‘მეშვიდე ცა’ და ნაცარქექია ბუშვიკში

ბრუკლინის ერთ–ერთ ინტენსიურად ჯენტრიფიცირებულ და საშუალო კლასის  საცხოვრებელ ადგილად  წოდებულ  უბანში, ბუშვიკში არტსივრცე The Vazquez Building-ში მხატვარ უტა ბექაიას გამოფენა “მეშვიდე ცა” გაიხსნა.  წინა საუკუნეებში ბუშვიკი ფერმების, ლუდისა და თამბაქოს მწარმოებელ დასახლებად აღიქმებოდა, ახლა კი აქ არაერთი საინტერესო არტგალერეაა განთავსებული და ამიტომაც ბუშვიკი ამერიკელ ხელოვანთა საყვარელ ადგილად გადაიქცა. აქვე ცხოვრობს ქართველი მხატვარიც, რომელიც თავისი ახალი პროექტის შესახებ გვიამბობს.

უტა ბექაია
უტა ბექაია

ქართულ ენაში “შვიდი” ჯადოსნური ციფრია. ჩემი “მეშვიდე ცა” კი ქართულ ენაში თუ მითოლოგიაში ჩამალული კოდების გამოკვლვის მცდელობაა. ჩემთვის მეშვიდე ცა ცნობიერების უმაღლესი წერტილის შეცნობას ნიშნავს. ეს გამოფენა არის მიმდინარე პროექტის “სამოთხე 3+4=7” ნაწილი და ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში ეზოთერული საწყისის,  სასწაულის  პოვნასა და კვლევას ეძღვნება. ექსპოზიცია ისტორიაში ჩაწერილი სასწაულების ხორცშესხმის მცდელობაცაა. მაგალითად, ანგელოზებისა  და მათი თანმხლები  მფრინავი მანქანების ხილვა ეზეკიელის მიერ, რომელიც ძველ აღქთმაშია აღწერილი. “ბორბალი ბორბალში” – ასე აღწერს ეზეკიელი ღვთაებრივ მანქანას. 

უტა ბექაიას  გამოფენა
უტა ბექაიას გამოფენა ‘მეშვიდე ცა’

შავი და ლურჯი ფერების სიმრავლე სევდის მომგვრელ ატმოსფეროს ქმნის…

მე მგონი, არც ერთი ფერი არ არის არც სევდიანი და არც მხიარული. როგორც ყველა ფერი, შავი და ლურჯიც ორმაგ მუხტს ატარებს. ამ ექსპოზიციით მე შევეცადე ადამიანებისთვის ჯადოსნური, სიურეალური, მაგრამ ამავე დროს ძალიან მათთვის ნაცნობი შიდა სამყარო გარეთ გამომეტანა ანდა ხელოვნურად შემექმნა. შესაძლოა, სწორედ ამიტომ ჩანს ეს ფერები და ინსტალაცია სევდიანი, არანათელი. 

უტა ბექაიას  გამოფენა
უტა ბექაიას გამოფენა ‘მეშვიდე ცა’

“მეშვიდე ცა” სასწაულს იკვლევს. ტექსტები, რომლებსაც ხედავთ, ბებიაჩემის მეგრული შელოცვებია, ტილოზე კი დედაჩემის ხელწერის ასლია  გადმოტანილი. გვერდით  წითელ თეფშზე შავი კბილების ქანდაკება დგას – მატერიალიზებული ტკივილის სიმბოლო. ეს შელოცვები უძველესია და ვფიქრობ, რომ ის მედეას კოლხეთიდან მოდის. ჩემი აზრით, ამ სიტყვებს არ აქვს პირდაპირი, ლოგიკური მნიშვნელობა. ისინი თავის თავში ენერგეტიკულ კოდს, განკურნების ძალას ატარებდნენ. მე ეს ბავშვობაში ჩემს თავზე გამოვცადე, როცა ბებიის ბუტბუტი ტკივილს მიყუჩებდა. 

უტა ბექაიას  გამოფენა
უტა ბექაიას გამოფენა ‘მეშვიდე ცა’

“მეშვიდე ცის” ცენტრალური ნაწილი არის ფარდაგი, რომლეზეც  ამოქარგულია  ერთგვარი მოგზაურობა ძილის დროს, მედიტაცია, რასაც ინგლისურად Lucid Dreaming-ს (ცნობიერად სიზმრის განცდა)  უწოდებენ. ამ დროს ადამიანი თავის არსებას, ეთერულ, ენერგეტიკილ სხეულს სრულად აცნობიერებს. ჩემი აზრით, ეს ფენომენი ქართულ მითოლოგიაში ხშირად გვხვდება. მათ შორის “ნაცარქექიაშიც”. ნაცარქექია ხომ მთელს თავის დროს ცეცხლის პირას  ჯდომასა და ნაცრის ქექვაში ატარებს. ეს ნაცარქექიას მედიტაციაა. 

უტა ბექაიას  გამოფენა
უტა ბექაიას გამოფენა ‘მეშვიდე ცა’

თუმცა ნაცარქექია სიზარმაცის სინონიმი გახდა…

როგორც ყოველთვის, მგონი, აქაც სწორად ვერ ვახერხებთ გავაანალიზოთ და პირდაპირ არ მივიღოთ წინაპრის მიერ  გადმოცემული გზავნილი. თუ ცეცხლის პირას წევხარ და მას უყურებ, გარკვეულ დროში თითქოს ყველაფერი გავიწყდება და არაფერზე ფიქრობ, ხოლო შენი არსება ზედმეტი ინფორმაციისგან თავისუფლდება. ამას ცეცხლის ელემენტი თავისი ძალით აკეთებს, ეს არის მედიტაცია  და ამ დროს ხარ ცნობიერად იქ და იმჟამად, ეგოს გარეშე. სიზარმაცედ, ალბათ, ის აღიქმება, რომ ცეცხლი ამას შენთვის ავტომატურად აკეთებს და კონცენტრაციისთვის ძალისხმევა საჭირო არ არის. 

უტა ბექაიას  გამოფენა
უტა ბექაიას გამოფენა ‘მეშვიდე ცა’

რა მასალისგანაა შექმნილი საგნები: გულები, რქები?

შერეული მედიაა. მაგალითად, თიხა , სილიკონი, რეზინა, სხვადასხვა ორგანული მასალა, როგორიცაა ბუმბული და სხვა. ამ ნამუშევრებში ძველი ხელსაქმის ტექნიკა მაქსიმალურადაა გამოყენებული. მაგალითად: ფარდაგი, მაქმანები, ოქროს, ვერცხლის ფურცლები და სხვა. შევეცადე ძველი ტექნიკა ახლებურად წარმომედგინა.

უტა ბექაიას  გამოფენა
უტა ბექაიას გამოფენა ‘მეშვიდე ცა’

თავად როდის ხარ ხოლმე “მეშვდე ცაზე”?

როცა მიყვარს და თავისუფალი ვარ.

უტა ბექაიას  გამოფენა
უტა ბექაიას გამოფენა ‘მეშვიდე ცა’

უტა ბექაია
უტა ბექაია

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ია მერკვილაძე ნიუ იორკი აშშ