, უფლება-მოვალეობების გადანაწილებასა და შესრულებაში. თუ გავიხსენებთ, რომ მოკლულთა უმრავლესობა განქორწინებული ან პრობლემურ ქორწინებაში მყოფი ქალი იყო, რამაც მათი ქმრების პატრიარქალური უფლებები და ღირსება ეჭვქვეშ დააყენა, სამწუხაროდ, დაასკვნით, რომ შემოთავაზებული ლოგიკით, ეს ქალები მეცნიერულ ტექნიკური პროგრესის მიერ მოტანილი მანკიერებების მატარებლები იყვნენ, ხოლო მათი მეუღლეები იმავე პროგრესის გამო ვერ ასრულებდნენ დასაბამიდან მათთვის მინიჭებული „უფროსის“ როლს, ამიტომ გაბოროტდნენ და გახდნენ თავიანთი „გამამრავლებლების“ მკვლელები…

უნდა აღვნიშნო, რომ არ გამკვირვებია ეპისტოლეში კულტურული ძეგლების, მათ შორის საყდრისის დანგრევის ფაქტის გვერდის ავლა. ეპისტოლემ მოახდინა მარგინალიზაცია მრავალი დაუქორწინებელი, განქორწინებული, უშვილო ქალისა და კაცისა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დაკარგა სწორება სამებაში წარმოდგენილ მთავრობის წევრებზე, რომლებიც მიმდინარე ნგრევა-აფეთქებების შემოქმედნი არიან. ამით ეპისტოლემ მარგინალიზაცია მოახდინა საზოგადოების იმ ნაწილისაც, ვინც თავგამოდებით იბრძვის კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად.

დავწერე ეს და ვკითხე ჩემს თავს… რა მრჯიდა, როცა ამას ვწერდი? ხომ ვიცი, რომ ამ წერილს მიეკერება სტატუსი „ცოდვა“? სტატუსების ჩამორიგება ადამიანური სისუსტეა, რომლისგანაც თავისუფალი ნამდვილად არაა ეკლესია.

მინდა ვიოცნებო ისეთ ეპისტოლეზე, სადაც ყველა ადამიანი გახდებოდა ყურადღების საგანი, სადაც არ მოხდებოდა იერარქიული უფლება-მოსილებების და სტატუსების განაწილება, სადაც მამაკაცთა ამქვეყნიურ ძალაუფლებაზე მეტად მათი იმქვეყნიური ბედი ან სხვა ენაზე ვთქვათ, მათი არსი მარადისობის და ჭეშმარიტების წინაშე დააფიქრებდათ; და სადაც ქალის პოზიტიური იდენტობის გაიგივება არ მოხდებოდა მის დედობასთან და რეპროდუქციასთან და, შესაბამისად, არ მოხდებოდა არარეპროდუცირებული ქალების ნეგატიურ „სხვასთან“ გატოლება, რომელიც მხოლოდ ჩრდილის როლს ასრულებს მადლმოსილი დედების უკეთ წარმოსაჩენად.

მოკლედ, კიდევ ერთხელ ვიტყოდი, რომ ჩვენ პირველ რიგში ადამიანები ვართ. ჩვენი არსებობის ერთადერთი მიზანი კეთილ და მოყვარულ ადამიანებად დარჩენაშია და ჩვენი ცხოვრების აზრი სიკეთის ქმნაა. ეს შეიძლება გამოიხატოს ზრუნვაშიც, დაცვაშიც, ხელმძღვანელობაშიც, შვილიერებაშიც, ბავშვთა აღზრდაშიც და კიდევ ბევრ სხვა კარგ რამეში. ამ ჩამონათვალიდან მხოლოდ ერთზე ფიქსაციას სიკეთე არ მოაქვს.